Home ახალი ამბები საქართველო სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლება უნდა  შემცირდეს და თანამედროვე ლიტერატურის სწავლება უნდა დაიწყოს?

სკოლებში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლება უნდა  შემცირდეს და თანამედროვე ლიტერატურის სწავლება უნდა დაიწყოს?

411
გია მურღულია: თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები, პრობლემები, განწყობები, იმედები, ოცნებები, მთავარი საფიქრალი. ამ ყველაფერს სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს

„უღმერთო“ კომუნისტები წმინდანების ცხოვრებას გვასწავლიდნენ, ამჟამინდელი განათლების სისტემის „ღრმად მორწმუნე“   წარმომადგენლის აზრით კი,  ჰაგიოგრაფიის  ნაცვლად  მოზარდებს თანამედროვე ლიტერატურა უნდა ვასწავლოთ

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, განათლების მეთვრამეტე მინისტრი გვყავს.  მინისტრები, პრაქტიკულად, წელიწად-ნახევარში  იცვლებოდნენ და ყველა ცდილობდა, ქართული განათლების საკთარ თარგზე მოჭრას, ყველა ამტკიცებდა განვითარების 10-წლიან გეგმას, ნერგავდა სიახლეებს განათლების სისტემაში, მერე კი, როცა თანამდებობას ტოვებდა, მისი შემცვლელი წინამორბედის გეგმას თაროზე შემოდებდა  და ახალ პროექტს იწყებდა, რომელიც ისევ 10 წელზე იყო გათვლილი და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

საქართველოში განათლების მინისტრები  ძალიან სწრაფად იცვლებოდნენ. მაგალითად, 2007 წელს პროფესიით ჰიდრომშენებელი ალექსანდრე ლომაია რომ წავიდა თანამდებობიდან, დანიშნეს მაია მიმინოშვილი, შემდეგ – გია ნოდია, შემდეგ – ნიკა გვარამია, შემდეგ – დიმიტრი შაშკინი და ეს ყველაფერი 2009 წლამდე მოხდა, ანუ 2 წელიწადში 5 მინისტრი შევცვალეთ… გიორგი ამილახვარი განათლების მეექვსე მინისტრია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა. პირადად ამილახვართან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს (ეგებ, არც სხვებთან), მაგრამ რა მოვუხერხოთ  იმას,  რომ განათლების დონე საქართველოში ყოველწლიურად ეცემა?  ახლა ნუ დავიკვეხნით ევროპული თუ ამერიკული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობით – მათი  უმრავლესობა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების შვილები არიან, რომლებიც მამებმა თუ დედებმა საზღვარგარეთ გაუშვეს (ბევრი ბიუჯეტის გაყვლეფის ხარჯზე), ბინაც უქირავეს, არც ჯიბის ფული მოაკლეს და…

 „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ ავარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“, – წესითა და რიგით, ჩვენს თაობას კარგად უნდა ახსოვდეს ეს საზეპირო   „შუშანიკის წამებიდან“  და, საერთოდ, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს თავის დროზე სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცეოდა, რადგან  ჰაგიოგრაფია  ერის წარსულთან, რელიგიურ სიწმინდეებთან   დამაკავშირებელი ხიდია.   ჰო,  „უღმერთო“ კომუნისტები წმინდანების ცხოვრებას გვასწავლიდნენ – შუშანიკის, აბო თბილელის, გრიგოლ ხანძთელის… ახლა კი განათლების სისტემის „ღრმადმორწმუნე“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ…

