Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს საგარეო პოლიტიკა მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის გარიჟრაჟზე

საქართველოს საგარეო პოლიტიკა მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის გარიჟრაჟზე

785

იმპერიათა დაცემა ყოველთვის ხდებოდა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების საფუძველი და არასოდეს ყოფილა მშვიდი და წყნარი პროცესი. სწორედ მსგავსი მოვლენის მომსწრენი ვართ დღეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოპოვებული ერთპიროვნული ჰეგემონის სტატუსი. იზრდება რუსეთის ფედერაციის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა და ავტორიტეტი. თანამედროვე პერიფერიული კრიზისები არის ამერიკელი იმპერიალისტების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა და ბოლო გაბრძოლება. აღნიშნულს უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჰეგემონის დაცემის პროცესზე გავლენა მოახდინა სამყაროს უნიფიკაციის იდეის აგრესიულმა ექსპორტმა, გაზარდა ჰეგემონისა და მისი პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და შეიქნა დაცემის პროცესის კატალიზატორი. 

დავით სუხიაშვილი
დავით სუხიაშვილი

საბჭოთ კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი მოექცა ამერიკული იმპერიალიზმის გავლენის ქვეშ, რომელმაც ჰეგემონის სტატუსის შენარჩუნების მიზნით ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა ხანებიდან საკუთარ გავლენას დაუქვემდებარა სხვადასხვა ზესახელმწიფოებრივი გაერთიანებები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც 90-იან წლებში დაიწყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების “შენება”. თავსმოხვეული “შოკური თერაპია” (სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალური ლიბერალიზაცია) რეალურად ამერიკელი იმპერიალისტების შეთქმულება იყო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ამ ქვეყნების სიმდიდრის ხელში ჩაგდება და “რეფორმების” გზით მოსახლეობის თანმიმდევრული განადგურება.

ეს სტრიქონები მკითხველს გაახსენებს თანამედროვე საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას, რადგან სრულიად ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი გახდა იმპერიალისტური პოლიტიკის მძევალი.

მართალია, საქართველოში ბევრისთვის მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეფასება, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ტრაგედია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფაქტი მართლაც იქცა დაუსრულებელი ტრაგიკული მოვლენების დასაწყისად. 1990-იანი წლების შეიარაღებულ დაპირისპირებას, უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ართულებდა და აღრმავებდა ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილი კორუფციული პოლიტიკური სისტემა. დასავლეთმა ეფექტიანდ გამოიყენა საზოგადოებაში დაგროვებული უკმაყოფილება და 2003 წელს მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობის გზით ქვეყნის სათავეში მოიყვანა გაუწონასწორებელი, ქარიზმული ურა პატრიოტი მიხეილ სააკაშვილი.

საზოგადოდ, აშშ-ის ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის საფუძველზე ერაყში დაწყებული სამხედრო ინტერვენციის პარალელურად. ამერიკელი სტრატეგების აზრით, საჭიროების შემთხვევაში საქართველო უნდა ქცეულიყო რეგიონში ამერიკული ჰეგემონიის მხარდამჭერ პოლიგონად. აღნიშნული უფრო ცხადს ხდის, რატომ იქნა ორგანიზებული და დაფინანსებული 2003 წლის “ვარდების რევოლუცია”, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში აღმოჩნდა მათ მიერ მართული ადამიანი.

სწორედ ერაყსა და ავღანეთში წარუმატებელი სამხედრო ინტერვენცია იქცა ამერიკელებისთვის ჯერ რეგიონში, ხოლო შემდგომ გლობალურად გავლენისა და რეპუტაციის დაკარგვის ერთ-ერთ მთავარ კატალიზატორად. მარცხის კომპენსაციისა და ჰეგემონის სტატუსის შენარჩუნების მიზნით XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მიწურულს ამერიკელმა იმპერიალისტებმა დაიწყეს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რეჟიმების დემონტაჟი ფერადი რევოლუციების მოწყობის გზით. ქვეყნები გაეხვივნენ მრავალწლიან სისხლისმღვრელ ომსა და ქაოსში. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამერიკელი იმპერიალისტების მიერ დეკლარილებული ღირებულებების გავრცელების მცდელობას შედეგად მოაქვს ომი, სისხლისღვრა, ქაოსი. ამერიკული ღირებულებების აგრესიულმა ექსპორტმა ადამიანებს წაართვა ყველაზე მთავარი _ სიცოცხლის უფლება.

