Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ბოლო 7 წელიწადში შობადობა თითქმის 17 ათასით შემცირდა

საქართველოში ბოლო 7 წელიწადში შობადობა თითქმის 17 ათასით შემცირდა

ქვეყანა დემოგრაფიულ უფსკრულში მიექანება და საშველი მხოლოდ სერიოზულ საკანონმდებლო ცვლილებებშია

226

საარჩევნო წელი, როგორც წესი,  ზღაპარივითაა – პოლიტიკოსები იმდენ  ზღაპრულ დაპირებას იძლევიან, ძმები გრიმები მათთან ახლოსაც ვერ მივლენ. სხვათა შორის, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკოსებს დაპირებების 10% მაინც რომ შეესრულებინათ, ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდით და, გერმანიას თუ არა, ეკონომიკური განვითარების მხრივ პოლონეთს მაინც გავეჯიბრებოდით.

მართალია, არჩევნებამდე   9 თვე დარჩა, მაგრამ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ, უკვე  დაიწყეს დაპირებების ჩამორიგება და მათ შორის  ძალიან ბევრი  არარეალურია. მაგალითად, არარეალურია ის, რაც საავადმყოფოს პალატიდან პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა შემოთვალა, ავტომობილების ტექდათვალიერებას გავაუქმებო. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა და ახლა იქაჩება, მეორედაც ვიზამო, მაგრამ ნურას უკაცრავად, რადგან, ევროკავშირის წევრობა თუ გვინდა, ტექდათვალიერების არსებობა ქვეყანაში აუცილებელი პირობაა. ანუ, ტყუილების კასკადი უკვე დაიწყო და გვერწმუნეთ, სანამ ბოლოში გავალთ, ბევრ არარეალურ დაპირებას მოვისმენთ.

ახლა გონება დაძაბეთ და გაიხსენეთ, ბოლოს რომელი არჩევნების წინ ან რომელმა ხელისუფალმა გააკეთა აქცენტი დემოგრაფიულ პრობლემაზე; რომელმა პოლიტიკოსმა თქვა: რა არჩევნები, ხალხო, თუ დემოგრაფიას არ მივხედავთ, მალე არჩევანის გამკეთებელი ხალხი აღარ გვეყოლებაო. ჩვენ ვერ ვიხსენებთ და თქვენ, თუ გაიხსენებთ, შეგვატყობინეთ. ერთადერთი, რაც გვახსენდება, პატრიარქის მოწოდებაა, როცა ეკლესიის საჭეთმპყრობელმა წლების წინათ განაცხადა, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს მე მოვნათლავო. ამ განცხადებამ თავის დროზე ძალიან კარგად იმუშავა და პატრიარქთან მოსანათლად ათასობით ბავშვი დაჰყავდათ ყოველწლიურად. ამჟამად პატრიარქს 46 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. 67-ე საყოველთაო ნათლობა გასული წლის 11 ივნისს ჩატარდა და აუცილებლად გაგრძელდება წელსაც, გაისადაც…  ნათლულების ოდენობა ჩატარებული ნათლობების ოდენობაზე რომ გავყოთ, გამოდის, საშუალოდ ერთ ნათლობაზე 700-მდე ბავშვი ინათლება. ერთი შეხედვით, ეს ცოტა არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თავიდან ამ ყველაფერს გაცილებით  მეტი ეფექტი ჰქონდა, 700 მცირე რაოდენობად  გვეჩვენება.  საპატრიარქომ, რაც შეეძლო, გააკეთა, გამოიყენა ყველაფერი – პატრიარქის ავტორიტეტით დაწყებული, ეკლესიის ავტორიტეტით გაგრძელებული. მათ მეტი არ შეუძლიათ, ისინი არ არიან კანონმდებლები და ვერ შეცვლიან კანონს, ვერ წაახალისებენ დემოგრაფიას კანონისა და ფინანსების დონეზე. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ დემოგრაფიული მიმართულებით  ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა. 2023 წლის სრული სტატისტიკა ჯერ არ დადებულა, მაგრამ პირველი 6 თვის მონაცემები დასკვნების გაკეთების საფუძველს გვაძლევს. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ანუ  ნახევარ წელიწადში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 19 431-ია. 2022 წელს  42 319 ბავშვი დაიბადა, ანუ გასული წლის პირველ ორ კვარტალში იმის ნახევარიც არ დაბადებულა, რამდენიც 2022 წელს და სრული სტატისტიკაც არასახარბიელო გვექნება. ცოტა უფრო მასშტაბური შედარებაც გავაკეთოთ. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებული ახალშობილების რაოდენობამ  59 249 ბავშვი შეადგინა, ხოლო 2022 წელს, როგორც აღვნიშნეთ, 42 319 ბავშვი დაიბადა. სხვაობა 16 930 ბავშვია, ანუ 7 წელიწადში შობადობა ლამის 17 ათასით შემცირდა. იცით, ეს რას ნიშნავს საქართველოს დარი ქვეყნისთვის? ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იმის მიხედვით მერყეობს, რამდენი ადამიანი მიდის ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად სხვაგან და რამდენი უცხოელი ჩამოდის აქ სამუდამოდ დასამკვიდრებლად? ეს კატასტროფაა, ეს უფსკრულია, რომლისკენაც მივექანებით და საშველი მხოლოდ სერიოზულ  საკანონმდებლო ცვლილებებშია. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი დემოგრაფიულ ვითარებაზე  განცხადებებს არ აკეთებს და არც გამოსავლის ძიებაშია. იმასაც გეტყვით, რატომ იქცევიან ასე. ჩვენი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად ძირეული ცვლილებები და უამრავი ფულია საჭირო. ამას არ ეყოფა არც 10 და არც 100 მილიონი ლარი, საუბარი რამდენიმე მილიარდზეა, გრძელვადიან პროგრამაზე, რომელიც, სულ ცოტა, 20 წლის განმავლობაში  იმოქმედებს და მრავალშვილიან ოჯახებს წაახალისებს.

