Home რუბრიკები პოლიტიკა “რუსო ტურისტო” და გიორგი გაბუნიას “ობლიკო მორალე”

“რუსო ტურისტო” და გიორგი გაბუნიას “ობლიკო მორალე”

2428

გიორგი გაბუნიას დედა, ვლადიმერ პუტინის დედისგან განსხვავებით, ცოცხალია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძე, თუმცა საინტერესო იქნებოდა, მისგან პირადად გაეგო ქართველ საზოგადოებას, რას ფიქრობს მისი შვილის არაერთ უმსგავს საქციელზე. მხოლოდ მოარული ხმები, რომ თითქოს ყველასთვის საყვარელი ტელედიქტორი ძალიან განიცდის თავისი შვილის ხეპრეობასა და უზრდელობას და არც კი ელაპარაკება მას, საზოგადოებისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის და გიორგი გაბუნიას დედასაც სოციალურ ქსელებში თუ სხვაგანაც ძალიან ხშირად მოიხსენიებენ საყოველთაოდ ცნობილი ფრაზებით. 

შეიძლება ითქვას, გიორგი გაბუნიას დედა ამ მხრივ მეორე ადგილზეა, ნოდარ მელაძის დედის შემდეგ, თუმცა ვფიქრობთ, უკვე ამ სერიოზულ კონკურენციაში ის დაწინაურდება. გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი უხამსი, უცენზურო და ყოვლად გოიმური მიმართვის წყალობით, როგორც ჩანს, პირველობა დიდი ხნით ჩამოერთმევა ნოდარ მელაძის დედას.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნოდარ მელაძე ერთ-ერთი იყო, ვინც დაგმო გიორგი გაბუნიას ეს უზრდელური გამოხდომა და მკვეთრად გაემიჯნა მას. გაბუნიას ამ კონკრეტულ უზრდელობას არა მხოლოდ ნოდარ მელაძე, არამედ ეკა კვესიტაძე და თვითონ “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი ნიკა გვარამიაც კი გაემიჯნენ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ყველაზე გულუბრყვილოებს თუ სჯერათ, რომ ნაპროკურორალ-ნამინისტრალმა დირექტორმა გვარამიამ არ იცოდა, რას აპირებდა პირდაპირ ეთერში გაბუნია და ეს მხოლოდ მისი მოფიქრებული ავანტიურა და პროვოკაცია იყო. უბრალოდ, როგორც თავის დროზე “მოდელირებული ქრონიკის” შემოქმედებმა, ახლა კი გაბუნიას ამ იდიოტური გამოსვლის შემოქმედებმა ვერ გათვალეს მოსალოდნელი შედეგი და მხოლოდ მომხდარის შემდეგ გადავიდნენ თავის მართლებაზე.

ამასობაში კი “ძაანპატრიოტების” მორიგ უპასუხისმგებლო გამოხდომას შესაბამისი შედეგები უკვე მოჰყვა _ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ორმხრივ გაუქმებასთან ერთად, რუსეთის დუმის დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ითხოვს, გაუქმდეს საქართველო-რუსეთს შორის ფულის გადარიცხვებიც.

თავის დროზე სამტრედიის რკინიგზის გადამკეტი და რუსეთის ეკონომიკურ ბლოკადაში მომქცევი “დიადი პატრიოტები” დღეს მშვიდად არიან მოკალათებული საქართველოს პარლამენტში და სულაც არ ადარდებთ, რა შედეგები მოუტანა ხალხსა და ქვეყანას მათმა მაშინდელმა “პატრიოტულმა” შტერობამ.

ძნელი სავარაუდოა, 30 წლის შემდეგ სად იქნებიან დღევანდელი “ძაანპატრიოტები”, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ, თუ ისინიც “მომავლის საქართველოს” პარლამენტსა და მთავრობაში აღმოჩნდებიან, მაშინ საქართველოს მომავალს წარმოუდგენლად ცუდად ჰქონია საქმე.

მით უფრო, რომ, 30 წლის წინანდელი “ძაანპატრიოტი” ქართველებისგან განსხვავებით, დღევანდელ “ზედმეტად პატრიოტებს”, გარდა აზროვნების მძიმე პრობლემებისა, სინდისისა და მორალის უმძიმესი პრობლემებიც აქვთ.

