Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის სულ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს

საქართველოში ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის სულ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს

მოსავლიანი მიწების 95%-ს არ ვამუშავებთ და მათი ნაწილი საძოვრად არის ქცეული, ნაწილი მიგდებულია და... ამ მიგდებული მიწის შესაძენად სახელმწიფოს რომ მიადგე, ისეთ ფასს იტყვის, ყველაფრის ხალისს დაგიკარგავს

177

ახალი ამბავი არაა, რომ საკვებმა პროდუქტებმა მომხმარებლის ნდობა დაკარგა. ხშირად  მოისმენთ  ფრაზას – „ნამდვილი ქიმიაა, არ ვარგა, არაფერს აღარ აქვს გემო“… მართლაც ასეა. გაიხსენეთ ბავშვობა,  საზამთროს ან ნესვს რომ ჭრიდნენ მშობლები, მთელ სახლში საოცარი სურნელი დგებოდა. იგივე იყო კიტრისა და პომიდვრის სალათის გაკეთების შემთხვევაში – საოცარი სურნელი ტრიალებდა. ახლა კი, დაჭრილი საზამთროს სუნი კი არა, 2 თვეს რომ დადო, ისეა გაჯერებული შხამ-ქიმიკატებით, არ დალპება…

ბაზრის დახლთან თუ მაღაზიაში მომხმარებელი ხშირად სვამს კითხვას  ამა თუ იმ პროდუქტზე: ქართულია? დადებითი პასუხის შემთხვევაში კი თამამად ყიდულობს. რასაც ახლა დავწერთ, ძალიან ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ფაქტია, რომ გასული წლის კვლევების მიხედვით, ქართულ პროდუქციაშიუფრო  მეტი პესტიციდები აღმოჩნდა, ვიდრე შემოტანილში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ისეთი  სერიოზული მიზეზები, რომ მათი გამოსწორების შანსები ძალიან მცირეა.

დავიწყოთ იმით, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს მცირე მეურნეობების გაკონტროლებას, საამისოდ არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის და არც ფინანსური. დიდი საწარმოები და დიდი ფართობის მფლობელი ფერმერები თვითონ  ცდილობენ ვითარების გაკონტროლებას, რადგან ბევრი მოსავლის ადგილზე გაყიდვა რთულია, გატანისას  კი გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ძალიან ბევრი მცირე მეწარმე ასე იქცევა – მიწას, რომელზეც  მარცვლოვანი კულტურა უნდა დათესოს, ჰერბიციდებს (არასასურველი მცენარეების გასანადგურებელი ქიმიური ნივთიერებები)  ასხამს, ეს ხსნარი ყველა ბალახს სპობს და მიწა ხალიჩასავით ხდება. შემდეგ თესავენ მარცვლეულს ან რგავენ პომიდვრის, ბადრიჯნის, კიტრის ჩითილებს და ფერმერი მარტივად ახერხებს მიწის  დამუშავებას, საჭირო შემთხვევაში –  გათოხვნას, მაგრამ არ ფიქრობს იმაზე, რომ  ხსნარი არსად მიდის,ის მიწაშია არეული, მცენარე  კი  ნიადაგიდან საზრდოობს. შემთხვევას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ალბათ, ანალოგი არ აქვს. ერთ-ერთმა ფერმერმა გადაწყვიტა, ბიოლოგიურად სუფთა ხორბალი მოეყვანა, ამიტომ მიწა დახნა, შხამ-ქიმიკატების ნაცვლად, ახლო მდებარე ფერმიდან ნაკელი შეიტანა, შემდეგ ხელახლა დახნა, ნაკელი რომ კარგად არეულიყო ნიადაგში და ხორბალი დათესა. მოსავალი კარგი მიიღო და ანალიზის ჩასატარებლად ლაბორატორიაში წაიღო, რათა ხორბლისთვის ფასიც დაედო და  ბიოსერთიფიკატიც ჰქონოდა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა უთხრეს, რომ ხორბალი პესტიციდებით იყო გაჯერებული და ეს მაშინ, როცა მას არც ერთი პრეპარატი არ გამოუყენებია. დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ პესტიციდები ხორბალმა მიიღო… ნაკელიდან. როგორ? ძალიან მარტივად – ფერმერი, რომლისგანაც მან ნაკელი შეიძინა, სახორცე პირუტყვს აწარმებს და, დასაკლავი საქონელი მალე რომ გაიზარდოს, აუცილებელია გარკვეული კომპონენტების დამატება, მათ შორის პრემიქსის, სოიოს შროტის და ა.შ. ჰოდა, სწორედ ამით გაჯერებულმა ნაკელმა დააზიანა ხორბალი და ის, რაც, წესით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა ყოფილიყო, პესტიციდებით გაჯერებულ მარცვლეულად იქცა.

ფერმერებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ბოლო პერიოდში  თურმე მიწა იფიტება და მოსავალს ვეღარ იძლევა. არადა, მიწა კი არ იფიტება, მას სწორედ ჩვენ ვფიტავთ იმ შხამ-ქიმიკატებით, რომლებსაც ყოველწლიურად დიდი ოდენობით ვაყრით და ნიადაგს მეტის ატანა  არ შეუძლია. ქართულ მიწას საუკუნეების განმავლობაში მოსავლის მიცემის პრობლემა არ ჰქონია, ეს მაშინ, როცა ნაცრითა და ნამდვილი ნაკელით ამუშავებდნენ, ამდიდრებდნენ, ახლა კი ისე გამოდის, რომ ნაკელიც კი ქიმიურია. ამასთანავე, გლეხები მიწაზე მუშაობას გადაეჩვივნენ და ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის სულ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს აზიის ქვეყნებიდან. გლეხი მიეჩვია, რომ დეზერტირების ბაზარში ნაყიდ პროდუქტს გლდანში ან ვარკეთილში უფრო ძვირად გაყიდის, დღეში 20-30 ლარს იშოვის და ეს  აკმაყოფილებს. რატომ უნდა შეიწუხოს თავი მიწაზე თოხის ბაყუნითა და ცხვარ-ძროხის დევნით? ქალებიც მიეჩვივნენ, რომ ყველის ამოსაყვანად სულაც არ არის საჭირო ძროხის ყოლა, მისი წველა და მოვლა, მთავარია შესაბამისი ჭურჭელი, რძის ფხვნილი, ცოტა კარაქი და „ნატურალური ყველიც“ მზად არის. სხვათა შორის, რეგიონების ბაზრებშიც კი, ძირითადად,  ასეთი ყველი იყიდება და მას მოვიხმართ.

ვიღაც იტყვის, ირანელებსა და თურქებს როგორ მოჰყავთ ერთ ჰექტარზე იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი პროდუქტი, ვიდრე ქართველებს,  თანაც, პესტიციდებიც  ნაკლებია მათ პროდუქტშიო. დავიწყოთ იმით, რომ იმ ირანელმა და თურქმა ზუსტად იციან, რა ოდენობით შხამი უნდა დაასხან ნერგებს, საზღვარზე პრობლემები რომ არ შეექმნათ (საქართველოში ასეა – გვგონია, რაც მეტს შეწამლავ, მით მეტს მიიღებ). მეორე და არანაკლებ საინტერესო – ისინი კულტურის მოყვანამდე მის თვისებებს სწავლობენ, ნიადაგს უტარებენ ანალიზს, არის თუ არა შესაძლებელი კონკრეტულ ნიადაგზე კულტურის გახარება და, რაც მთავარია, ითვისებენ ჰაერს. ჰო, იმავე პომიდორს, კიტრს, ბადრიჯანს სიმაღლეში უშვებენ და მოსავალს ამის ხარჯზე ზრდიან. როცა ვამბობთ სიმაღლეზე გაშვებას, 5-6 მეტრ სივრცეს ვგულისხმობთ და როგორ გგონიათ, 1,5 მეტრზე გაზრდილი პომიდვრის ნერგი უფრო მეტს მოისხამს თუ 5-6 მეტრზე წასული? თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ ავყევით, ამიტომ  მიწას ვერ ვუფრთხილდებით და  სათანადო მოსავალიც ვერ  მოგვყავს. შესადარებლად:  ერთმა ქართველმა ფერმერმა სიმინდი დათესა და ჰექტარზე 6 ტონა მოიწია, მეორე წელს ფრანგი ტექნოლოგი ჩამოიყვანა, იმავე ჯიშის სიმინდი დათესა და ჰექტარზე 14 ტონა მიიღო. როგორ? – ფრანგმა ასწავლა, როდის უნდა დაეთესა, რა სიღრმეზე უნდა დაეთესა, როდის მოერწყა, როდის გაეთოხნა, როდის გამოეხშირა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

