“ქვეყანას აღარ ეშველება” და კიდევ “ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის” _ მწუხარებით აღსავსე ეს გამონათქვამები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. მათგან მეორე ახლახან გამოქვეყნდა. უწმინდესობის გამონათქვამები ქვეყნის სინამდვილის ღრმად შეცნობის ნაყოფია. ისინი წარმოადგენს უმძლავრეს სილას პოსტსაბჭოური ხელისუფლებისთვის, რადგან საქართველო ასეთ განსაცდელში ჩააგდეს.
ქვეყნის აღსასრულამდე 30-წლიანმა გეოპოლიტიკურმა სიბრმავემ მიგვიყვანა. ამ საშინელი ავადმყოფობით კი აშშ-დასავლეთმა დაგვასნეულა.
გეოპოლიტიკური სიბრმავეა, როცა ვერ ხედავ 700-კილომეტრიან სამეზობლო საზღვარს ზესახელმწიფო რუსეთთან და დამღუპველ საგარეო-პოლიტიკურ გზას ირჩევ, თითქოს საქართველო სადღაც ბისკაის ყურეში მდებარეობდეს. გეოპოლიტიკური სიბრმავეა “ნატოში მინდას” მრავალწლიანი ქაქანი. ტრაგედიებით აღსავსე ხანგრძლივმა პრაქტიკამ ვერა და ვერ ასწავლა ვაიხელისუფალთ, რომ ცნობილი ფაქტორების გამო ნატოში ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნისათვის კატეგორიულად შეუთავსებელია. ეს აქსიომა სომხეთმა და აზერბაიჯანმა თუ შეიმეცნეს, ჩვენ, ქართველები, ასე როგორ დაგვაბრმავეს?
მისმა უწმინდესობა ილია მეორემ ჯერ კიდევ 2001 წლის “სააღდგომო ეპისტოლეში” დაგვმოძღვრა: “ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ყველაზე მისაღები პოზიცია ნეიტრალიტეტია!”; ხელისუფალნო, ახლა მაინც გაითავისეთ ეს ბრძნული რჩევა.
მახსენდება, როგორ შეადარა მისმა უწმინდესობამ საქართველო აგორებულ ქვას. განა ეს იმაზე არ მიგვანიშნებს, საქართველო უფსკრულისკენ რომ მიექანება?
საქართველოს პატრიარქის გამონათქვამებმა მე, პოლიტოლოგს, საფუძველი მომცა გავაკეთო დასკვნა: თავისი ფლიდობით, ფარისევლობით, თვალთმაქცობა-გაიძვერობით, თაფლაკვერობით, მოსასყიდად უხვად გაღებული დოლარებით, ვერაგული პოლიტტექნოლოგიებით აშშ-დასავლეთმა საქართველო უფრო უარეს დღეში ჩააგდო, ვიდრე ის ერეკლეს მეფობის ჟამს, ირან-ოსმალეთის ზეწოლის დროს, იმყოფებოდა.
კვნესის, ოხრავს ქართული გეოგრაფიული სივრცე და რუსეთთან გეორგიევსკის ახლებური ტრაქტატის გაფორმებას ითხოვს ჩარჩო ხელშეკრულების თანხლებით და სუვერენიტეტის დაცვით. ეს თხოვნა მისი ობიექტურად არსებული გეოპოლიტიკური კანონზომიერების არსია.
ცხადია, დღევანდელი ხელისუფლება აშშ-დასავლეთის მოთაყვანეა და საქართველოს გადამრჩენი არ არის. ქართველმა ხალხმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი ჭეშმარიტად პატრიოტულ ძალებს უნდა დაუჭიროს. არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით შექმნილმა კოალიციურმა ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ყურად იღოს ქართული მიწის ძახილი.
გივი გურეშიძე,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი