Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს მოსახლეობა  ყოველდღიურად 14 ადამიანით მცირდება

საქართველოს მოსახლეობა  ყოველდღიურად 14 ადამიანით მცირდება

ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი დემოგრაფიული ვითარება ქართველი პოლიტიკოსებისთვის თითქოს მეათეხარისხოვანია

200

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემა უმწვავესად დგას, მაგრამ  ამ თემაზე  არც ერთი პოლიტიკოსი ხმამაღლა  არ საუბრობს. ისიც დავწერეთ, რომ ეკლესია შეეცადა ამ პრობლემის მოგვარებას და თავიდან თითქოს მუხტიც იყო, ენთუზიაზმიც, მაგრამ საბოლოოდ, ენთუზიაზმსა და სურვილს კუჭმა აჯობა. არ აქვთ ოჯახებს ბევრი შვილის რჩენის შესაძლებლობა, ვისაც აქვს, ცდილობს,  დიდი-დიდი,  ორი  შვილი  იყოლიო, გაჭირვებულები კი… ვითარება  ძალიან მძიმე რომ არის, საქსტატის მონაცემებიდანაც ჩანს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის საწყის ექვს თვეში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 19  431 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 21 944  ადამიანი. მარტივი დასათვლელია, უარყოფითმა სხვაობამ ნახევარ წელიწადში 2513  ადამიანი შეადგინა, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს სხვაობა 5 ათას ადამიანზე მეტი იქნება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს ციფრები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ზუსტად ისევე აქვთ  ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ რომელიმე მათგანისგან  გსმენიათ, რომ საქართველოში ყველაზე  მწვავე პრობლემა დემოგრაფიაა?  წლიდან წლამდე  ქართველთა რაოდენობა რომ იკლებს და გადაშენების პირას ნელ-ნელა, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მივდივართ, ამბობს ვინმე? ვისაც რიცხვი 5 ათასი ეცოტავება, ვეტყვით, რომ მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 5 ათასზე ოდნავ მეტია. ასევეა  მესტიაში, ონში, ყაზბეგში… ესეც ყველაფერი ფურცელზე, თორემ ოფიციალურად, როგორც სვანეთში, ისე რაჭასა და ფშავ-ხევსურეთში  გათითოკაცებული სოფელი ბევრია.

უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებლის ყველაზე მაღალი შედეგი იმერეთშია (-1287 ადამიანი), შემდეგ – სამეგრელო-ზემო სვანეთში (-766 ადამიანი). ამ ორი რეგიონის „მოწინავეობა“ ორმაგად გულდასაწყვეტია – როგორც იმერეთი, ისე სამეგრელო-ზემო სვანეთი ასი პროცენტით ქართველებითაა დასახლებული. რა თქმა უნდა, სხვა ერებს არაფერს ვერჩით, მაგრამ მოგვიტევეთ, თუ საქართველოში, უწინარესად, ქართველებზე ვდარდობთ, ქართველებზე, როგორც ერზე, რომლის რაოდენობაც  ყოველდღიურად მცირდება. ციფრებს რომ გავყვეთ,  საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღიურად 14 ადამიანით მცირდება…

იმავე საქსტატის მონაცემებით, საწყის ექვს თვეში რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა  10 366 იყო, მაგრამ  ათი ათასზე მეტი  შექმნილი ოჯახის წილ ოფიციალურად რეგისტრირებული 6 828 განქორწინება გვაქვს, ანუ დადებითი სხვაობა ქორწინებასა და განქორწინებას შორის 35%-ია, რაც ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ ისევ იმერეთი (1182) და სამეგრელო-ზემო სვანეთია (754). ამ შემთხვევაშიც ეთნიკურად სუფთა  ქართული რეგიონები „ლიდერობენ“.

ვიღაც იტყვის, რომ წერა მარტივია, პრობლემის მოგვარება კი – ძნელი, მაგრამ ერთ მაგალითზე გეტყვით, რის გაკეთება შეიძლება ძალიან იოლად და, რაც მთავარია, ამას ეფექტი აუცილებლად ექნება. დაახლოებით 4 წლის წინათ ერთმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, მრავალშვილიან ოჯახს დახმარებოდა,  სახლი რომ  არ ჰქონდა და  მეშვიდე შვილი გაუჩნდა. ოჯახი ქუჩაში ნაპოვნი თუნუქით დახურულ ფარდულში ცხოვრობდა, იატაკის მაგივრად მიწა ჰქონდა, მიწაზე ჯერ ცელოფანი ეფინა, მერე ლეიბები ეყარა და იქ ეძინათ. ბიზნესმენმა ოჯახის  მამა წაიყვანა და სოფელში ორსართულიანი კაპიტალური სახლი აჩვენა  ხეხილის ბაღით: ეს სახლი მინდა გიყიდოთ, ძროხასაც გიყიდით, ას ფრთა ფრინველსაც და სოფლის მეურნეობას მოჰკიდე ხელი. ღვთის მადლით, შვილები გყავს, ლუკმაპურის შოვნა არ გაგიჭირდებაო. იქ ვიყავი, როცა იმ კაცმა ხელები გაასავსავა: რას ამბობ, ეს სახლი რომ მიყიდო, მერე სოციალურ დახმარებას მომიხსნიან, 475 ლარს ვიღებო. ეხვეწა და ემუდარა ბიზნესმენი, – მე დამიჯერე, სოციალურს შეეშვი, შენი სახლი გექნება, შვილებს გაზრდი, ხელი გაანძრიე, რა 475 ლარი, მარტო კვერცხი რომ გაყიდო, ამაზე მეტს აიღებ თვეშიო, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. უარი თქვა იმ კაცმა სახლზე და ახლა ერთ-ერთ დიდ საღორეში პატარა ოთახი აქვს და მთელი ოჯახი 400-მდე ღორს უვლის, სანაცვლოდ კი… საკვებს იღებენ და, სავარაუდოდ, ის სოციალური შენარჩუნებული აქვთ და ძალიან „ბედნიერები“ არიან.