ამერიკელი იმპერიალისტების წაქეზებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება და საკუთარი ეროვნული უსაფრთოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს საქართველოს მოსაზღვრე ზესახელმწიფო _ რუსეთის ფედერაცია. სააკაშვილის ავანტიურისტულ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა 2008 წლის ომი რუსეთის ფედერაცასთან და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება. 2008 წლის აგვისტოს ომი გახდა სააკაშვილის რეჟიმისათვის დასასრულის დასაწყისი. მას ვეღარ უშველა წლების განმავლობაში ოფიციალური თბილისის მიერ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის დემონიზაციის პოლიტიკამ. ხალხის დიდი ნაწილი მიხვდა, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების გადაწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის შედეგად. საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც შეძლებდა რუსეთთან ხანგრძლივი და რთული დიალოგის პროცესის დაწყებას. აღნიშნული სიგნალი საგანგაშო აღმოჩნდა ამერიკელებისთვის, რომლებიც მიხვდნენ, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი პოლიტიკური სუბიექტის ასპარეზზე გამოჩენა ნიშნავდა საქართველოზე სრული კონტროლის დაკარგვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, პოლიტიკურ ასპარეზზე შემოეყვანათ მართული პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ერთ-ერთი დაპირება იქნებოდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ასეთ პოლიტიკურ სუბიექტად იქცნენ ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია “ქართული ოცნება”, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ხელში ჩაიგდეს ქვეყნის მართვის სადავეები.

ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოყვანით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. დაიწყო დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან ჟენევის ფორმატით, რომლის ფარგლებშიც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული საკითხები, თუმცა ამომრჩევლის ნების აღსასრულებლად საჭირო იყო პოლიტიკური დიალოგის დაწყება, რომლის უფლებასაც ამერიკელები არ აძლევენ სათავეში მოყვანილ პოლიტიკურ ელიტას. სწორედ მათი და პროდასავლური ძალების ზეწოლით ჩაიდო 2013 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების” შესახებ პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის) დამოუკიდებლობას…

აღნიშნულით ამერიკელმა იმპერიალისტებმა და მათ მიერ მართულმა პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს რუსეთთან დიალოგის მოსურნე ნებისმიერი ძალის მარგინალიზაციის საფუძველი.

“ქართული ოცნების” რვაწლიანმა მმართველობამ ვერ გადაწყვიტა ქართველი ხალხის პრობლემები, პირიქით _ ბოლო წლებში გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტში ქართველი დეპუტატების ნაწილის რუსეთის დუმის წარმომადგენლების მიმართ პროვოკაციულმა ქმედებამ ჩიხში შეიყვანა ისედაც რთული ურთიერთობა ოფიციალურ მოსკოვთან.

ქართველი საზოგადოების ნაწილი აცნობიერებს, რომ უნიპოლარული სისტემის დაშლის პროცესში ამერიკაზე, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ბევრი მიხვდა, რომ ამერიკული ღირებულებების ექსპორტი სრულიად არ ისახავს მიზნად კეთილდღეობის დამყარებას და შედეგად მოაქვს ქაოსი და სისხლისღვრა. ჰეგემონის სტატუსის დაკარგვა ასუსტებს ამერიკის ინტერესს რეგიონის მიმართ. ამერიკის სტრატეგიული ინტერესის სფეროდან საქართველოს გაქრობის შემთხვევაში ქვეყანა სრულიად მოუმზადებლი აღმოჩნდება სერიოზული გამოწვევების პირისპირ, ისევე, როგორც ცოტა ხნის წინათ ჩრდილოეთ სირიაში ბედის ანაბარა მიტოვებული ქურთები, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკელებს მოკავშირეებად თვლიდნენ.

დღესაც მაღალია საზოგადოებაში მოთხოვნა რუსეთთან დიალოგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სუბიექტზე. ისევე, როგორც 2012 წელს, დღესაც აქტიურობენ ამერიკის მიერ მართული პოლიტიკური ძალები, რომლებიც გამოდიან ფსევდო ანტიდასავლური მოწოდებებით. ისინი მიზნად ისახავენ ამერიკული დაპირებებით იმედგაცრუებული ელექტორატის მოტყუებასა და დაბნევას. აღნიშნული ძალების ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა დამღუპველი იქნები ჩვენი ქვეყნისთვის.

ქვეყნის ვარამით შეწუხებული საზოგადოების ნაწილს არ ჰყოფნის პოლიტიკური მოძრაობის თვითორგანიზების ძალა. აღნიშნული განპირობებულია სუსტი პოლიტიკური კულტურითა და შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რომელმაც დაქსაქსა ქართველი საზოგადოება. არის მხარდაჭერის უიმედო მოლოდინი, დრო კი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. გეოპოლიტიკური ცვლილებები მოითხოვს არჩევნების გზით ამერიკული იმპერიალიზმის მონა პოლიტიკური სისტემის ეროვნული ინტერესების საფუძველზე მოქმედი პოლიტიკური ძალით დაუყოვნებლივ ჩანაცვლებას.

დავით სუხიაშვილი,
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here