Home ახალი ამბები საქართველო რუსეთისთვის მისაგდები ყველაზე სასურველი ლუკმა დასავლეთისთვის საქართველოა

რუსეთისთვის მისაგდები ყველაზე სასურველი ლუკმა დასავლეთისთვის საქართველოა

ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ არ უერთდება სანქციებს, რომ, უწინარესად, საქართველოზე ფიქრობს და რომ ყველა შემთხვევაში გამორიცხულია მეორე ფრონტის გახსna. ეგებ ამ შემთხვევაში მაინც დაგვანებოს თავი დასავლეთმა ან უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადავიდეს და სახე სრულად გვაჩვენოს

314
რუსეთისთვის მისაგდები ყველაზე სასურველი ლუკმა დასავლეთისთვის საქართველოა

გერმანია, აზერბაიჯანი, ყატარი, პოლონეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სლოვენია, საფრანგეთი, ესპანეთი, იორდანია, მოლდოვა, ლიეტუვა, იტალია, უკრაინა – ეს არის ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთა დედაქალაქები თბილისთან არიან დამეგობრებულნი და, შესაბამისად, 1-2 ოქტომბერს, მათ პატივსაცემად, თბილისის ანძა ამ ქვეყნების დროშის ფერებში განათდა. ყველა ქვეყნის ფერს გარკვეული დრო დაეთმო. ახლა ვინც არ იცის მათთვის – სლოვენიის, სერბეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და რუსეთის დროშებს ერთნაირი ფერები აქვთ. ასე განსაჯეთ, საფრანგეთის დროშაც კი რუსული დროშის ფერებშია, ოღონდ განლაგება აქვს სხვადასხვანაირი.

ჰოდა, როცა ანძა სლოვენიის დროშის ფერებში განათდა, მაშინვე ატყდა სოციალურ ქსელში წიოკი: არიქა, რუსეთმა დაგვიპყრო, ნახეთ, რა ხდება „თბილისობაზე“, ანძა რუსულ ფერებში განათდაო. გეოგრაფიას რომ არ სწავლობდნენ ეს ადამიანები, გასაგებია, მაგრამ ჩემს ბავშვობაში, ვისაც კითხვა ეზარებოდა, ნახატებს მაინც ათვალიერებდა წიგნში და თქვენც, ნახატები მაინც რომ გეთვალიერებინათ, მიხვდებოდით: არაერთი ქვეყნის დროშას აქვს ერთნაირი ფერები და უსაფუძვლო განგაშსაც აღარ ატეხდით, მაგრამ ზოგიერთმა „ცოდნა“ ხომ უნდა გამოამჟღავნოთ და ყველას გააგებინოთ, რომ რუსული დროშის ფერებს ანძის შუქზეც კი ცნობთ… გულახდილად თქვით, ყატარისა და იორდანიის დროშის ფერებზე რა რეაქცია გქონდათ? თუ ვერ მიხვდით, რომელი ქვეყნების დროშები იყო და გაჩუმდით? ისე, იორდანია და ყატარი როდის გახდა ასე ახლობელი და გულის ფიცარზე დასაწერი, არ ვიცით, მაგრამ არა უშავს, გამოგვეპარა, ალბათ. სხვათა შორის, როცა გაირკვა, რომ სლოვენიის დროშის ფერებში იყო განათებული ანძა, მაინც ვერ დამშვიდდნენ, არ გავანათოთო. მართალია. სასწრაფოდ გავაძევოთ ქვეყნიდან ჩეხეთის, საფრანგეთის, სერბეთის, სლოვენიის და სლოვაკეთის ელჩები და ვაიძულოთ, დროშა შეცვალონ…

