მთავარი პოლიტიკა საქართველოს ფასადური რესპუბლიკა

საქართველოს ფასადური რესპუბლიკა

თუ საზოგადოება “ფასადურ რესპუბლიკაში” ცხოვრებას თანხმდება, ის ვერაფერს შეცვლის

1698
გააზიარეთ

9 მარტს ძლიერმა ქარმა ქვეყანა პანიკაში ჩააგდო. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რამდენად არასანდოა ინფრასტრუქტურა ჩვენ გარშემო და, შესაძლოა, რეალობაც, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ სტიქიურ მოვლენებს პოლიტიკური და ფილოსოფიური განზომილებაც ჰქონდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 მარტის მონაცემებით, ოპერატიული მართვის ცენტრში 24 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართული იყო 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

თბილისში, რუსთავში, ხაშურში, სურამში, თელავსა და გურჯაანში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, შიდა ქართლში _ წყლის ამოტუმბვა დატბორილი სახლებიდან და კობი-გუდაურის გზაზე კი _ დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. თბილისში დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლის სახურავი, ქარმა 68 ხე მოგლიჯა; წაიქცა 7 გარე განათების ბოძი და 6 სარეკლამო ბანერი; წყობიდან გამოვიდა 43 ელექტროსადენი, დაზიანდა 6 ავტომანქანა; 5 შემთხვევაში ხე გაზის ცენტრალური მილს დაეცა. მაშველები თბილისში 166-ჯერ გამოიძახეს, ხოლო რეგიონებში 88-ჯერ.

სახიფათო სიტუაცია შეიქმნა აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ერთ-ერთი შენობის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა. მაშველებმა იქ ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელეს, რათა დარჩენილ მინებს საფრთხე არ შეექმნა ადამიანების სიცოცხლისთვის. ამ ეპიზოდმა შეიძლება გაგვახსენოს 28 თებერვლის უბედური შემთხვევა, რიდესაც ბარათაშვილის ქუჩაზე “საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის” შენობიდან 2008 წელს დამონტაჟებული მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც დაიღუპა 14 წლის მოზარდი და დაშავდა მისი ხუთი თანაკლასელი. არადა, ასეთი ძლიერი ქარი იმ დღეს არ ყოფილა.

ცხადია, სტიქიამ შეიძლება ყველა ქვეყანას შეუტიოს, მათ შორის ისეთს, სადაც მკაცრი სამშენებლო ნორმები 100%-ით დაცულია, და დიდი უბედურება გამოიწვიოს. მაგრამ 9 მარტს, ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნო, რომ საზოგადოება ძალზე შეშინებულია – ეს იგრძნობოდა სატელეფონო თუ “ჩვეულებრივ” საუბრებში, სოცქსელებში სტიქიასთან დაკავშირებული ამბების ერთობ ნევროტიზებულ გაზიარება-კომენტირებაში და, საბოლოო ჯამში, უბედურების დაძაბულ მოლოდინში. უხარისხო სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებმა და მათთან დაკავშირებულმა უამრავმა უბედურმა შემთხვევამ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ სტიქიის ნებისმიერი შემოტევა შეიძლება კატასტროფით დასრულდეს, როგორც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ საზოგადოება საყვედურობს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მას მხოლოდ ფასადები აინტერესებს და თითქმის არ ფიქრობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მაგრამ “უჩინარ” ინფრასტრუქტურაზე, იქნება ეს სანიაღვრე კოლექტორები, ძველისძველი მილები ან ელექტროგაყვანილობა, დაბზარული საყრდენი კედლები და ა.შ. მაგალითად, მეტროში უამრავი აღჭურვილობაა, რომლებიც ბრეჟნევის პერიოდიდან არ განახლებულა, სპეციალისტები ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მუდამ საუბრობენ, მაგრამ ხელისუფლება ფულს მაინც კოსმეტიკურ ცვლილებებზე ხარჯავს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია შეკიდული ჭერი მეტრო “ვარკეთილში”, რომლის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მისი დამონტაჟების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ხელისუფლება შეიძლება სულელი და არაკომპეტენტური იყოს, მაგრამ, საკუთარ იმიჯსა და პიარზე ზრუნვიდან გამომდინარე, განსაკუთრებით არჩევნების წინ, აკეთებს სწორედ იმას, რაც ამომრჩევლებს მოსწონს. თუ ის დააფიქსირებდა, რომ მისგან მეტროს შიდა, “უჩინარი” ინფრასტრუქტურის ან, მაგალითად, სანიაღვრე კოლექტორების მოწესრიგებას მოითხოვენ, სავარაუდოდ, სწორედ ამას გააკეთებდა, მაგრამ მან კარგად იცის, რომ საზოგადოებას, უპირველესად, ბრჭყვიალა გარეკანი აინტერესებს და არა სისტემის სტაბილურობა და სიმყარე.