სწორედ ეს უნდა გააკეთოს  სახელმწიფომ – ნასოფლარებად ქცეული სოფლები უნდა გააცოცხლოს, სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სახლ-კარი არ გააჩნიათ, იქ დაასახლოს, სოციალურიც შეუნარჩუნოს, შეძლებისდაგვარად სახლებიც გაურემონტოს და საკუთრებაში გადასცეს, ოღონდ გაყიდვის უფლების გარეშე უახლოესი 20 წლის განმავლობაში. ამით რამდენიმე საქმე გაკეთდება ერთდროულად – სოფელი გაცოცხლდება, ადამიანებს ჭერი ექნებათ, საკუთარი მეურნეობა და, მოსავალს როცა მიიღებენ, როცა მიხვდებიან,  საკუთარი ოფლით მოწეული პროდუქტის გემო როგორია, მერე იქიდან წასვლა არ მოუნდებათ და შვილებსაც  უკეთესად მიხედავენ. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გამოსავალი. უფრო მარტივად შეიძლება ამ ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ ყოველ მეოთხე შვილზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სრულწლოვნებამდე გადაუხადოს გარკვეული თანხა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში სრულად დაუფინანსოს სწავლა. ხომ წარმოგიდგეინათ, რა მოხდება, ყოველი მეოთხე და მომდევნო შვილის უმაღლესში სწავლება რომ დააფინანსოს სახელმწიფომ? მშობლებს მეტი სტიმული ექნებათ და ბავშვსაც მეტი მონდომება, რომ სკოლაში კარგად ისწავლოს, რადგან ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გადასახადს სახელმწიფო დაუფინანსებს. სრულად უნდა გათავისუფლდეს სწავლის  გადასახადისგან სტუდენტი, თუ მას სამი და მეტი შვილი ჰყავს. მხოლოდ  მე ვიცნობ 3-4 ისეთ სტუდენტს, რომლებიც მესამე კურსზე არიან და სამი შვილი ჰყავთ ან მესამეს ელოდებიან. ესეც ცალკე სტიმული იქნება და, რაც მთავარია, ბავშვების ყოლა პრივილეგია იქნება  სახელმწიფოს წინაშე და არა ტვირთი.

სამწუხაროდ, პრობლემები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ და გამოსავლის გზებზე (დასახვეწსა და უკეთ ჩამოსაყალიბებელზე) ვიმსჯელეთ, ანუ ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი დემოგრაფიული ვითარება  ქართველი პოლიტიკოსებისთვის თითქოს მეათეხარისხოვანია. ისე, ბევრი პოლიტიკოსი მრავალშვილიანი ოჯახით იწონებს თავს (ღმერთმა ამრავლოთ!). ეგებ რიგით ადამიანებსაც სურთ  ბევრი შვილის ყოლა? იქნებ გლეხს, რომელიც საკუთარი მარჯვენისა და თოხის იმედად არის, სურს, სახლში მისულს 4–5 და მეტი ბავშვი დახვდეს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მათი არათუ ჩაცმა-დახურვის, არამედ გამოკვების პრობლემა შეექმნება, ამიტომაც არის, ყველა ისე იფარებს საბანს, სადამდეც სწვდება და ვაი, რომ „საბანი“ ყოველწლიურად სულ უფრო პატარავდება.

ადრეც დავწერეთ, კვლევების მიხედვით, ჩამონათვალში ერებისა, რომლებსაც 2050 წლისთვის  გადაშენების საფრთხე ემუქრებათ, ქართველებიც არიან. ყოველწლიურად საზღვარგარეთ ბედის საძებნელად ათასობით ჩვენი მოქალაქე მიდის და უკან ძალიან ცოტა ბრუნდება. დასამალი არაა, რომ რამდენიმე ასეული ქართველი ევროპისა თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ციხეებში იხდის სასჯელს. მათ  უმრავლესობას, ვინც საზღვარგარეთ არის დასაქმებული, ღირსეული სამუშაო არ აქვს, იქაურებისთვის სასაცილო ხელფასზე მუშაობს და აქ გზავნის. ეკონომიკური ზრდა ქაღალდზე ძალიან კარგია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ეს ადამიანებმა საკუთარ ჯიბესა და მაცივარზე იგრძნონ. წლებია, გვესმის, რომ წინ მივიწევთ, რომ სიღარიბის პროცენტულ მაჩვენებელს ვამცირებთ, მაგრამ რიგით ადამიანებში ეს  არ იგრძნობა. ასე რომ იყოს, რატომ იზრდება წამსვლელთა რაოდენობა ყოველწლიურად და რატომ ხდება, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება? ესეც სოციალური მდგომარეობის ერთ-ერთი საზომია და ციფრებს ვერსად გავექცევით.

წლის ბოლოს  გვეტყვიან, რომ წელს შევამცირეთ საგარეო ვალი (მართლა შევამცირებთ), რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა (გვექნება), რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები (შეიქმნება), მაგრამ რაღაც მანქანებით ეს ყველაფერი არ დაეტყობა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ბევრი მათგანი არც კი დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება და ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაც ისეთია მოსაფიქრებელი, რაც ამ ყველაფერს რიგითი ადამიანების ყოფაზე  ასახავს. სხვაგვარად ფურცელზე ყველაფერი რიგზე იქნება, რეალურად კი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველდღიური ლუკმაპურის ფულის შოვნაზე ექნება აქცენტი ზუსტად ისე, როგორც ახლა აქვს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here