„ბოლო ათწლეულებში ბევრგან აქცენტი  გადატანილია თანამედროვე ლიტერატურის სწავლებაზე. თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები, პრობლემები, განწყობები, იმედები, ოცნებები, მთავარი საფიქრალი. ამ ყველაფერს სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს. ბერძნები ორ ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მეტს არ ასწავლიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პატივს არ მიაგებენ ჰაგიოგრაფიას? არ ნიშნავს! ჩვენ, ქართველებმა, ქრისტიანობაც და ჰაგიოგრაფიაც ბერძნებისგან ვისწავლეთ. ამ წუთას სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ, როგორც კი დადგება ხოლმე საკითხი, რაღაცას შეველიოთ და მიმოხილვის წესით ვასწავლოთ, იმწუთას იწყება საუბარი, რომ წარსულ კულტურას პატივს არ სცემენ და ა.შ.,  რაც რეალობას არაფრით უკავშირდება. მაგალითად, ფრანგები, რომლებსაც მე-19 საუკუნის ბრწყინვალე ლიტერატურა აქვთ, ამ საინტერესო ეპოქის ერთ-ორ ნიმუშს ასწავლიან. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ სკოლის სპეციფიკა ესმით და ისიც ესმით, სკოლა რა ამოცანებს წყვეტს. სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რამდენიც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ყველაფრის სწავლება შეუძლებელია და მიუღწეველ ამოცანას ისახავს. ჩვენ ჯერჯერობით ვსაზღვრავთ ჩვენი მოქმედების ველს, სივრცეს. მათ შორის, ეს ვერსიაც ძალიან აქტიურად განიხილება – ჰაგიოგრაფიის არა  „გაუქმების“, არამედ  შესატყვისი მოცულობითა და შესაფერისი მეთოდოლოგიის სწავლების. კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ჩვენ ვუსვამთ მუშაობის პროცესში ერთმანეთს: საჭიროა თუ არა ლიტერატურის კურსში ისეთი დიდი მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენების გათვალისწინება, როგორიცაა ბიბლია და მითოსი. რა თქმა უნდა, ბიბლიაც უნდა ასწავლო, როგორც ლიტერატურული ტექსტი,  და მითოსიც, სამყაროში მათი ხედვები. ამ ტიპის ცოდნა არის განათლებული ადამიანის მახასიათებელი“, – ეს განცხადება ზოგადი განათლების საკითხებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტ  გია მურღულიას ეკუთვნის.

აუცილებლად გემახსოვრებათ განათლების მინისტრად დანიშნულმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  თავის დროზე  კომბლე და ნაცარქექია მოძალადეებად რომ შერაცხა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ  ბავშვებს ქართულ ხალხურ ზღაპრებს კი არ ასწავლიან, არამედ… „ერთმა ჩინელმა ბრძენმა კონ-ცინ-ლინმა შვიდი ენა იცოდა… ცოლი ეჩხუბებოდა, – ენების კირკიტს თავი დაანებე, ჩვენმა მეზობელმა ბენ-სინ-ლინმა მარტო ერთი ენა იცის, მაგრამ უკეთესად ცხოვრობსო…“, – ესარის ამონარიდი მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნიდან და ამ ჩინურ ხალხურ მოთხრობას „მერვე ენა“ ჰქვია. ვერ გეტყვით, რატომ უნდა დაიზეპირონ 9-10 წლის ბავშვებმა ჩინური გვარ-სახელები და, საერთოდ, რატომ უნდა ისწავლონ მეოთხე კლასში ჩინური ხალხური ზღაპრები, როცა ჩვენიც უამრავი გვაქვს, მაგრამ მწარე რეალობაა, რომ ეს ყველაფერი სასკოლო პროგრამაშია. ახლა თუ ვინმე იმას მეტყვის, რომ კონ-ცინ-ლინი უფრო ადვილი დასამახსოვრებელია, ვიდრე შუშანიკი და აბო, კი ბატონო, მაგრამ…

ბატონი გია მურღულია გვიმტკიცებს, – ბავშვებს აუცილებლად თანამედროვე მწერლების შემოქმედება უნდა ვასწავლოთო. და რა  ვასწავლოთ  ლაშა ბუღაძის  „შემოქმედება“?

„იური-რუსმა სწრაფი მოძრაობით ჩაიძრო კვართივით დახვეული ამხანაგი და მეფეთ მეფეს წინაშე ლამისაა მუხლამდე დაკიდებული ვარდისფერი სარცხვინებლით წარსდგა. მეფეთ მეფემაც თვალებზე ხელები აიფარა და, რაც მერე მოხდა, ვეღარ დაინახა, მხოლოდ იგრძნო“, – ესაა ამონარიდი ბატონი ბუღაძის იმ მოთხრობიდან, რომელიც დღემდე ხელიდან ხელში გადადის,  განსაკუთრებით ლიბერალებში.