მოდი, ბულგარეთისა და პორტუგალიის მაგალითზე ვთქვათ – ამ ორ ქვეყანაზე იმიტომ, რომ  ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, არც ერთი არ განეკუთვნება. ბულგარეთით დავიწყოთ. ყოველ დაბადებულ ბავშვზე (არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენე შვილია) ბულგარეთის მთავრობა 200 ევროს იძლევა; შემდეგ კი, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს აძლევს პამპერსებს, საკვებ და ჰიგიენურ საშუალებებს ყოველ თვე. ანუ, ფულს კი არ აძლევს, არამედ კონკრეტულ ნივთებსა და საკვებს. თუ ოჯახს ძალიან უჭირს, ყოველთვიურ კომპენსაციასაც უნიშნავს ბავშვს და ამ  კომპენსაციას იღებს სრულწოვანებამდე. შესაძლოა, თანხა დიდი არ იყოს, მაგრამ იმდენი ნამდვილად არის, რომ სკოლაში წასული ბავშვი სკოლის ბუფეტში შევიდეს და რამე იყიდოს.

პორტუგალიაში, პირველი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, ოჯახი იღებს 400-ევროიან ერთჯერად დახმარებას, ბავშვს ენიშნება სრულწლოვანებამდე ყოველთვიური თანხა 40 ევროს ოდენობით. ყოველ მომდევნო ბავშვზე ეს თანხა იზრდება და, ისევე  როგორც ბულგარეთში, ოჯახი იღებს საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, პამპერსსა და ა.შ. ანუ ცდილობენ, რაღაცით  მაინც შეუმსუბუქონ ყოფა დედებს და, რაც მთავარია, ოჯახი თუ ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ სოციალურად ძალიან უჭირს და ბავშვის რჩენის თავი არ აქვს, დახმარება თვეში 1500 ევრომდე ადის. მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები სარგებლობენ უპირატესობებით უმაღლეს სასწავლებლებში, სადაზღვევო პაკეტებსა და ბევრ სხვა სოციალურ სფეროში.

