Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი თურქებს მომავალ არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ აჭარას ჰპირდება

სააკაშვილი თურქებს მომავალ არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ აჭარას ჰპირდება

10274

საზღვარგარეთ გაქცეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ფარ-ხმალს არ ყრის და, სრული უპერსპექტივობის მიუხედავად, ქვეყანაში რევოლუციური ზარ-ზეიმით დაბრუნებაზე ფიქრს თავს არ ანებებს. მისი ამგვარი ოცნებებისა და მისწრაფებების პერიოდული ამოხეთქვა არსებული დღის წესრიგისთვის ერთგვარ აზარტადაც რომ იქცა, ალბათ, ყველასთვის ნათელია. თუმცა ამ აზარტს, რომელიც ხელისუფლების მთავარი შემოქმედის _ ბიძინა ივანიშვილისთვის, შესაძლოა, გასართობიცაა, სიფხიზლისა და სიფრთხილის მუდმივი საჭიროებაც სდევს. 

მას შემდეგ, რაც თითქმის 7-წლიან სრულ პოლიტიკურ ჭაობში მყოფი სააკაშვილის ოცნებებმა უკრაინაშიც კრახი განიცადა, მისი ფიქრი და მოზღვავებული ენერგია ისევ საქართველოსკენ მოიმართა. “ბელადი” ისევ რევოლუციურმა აღტკინებამ შეიპყრო და პოლიტიკური შურისგებით აღვსილმა მომავალი საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება აქედანვე დაიწყო. მოკლედ, ცოტა ხნის წინათ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ცნობა, რომ სააკაშვილმა ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულ მაქბულე ქოჩაკს ოფიციალური წერილით მიმართა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა და წერილის შინაარსზე დაწვრილებით არაფერი თქმულა, მოგვიანებით დეტალებიც ცნობილი შეიქნა და სხვადასხვა გვერდზე წერილიც გამოქვეყნდა (აღნიშნულ წერილს აქვე გთავაზობთ).

განვმარტავთ, რომ წერილის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებთ, ვმსჯელობთ იმის მიხედვით, რაც ინტერნეტშია გამოქვეყნებული, კიდევ _ სააკაშვილის წარსული საქმიანობისა და იმის მიხედვით, რომ არც მას და არც მის თანამოაზრეებს ამ წერილის ნამდვილობა არ უარუყვიათ.

მოკლე წერილში ექსპრეზიდენტი კონსულს თურქულ-ქართულ “კეთილმეზობლურ” ურთიერთობებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ინტერესებზე ესაუბრება. შიგადაშიგ ხაზს უსვამს იმასაც, რომ მისი, როგორც ყოფილი პირველი პირის, როლი ამ ურთიერთობებში განუსაზღვრელად დიდია. წერილში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული თურქი ხალხის “ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის”, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და მომავლისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, წერილის ძირითადი ნაწილი კონსულისა და მისი ქვეყნის ქებათა-ქებაა, თუმცა ეს ნაწილი ამ ყველაფრის მხოლოდ ფორმალური, მაამებლური მხარეა და რეალურად მთავარს სულ სხვა რამ წარმოადგენს.

დასასრულ, სააკაშვილი კონსულს უხსნის, რომ ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ მის წინააღმდეგ წარმოუდგენელი რეპრესიები განხორციელდა, რომ ეს რეპრესიები დღემდე გრძელდება და ამის გამო მას სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ ეძლევა: “როგორც ხედავთ, არასოდეს დამიკარგავს სამშობლოში დაბრუნების იმედი, თუმცა დღეს შექმნილი სიტუაციის გამო ჩემთვის საქართველოში დაბრუნება საფრთხის შემცველია”.

შემდეგ იქვე დასძენს, რომ მისთვის დაბრუნების ერთადერთი გზა “რეპრესიების შედეგად დაზარალებული “ნაციონალური მოძრაობის” აღდგენაა”, რომ ეს ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს პოლიტიკურ ატმოსფეროს და ჯამში საქართველოს უფრო საიმედო პარტნიორად აქცევს მეზობელი სახელმწიფოებისთვის. თუმცა მთავარი ამ წერილში, რა თქმა უნდა, არც ესაა. დასაწყიში ნათქვამი კომპლიმენტებისა და საამებელი სიტყვების შემდეგ სააკაშვილი კონსულს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. უფრო სწორად, თხოვნით მიმართავს და პრაქტიკულად ეხვეწება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს: “ჩვენი მეგობრობის ნიშნად გთხოვთ, დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ ჩემი პარტიის წევრებს მოახლოებულ არჩევნებში. თქვენი ძალისხმევა არ დარჩება უპასუხოდ და ჩემი მადლიერება არ დააყოვნებს. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის დამოკიდებულებას აჭარის მიმართ და მე ვიცი, რამდენად ძვირფასია იგი თქვენთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება გახსნის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს რესპუბლიკაში…”

როგორც ხედავთ, წერილში ექსპრეზიდენტი მხარდაჭერას “უსასყიდლოდ” არ ითხოვს და დახმარების სანაცვლოდ კონსულს გარკვეულ დაპირებებს აძლევს.

