Home რუბრიკები საზოგადოება სიკვდილთან თამაში, რომელშიც მილიონიდან ერთს უმართლებს

სიკვდილთან თამაში, რომელშიც მილიონიდან ერთს უმართლებს

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა _ ასე შეიძლება ვუწოდოთ აზარტულ თამაშებს. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო აზარტული თამაშების წლიური კაპიტალის ბრუნვის მიხედვით პირველია. პირველია რამდენიმე მიზეზის გამო, თუმცა მთავარი მიზეზი, სოციალურ სიდუხჭირესთან ერთად, არის ის, რომ, მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთში აზარტული თამაშები აკრძალულია. რუსეთში ახალგაზრდების დამოკიდებულების გამო აიკრძალა, აზერბაიჯანში კი აკრძალვას საინტერესო ისტორია აქვს. მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, მამის _ ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის პერიოდში აზარტულ თამაშებში წაგებული თანხის გამო რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა მოხდა. 

ჰეიდარ ალიევმა აზარტული თამაშები შეზღუდა, მაგრამ მისმა შვილმა, როცა პრეზიდენტი გახდა, გადაწყვიტა, უფრო მკაცრი რეგულაციები დაეწესებინა. სწორედ ამ რეგულაციების შემუშავების პროცესში აზარტულ თამაშებში წაგებული თანხის გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს ილჰამ ალიევის დეიდაშვილი. პრეზიდენტის ბრძანებით მკაცრ რეგულაციებზე მუშაობა შეწყდა და აზარტული თამაშები, უბრალოდ, აიკრძალა. ამის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე გარჩევების, მკვლელობებისა თუ თვითმკვლელობების სტატისტიკა განულდა. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოხდა ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენს მეზობლად და რომელსაც ნავთობის გამო, ჩვენზე გაცილებით მძლავრი ეკონომიკა აქვს, იქ გაცილებით მაღალი ხელფასებია და ხალხსაც ნაკლებად უჭირს.

ჩვენთან კი აზარტული თამაშების აკრძალვას საშველი არ დაადგა, იმის მიუხედავად, რომ თვეში, სულ ცოტა, ერთხელ, სოციალურ ქსელში ჩნდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ან დედაქალაქში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და ვალების გამო ვიღაცამ თავი მოიკლა. “გამოიტირებს” ერი სოციალური ქსელით მორიგ ახალგაზრდას და დაელოდება შემდეგ განცხადებას. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ახლა არ თქვათ, გარემოცვაში, სამეზობლოში, სანათესაოში არ მყავს ადამიანი, რომელიც აზარტული თამაშების გამო მუდმივ ვალებშიაო.

რამდენიმე თვის წინათ პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონი, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშები კი არა, მათი რეკლამა იკრძალებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტმა აღნიშნული პროექტი ჩააგდო და მიზეზად თქვა: დაუხვეწავიაო. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად დეპუტატები ხმამაღლა ამბობდნენ, აზარტული თამაშებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულ მილიონობით ლარი შედის და მაგის აკრძალვა ეკონომიკას დაარტყამსო. ისე გამოდის, რომ ქართული ეკონომიკის ხერხემალი აზარტული თამაშები ყოფილა. მერე რა, რომ ეს ხერხემალი პერიოდულად მსხვერპლშეწირვას მოითხოვს. სხვათა შორის, ერთ-ერთმა პარლამენტარმა ისიც თქვა: აზარტული თამაშები ტურიზმის ერთ-ერთი კომპონენტიაო. კი, ბატონო, იყოს, ვინ გიშლით?! ოღონდ შემოიღეთ კანონი, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იყოს აზარტული თამაშები ხელმისაწვდომი.

