Home ახალი ამბები საქართველო სიცოცხლის მატჩი

სიცოცხლის მატჩი

ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა მატჩი, რომელშიც  გამარჯვება სიცოცხლის ფასად (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) მიღწიეს. ისტორიაში ეს მხოლოდ ერთხელ (1942 წლის 9 აგვისტო) მოხდა, გერმანელი ფაშისტების მიერ ოკუპირებულ  უკრაინაში, სადაც ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ უკრაინისსტარტიდა გერმანიისფლაელფი“ (მსაჯივერმახტის ობერლეიტენნტი ერვინი. ანგარიში 5:3).

კიევისთვის ბრძოლების პარალელურად ქალაქში კულტურის გამოცოცხლება დაიწყო –  ამუშავდა რამდენიმე კინოთეატრი, აქა-იქ იმართებოდა კონცერტები, აგრეთვე, გაჩნდა ინტერესი სპორტული სანახაობების მიმართ. გამოჩნდნენ სტიქიურად ჩამოყალიბებული საფეხბურთო გუნდები. ერთ-ერთი ასეთი გუნდი ჩამოყალიბდა კიევის  პურის #1 ქარხანაში, სადაც თავი მოიყარეს ცნობილმა ფეხბურთელებმა. 1942 წლის მაისში ქარხნის დირექტორმა ოფიციალურად მიმართა ქალაქ კიევის მმართველობის ფიზკულტურისა და სპორტის სექციას თხოვნით, რომ რეგისტრაციაში გაეტარებინათ ქარხანასთან არსებული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. მათ ნება დაერთოთ, კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ ვარჯიშები სტადიონ „ზენიტზე“, სადაც გააუქმეს ტყვეთა ბანაკი, რომელიც გერმანელი ფაშისტების მიერ უკრაინის ოკუპაციის პერიოდში იყო შექმნილი. ასე ჩამოყალიბდა გუნდი „სტარტი“.  ეს ის პერიოდია, როდესაც წითელი არმია ყველაფერს აკეთებდა გერმანელი ფაშისტებისგან ქალაქის გასათავისუფლებლად, თუმცა ისინი ფარ-ხმალს არ ყრიდნენ.

უცნაურია, მაგრამ სწორედ ამ ვითარებაში გაიმართა საფეხბურთო მატჩი, რომელიც ისტორიას არამხოლოდ დოკუმენტური კადრებით, არამედ მხატვრული ნაწარმოების სახითაც შემორჩა.  მატჩის მსვლელობა ასეთი იყო: თამაშის დაწყების წინ გასახდელში კიეველ ფეხბურთელებთან შევიდა გერმანელი პოლკოვნიკი, რომელმაც მათგან თავხედური ფორმით მოითხოვა მატჩის წაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას  დახვრეტით დაემუქრა… 

თამაშში, რომელსაც შემდეგ „სიკვდილის მატჩი“ უწოდეს,  ანგარიში გერმანელებმა გახსნეს, მაგრამ კიეველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ სამი ბურთი  გაიტანეს. შემდეგ გერმანელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო გუნდს კი არა, სიკვდილის მანქანას უპირისპირდებოდნენ, კიეველი ფეხბურთელები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ, რადგან ამას, არც მეტი, არც ნაკლები, დიდ სამამულო ომში გამარჯვების წინაპირობად აღიქვამდნენ. მათ გასაოცარი ძალისხმევისა და, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ენერგიის არნახული მობილიზების შედეგად კიდევ ორი გოლის გატანა შეძლეს. 5:3 – ასეთი იყო ანგარიში, რომლითაც მატჩი დასრულდა.

კიევის „სტარტისა“ და გერმანული „ფლაკელფის“ მატჩის აფიშა

 დამარცხება! – ეს იყო განაჩენი, რომელიც კიეველმა ფეხბურთელებმა გერმანელ ფაშისტებს გამოუტანეს.

 სიკვდილი! – ეს იყო განაჩენი, რომელიც გმირმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა საკუთარ თავს გამოუტანეს.

 ეს იყო დიდ სამამულო ომში გამარჯვების სამსხვერპლოზე საკუთარი თავის ზვარაკად კოლექტიური მიტანის გასაოცარი მაგალითი.

 მეორე დღეს გერმანელმა ფაშისტებმა კიეველი ფეხბურთელები დააპატიმრეს. ზოგი დახვრიტეს, ზოგი საკონცენტრაციო ბანაკებში გაამწესეს.