საბჭოთა კავშირში დაბადებულ ყველა ადამიანს კარგად ახსოვს ფრაზა ძალიან ცნობილი საბჭოთა კომედიიდან “ბრილიანტის ხელი”: “რუსო ტურისტო, ობლიკო მორალე!” სამწუხაროდ, ახლა ეს სიტყვები ტრაგიკომიკური ელფერით, მაგრამ ზუსტად ესადაგება საქართველოს დღევანდელობას. იმ პერიოდში ირონიულად უყურებდნენ საბჭოთა პროპაგანდისტული უწყებების მოთხოვნას, რომ რუს (საბჭოთა) ტურისტს უცხოეთში თავისი მორალური სახე არ უნდა დაეკარგა და ისე უნდა მოქცეულიყო, რომ არ შეერცხვინა საბჭოთა (რუსი) მოქალაქის იმიჯი.

სხვათა შორის, საქართველოში უკვე ოკუპაციის პირობებში ჩამოსულ რუს ტურისტებზეც ვერ ვიტყვით აუგს. ვისაც კი ჰქონია შეხება, მათ ახასიათებს, როგორც ყველაზე კეთილგანწყობილ, ყველაზე დადებით და ყველაზე მხარჯველ ტურისტებად.

სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების ნაწილმა კი ჯერ კიდევ 2-3 წლის წინათ დაიწყო კამპანია, რომლის მიზანი იყო რუსი ტურისტების დისკრედიტაცია და მათი ველურებად, უზრდელებად და ისეთ ტიპებად წარმოჩენა, რომლებიც პატივს არ სცემენ მასპინძელ ქვეყანას.

გავრცელდა ფოტოები წარწერით “რუსი ტურისტი ქართულ ქვევრში აფსამს”, “რუსი ტურისტები გამოტყვრნენ და ეკლესიის ეზოში დაეყარნენ”, “რუსი ტურისტი ნაგავს ყრის ქუჩაში” და ა. შ. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელების იმ მომხმარებელთაგან, რომლებმაც ეს ფოტოები ნახეს, 80 პროცენტს არც კი მოუვიდოდა აზრად, რომ სინამდვილეში ეს ან უკრაინელი, ან პოლონელი, ან სხვა სლავური წარმომავლობის ტურისები იყვნენ და ხშირ შემთხვევაში ეს ფოტოები საქართველოში არც იყო გადაღებული. კი, შესაძლოა, 10 ფოტოდან 2-ზე მართლაც რუსი ტურისტი ყოფილიყო და ნამდვილად არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ რუსებს შორის უზრდელები და უკულტუროები საერთოდ არ არიან, მაგრამ მათგან ყველა რუსი ნამდვილად არ იყო და შესაბამისად, გასაგებია კიდეც, რას ემსახურებოდა ეს ანტირუსული კამპანია.

მოგვიანებით, უკვე გარკვეულმა ინდივიდებმა პირდაპირი იერიშიც მიიტანეს რუს ტურისტებზე და უკვე რესტორნებსა თუ ბარებში მკვეთრი ანტირუსული კამპანიაც გააჩაღეს, რაც გულისხმობდა ტურისტების თავმოყრის ადგილებში “რუსეთი ოკუპანტია”-ს შინაარსის პოსტერების გამოკვრას, რუს ტურისტებთან უშუალო კონტაქტში იმის მოთხოვნას, რომ მათ არ ჩაეცვათ ისეთი მაისურები ან მოეხსნათ ისეთი აქსესუარები, რომლებზეც რაიმე რუსული სიმბოლიკა იქნებოდა გამოსახული და ა.შ.

საოცარ სიდებილემდე იყო მისული ასეთი “პატრიოტების” მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ რუსი ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა თავადაც ანტიპუტინისტია და ამიტომ მათ სიამოვნებთ კიდეც, რომ ქართველები თვალებში ჩრიან “რუსეთი ოკუპანტია”-ს პოსტერებს და რუსული ატრიბუტიკის დამალვას მოითხოვენ.

ჯერ ერთი, რუსების უმრავლესობა სულაც არ არის ანტიპუტინისტი, უბრალოდ, ქართველებთან, მასპინძლებთან ამის გამოხატვას კულტურის გამო ერიდებიან და, პუტინს თუ შეაგინებ, შეიძლება ზრდილობის გამო დაგიქნიონ თავი; და მეორეც _ რაც უნდა ანტიბიძინისტი ვიყო, უცხო ქვეყანაში ტურისტად ჩასულს ვინმემ ყველგან ბიძინას დედის გინება, ქართველებზე ცუდი შინაარსის შემცველი პოსტერები რომ დამახვედროს, ეს მე მაინც შემიქმნის დისკომფორტს და ვეცდები, აღარასოდეს ჩავიდე ასეთი ტვინით ავადმყოფებით დასახლებულ ქვეყანაში.

