Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში დემოგრაფიული  მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, დაღმართზე დაგორებულ ქვასავით არის და, თუ...

საქართველოში დემოგრაფიული  მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება, დაღმართზე დაგორებულ ქვასავით არის და, თუ დროზე არ გავაჩერეთ, ერი გადაშენების პირას მივა

ცუდი მდგომარეობა გვაქვს გარდაცვალებასა და შობადობას შორის სხვაობის მხრივ, 50%-იანი სხვაობაა ქორწინებასა და განქორწინებას შორის... ანუ შექმნილი ოჯახებიდან ლამის ყოველი მეორე ინგრევა

221

საქართველოში უამრავი პრობლემა გვაქვს და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მთავრობა თითქოს ამ პრობლემების მოგვარებას ცდილობს, თითქოს ყოველწლიურად წინ მივდივართ, აგერ, წლის ბოლოს, მოსახლეობის ერთ  სულზე მშპ  შეიძლება  8 ათასი დოლარი გახდეს, როცა 2015  წელს თურმე 4 ათასი დოლარიც არ ყოფილა, მაგრამ რეალურად ეს ციფრები და ტერმინებია, რომლებიც მოსახლეობას ნაკლებად ესმის. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში ერთადერთი რამ თქვა, რაც რეალური იყო – მოსახლეობის მშპ,  ციფრებით კი არა, იმით განისაზღვრება, რა უდევს მაცივარში თითოეულ მათგანსო. მაცივრის შიგთავსი კი,  2015 და 2023 წლები  რომ შევადაროთ, დიდად შეცვლილი არ უნდა იყოს, მით უმეტეს – გაორმაგებული…

არც ერთ მთავრობას სახელმწიფო პრობლემის დონეზე არ დაუყენებია დემოგრაფია („ქართულმა ოცნებამ“ გაატარა რაღაც ღონისძიებები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო). ერთადერთი ეკლესია შეეცადა ამის მოგვარებას, მაგრამ პირველმა ეფექტმა თუ ბუმმა უკვე გადაიარა და პატრიარქის გაბრძოლებაც, რომელიც თავის დროზე ალად ავარდა, მინავლდა… არც  ერთ მთავრობას არ უთქვამს, რომ პრობლემაა ოჯახების დანგრევა, განქორწინების უზარმაზარი მაჩვენებელი, რომელიც წლიდან წლამდე იმატებს და რომელმაც ისეთი მასშტაბი მიიღო, განგაშის ზარებს უნდა ვარისხებდეთ.

მოდი, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო ხუთი წლის ოფიციალურ მონაცემებს გავეცნოთ: 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა 23 202 იყო, განქორწინების – 10 288;  2019 წელს   ქორწინება 23 285 იყო, განქორწინება  – 11 205; 2020 წელს ქორწინება 16 359 აღირიცხა, განქორწინება – 7 643; 2021 წელს  ქორწინება  23 155 იყო, განქორწინება – 10 654;  2022  წელს კი ქორწინება – 26 048, განქორწინება – 14 098. ანუ, ხუთ წელიწადში 112 049 ქორწინების წილ 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა, თანაც ჯერ არ ვიცით 2023 წლის მონაცემი, რომელიც იმედის ნაპერწკალს ნამდვილად არ გააღვივებს. ხუთ წელიწადში ქორწინების წილ განქორწინება 48%-ზე მეტს შეადგენს, ანუ შექმნილი ოჯახებიდან ლამის ყოველი მეორე ინგრევა. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში იმას, რომ ბავშვები სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესს იღებენ და ვაღიაროთ, რომ, რაც  უნდა მოახერხოს დედამ ან მამამ, ბავშვს უჭირს იმის აღქმა, რომ მის მეგობრებს ორივე მშობელი ჰყავთ, მას კი ბაღში, სკოლაში ან დედა არ აკითხავს არასდროს, ან მამა და ეს მის ფსიქიკაზე მოქმედებს. ეგებ ამის ბრალიც იყოს, არასრულწლოვნების პრობლემა, რომელსაც სახელმწიფო ვერაფერს უხერხებს. მოზარდებში დიდი აგრესია,  ქურდობა და ძარცვა, რომლებსაც  არასრულწლოვნები სჩადიან, და ნარკოტიკების მოხმარების ის მაჩვენებელი, რომელიც ასევე არასრულწლოვნებზე მოდის.