სამწუხარო რეალობაა ისიც,რომ აგრომიმართულება დღეს ახალგაზრდებში სასურველი არ არის, არც სახელმწიფოსთვისაა პრიორიტეტი და სოფლის მეურნეობის საკითხებში განსწავლულთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს – ძველები მიდიან, ახლები კი არ ჩანან. არადა, კარგი ვეტექიმი, კარგი აგრონომი საქართველოში უკვე ოქროდ ფასობს და ამის მიუხედავად, არავის სურს, ეს პროფესიები შეისწავლოს; არავის სურს, ტალახი ზილოს, მიწა ჩიჩქნოს და რეკომენდაციები გასცეს. ჰოდა, სწორედ ამიტომ მივედით იქამდე, რომ ვიღაც ვიღაცის რჩევით ცდილობს ფონს გავიდეს; ცდილობს, მეტი მოსავალი შხამ-ქიმიკატების გამოყენებით მიიღოს და პროდუქტიც გემოს კარგავს, ნიადაგიც იფიტება, უვარგისი ხდება და ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში მხოლოდ ქვემო ქართლი და იმერეთის რეგიონი ამარაგებდა მთელ საქართველოს მწვანილით. გასულ წელს კი საქართველოში 15 მლნ დოლარის მწვანილი შემოვიდა, ანუ დაახლოებით 40 მილიონი ლარი გადავუხადეთ სხვებს, არ დარჩა აქ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მწვანილი მოჰყავდათ, ურჩევნიათ, შემოტანილი იყიდონ და ის გაყიდონ. გასულ წელს ერთი კილო ქინძისა და ოხრახუშის ფასმა რეკორდულ ფასს -15 ლარს მიაღწია და ირანელები თუ თურქები, ძალიან ბედნიერები იყვნენ ამის გამო, მწვანილის დაფასოებაც კი დაიწყეს და სულ გრამობით წონიდნენ.

გაზაფხული მოგვადგა კარს და გადახედეთ საქართველოში სავარგულებს, რამდენია დამუშავებული და რამდენი დასამუშავებელი. სხვაობა კატასტროფულია. ოფიციალური მონაცემებით, მოსავლიანი მიწების 95%-ს არ ვამუშავებთ და მათი ნაწილი საძოვრად არის ქცეული, ნაწილი  მიგდებულია და… ამ მიგდებული მიწის შესაძენად სახელმწიფოს რომ მიადგე, ისეთ ფასს იტყვის, ყველაფრის ხალისს დაგიკარგავს. არადა, თურქულ პროდუქციას რომ მიაქვს საქართველო (ევროპაც), ეს თურქეთის სახელმწიფოს  მიერ განხორცილებული რეფორმების შედეგია. არ ვგულისხმობთ მხოლოდ მიწის რეფორმას, თურქეთმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანაზე ბაჟი ლამის გაანულა, შემოტანაზე – გაზარდა. და როგორ გგონიათ, ფერმერებს გატანა ურჩევნიათ თუ შემოტანა? ამ რეფორმამ უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ თურქეთი არა მხოლოდ  რეგიონში, არამედ სრულიად ევროპაში მთავარ მოთამაშედ იქცა და ეს მის ეკონომიკასაც დაეტყო.

შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ, მაგალითად, რუმინეთი, მთელ ევროპას ამარაგებს  სახორცე პირუტყვით. ჰო, რუმინეთში უზარმაზარი ფერმები გაკეთდა, რომლებშიც ჯიშიანი პირუტყვი გამოჰყავთ, ოღონდ არ გეგონოთ, მცირე ზომისას ყიდიან – კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირუტყვი 250 კილოზე ნაკლებს იწონის, მისი გასაყიდად გაყვანა არ შეიძლება. ამით ფერმერიც ხეირობს, სახელმწიფოც და დიდ თანხებზეა საუბარი, რადგან ცოცხალი წონა ადგილზე დაახლოებით 11 ლარი ღირს, ანუ ერთის ფასი ათასი ევროა, საუბარი კი მილიონობით პირუტყვზეა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად იმის დათვლა გვიწევს, რომელი ქვეყანა რას აწარმოებს, სად რა ნიშა დაიკავეს, როგორ ვითარდება მათი ეკონომიკა და ამ დროს… მწვანილიც კი რეკორდული ოდენობით შემოგვაქვს!

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here