ერთი სიტყვით, იმის ახსნასა და დანახვებას ვცდილობ, რომ გიორგი გაბუნიას ეს არაჟურნალისტური, არაადამიანური, არაკაცური გამოხდომა სულაც არ იყო საავტორო გადაცემის წამყვანის მიერ სპონტანურად წამოსროლილი “გაბრაზებული” სიტყვები. ავანტიურა, რომლის მიზანიც იყო და არის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისა და დალაგების ხელშეშლა, კარგად არის დაგეგმილი და, უკვე რამდენიმე წელიწადია, წარმატებით ხორციელდება კიდეც. გაბუნიას საეთერო უზრდელობა კი ამ ყოველივეს ერთგვარ კულმინაციად იყო ჩაფიქრებული, უბრალოდ, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, “პერებარშილი”, ანუ გადააჭარბეს, ზედმეტი მოუვიდათ და მთლად ამხელა სკანდალს, როგორც ჩანს, არ ელოდნენ.

არც არის გასაკვირი ასეთი ვიწრო ტვინიანებისგან, რომ შედეგები კარგად ვერ განეჭვრიტათ წინასწარ. რა უნდა მოსთხოვო ისეთი ჩლუნგი აზროვნების პატრონებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ლამის მილიონ რუს ტურისტს ჩაანაცვლებენ იმავე რაოდენობის ევროპელი ტურისტით, თანაც მათი მოზიდვა სწორედ პუტინის ლანძღვის ხარჯზე მოხდება. აგიხსნით, რაშიც არის საქმე: ორი კვირის წინათ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ყველა ქართველი ხელოვანი, მომღერალი, მსახიობი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი უცხოეთში თავის ყველა კონცერტს, წარმოდგენას თუ სხვა ტიპის საჯარო გამოსვლას იწყებს სიტყვებით: “მე ვარ საქართველოდან. ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვეომება ბოროტი ძალა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახით, ამიტომ გთხოვთ, დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და გაატაროთ ზაფხული საქართველოს ულამაზეს კურორტებზე!”

ვერაფერს იტყვი, გულისამაჩუყებელი მოწოდებაა. უბრალოდ, ამ სისულელის ინიციატორები არ დაფიქრებულან იმაზე, რომ ფრაზა “ჩვენ გვეომება ბოროტი ძალა” რამდენად მიმზიდველი იქნება ევროპელისთვის ზაფხულის შვებულების ასეთ ქვეყანაში გასატარებლად. საზოგადოდ, ქართველებს როდემდე უნდა გვქონდეს ეს შტერული აზრი, რომ ევროპელები გიჟდებიან ჩვენზე და, თუკი მათ თავს შევაცოდებთ და ვეტყვით, რომ პუტინი გვჩაგრავს, ისინი ფეხებზე დაიკიდებენ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებას და ზაფხულს ცოლ-შვილიანად ჩვენს ქვეყანაში გაატარებენ?!

სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მართლაც ქართველების ნოუ-ჰაუა, ტურისტული სეზონისა და საზაფხულო კურორტების რეკლამირება საომარი ვითარების გამოყენებით. უბრალოდ, ნამდვილად ვერ მივხვდი, რატომ ჰგონია ვინმეს, რომ “ბოროტი პუტინის ჯიბრზე” საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა რეკორდებს მოხსნის?!

აი, ასეთი “ბრძნული” გათვლებით “ვამარცხებთ” რუსეთს და ასეთი საოცარი “მარკეტინგით” ვხდებით “ევროპის წამყვანი საკურორტო ქვეყანა”. რაც მთავარია, ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი უშუალო მეზობელი ზესახელმწიფოს პრეზიდენტის უშვერი გინება პირდაპირ ეთერში, განსაკუთრებით კი მისი დედის საფლავის აუგად მოხსენიება, რაც ქართველს, წესით, ყველაზე უკადრის საქციელად მიაჩნია ყველაზე დაუძინებელი მტრის მისამართითაც კი… სამაგიეროდ, როგორც დასაწყისში ვთქვით, თავად გიორგი გაბუნიას დედა ჯერჯერობით ცოცხალია და, შესაბამისად, მის ნებისმიერ კონტექსტში მოხსენიებასთან დაკავშირებული უხერხულობაც არ არსებობს.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here