ხუმრობა იქით იყოს და, ევროპას ახლა დროშისთვის ნამდვილად არ სცალია. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში შეშას იმარაგებენ და, ამის მიუხედავად, ევროპის ლამის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს ლიდერები მოსახლეობას აქედანვე ამზადებენ იმ აზრთან შესაგუებლად, რომ ზამთარში დენი და ბუნებრივი აირი, შესაძლოა, გრაფიკით იყოს. ყველაზე მძიმე ვითარება გერმანიაშია, სადაც მოსახლეობას უკვე გაუძვირდა გადასახადები 70%-ით; ვარაუდობენ, რომ ზამთარში ევროპაში გადასახადები დაახლოებით 210%-ით გაძვირდება, რაც ძალიან ბევრია. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში გაჩნდა კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას შეშით მომარაგებას სთავაზობენ და… შეშა „ამაზონზეც“ იყიდება. რა თქმა უნდა, გამოჩდნენ თაღლითებიც, რომლებმაც ათასობით მოქალაქე უკვე „გადააგდეს“ და ფული არაფერში გადაახდევინეს. ევროპის წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, შეშის საკითხი ბელარუსთან მოლაპარაკებით მოაგვარონ, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოდის – ალექსანდრე ლუკაშენკომ პირდაპირ თქვა, ჩვენი ტყეებით სარგებლობის უფლება ნახევარი საუკუნით რუსეთს გადავეცით და მას ელაპარაკეთო. ახლა ყველაზე სასაცილო ის იქნება, შეშაც რომ ამერიკამ შესთავაზოს ბებერ კონტინენტს და ისიც ზუსტად ისევე ხუთმაგ ფასში, როგორც ბუნებრივ აირს სთავაზობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპამ ცეცხლთან თამაში როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, უკვე დაიწყო და გლობალური დათბობის პრობლემებზე ამ ზამთარს ნამდვილად აღარ იმსჯელებენ, მთელ ევროპას ბოლი აუვა და იმიტომ.

დაახლოებით ერთ თვეში (საუკეთესო შემთხვევაში ევროპისთვის) გამათბობლის გარეშე ყოფნა გაუსაძლისი გახდება, ბუნებრივი აირის პრობლემა კი ჯერაც არმოგვარებულა. ამერიკიდან მიწოდებული ხუთჯერ ძვირი აირი საკმარისი მაინც არ არის და ევროპელი ლიდერები მოსახლეობას ამზადებენ იმისთვისაც, რომ გაზრდილი ტარიფების გადახდის მსურველი, შესაძლოა, ბევრი იყოს, მაგრამ რეალურად აირი არ იყოს საკმარისი, რადგან საკმარის ოდენობას ევროპას მხოლოდ მხოლოდ რუსეთი აწვდიდა. ევროკავშირი ამ ეტაპზე უკან დახევას რომ არ აპირებს, იქიდანაც ჩანს, რომ სანქციების ახალი პაკეტი გაამზადეს და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ისევ შეუძახეს, ამ ახალ პაკეტს მაინც შეუერთდითო. გულახდილად ვთქვათ, ერთადერთი, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად არ გვაღელვებს, ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგების საკითხია. ანუ, ყველამ ვიცით, რომ დენისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ იქნება და არ იქნება მანამ, სანამ არ შევუერთდებით სანქციებს და, რაც მთავარია, სანამ არ ვიტყვით, რომ აღარ გვინდა რუსული ბუნებრივი აირი. უკრაინაში ვითარება ახლა ისეთია, ევროპამ და ამერიკამ რამე თუ არ მოიფიქრეს, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაეყაროთ. როგორც ჩანს, ამას მიხეილ სააკაშვილიც კარგად ხვდება და ისიც იცის, რომ მისნაირი ავანტიურისტი ახლა დასავლეთს თავისუფალი სჭირდება. აკი ციხიდან შემოთვალა მიშამ: „ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტითა და ავტომატით – საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში…“ ამით მიშამ დასავლეთს მიანიშნა: გამომიშვით და, თუ საჭირო იქნება, ავტომატსაც ავიღებ ხელშიო; თანაც ქართულ მხარეს კოჭი გაუგორა: გამიშვით, აქეთ პირს აღარ ვიზამო. მიშა როგორი ავტომატის ამღებია, კი გვინახავს და თანაც არაერთხელ, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ სააკაშვილმა აღიარა ის, რაც აქამდეც ვიცოდით – საქართველო აღარ მაინტერესებსო. რეალურად, სააკაშვილს საქართველო არც არასდროს აინტერესებდა, ამერიკის მიერ დასმული მარიონეტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას, უბრალოდ, აღარ ეარსება და, თუ იარსებებდა, მხოლოდ ამერიკის პოლიგონად. ნიშანდობლივია გასულ კვირას სააკაშვილის გუნდის წევრების აღიარება, რომ მიშა საქართველოში არც ერთ მათგანს არ დაუპატიჟებია, არ მიუცია ხელშეუხებლობის გარანტია და ისიც თქვეს, ეს გარანტიები მან სხვებისგან მიიღოო და სხვები ვინ არიან, ადვილი გამოსაცნობია. კიდევ გავიმეორებთ: ახლა სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტი, მისნაირი ოსტაპ ბენდერი ჰაერივით სჭირდება უკრაინას და არ გამორიცხოთ, დასავლეთმა მისი გაშვება უფრო დაჟინებით მოითხოვოს. ისე, თუ ექიმთა დასკვნას დავუჯერებთ, მიშას, სულ ცოტა, 6-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება და ფრონტის წინა ხაზზე როგორ წავა, თანაც ავტომატით ხელში?..

