Home ახალი ამბები საქართველო სიკვდილის ყვავილი

სიკვდილის ყვავილი

735

აშშ არის კაპიტალიზმის უკანასკნელი სტადიის (იმპერიალიზმის) საერთაშორისო ცენტრი.

აშშ არის ზესახელმწიფო, რომელიც უდიდესი ეკონომიკით და უძლიერესი შეიარაღებით მსოფლიო ჰეგემონის პრეტენზიით გამოდის;

აშშ არის ზესახელმწიფო, რომელიც სრულიად არათავისუფალი (ექსპლოატაციური) შრომის პირობებში თავისუფლების ლოზუნგით გამოდის და მთავარ იდოლოგიურ პრინციპებად დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, მრავალპარტიულობასა და გამოხატვის შეუზღუდავობას აცხადებს, ომლითაც დეკლარირებულ ღირებულებებსა და ცხოვრების რეალურ წესს შორის დაუძლეველ წინააღმდეგობას აჩენს.

კაპიტალიზმი, როგორც საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, ისევე, როგორც ყველა წინამორბედი სისტემა, უსამართლობაზე (დაქირავებული შრომა, წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება, ანტაგონისტური კლასების არსებობა) დაფუძნებული წეს-წყობილებაა, თუმცა უზარმაზარი ტერიტორიის, უმდიდრესი წიაღისეულის, უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და მუშახელის არნახული ექსპლოატაციის პირობებში, აშშ-ში მოხერხდა ტექნიკური პროგრესის მაღალი დონის მიღწევა და კერძო მესაკუთრეთა ხელში კოლოსალური სიმდიდრის დაგროვება. თანდათანობით მოხდა გაბატონებული კლასის მიერ სახელმწიფოს უზურპაცია. მრავალპარტიული სისტემა ორპარტიულ (დემოკრატები და რესპუბლიკელები) სისტემად იქცა, რაც იმთავითვე პოლიტიკურ ფორმალობას წარმოადგენდა, რომლის გამოც ორპარტიული სისტემა შინაარსით ერთპარტიულ სისტემას უტოლდებოდა, ვინაიდან პარტიებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური განსხვავება არ არსებობდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პარტიათა მონაცვლეობით ქვეყნისა და ხალხისთვის არაფერი იცვლებოდა. ერთი იდეოლოგიის მქონე ორ პარტიას შორის დაპირისპირების ერთადერთი რეალური საფუძველი არსებობდა – ძალაუფლების ხელში ჩაგდების უკიდეგანო სურვილი, რომლისთვისაც ორივე პარტია ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძოდა. ამგვარ არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებდა  პარტია, რომელსაც პირობითად შეგვიძლია კაპიტალისტური პარტია დავარქვათ, რომლის ორ შემადგენელ ნაწილს დემოკრატები და რესპუბლიკელები წარმოადგენდნენ.

ამგვარმა ვითარებამ დიდხანს გასტანა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ამ ორ პარტიას შორის მართლაც გაჩნდა არა ხელოვნური, არამედ ნამდვილი იდეოლოგიური დაპირისპირება: დემოკრატების ძირითადი მამოძრავებელი თუ მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობაა, რესპუბლიკელებმა კურსი საშინაო პრობლემების მოგვარებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ აიღეს. ამის შესახებ პირველი განცხადება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა (2017-2021 წ.წ.) დონალდ ტრამპმა გააკეთა. მას შემდეგ აშშ-ში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 2020 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა, რომლის დროსაც აშშ-მა საშინაო პრობლემების იგნორირებით გეზი კვლავ მსოფლიო ბატონობისკენ აიღო. ამ კურსის შედეგია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული პროცესები, რომლებსაც მსოფლიო ბირთვული კატასტროფის მიმართულებით მიჰყავს. მართალია, ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიეს, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ეს იყო თავხედური საარჩევნო ფალსიფიკაციის შედეგი, რომლის მსგავსი იშვიათად მომხდარა.