რაც მთავარია, კაზინოებისა თუ ინტერნეტსლოტების მფლობელები კბილებით იცავენ მოთამაშეებს. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ. ჩემი პირადობის ნომრით ოთხ ინტერნეტსლოტზე იყო ვიღაც დარეგისტრირებული. ამ პრობლემაზე მეგობარი წერდა და გადავწყვიტე, გადამემოწმებინა. სანამ ოფისში არ მივედი, სანამ პირადობა არ წარვადგინე, მანამდე არ გააუქმეს ქსელში ჩემი პირადობა. ტელეფონით, ცხელ ხაზზე დარეკვით, უარი მითხრეს, აქაოდა, ჩვენ რა ვიცით, იქნებ მშობელი ხართ და შვილს უუქმებთ ავტორიზაციასო. ასეც რომ იყოს, მშობელი, ძმა, და, ნათესავი რომ ვიყო და რომ ვაპირებდე, გავაუქმო ავტორიზაცია, რატომ უნდა მითხრან უარი? ხომ პრობლემაა რეალურად, ხომ მინდა, ადამიანს ვუშველო, დავიხსნა ამ ჯოჯოხეთისგან, მაგრამ არა _ უნდა მიხვიდე, უნდა წარადგინო საკუთარი პირადობა, უნდა დაადასტურო, რომ ნამდვილად შენ ხარ და ამ ჯოჯოხეთიდან სხვისი დახსნა არ გსურს და მერე აუქმებენ. შესაბამისად, მარტივად შესაძლებელია, არასრულწლოვნებმა ალალბედზე შეყვანილი პირადობის ნომრით მოახდინონ ავტორიზაცია და ითამაშონ ისე, რომ თქვენ არაფერი იცოდეთ. რაც მთავარია, ამას არასრულწლოვნები მასობრივად აკეთებენ და ეს იცის ყველამ, მაგრამ პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.

ვეტერან ფეხბურთელებს _ იტალიელ ანდრეა პირლოსა და ბრაზილიელ რივალდოს კარიერის განმავლობაში არაერთ სახელოვან კლუბში უთამაშიათ. ორივე ფეხბურთელი თავიანთი ქვეყნების ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონია და ორივე ოფიციალურად ითვლება მილიონერად. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის საქართველოში ჩამოყვანა და სარეკლამო რგოლში გადაღება რა დაუჯდებოდათ? მაგრამ აზარტული თამაშების მფლობელებმა მოახერხეს და ორივე ჩამოიყვანეს, სარეკლამო რგოლები დღემდე ტრიალებს ტელეეთერში და თაობა, რომელთა კერპი პირლო და რივალდო იყვნენ, პირდაღებული უყურებს, როგორ მოუწოდებენ ისინი აზარტული თამაშისკენ. წლიური 15-მილიარდიანი ბრუნვა ამის შესაძლებლობას აშკარად იძლევა და ნუ გაიკვირვებთ, თუ მომავალში უფრო სახელოვანი ვარსკვლავები ჩამოვლენ.

ახლა კი მთავარი _ გასულ კვირას ერთ-ერთი ტოტალიზატორის მიერ გამოცხადებულ გათამაშებაში, 2019 წლის “პორშე კაიმანი” ამბროლაურის მერმა ზვიად (დავით) მხეიძემ მოიგო. საზოგადოდ, ცუდი არ არის, როცა ვინმე რამეს იგებს, მაგრამ მარტივად გეტყვით _ ამ გათამაშების ბილეთი რომ გქონოდათ, სულ ცოტა, 5 ლარის ფსონი უნდა გაგეკეთებინათ და რამდენ 5-ლარიანსაც გაიმეტებდით, იმდენი ბილეთი დაირიცხებოდა თქვენს ანგარიშზე. თვითონ ბატონ ზვიად-დავითს 48 ბილეთი ჰქონია, მაგრამ დოლურაში მილიონზე მეტი ბილეთი ეგდო. ანუ, საქართველოს მოქალაქეებმა დახარჯეს დაახლოებით 5 მილიონი იმისთვის, რომ ერთ ადამიანს მოეგო დაახლოებით 85 ათას დოლარად ღირებული ავტომობილი. ეს ერთი კი მოქალაქეების რჩეული, საჯარო მოხელე, მუნიციპალიტეტის პირველი პირი აღმოჩნდა.