ფასადების განახლება სააკაშვილის მმართველობის წლებში, რომლის ერთ-ერთ ეტაპზე “სახელმწიფო ელექტოსისტემის” შენობაც შეალამაზეს, სწორედ ამ ზედაპირული დამოკიდებულების ნიადაგზე აღმოცენდა. გაჩნდა ტერმინები: “ფასადური დემოკრატია” და “ფასადური აზროვნებაც” კი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უკანასკნელს მხოლოდ ხელისუფლებას უკავშირებდნენ, მაშინ, როდესაც ის დამახასიათებელია მთელი სოციუმისთვის _ საქართველო ბოლო წლებში ძალზე ზედაპირული გახდა.

ჩვენ, როგორც წესი, ყველა უბედურებას სამოქალაქო ომსა და თანმდევ არეულობას ვუკავშირებთ, მაგრამ ზედაპირულობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის ბოლო ათწლეულებში შეინიშნებოდა. ჩვენ, შესაძლოა, ვერ დავიჭირეთ მომენტი, როდესაც “ცნობადი სახის”, შოუმენის, სპორტსმენისა თუ მსახიობის სიტყვა საზოგადოებისთვის გაცილებით ღირებული გახდა, ვიდრე, მაგალითად, აკადემიკოსის მოსაზრება. წიგნები და ფილმები იმ პერიოდში, ერთი შეხედვით, იმავე მხატვრული ხერხების ერთობლიობას ეფუძნებოდა, მაგრამ განუხრელად კარგავდა სიღრმეს, რაღაც მომენტში კი ღირებულებები ცარიელი სიტყვების კოლექციად გადაიქცა. შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირების ველურობა და სისასტიკე სწორედ ამ ზედაპირულობის შედეგი იყო. ის ზნეობრივი და ინტელექტუალური დეგრადაციის ნაყოფს წარმოადგენდა, რომელიც არეულობის პერიოდის შემდეგ ნათლად გამოვლინდა კულტურულ-ცივილიზაციური ეროზიის პროცესში. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი დაფიქრდა იმაზე, როგორ მოეხიბლა ამომრჩეველი, მალევე მიხვდა, რომ მას, უპირველესად, აინტერესებს გარეკანი და არა შიგთავსი, ფასადები და არა საყრდენი კედლები.

როდესაც რეჟიმის ჩამოშლის პროცესი დაიწყო, მნიშვნელოვანი დისკრედიტაციაფასადურმა პოლიტიკამაცგანიცადა. ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები 2012 წლის არჩევნების წინ ხშირად აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ მას, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ივანიშვილის მთავრობა იმავე გზით წავიდა. 2016-17 წლების საარჩევნო კამპანიების ქვაკუთხედს სწორედ “ფასადური პოლიტიკა” წარმოადგენდა (სხვათა შორის, ის შეკიდული ჭერი მეტროსადგურ “ვარკეთილში”, აგრეთვე, “წინასაარჩევნო” იყო).