ამას წინათ ერთი პოლიტიკოსი გვეუბნებოდა: მე მქონდა პროექტი, რომლის მიხედვით ოჯახს, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, ყოველთვიურად 1000 ლარს გადავუხდიდით და შემდეგ ყოველ ბავშვზე 500 ლარს დავუმატებდითო. გამოდიოდა, რომ, მაგალითად, ოჯახს, რომელსაც 6 შვილი ჰყავს, თვეში 2000 ლარს გადაუხდიდა სახელმწიფო და ეს თანხა უნდა გადაეხადათ მანამ, სანამ უმცროსი ბავშვი არ გახდებოდა სრულწლოვანი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ხუთი სრულწლოვანი და ერთი არასრულწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაშიც კი ოჯახი თვეში 2000 ლარს მიიღებდა და ეს მხოლოდ დიდი შეღავათი კი არ იქნებოდა, არამედ  ოჯახის სიძლიერის ერთ-ერთი საწინდარიც. ინტერესიც ექნებოდა ოჯახს, მეექვსეს შემდეგ მეშვიდე შვილი გაეჩინა და დემოგრაფიული პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ  გადაიჭრებოდა, მაგრამ… ეს პროექტი ლამის თავზე გადაახიეს ამ ჩვენს ნაცნობ პოლიტიკოსს, რადგან საუბარი თვეში დაახლოებით მილიარდ ლარზე იყო. არადა, ეგებ ქართველთა სიმრავლე მირჩევნია მილიარდიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იმ პროექტებს, რომლებსაც 5-6  წლის განმავლობაში  აკეთებენ და მერე ამდენ ხანსვე არემონტებენ და კოლოსალური თანხები იხარჯება?

გვერწმუნეთ, ეს ციფრები დათვლილი აქვს ყველა პარტიას. ყველა პარტიის ლიდერმა იცის, რა დაჯდება დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება და სწორედ ამიტომ ხმამაღლა არავინ საუბრობს. არ არის დღეს პოპულარული დემოგრაფიის პრობლემა, არ არის ისე მტკივნეული, როგორც ქაღალდზე ჩანს, რადგან საქსტატი ციფრებს კი აქვეყნებს, მაგრამ ამ ციფრებს არავინ აფრიალებს ტელეეთერებში;  არავინ ამბობს, რომ ერი ნადგურდება; არავინ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ 7 წელიწადში შობადობა თითქმის 17 ათასით შემცირდა  და ეს უზარმაზარი პრობლემაა. სამაგიეროდ, ყველა ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მილიარდები  დაიხარჯა, რომ სადღაც 30 ათას ლარად აშენებული ხიდი ჩაინგრა და ისევ ასაშენებელია, რომ ვიღაცამ პრემია გამოიწერა, ვიღაცამ ახალი მანქანა იყიდა ბიუჯეტის ფულით და ვიღაცამ რესტორანში 25 ათასი დახარჯა ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების გამასპინძლებისთვის. არადა, თავიდათავი პრობლემების სწორედ დემოგრაფიაა და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ათეული წლები ვერ მოვიცილეთ, კი უნდა ხვდებოდნენ, ამომრჩეველი უბრალოდ ნადგურდება და, ალბათ, ამიტომაც აკეთებენ  აქცენტს ემიგრანტებზე, აქაოდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ასიათასობით ქართველმა ხმის მიცემა შეძლოსო.  იმას კი არ ამბობენ, ქვეყანა ისე მოვაწყოთ, ეს ხალხი ქვეყანაში დაბრუნდესო, არამედ  იქ, საზღვრებს გარეთ, შევუქმნათ პირობები და ხმა იქიდან მოგვცენ, აქ არაფერში გვჭირდებიანო. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ პოლიტიკოსებს ადამიანები  კი არა, მათი ხმები  სჭირდებათ.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here