ისევ ევროპას დავუბრუნდეთ. იმ ევროპას, რომელმაც სასურსათო კრიზისი მას შემდეგ მოიხსნა, რაც რუსეთმა თანხმობა თქვა და ხორბლით დატვირთულმა გემებმა შავი ზღვის პორტები დატოვა. ამ ყველაფრით ყველაზე მეტად თურქეთმა იხეირა და შეგვეძლო ეს სიკეთე ჩვენც მიგვეღო, მაგრამ უკვე მერამდენედ რუსეთთან დამოუკიდებლად საუბარი ვერ გავბედეთ. რუსეთი მზად არის, ევროპას ბუნებრივი აირი ერთ დღეში მიაწოდოს (რეალურად, სისტემის შევსებასა და აირის შეუფერხებლად მიწოდებას დაახლოებით ათი დღე სჭირდება), თუმცა ევროპის ლიდერები თავს იგიჟებენ, არ გვინდაო, მოსახლეობის უკმაყოფილება კი ტემპერატურის კლებასთან ერთად მატულობს. დასავლეთს სჭირდება რაღაც, რაც უკმაყოფილო ადამიანების ყურადღებას გაფანტავს, რაც სიცივით აკაწკაწებულ კბილებს გააჩერებინებს და ათქმევინებს, რომ მოითმენენ. ჰოდა, ყველაზე მეტი სიფრთხილე ახლა გვმართებს. რუსეთისთვის მისაგდები ყველაზე სასურველი ლუკმა დასავლეთისთვის სწორედ საქართველოა, შემთხვევით არ მომხდარა სააკაშვილის გააქტიურება და ფრონტის ხსენება. არც ის გაგიკვირდეთ, რომელიმე თავგაცხელებული ლარსზე რომ მივიდეს და სროლა ატეხოს. ახლა სწორედ იმ ფაზაში ვართ, როცა დასავლეთი ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერზე ხელის მომწერი რეგიონში მხოლოდ ქართული ოპოზიციაა. რა სამწუხაროც უნდა იყოს, ისინი მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელი ძალაუფლების სანაცვლოდ და ეს ყველაზე კარგად „დასავლელმა პარტნიორებმა“ იციან.

ამჟამად ოპოზიცია არეული და ერთმანეთს დარეულია, თუმცა ხროვის პრინციპით საჭირო მომენტში ისინი გაერთიანებას აუცილებლად მოახერხებენ და, თუ არეულობის მოწყობა იქნება საჭირო, ერთმანეთს მხარსაც დაუჭერენ. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ევროპას თავისი უკმაყოფილო მოსახლეობის „გართობა“ სჭირდება, გართობა ახალი სისხლისღვრით, ოღონდ ხელი აუცილებლად რუსეთისკენ უნდა გაიშვიროს. ამიტომ ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, ძალიან მკაფიოდ და გასაგონად უნდა თქვას, რომ არ უერთდება სანქციებს არც ახლა, არც მომავალში, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოზე ფიქრობს და მერე – ყველა დანარჩენზე, რომ საბოლოოდ და ყველა შემთხვევაში გამორიცხულია მეორე ფრონტის გახსნა და ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს. ეგებ ამ შემთხვევაში მაინც დაგვანებოს თავი დასავლეთმა ან უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადავიდეს და სახე სრულად გვაჩვენოს. სანახევროდ ჩამოხსნილი ნიღაბი, როგორც ჩანს, არ კმარა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here