ახლა მოდი, ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს, რას ნიშნავს ან რას შეიძლება გულისხმობდეს სააკაშვილის წერილში შავით თეთრზე დაწერილი სიტყვები: “თუ გავითვალისწინებთ თურქეთის დამოკიდებულებას აჭარის მიმართ და მე ვიცი, რამდენად ძვირფასია იგი თქვენთვის”, ან რა სახის მხარდაჭერას შეიძლება ითხოვდეს კონსულისგან და რეალურად რა ბერკეტები გააჩნია უცხო ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურს საქართველოში არჩევნებზე რამე ზეგავლენის მოსახდენად…

პირველ რიგში, ალბათ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბათუმი და სრულიად აჭარა თურქეთისთვის არა მხოლოდ მზარდი ეკონომიკური ექსპანსიის ობიექტი, წმინდა სტრატეგიული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა (იგულისხმება, როგორც სამხედრო, ისე სხვა თვალსაზრისით). ამიტომ არის, რომ ოფიციალური ანკარა, დღიდან საბჭოთა კავშირის დაშლისა, მცოცავ ეკონომიკურ ოკუპაციას ახორციელებს რეგიონში, თუმცა სამხრეთელი “ისტორიული მეგობრის” გეგმები გაცილებით შორს მიმავალია. მისთვის აჭარა ერთგვარ “ისტორიულ დანაკლისს”, მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ “დანაკარგს” წარმოადგენს, რაც მძლავრი ოსმალური სახელმწიფოს დაცემის, დასუსტების სიმბოლოა; შესაბამისად, დღეს უკვე ამ რეგიონის დაბრუნება მისთვის (თურქეთისთვის) ერთგვარი პოსტიმპერიული ღირსების საკითხია. მეტიც, ამით იგი, ერთი მხრივ, შავი ზღვის აკვატორიაში იმყარებს სამხრეთ-აღმოსავლეთით პოზიციას და, მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიის სიღრმეშიც ზრდის თავის გეოპოლიტიკურ გავლენას. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც საქართველოსთვის ეკონომიკური ოკუპაცია ან ექსპანსიაა, მისთვის, თურქეთისთვის, “ისტორიული სამართლიანობის” აღდგენაა. ეს “სამართლიანობა” კიდევ სხვა არაფერია, თუ არა გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით გაფართოებას და მათ შორის აჭარის ოფიციალურად მიერთებასაც გულისხმობს. აი ის, რაც სიახლე არავისთვისაა.