ამ მოვლენებმა აშშ-ში ისედაც გამწვავებული კრიზისები უფრო გაამწვავა. გამოიკვეთა არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური, არამედ იდეოლოგიური, რასობრივი და სეპარატისტული კრიზისებიც. ბოლო პერიოდის მოვლენები ტეხასის შტატში არამხოლოდ მიძინებული პარატისტული განწყობების გამოღვიძება, არამედ მისი ახალი, სრულიად რეალური და გამოკვეთილად კონკრეტული შინაარსით დატვირთვაა. ეს შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ, თუკი პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ში ასე მოზღვავებული მიგრაციული ნაკადის შეჩერებას არამხოლოდ შესაბამისი კანონების მიღებით, არამედ მეზობელი მექსიკის საზღვარზე ფიზიკური კედლის მშენებლობით გეგმავდა, რომელიც დაწყებულიც ჰქონდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მიდგომა თავდაყირა დააყენა და დემოკრატიის მოშველიებით მიგრანტებს ფაქტობრივად  კარი გაუხსნა. მთავარი დატვირთვა სწორედ ტეხასზე მოდიოდა, სადაც არალეგალი მიგრანტების  განსაკუთრებული მოზღვავებაა. ტეხასის მთავრობამ საზღვრების გამაგრება და მავთულხლართების შემოვლება დაიწყო, რასაც აღუდგა ფედერალური ხელისუფლება. ტეხასის მთავრობა ფედერალურ ხელისუფლებას არ დაემორჩილა. საქმე სასამართლომდე მივიდა. ტეხასის გუბერნატორის განცხადებით, “ფედერალური მთავრობა შტატის კანონებს უხეშად არღვევს”. მეტიც,  ტეხასის შტატის გუბერნატორი გრეგ  აბოტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ფიცის დარღვევაში ადანაშაულებს და საზღვრის შესახებ  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე  უარს ამბობს. გრეგ აბოტის განცხადებით, ბაიდენის უკანონო სასაზღვრო პოლიტიკის გამო, ბოლო სამ წელიწადში ქვეყნის სამხრეთ საზღვარი ექვს მილიონზე მეტმა უკანონო იმიგრანტმა გადაკვეთა, რაც შტატის მოსახლეობაზე მეტია“. ტეხასის გუბერნატორი აცხადებს, რომ განაგრძობს მავთულხლართების გავლებას. გუბერნატორ გრეგ აბოტს მხარდაჭერა გამოუცხადა ოკლაჰომის, სამხრეთ დაკოტის, ფლორიდის, ვირჯინიისა და სხვა შტატების ოცდახუთმა გუბერნატორმა.

2024 წლის კარსმომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებში ისე იკვეთება, რომ მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი ისევ ტრამპი იქნება, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენისა და, საერთოდ, დემოკრატების მიერ გატარებული კურსის ფუნდამენტურ რევიზიას აპირებს, მაგრამ ტეხასის შტატში უკვე გამოჩნდა ლოზუნგები დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ტეხასი ყოველთვის გამოირჩეოდა სეპარატისტული განწყობებით, მაგრამ ეს ახალი ტალღა ძველისგან პრინციპულად განსხვავებულია. ეს ტალღა, დამოუკიდებლობის სურვილით კი არა, ერთად ცხოვრების შეუძლებლობითაა გამოწვეული, ვინაიდან უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების პრინციპები და პოლიტიკური მსოფლმხედველობები დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს სეპარატიზმის გაცილებით რთული ფორმაა, ვიდრე თანაცხოვრებით გამოწვეული დისკომფორტით ან ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვების წყურვილით განპირობებული სეპარატიზმისა.

აშშ-ში დაწყებულ კრიზისს გაცილებით უფრო ღრმა საფუძვლები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ხასიათის კრიზისების დაძლევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ის პროცესი, რომელიც ახლა აშშ-ში ვითარდება, უკვე  სისტემური კრიზისია, რომელიც ერთდროულად ურტყამს ყველაფერს. ეს შინაგანი ხრწნისა და ლპობის კრიზისია, რომელსაც ვერაფერი შველის. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს აშშ დაპირისპირებულია გარე სამყაროსთან (რუსეთთან, ჩინეთთან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და აზიის სხვა სახელმწიფოებთან); დაპირისპირებულია თვით სტრატეგიულ პარტნიორებთანაც კი (მაგალითად, ევროპის სახელმწიფოებთან), მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, მთავარი საკუთარ თავთან (საკუთარ არსთან და რაობასთან, საკუთარ შინაარსთან) დაპირისპირებაა, რომელიც შიგნიდან აუძლურებს, ფიტავს და შლის სტრუქტურას, სასიცოცხლო ძალებისგან ცლის ორგანიზმს. იმპერიალიზმის კრიზისის ეს დაუძლეველი ფორმა გენიალურად არის აღწერილი მარქსის ნაშრომებში. მის მიერ ნაწინასწარმეტყველები დამახასიათებელი სამი ძირითადი კრიზისი, რომლებიც კაპიტალიზმის ბოლო სტადიაში წარმოიშვება და სისტემისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება, ასე გამოიყურება:

ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე

*  წინააღმდეგობა შრომასა და კაპიტალს შორის;

*  წინააღმდეგობა ცენტრსა და კოლონიებს შორის;

*  წინააღმდეგობა თვით კაპიტალისტურ სახელმწიფოებს შორის.

იმედი მაქვს, რომ ამ წინააღმდეგობათა გაშიფრვასა და სათანადო მაგალითების მოშველიებას არ მომთხოვთ. დღეს სამივე ეს წინააღმდეგობა ისეა გამწვავებული და  თვალში საცემი, რომ მის დანახვას მარქსის ნაშრომების დამუშავება სულაც არ სჭირდება.

რამდენიმე დღის წინათ, “ბიბისის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ალაბამას შტატში პირველად გამოიყენეს სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი (აზოტით ჰიპოქსია). 58 წლის კენეიუჯი სმიტი, რომელსაც ბრალი მკვლელობაში ედებოდა, სწორედ ამ ექსპერიმენტული მეთოდით დასაჯეს. როგორც „ბიბისი” წერს,  ალაბამის გარდა, აშშ-ის კიდევ რამდენიმე შტატმა დაამტკიცა სიკვდილით დასჯის ეს ახალი მეთოდი. მიზეზად ის დასახელდა, რომ ნარკოტიკი, რომელსაც აქამდე იყენებდნენ  დამნაშავეების სიკვდილით დასასჯელად, უფრო რთულად მოსაპოვებელია, ანუ უფრო ძვირია.  ეს იმას ნიშნავს, რომ აშშში სიკვდილით დასჯა გაიაფდა. კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ყოველთვის ყველაფერი ძვირდება, როგორც იქნა, გაიაფების პრეცედენტიც ვიხილეთ. არ ვიცი,  ეს გაიაფება რამდენად გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ეკონომიკის ეს “გაჯანსაღება” სიკვდილმისჯილებს ტანჯვის ფასად უჯდებათ. სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილმისჯილი აზოტის შესუნთქვით გონებას სწრაფად დაკარგავდა, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ იგი მთელი 25 წუთის განმავლობაში ტანჯვა-წამებით კვდებოდა.

სიკვდილით დასჯის ამ მეთოდის გამოყენებას გაერომ უკვე უწოდა სისასტიკე.

„დღეს ალაბამა მთელ კაცობრიობას აიძულებს, რომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს”, –  განაცხადა სიკვდილმისჯილმა განაჩენის აღსრულებამდე.

მძიმე ნათქვამია, მაგრამ  რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. აშშ სიკვდილმისჯილ კენეთ იუჯი სმიტივით ხროტინებს და სასიკვდილო კონვულსიებშია. საკითხავი ისაა,  მოახლოებული არჩევნები მძიმედ დაავადებულ სახელმწიფოს გადარჩენის პერსპექტივას გაუჩენს თუ პირიქით –  ისტორიის ამ ურთულეს მოსახვევში, სადაც კანონზომიერება, ბედისწერა და შურისძიება ავისმომასწავებლად იკვეთება, სიკვდილის ყვავილად აღმოცენდება და შეეგებება…

ვალერი კვარაცხლია

                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here