Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფოს ვუმტრეთ მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლელი პატრონებისთვის გვეამებინა

სახელმწიფოს ვუმტრეთ მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლელი პატრონებისთვის გვეამებინა

3790

“ჩვენი გული საქართველოსთვის ძგერს. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ხმარებიდან ამოიღოს სიტყვა “გრუზია” და ჩვენს მეგობარ ქვეყანას “საქართველო” უწოდოს. უკრაინელი ხალხი ვალდებულია, დასასვენებლად საქართველოში წავიდეს”, _ განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ. 

ანალოგიური განცხადებები მას შემდეგ გახშირდა, როცა 20 ივნისს დაწყებული აქციები რუსოფობიაში გადაიზარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველო დაეტოვებინათ და პარალელურად, 8 ივლისიდან ავიაგადაზიდვების აკრძალვაც გამოაცხადა. პრეზიდენტის მოწოდებას რუსი ტურისტები მყისიერად გამოეხმაურნენ _ საქართველო დატოვეს და სამომავლოდ დაგეგმილი ათი ათასობით ჯავშანიც გააუქმეს. რუსთა ამ ნაბიჯით გახარებულმა აქციის მონაწილეებმა გამარჯვების ყიჟინა დასცეს, ექსპერტებმა დაიანგარიშეს, რომ უახლოეს ორ თვეში ეს ყველაფერი ქვეყანას მილიარდი დოლარით აზარალებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი _ უფრო მეტით. მილიარდიანი დეფიციტი უკვე იგრძნო ეროვნულმა ვალუტამ და გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.

ახლაღა გაგვიმხილეს ოფიციალურად, რომ, ტურისტების რაოდენობის გარდა, რუსეთი ხორბლის მოწოდებაშიც ყოფილა ლიდერი. ანუ, “პური ჩვენი არსობისა” სწორედ რუსეთიდან მოდიოდა და 8 ივლისიდან ავიაგადაზიდვები რომ შეწყდება, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ პურის ფქვილის დეფიციტი წარმოიქმნას და ყველაზე მოთხოვნილი პროდუქტი გაძვირდეს. ისიც ვთქვათ, რომ ასეულობით სასტუმრო, უბრალოდ, ტურისტების გარეშე დარჩა, რადგან მთელი ზაფხული სწორედ რუსებს ჰქონდათ დაჯავშნილი და ჯავშანი გაუქმდა.

პოროშენკოს რაც შეეხება, ცოტა ხნის წინათ იყო ქვეყნის პრეზიდენტი და საინტერესოა, მაშინ რატომ არ იცემდა გულზე მჯიღს და რატომ არ შეცვალა “გრუზია” საქართველოთი? ახლა რომ ისვრის ლოზუნგებს, მაშინ რატომ არ მოუწოდა უკრაინელებს, _ საქართველოში ჩადით, იქ დაისვენეთო? იმიტომ, რომ მაშინაც და ახლაც ეს პრობლემა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდებისთვის ზრუნავს და ეს განცხადება ევროპელთა თვალში მომგებიანია. იმ ევროპელების, რომლებმაც, რაღა თქმა უნდა, სოლიდარობა გამოგვიცხადეს რუს ტურისტებთან ბრძოლაში და პირობა დადეს, ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ და ისინი ზაფხულს საქართველოში გაატარებენო.

სიმართლე გითხრათ, არ მესმის, როგორ უნდა აიძულო ვინმე, დასასვენებლად კონკრეტულ ქვეყანაში წავიდეს, თანაც მაშინ, როცა ყოველ საღამოს ახალგაზრდები ქვეყნის მთავარ გამზირზე ბოლო ხმაზე გაჰკივიან და შინაგან საქმეთა მინიტრის გადადგომას მოითხოვენ. ან როგორ უნდა აიძულო ვინმე, გინდა თუ არა იმ ქვეყანაში წადი, რომელშიც ერთი კვირის წინათ ქარში მეტეხის ხიდთან რკინის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, ტურისტები მოიყოლა და ერთი კორეელი ტურისტი ადგილზე დაიღუპა, მეორე _ საავადმყოფოში, მესამე კი სიკვდილს დღემდე ებრძვის. ჰო, ჩვეულებრივი ქარის დროს…