 გამოთქმა „სიკვდილის მატჩი“ პირველად გამოჩნდა 1946 წელს გაზეთ «Сталинское племя»-ს  № 164-ში.  მას შემდეგ ეს საშინელი მატჩი მხატვრული განზოგადების ობიექტად იქცა. 1959 წელს 150 000 ტირაჟით გამოიცა პეტრე სევეროვისა და ნაუმ ხალემსკის მხატვრული ნაწარმოები უკანასკნელი მატჩი“. 1963 წელს  კი გამოვიდა მხატვრული ფილმი მესამე ტაიმი“.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ ევროპის ჩემპიონატში პორტუგალიის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების თამაში რაღაცით ჰგავდა სიკვდილის მატჩს. არა იმის გამო, რომ მოგების შემთხვევაში ჩვენს ოქროს ბიჭებს საკონცენტრაციო ბანაკებში გაუშვებდნენ ან დახვრეტდნენ, არამედ იმის გამო, რომ ქართველთა ის რწმენა მოკვდებოდა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ერი ვართ, სახელმწიფო ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელით შრომაც შეგვიძლია და ბრძოლაც. გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა და სრულიად სამართლიანადაც, რომ „ჩვენ ეს საგზური ევროპის ჩემპიონატში გამარჯვების ან რამე შთამბეჭდავი შედეგის მისაღებად კი არ მოგვიპოვებია, ამ ჯერზე გამოცდილების მიღებაც საკმარისია“. მართებული  ნათქვამია, ვერაფერში შეედავები, მაგრამ პორტუგალიასთან წაგება იმას ნიშნავდა, რომ ევროპის საფეხბურთო გუნდებს შორის ჩვენ შემთხვევით აღმოვჩნდით და არა დამსახურებით. რწმენა იმისა, რომ ჩვენ მიერ გაცხადებული პრეტენზია საფუძვლიანია, ხელიდან გვეცლებოდა. ქვეყანაში გაჩნდებოდა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი მრავალი მოღლიცინე, რომლებიც იტყოდნენ: სად ევროპა და სად ჩვენ, დავეტიოთ ჩვენს კანში და ა.შ.აი, ვინ და რა გადაარჩინეს ჩვენმა ბიჭებმა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისა და დახვრეტისგან: რწმენა, იმედი, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა, საერთო სახალხო სიხარულისა და ეროვნული ბედნიერების განცდა.

ისტორიულ „სიკვდილის მატჩთან“ პარალელი კი გავავლე, მაგრამ საწინააღმდეგო ნიშნით. ეს სიცოცხლის მატჩი იყო, რომელმაც ეროვნული გაზაფხულისა და ეროვნული აღორძინების სიგნალი მოგვცა, თითოეულ ჩვენგანში ახალი ყლორტი აღმოაცენა, ახალი ეპოქის დადგომის უტყუარი სიმპტომი მოგვივლინა – ეპოქისა, რომელშიც საქართველო აღარ იქნება ისე თავდახრილი, როგორც ბოლო ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში იყო. სხვებს ჰყავთ კერპები? დაე ჰყავდეთ, ღმერთმა უმრავლოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი კერპები  და ღირსეული შვილები გვყავს, რომლებიც ბრწყინვალებით თურმე არ ჩამოუვარდებიან სხვებს, იქნებ აღემატებიან კიდეც. ფეხბურთის სფეროში მათი სახელები მსოფლიომ იცის: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე სხვებიც წამოვლენ, ახალი თაობა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მწერლობაში, ფილოსოფიაში. ოღონდ ციდან კი არ ჩამოფრინდებიან, მათი სახელოვანი წინაპრების მხრებზე აღმოცენდებიან, წარსულის ღირსეული გამგრძელებლები იქნებიან, ისევე, როგორც ეს ოქროს ბიჭები დგანან იმ ოქროს ბიჭების მხრებზე, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს სამშობლო საბჭოთა კავშირის, ევროპისა თუ მსოფლიოს მასშტაბით.

 ეს იქნება ნამდვილი გამარჯვება, დიდი გამარჯვებაარა მხოლოდ საფეხბურთო ჩემპიონატებში, არამედ საერთოდ და საზოგადოდ ყველა საქმეში და ყველა მიმართულებით. ეს რწმენა დაიბადა და ეს რწმენა გადარჩა დღეს –  2024 წლის 26 ივნისს  ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრებთან სიცოცხლის მატჩის მსვლელობისას.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here