სხვათა  შორის, არაერთხელ გვისაუბრია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან თუ რიგით თანამშრომლებთან და ისინი არ მალავენ, რომ არასრულწლოვნების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. კანონი ძალოვნებს არ აძლევს უფლებას, არასრულწლოვნები დასაჯოს და ისინი მათ, უბრალოდ, აკავებენ, შემდეგ აწერინებენ ხელწერილს, რომ მეორედ აღარ ჩაიდენენ სამართალდარღვევას და… არაერთ არასრულწლოვანს ათობით ასეთი ხელწერილი აქვს დატოვებული პოლიციის განყოფილებაში.

გარდა იმისა, რომ ეს პრობლემა დღეს  ძალიან მწვავედ გვიდგას, ის ბავშვები, რომლებიც განქორწინებულ ოჯახებში იზრდებიან, ეგუებიან  აზრს, რომ ეს „არ ტეხავს“, რომ შეიძლება, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ იქორწინო, ცოლი მოიყვანო ან გათხოვდე და 2-3 თვეში თუ წელში სხვა აირჩიო, სხვასთან იცხოვრო და ამას თურმე „არჩევანის თავისუფლება“ ჰქვია. არადა, „ავადსახსენებელი“ კომუნისტების პერიოდში დანგრეული ოჯახები დიდ ქალაქებშიც კი იშვიათობა იყო. სახელმწიფოს ისე ჰქონდა საქმე  აწყობილი, რომ ოჯახის დანგრევა, პრაქტიკულად, დანაშაულად ითვლებოდა და გამორიცხული იყო, სერიოზული კარიერული წინსვლა გქონოდა, თუ განქორწინებული იყავი. ოჯახი პატარა სახელმწიფოს რანგში იყო აყვანილი და, თუ შენ საკუთარ სახელმწიფოს ვერ უვლიდი, დიდი სახელმწიფოს მნიშვნელოვან საქმეებს  არ განდობდნენ.

დღეს რეალობა კი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა – ქორწინება უფასოა, განქორწინება  60 ლარი ღირს და ეს ერთგვარი „ბარიერია“ განქორწინებისთვის, მაგრამ… ქორწინება უფასოა სპეციალრი სარიტუალო მომსახურების გარეშე, თორემ, თუ მომსახურება გნებავთ, სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, არასამუშაო დღეებში – 225 ლარი, შენობის გარეთ – 255 ლარი… განქორწინებას კი  სარიტუალო მომსახურება არ სჭირდება და 60 ლარის გადახდის შემდეგ, 5 სამუშაო დღის ვადაში განქორწინების მოწმობას მარტივად გაძლევენ.