ამ ყველაფერთან ერთად, აქციის მონაწილეებს სოლიდარობა რამდენიმე კაფემ და რესტორანმა გამოუცხადა და რუსი ტურისტებისთვის მომსახურებას პლუს 20% დაამატა, აქაოდა, სწორედ 20%-ია რუსეთის მიერ ოკუპირებულიო. მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე არაფერს ვამბობთ, უბრალოდ, გვგონია, რომ რესტორნები თავიანთ მოგებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქვეყანაზე. ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე კაფემ და რესტორანმა გადაწყვიტა, რუს ტურისტებს საპირფარეშოებში არ შევუშვებთ და ვეტყვით, რომ უნიტაზები 2008 წელს რუსმა ჯარისკაცებმა წაიღესო. სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდი იდიოტიზმის მოგონება ძნელია და, როგორც ჩანს, თვითონაც მიხვდნენ ამას და სამდღიანი აკრძალვის შემდეგ საპირფარეშოებზე აკრძალვა მოხსნეს.

მოკლედ, ამ აქციების შემდეგ შევიტყვეთ, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოდიოდა, რომ ხორბლის ყველაზე დიდი მომწოდებელი რუსეთი იყო და რომ ქართული ეკონომიკის 40% თურმე ჩრდილოელ მეზობელზე ყოფილა დამოკიდებული თუ ჩამოკიდებული. ისიც გავიგეთ, რომ საკმარისი ყოფილა რუსეთის თითის ერთი გაქნევა და ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ერთ წრეზე რომ დავდივართ, გასაგებია და გასული საუკუნის 90-იანიებიდან ჯერ ისევ ვერ გამოვედით. ის, რომ ქართულ ეკონომიკას თურმე მხოლოდ ბორჯომი და ღვინო შეინახავს, სიმართლესთან ახლოს რომ არ არის, 90-იანებშიც ბევრმა იცოდა, მაგრამ რად გინდა, ახლაც იმავეს იმეორებენ და ამტკიცებენ _ ღვინო და ბორჯომი გადაგვარჩენს, არ გვინდა რუსული ბაზარიო. კეთილი, ბატონებო, არ გვინდა რუსული ბაზარი, მაგრამ ამ ევროპულ, აზიურ და ამერიკულ ბაზრებზე რომ არ იყიდება ეს ჩვენი ღვინო და მინერალური წყლები, როგორ მოვიქცეთ? რა მოვუხერხოთ იმას, რომ ევროპას შვეიცარიული წყლები და ფრანგული ღვინო ურჩევნია? ამერიკას ის ურჩევნია ყოველთვის, რაც ხელს აძლევს და იქაურ ბაზარზე გათვლა უდიდესი სისულელეა. აზიურ ბაზარზე ჩინეთი და იაპონია არავის უშვებეენ (სწორადაც იქცევიან), არც შეუშვებენ და საქართველოს ნამცეცები თუ გადმოუყარეს, მადლობა უნდა ვთქვათ. რა გამოდის? რჩება ისევ რუსული ბაზარი, რომელსაც არ ვაღიარებთ, რომელსაც უარვყოფთ და ერთი სული გვაქვს, როდის ჩავეხსნებით იმ ბაზარს, რომელიც რეალურად არათუ თითოეულ მოქალაქეს, არამედ ქართულ ეკონომიკას კვებავს. ჰოი, საოცრებავ, შემოსული ხორბლის 98% თურმე რუსეთზე მოდის, ანუ პრაქტიკულად ყველა რუსულ პურს ვჭამთ. ანუ, გვინდა რუსული პური, მაგრამ არ გვინდა რუსეთი და აგერ, ბატონო, გააუქმა იმ კაცმა ავიაგადაზიდვები. თუ არ იცით, იმასაც გეტყვით, რომ მოსალოდნელი შიმშილის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიმართა ხორბლის მთავარ მწარმოებლებს _ საფრანგეთს, უკრაინას… და ჯერჯერობით უარი მიიღო, რადგან ახალი მოსავალი აღებული არ არის, ძველი _ გადანაწილებული და გაყიდულია და საქართველოს გამო თავს არავინ იწუხებს.