სხვათა შორის, ბატონი გია მურღულია  იმასაც ამბობს, საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომლებიც სკოლიდან წავიდნენ, ახლა უკან ბრუნდებიან, რადგან  კვალიფიციური მასწავლებლების  სერიოზული დეფიციტია და ამიტომ ამ ნაბიჯს იძულებით ვდგამთო. კაი, კაცო, მართლა დეფიციტია? ეს იმიტომ ხომ არა, რომ „არაფრის მაქნისი“ კომუნისტების მიერ შექმნილი პედაგოგიური ინსტიტუტები, რომლებიც მხოლოდ მასწავლებლებს ამზადებდნენ და კვალიფიციური ფილოლოგების, ბიოლოგების, ისტორიკოსებისა თუ მათემატიკოსების დეფიციტი არ გვქონდა, უბრალოდ, გავაუქმეთ, როგორც უსარგებლო? გნებავთ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ, იურიდიული ფაკულტეტები გავაუქმოთ  და იურისტების პრობლემა შეგვექმნება… აგრარულ სექტორში რატომ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები  და, პრაქტიკულად, ყველა დიდ აგროკომპანიას კონსულტანტი აგრონომები ევროპიდან რატომ  ჩამოჰყავთ? იმიტომ ხომ არა, რომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიც „მივასუხარეთ“ და ცალ ფეხზე დავიკიდეთ:  ვის  სჭირდება აგრონომიო? ასე, ცალ ფეხზე დაკიდებით მივედით იქამდე, რომ განათლების სისტემა საქართველოში  აღარ არსებობს. ამ დროს კი…

კომუნისტების მიერ დანერგილი განათლების სისტემის მოდელი არათუ მუშაობდა,  დიდი ეფექტიც ჰქონდა.  საბჭოთა მეცნიერები და აკადემიკოსები მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იყვნენ  და სწორედ მათი ნამუშევრების მოპარვას ცდილობდნენ ამჟამინდელი დასავლელი პარტნიორები; ისინი, ვინც ახლა ჭკუას გვარიგებს და  ცდილობს, განათლება დასავლურ ყაიდაზე მოგვაჭრევინოს. სინამდვილეში კი, დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ  სწორედ  კომუნისტური მოდელი დანერგა სკოლებში და ძალიან კმაყოფილია იქაური მოსწავლე-ახალგაზრდობაც და მშობლებიც.  ახლა ვიღაცამ რომ თქვას,  კომუნისტური მოდელი დავაბრუნოთ სკოლებშიო, მაშინვე ერის მოღალატედ გამოაცხადებენ. შეიძლება, მაგალითად,  გერმანული მოდელი გადმოვიღოთ, გერმანული მოდელი დავარქვათ, მაგრამ არც ეს გამოვა – უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ამერიკული კანონი  რა მარტივად მოინათლა რუსულ კანონად, ხომ გახსოვთ? ასე იქნება ამ შემთხვევაშიც და, პირდაპირ გერმანული კანონმდებლობა რომ დავაქსეროქსოთ, მაინც არაფერი გამოვა.

სავარაუდოდ, არც გიორგი ამილახვარს დასცალდება იმდენი,  რამე  რომ შეცვალოს და მერე ისიც სხვა მინისტრებივით იტყვის, რომ რეფორმების განსახორციელებლად დრო არ ეყო. რეალურად კი, განათლების არც ერთმა მინისტრმა არ იცოდა,  საით და როგორ უნდა წასულიყო, რადგან ყველა წარმოდგენილ გეგმასა და პროექტს უფრო მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლუსი და გამოსავალიც თითქოს არ ჩანს. თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებით  რომ თურმე თანამედროვე ადამიანების მისწრაფებები და ოცნებები  უნდა ვისწავლოთ, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო ნათქვამია, რადგან მწერალი და მისი ნაწარმოები დრომ უნდა გამოსცადოს და ვერავინ ახსნის, რატომ არ ასწავლის, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ ადამიანების მიზნებსა და მისწრაფებებს და რატომ ასწავლის იმავე ბუღაძის ან ქეთი დევდარიანის ნაჯღაბნი (ჩემთვის ნაჯღაბნია, სხვამ თავისი იცის) უფრო მეტს. თანამედროვე ახალგაზრდა მწერლების უმრავლესობა თავის მოთხრობაში თუ რომანში ერთ  სკაბრეზულ ეპიზოდს მაინც წერს, უბრალოდ, ბილწსიტყვაობს და თავის დამკვიდრებას სწორედ ამით ცდილობს, ეს ხომ სკანდალია, ეს ხომ სამსჯელოა… ისიც გემახსოვრებათ, ერთ-ერთ ასეთ თანამედროვე მწერალს თავის  ნაწარმოებში რომ ეწერა, როგორ ჰქონდა ერექცია აბაზანიდან გამოსული დედის სხეულის დანახვაზე…

ჰოდა, ეს ვასწავლოთ მომავალ თაობას,  ბატონებო?!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                           

1 COMMENT

  1. ვეთანხმები წერილის ავტორს…
    ძალიან ძალიან ბევრი მიზეზის გამო ჰაგიოგრაგია სკოლაში უნდა დარჩეს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here