რაც შეეხება სააკაშვილის თხოვნას, დახმარების სანაცვლო დაპირებასა და კონსულის რეალურ შესაძლებლობებს, ცხადია, “ნაცმოძრაობის ბელადს” მხედველობაში ჰქონდა მარტივი რამ: თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, თურქეთს აჭარასთან დაკავშირებული ყველა იმპერიალისტური ზრახვის განხორციელებაში ხელს შეუწყობს. აქ საუბარია როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ, დემოგრაფიულ, სამხედრო და სტრატეგიულ ამოცანებზე. გარდა ამისა, სიახლე, ალბათ, არავისთვისაა ის, რომ ოფიციალური ანკარა, უკვე წლებია, აჭარაში ისლამიზაციის პროცესს აღვივებს, რაც სხვადასხვა კულტურული პროექტით (მათ შორის ახალ-ახალი მეჩეთების აქტიური მშენებლობებითაც) ხორციელდება. მოგეხსენებათ, ბათუმის ცენტრში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის იდეა, რომლის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები თავის დროზე სწორედ ნაციონალები იყვნენ, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოვლინება იყო ამ პროცესის, მაგრამ მაშინ საზოგადოების მწვავე პროტესტმა ისედაც კრიზისში მყოფ ხელისუფლებას განზრახვაზე ხელი ააღებინა. მერე კი ნაციონალებს პოლიტიკურმა აღსასრულმა უწია და ძალაუფლებასაც გამოეთხოვნენ. ისე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სააკაშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეები თუ თვეები მაქსიმალურად გამოიყენა აჭარაში მცხოვრები (და არა მხოლოდ აჭარაში) თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დასარიგებლად. არაოფიციალური მონაცემებით, მან ქართული პასპორტი რამდენიმე ათეულ ათას თურქს მისცა და მათ გარკვეულ ნაწილს მიწებიც დაურიგა… ასე ჩუმად და უხმაუროდ იკოწიწებდა მაშინ ელექტორატს პოლიტიკური მოუსავლეთის გზაზე მდგარი მაოხრებელი გზირი. მისი გასტუმრების შემდეგ კი, ბუნებრივია, ეს ყველაფერი საფრთხედ დარჩა და დამოკლეს მახვილივით დაეკიდა სახელმწიფოს თავზე.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზემოაღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რა პოლიტიკურ მუხანათობის მკადრებელია საზღვარგარეთ გაქცეული სააკაშვილი. თურქეთის კონსულისთვის გაგზავნილი წერილი ცხადყოფს, რომ ექსპრეზიდენტმა, სულ ცოტა, ქვეყნის ერთი რეგიონი ნაღმზე დასვა პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. რა მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს მის აფეთქებას ქვეყნისთვის, ძნელი მისახვედრი არ არის. ყოველ შემთხვევაში ის, რომ ლანგრით მირთმეულ აჭარაზე და შემდეგ სრულიად საქართველოზე თურქეთი უარს არ იტყვის, ყველასთვის ცხადზე ცხადია.

ჯაბა ჟვანია

P.S. მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში სააკაშვილის წერილი გავრცელდა, კომენტარისთვის თურქეთის საელჩოსთან დაკავშირება ვცადეთ. რამდენიმე მცდელობის შემდეგ გვიპასუხეს, მაგრამ მხოლოდ თურქულად. თურქული ჩვენ არ ვიცოდით და ქართულად ან თუნდაც ინგლისურად არავინ დაგველაპარაკა.
თუკი თურქეთის საელჩო ან ბათუმში გენერალური კონსული ხსენებული წერილის ირგვლივ კომენტარს ისურვებენ, სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ.

5 COMMENTS

  1. მიშა სააკაშვილო, შე მოღალატე არაადამიანო! უსამშობლო! უგულო! უღირსო! უმსგავსო! ნაძირალა! მკვლელო! მატყუარა! ორპირო და ურწმუნო! რისი იმედი გაქ, საიდან ხარ გაჩენილი? ვინ დაგბადა ასეთი მტრისთვის სასარგებლო იდიოტი? რად გინდა არჩევნებში გამარჯვება, უკვე იმ დონემდე გაქ საქმე რო ოღონდ მოიგო და ყველაფერს ყიდი? მარწუხებს გიჭერენ შენი ბატონები და ამიტომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდო მოხვიდე არა? მერედა შემოდი მე შენ გეტყვი და შენი ტყუპის ცალი ივანიშვილი ხელს გახლებს, შენ გგონია ხალხმა არ იცის ერთი დაჯგუფების წევრები რო ხართ??? სადისტებო. ითამაშეთ და იღრიჯეთ, აწი მარტო უდებილეს მდგომარეობამდე ტვინმიფუჩეჩებულ უკბილო ჩლუნგებს თუ7 მოატყუებთ, თორე ისე ჩანს თქვენი გეგმები და საქმიანობა როგორც სარკეში მზის ანარეკლი.მალე ძალიან მალე მორჩება ეს ყველაფერი და მერე იტირებთ!!!!!!!!!!!!!!

  2. საქართველოში ძალიან ბევრი ფაშისტები არის და მათ შორის ძალიან დიდი და ჩათლახი ფაშისტი არის ს ა ა კ ი ა ნ ი. საქართველოს დაუძინებელი მტერი.

  3. დაანებოს ყველამ თავი თურქეთის ზრახვებზე საუბარს. მას უკვე აქვს ტაო-კლარჯეთი მითვისებული და აჭარას რომ ვერ წაიღებს ეს ჩვენზე უკეთ იცის. რუსეთუმეები მუდმივად ატრიალებენ ამ თემას ჩვენი ყურადღების რუსული ოკუპაციიდან გადასატანად. აჭარას არაფერი ემუქრება, იქ მოსახლეობის 90% ქართულია და მათი ნების გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართმევს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Bes Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here