გამოსავალი ერთია _ ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს რუსი ტურისტი, ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს რუსული ხორბალი, ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს რუსული ბაზარი. ის “ვინმე” კი, როგორც გვიმტკიცებენ, დასავლელი პარტნიორები არიან, თუმცა, მოწოდების მიუხედავად, გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რაღაც არ გაგვიგია, არიქა, საქართველოს ევროპელი ტურისტები მოაწყდნენო… მათი ხვედრითი წილი ზუსტად იმდენია, რამდენიც მანამდე იყო, ანუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სტაბილურად ჩამოდის ევროპიდან და პლუს-მინუს ასი კაცი არაფერს შეცვლის. თანაც, ევროპული შვებულება ცოტა სხვა რამ არის, მთელი წელი გეგმავენ, მთელი წელი ემზადებიან (ჩვენგან განსხვავებით, იქ სამსახურებში მართლა შრომობენ და იღლებიან ადამიანები, რა თქმა უნდა, ღირსეული ანაზღაურების სანაცვლოდ) და ვერავინ აიძულებს, გეგმა შეცვალოს. შესაბამისად, CNN-ზე დატრიალებული სარეკლამო რგოლები წყალში გადაყრილი ფული გვგონია და ეჭვი გვაქვს, ეს ყველაზე კარგად ხელისუფლებამ იცის, მაგრამ მერე ხომ თავი უნდა იმართლოს: ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, მეგობრებიც ჩავრთეთ ამ ყველაფერში, მაგრამ არაფერი გამოვიდაო.

მწარე რეალობა ასეთი გვაქვს _ გავაქციეთ რუსი ტურისტები, რომლებიც ქართულ სასტუმროებში ყველაზე მისაღები სტუმრები იყვნენ და, რაც მთავარია, პრაქტიკულად არ არსებობდა ენობრივი ბარიერი. გავაუქმებინეთ ავიარეისები, რომლებიც არა მხოლოდ მგზავრებს ემსახურებოდა, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაზიდვებს ახორციელებდა, პრაქტიკულად გავანულეთ ის მილიარდიანი მოლოდინი, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაცემული ეკონომიკა რუსეთიდან ჩამოსული ქართველების მიერ ჩამოტანილი ფულით წამოიწია, რადგან რუსეთში ნაშოვნი თანხებით ქართველებმა აქ ბიზნესი დაიწყეს და ეს, ექსპერტების დასკვნით, უცხოურ ინვესტიციას გაუთანაბრდა. ანუ ახლაც იგივე უნდა მომხდარიყო, მაგრამ არა. სახელმწიფოს ვუმტრეთ და ვუმტრეთ მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლელი პატრონებისთვის გვეამებინა.

ჰოდა, სად არიან ახლა ჩვენგან ნალოლიავები ევროპელი პარტნიორები? ევროპული ქვეყნების ლიდერებს, პუტინისგან განსხვავებით, მათმა მოსახლეობამ არ დაუჯერა და არ დაიძრა ქარავნები ჩვენი ქვეყნისკენ. მათ თავისუფლად შეუძლიათ, საკუთარი ხარჯებით განახორციელონ ჩარტერული რეისები, სახელმწიფო სახსრებით რამდენიმე ასეული ტურისტი ჩამოიყვანონ და ქართულ კულტურას აზიარონ, მაგრამ რატომ, რისთვის?.. რეალურად, საქმით დასავლეთი არასდროს დახმარებია საქართველოს და სიტყვა რომ შიმშილს კლავდეს, ქართველები მსოფლიოში ყველაზე მაძღრები ვიქნებოდით. ახლა კი ვართ საკუთარ თავთან და პრობლემებთან მარტო დატოვებულები და საშველიც არსაიდან ჩანს. ხელისუფლება ვერ პოულობს გამოსავალს და ამის ხმამაღლა თქმისაც ეშინია, ეშინია იმის აღიარების, რომ რამდენიმედღიანმა აქციებმა და იქ გამოთქმულმა განცხადებებმა ქვეყანა უმძიმეს დღეში ჩააგდო.

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკებით და პრობლემის გახსნით და განხილვით იწყება.
    შთაბეჭდილებაა რომ, ღმერთმა ქართველებს გონება წაართვა.
    როგორ აპირაბთ დასავლეთის და აშშ- ს დახმარებით მოლაპარაკებას რუსეთთან როცა, ფულს გვიხდიან იმიტომ რომ რუსეთს ვუყეფოთ და ვლანძღოთ.
    მხოლოდ პირდაპირი კონტაქტით შეიძლება მოლაპარაკება, მითუმეტეს არაერთგზის მიგვანიშნეს რუსეთის უმაღლესმა პირებმა.
    რუსეთთან საქმის მოგვარებას, სიკვდილი ურჩევნიათ “ნაც სალახანებს”, აბა ამერიკის დოლარებს ხომ არ დაკარგავენ.

  2. უკვე დღეს სამ საათზე მოვისმინე,ოფიციალურად აიკრძალა ფულადი გადარიცხვები, ღვინის და ბორჯომის შეტანა რუსეთში და კიდე რას დაამატებენ ღმერთმა იცის

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here