პოლ გოგენის სამ ლეგენდარულ კითხვას: “საიდან მოვედით? ვინ ვართ? საით მივდივართ?” საქართველოში ემატება მეოთხე _ “როგორ გამოვიყურებით?” და ის უდავოდ მთავარ ადგილს იკავებს. დანარჩენ სამს მხოლოდ ეპიზოდურად ვიხსენებთ, მაგალითად, მორიგი ზედაპირული სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს. როგორც წესი, აქცენტი დიად, მნიშვნელოვანწილად მითოლოგიზებულ წარსულზე კეთდება, აგრეთვე, ნათელ მომავალზე, მაგრამ კითხვას “ვინ ვართ?” გვერდს ვუვლით, როგორც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს. არადა, ვინ ვართ სინამდვილეში, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ 21- საუკუნეში იმ ქალაქის შუაგულში, რომელსაც პრეტენზია აქვს არა უბრალოდ ცივილიზებულად, არამედ ევროპულად იწოდებოდეს, ძლიერი წვიმის შედეგად 19 ადამიანი იღუპება და სადაც შემინული ფასადი შეთავსებით გილიოტინის როლს ასრულებს?

“ფასადური პოლიტიკა” არსებითად ანტიჰუმანურია _ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქუთაისში, პარლამენტის ახალ ფუტურისტულ შენობაში, ჟანგბადის უკმარისობის გამო თანამშრომლები ცუდად ხდებიან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ათვლის წერტილი ამ შემთხვევაში არ იყო ადამიანი, მისი კომფორტი, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არამედ _ ვიზუალური ეფექტი, რომელიც ამ შენობას უნდა მოეხდინა, ვენტილაცია, როგორც ჩანს, არავის გახსენებია. ამ ტერიტორიაზე 2009 წლის 19 დეკემბერს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა “სპეციალისტებმა” მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ააფეთქეს და ამას 11 წლის გოგონასა და მისი დედის სიცოცხლე შეეწირა. ალბათ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კაცთმოძულე რეჟიმის მთავარ შენობას, მის “ვიტრინას”, ასეთი ანტიჰუმანური წარსული და აწმყო აქვს.

ერთ-ერთ ყველაზე საზარელ, არქიტექტურის სივრცეში გაშლილ მეტაფორას პოლიციის გამჭვირვალე შენობები წარმოადგენს. ფასადური გამჭვირვალობა ნიღბავდა ნამდვილ ჯოჯოხეთს სისტემის შიგნით, მაგრამ მოქალაქეების ნაწილს არა მხოლოდ არ სურდა, გაეგო, რა ხდებოდა სიღრმეში, არამედ ამის დანახვის უნარიც არ ჰქონდა, უკიდურესად ზედაპირული აზროვნების გამო. მიშიზმისერთერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ზედაპირულობაა _ ის მხოლოდ გარეკანს ხედავს, ხოლო ანალიზზე უარს ამბობს. იგივე შეიძლება ითქვასბიძინიზმზეც”, რომლის მთავარი სიმბოლო .. “შუშის სასახლეა”. ის, ერთი შეხედვით, გამჭვირვალეა, მაგრამ არავინ იცის, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება მის შიგნით. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამის გაგება არ სურს და მშვიდად ეგუება უცნაური ოლიგარქიულკრიპტოკრატიული სისტემის არსებობას, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს (სხვათა შორის, ძველშიც ძნელი მოსაძებნია).

შესაძლოა, სტიქიის შემოტევის ან პოლიტიკური კატაკლიზმების პერიოდში საზოგადოებას, სხვა ყველაფერთან ერთად, ეშინია, რომ ფასადური საქართველო ჩამოიშლება და ის იხილავს თავის ქვეყანას ისეთს, როგორიც ის სინამდვილეში არის. სავარაუდოდ, ის გრძნობს, რომ ელიტის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეა და, ალბათ, სულისჩამდგმელიც კი; ცდილობს, გაექცეს ამ აზრს, ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ კუთხეში დამარხოს და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და არა დამნაშავედ. დრო გადის, არაფერი იცვლება ან რატომ უნდა შეიცვალოს, თუ ყველა დაინტერესებულმა მხარემ, სიმართლისა და კეთილსინდისიერების ხარჯზე, კომპრომისს მიაღწია?! თუ საზოგადოება “ფასადურ რესპუბლიკაში” ცხოვრებას თანხმდება, ის ვერაფერს შეცვლის.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here