ალბათ, საინტერესოა, რომელ ადგილზე ვართ განქორწინებების მაჩვენებლით რეგიონში? თურქეთი და აზერბაიჯანი მუსლიმანური ქვეყნებია და იქ განქორწინება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშრებული, ამიტომ იქ განქორწინების მაჩვენებელი არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოშია  დაბალ ნიშნულზე. იგივე ხდება სომხეთში, სომეხი მოსახლეობა ოჯახის სიწმინდის დაცვას ცდილობს და დღემდე შესანიშნავად ახერხებს; რუსეთში კი სამოქალაქო ქორწინებების მიმართულებით  ჯანსაღი მდგომარეობაა და წყვილი, რომელიც ურთიერთობის დაკანონებას გადაწყვეტს, შემდეგ ძნელად თუ შორდება. ჩვენ რა გვჭირს? პასუხი ძალიან მარტივია – ოჯახური  ფასეულობების გაქრობა და ოჯახის სიწმინდის ცალ ფეხზე დაკიდება მას შემდეგ ვისწავლეთ, რაც დასავლეთისკენ სწრაფვა დავიწყეთ. როგორ გგონიათ, რატომ აქვს თურქეთს 25 წელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რატომ ვერ შედის ევროკავშირში? იმიტომ, რომ ოჯახის სიწმინდეს ევროპაში ისე არ უყურებენ, როგორც თავის დროზე ჩვენთან უყურებდნენ, და როგორი დამოკიდებულებაც აქვთ დღეს  თურქეთში. თუ გახსოვთ, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ოჯახის შესახებ ჩანაწერი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, აქაოდა, როგორ გაბედეთ და დააკანონეთ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო. დემოგრაფიული პრობლემები როცა გაქვს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას რომ აკანონებ, რომელ დემოგრაფიაზეა საუბარი?! არცთუ დიდი ხნის წინათ თქვა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ:  მუდმივად მეკთხებიან, რატომ ვარ ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი, რატომ მირევს გულს ეს ყველაფერი, მე მარტივი პასუხი მაქვს – მანახეთ ერთნაირსქესიანი წყვილი, რომელსაც მომავლის შექმნა შეუძლია, და ხმას არ ამოვიღებო. ჰო, როცა მომავალზე ფიქრობ,  პირველ რიგში, სწორედ შობადობის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქრო და არა იმაზე, რომ ქალმა და ქალმა ან კაცმა და კაცმა ერთად იცხოვრონ, მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან აიყვანონ ბიჭი ან გოგო და გაზარდონ… კაცმა არ იცის, რად გაზარდოს. ტრაგედიაა, როცა ბავშვი უმამო ან უდედო ოჯახში იზრდება და კატასტროფაა, როცა ბავშვს დედა და დედა ან მამა და მამა ჰყავს და ვერ ხვდება, რატომ არის სხვა ოჯახებში სხვანაირად, მასთან კი… უცნაურად. აუცილებლად გამოხტება ვინმე, ვინც ჰომოფობიაში დაგვდებს ბრალს, მაგრამ, სანამ ქვას გვესვრით, შეხედეთ თქვენს შვილებს და თქვით: გსურთ  მათთვის ასეთი მომავალი?

საქართველოში ცუდი მდგომარეობა გვაქვს გარდაცვალებასა და შობადობას შორის სხვაობის თვალსაზრისით, 50%-იანი სხვაობაა ქორწინებასა და განქორწინებას შორის. პრობლემა ისე  დიდია, რომ მიხეილ სააკაშვილიც კი მიხვდა, ამ თემაზე აქცენტის გაკეთება პოლიტიკურად მომგებიანი რომ იქნებოდა და ყველას მოუწოდა,  – ბევრი შვილი გააჩინეთ, ოღონდ ქართველებისგანო. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ასობით ქართველი გოგონა თხოვდება უცხოელზე და ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადრე ოჯახი ტრაგედიად აღიქვამდა, თუ ქართველი უცხოელზე გათხოვდებოდა ან უცხოელს მოიყვანდა ცოლად, ახლა კი… ახლა უცხოელზე გათხოვება „სარფიან გარიგებად“ უფრო ითვლება, ვიდრე ქორწინებად და შემდეგ წყვილი საქართველოდან მიდის; ბავშვები ქართულ ენას, უბრალოდ, ვერ სწავლობენ და არც სამშობლოს სიყვარული აქვთ ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეთ.

ჰოდა, იმას ვამბობდით, რომ არც ერთ ხელისუფალს ეს პრობლემა სახელმწიფო მნიშვნელობის დონეზე არ დაუყენებია. არადა, წლიდან წლამდე მდგომარეობა რომ უარესდება, ჩვენზე კარგად იციან,  რომ ეს ყველაფერი დაღმართზე დაგორებულ ქვასავით არის და, თუ დროზე არ გავაჩერეთ, მარტივად მივალთ გადაშენებამდე. ჰო, სწორედ რომ გადაშენებამდე და გაქრობამდე, როგორც ეს არც ისე დიდი ხნის წინათ  იაპონელმა მეცნიერებმა ივარაუდეს და იმ 10 ერში შეგვიყვანეს, რომლებსაც  2050 წლისთვის გადაშენების საფრთხე დაემუქრება.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here