ამ გათამაშებამდე ერთი დღით ადრე კი საქართველომ პირველი არხის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე გამოიტირა. სანდრო არ მალავდა, რომ აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, არც ის დაუმალავს, რომ თავს ვერ მოერია და არც ის, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. ის ტელეფონით დაემშვიდობა ოჯახს, ტელეფონითვე დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობას აპირებდა. დაახლოებით მაინც ხვდებით, რას გრძნობდა ამ მომენტში? ხვდებით, როგორ იყო შეპყრობილი ამ ყველაფრით და როგორ ჰქონდა გაცრუებული ყველაფრის იმედი? და ამ დროს ამბროლაურის მერმა სიხარულის ყიჟინა დასცა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია. ყველაზე საინტერესო მაინც მხეიძის ის განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც ის თურმე ყველაზე ღარიბი მერია საქართველოში და “პორშეს” ფულით ბანკის ვალს დაფარავს. დიდი ალბათობით, ბატონმა ზვიად-დავითმა არ იცის, რომ საქართველოში 2 ათას ლარზე მეტი ხელფასი რომ გაქვს თვეში, ღარიბი არ ხარ, რადგან საქსტატს ხუთსულიანი ოჯახის სამყოფად 361 ლარი აქვს დაწესებული. ამ პროპორციით მხეიძეს შეუძლია თვეში 25 ადამიანი შეინახოს. მეორე _ როცა არჩეული და არა დანიშნული საჯარო მოხელე ხარ, გაცილებით მეტი მოგეთხოვება, ვიდრე რიგითს. როცა არჩეული ხარ, ეს იმას ნიშნავს, ბატონო ზვიად-დავით, რომ ადამიანებმა ნდობა გამოგიცხადეს, რომ ვიღაცისთვის თქვენი წესიერება მისაბაძია, თქვენი საქციელი მისაღებია. აქედან გამომდინარე, თქვენი საქციელი, შესაძლოა, გადამდები იყოს და რას ეუბნებით ამბროლაურის მოსახლეობას, იმ ადამიანებს, რომლებსაც “პორშე” მხოლოდ ტელეეკრანზე უნახავთ? გარისკეთ, ითამაშეთ და ეგებ თქვენც მოიგოთო? რას ეუბნებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენს აქტივში იყვნენ წინასაარჩევნოდ და რომლებიც გვერდიდან არ მოგცილებიან და დღეს ლუკმაპურის პრობლემა უდგათ? თამაში რომ უნდოდეთ, სათამაშო ფული საიდან უნდა მოიტანონ? თუ გაყიდონ ყველაფერი, ისესხონ, ვალი აიღონ და ბოლოს იმავე გზას დაადგნენ, რომელსაც სანდრო და არაერთი ახალგაზრდა დაადგა? სუიციდის სტატისტიკას ეცნობით ხოლმე თუ ეს, უბრალოდ, არ გაინტერესებთ? წარმოგიდგენიათ, რომ სახლში მისულს თქვენმა შვილებმა გითხრან, გვშიაო? ის თუ იცით, ორი თვის წინათ ავლაბარში რა მოხდა? შინ დაბრუნებული მამა, საჭმელი რომ ვერ მიიტანა, ლოგინზე დაემხო და ტირილი დაიწყო. 5 წლის, ჰო, 5 წლის შვილი მივიდა, ჩაეხუტა და მამამისს უთხრა: ნუ ტირი, არ მშიაო. ამის მერე კაცმა ვენები გადაიჭრა, მაგრამ გადაარჩინეს. მისამართიც ვიცით იმ კაცის, სახელიც და გვარიც და შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ კიდეც, მაგრამ იმ კაცს ვერასდროს გააგებინებთ თქვენ, რატომ ხართ ღარიბი, იმიტომ, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცით. და არ არის გამორიცხული, სხვების დარად, იმ კაცმაც გარისკოს ერთხელ და მთელი დღის ნაშრომი ტოტალიზატორში მიიტანოს, იმიტომ, რომ თქვენ და თქვენნაირები ყოველდღიურად უკიჟინებთ, რომ ეს კარგია, რომ არსებობს ერთ დღეში გამდიდრების შანსი. რეალურად კი, ეს არის სიკვდილთან თამაში, სადაც მილიონიდან ერთს უმართლებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here