Home ახალი ამბები საქართველო რუსეთისგან ვყიდულობთ იაფად და ვყიდით ძვირად. ევროპისა და ამერიკის მიმართ  კი ეს ...

რუსეთისგან ვყიდულობთ იაფად და ვყიდით ძვირად. ევროპისა და ამერიკის მიმართ  კი ეს  პირიქითაა – ვყიდით იაფად და ვყიდულობთ ძვირად.

243

სანამ ოფიციალური მონაცემები  არ გამოქვეყნდება, მთავრობის წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ პროდუქციის რეალიზაციაში მოწინავე კვლავ რუსეთია, რომ ყველაზე მეტი რამ სწორედ იქ იყიდება და ყველაზე მეტს სწორედ რუსეთისგან ვყიდულობთ. აქ მთავარი, მხოლოდ ოდენობა კი არა, ფასია.

დღეს  საქართველოს ექსპორტზე მხოლოდ ხილის, ალკოჰოლური სასმელებისა და მტკნარი თუ მინერალური წყლის გატანის შესაძლებლობა აქვს. ვყიდით თხილსაც, ლოკოკინებს, მაგრამ მათი ხვედრითი წილი ძალიან მცირეა და თანაც თხილის ფასი ხშირად  სხვა ქვეყნების მოსავალზეა დამოკიდებული. ჰოდა, წყლის, ხილისა და ღვინის მთავარი ბაზარი რუსეთია და უდიდეს ნაწილსაც სწორედ იქ ვყიდით. მეტიც, როცა თითქოს საშველი არსაიდან ჩანს, სწორედ მაშინ გამოჩნდება  რუსული ბაზარი და გლეხებიც იქ ახერხებენ ჭარბი პროდუქციის რეალიზაციას.

ახლაც, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში, საქართველომ 201 მილიონი დოლარის  ღვინო გაყიდა და რუსულმა ბაზარმა 129 მილიონის ღირებულების სასმელი აითვისა. ეს იმ პირობებში, როცა ქვეყანა ომშია ჩართული და, რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი შარშანდელზე უკეთესია. დანარჩენი, 72 მილიონი დოლარის, ღვინო 50 ქვეყანაში გაიყიდა.

„გამოწვევად რჩება ის, რომ რუსეთის ბაზრის წილი ქართულ ექსპორტში 65%-ზე მეტია. შარშან ეს მაჩვენებელი 58%-მდე დავწიეთ, მაგრამ წელს ისევ მაღლა წავიდა. ყველაფერი იმის ბრალია, რომ რუსულ ბაზარზე მე-19 საუკუნიდან ვართ დამოკიდებული და ასე მალე ვერ ჩავეხსნებით, თუმცა ეტაპობრივად მოვახერხებთ“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

ბოლო პერიოდში მოდურია რუსეთის კრიტიკა –  მთავარია, რამე ცუდი თქვა რუსეთზე, ვიღაცამ ჩათვალოს, ეს კაცი დასავლულ ღირებულებებს სცემს პატივსო, და რას იტყვი, მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს კი ისე გამოდის, რომ უდიდესი სისულელე თქვი და, ამის მიუხედავად, ტაში დაგიკრეს; დაგიკრეს იმიტომ, რომ, რაც მეტ სისულელეს ილაპარაკებ, მით უკეთესი…   დასავლეთისთვის.  რას ნიშნავს ,,ღვინის გაყიდვამ მოიმატა, მაგრამ ცუდია’’?  ექსპორტზე ღვინო გაგაქვს, 129 მილიონი დოლარი  ჯიბეში ჩაიდე და ცუდია?! და კარგია ის, რომ 72 მილიონის ღვინო 50 ქვეყანაში რის ვაი-ვაგლახით გაასაღე, საშუალოდ თითო ქვეყანაში 1.5 მილიონის ღვინო გაყიდე და ეს გიხარია, 129 მილიონის მიღება – არა?!

„რუსეთში ალკოჰოლური სასმელები ომის გამო ბევრ კომპანიას აღარ შეაქვს და ქართული ღვინის წილი ამიტომ გაიზარდა,  თორემ გაყიდვა კლებისკენ მიდიოდა. როგორც კი ომი დასრულდება, ისევ კლებისკენ წავალთ, რაც ჩვენი მიზანი და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების საწინდარია“,- ეს  მარგალიტიც მეხუზლამ თქვა.

 რა გამოდის: ომის გამო  ქართული ღვინის წილი გაიზარდა და იმის ნაცვლად, რომ  ზრდის შენარჩუნებას შევეცადოთ, ომის დასრულებას ველოდებით,  სხვამ რომ ჩაგვანაცვლოს? ეს არის ხომ ლოგიკა? ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ხმამაღლა და გამოთქმით ამბობს: მთავარია, ომი დასრულდეს, ქართული ღვინის გაყიდვა რუსეთში შემცირდება და ეს კარგიაო. სხვა ქვეყნებში ხომ არ არის ომი და მაშინ სხვა ქვეყნებში ახლავე გავზარდოთ ექსპორტი და გაყიდვა, რა გვიშლის ხელს? მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ და არც იმ ბაზარს  ვუფრთხილდებით,რომელიც გვაქვს.

სხვათა შორის, წელს საქართველომ 41 მილიონი დოლარის ელექტროენერგია იყიდა და 50%-ზე მეტი სწორედ რუსეთზე მოდის. აღარაფერს ვამბობთ ხორბალსა და ფქვილზე, რომლის 100%-იანი წილიც რუსეთზეა და ბოლო ხანს  საგრძნობლად გაიაფებულ რუსულ საწვავზე, რომლის  შემოტანამაც  საქართველოში  საწვავი შედარებით გააიაფა. მოდი, მაშინ მთლიანად ჩავეხსნათ რუსულ ბაზარს – არ ვიყიდოთ არაფერი და არც არაფერი გავყიდოთ. ჰოდა, მივალთ იქამდე, სადამდეც ამერიკას სურს,მიგვიყვანოს – მთლაინად დახმარებებზე ვიქნებით დამოკიდებული, ხილი დაგვილპება, ღვინო დაგვიძმარდება და ეკონომიკა, უბრალოდ, აღარ იარსებებს. ჰო, რაც და რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ქართული ეკონომიკა სწორედ რუსულ ბაზარზე დგას,  ბოლო პერიოდში საქართველოში   შემოსული რუსების მიერ დახარჯული უცხოური ვალუტა კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ნაცვლად  ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკაში  ჩაეშვა. მათი დამსახურებაა ლარის სიმყარე და ისიც, მაღაზიაში შესულები, ერთ ცალ პურში 4 ლარს რომ არ ვიხდით. სწორედ ამდენი ეღირება პური, თუ რუსეთიდან არ შემოვიტანთ  ხორბალ სდა ამერიკულს მოვიხმართ.

თითქოს მოჯადოებულ წრეზე დავდივართ –  როგორც კი რომელიმე სფერო რუსულ ბაზარზე წარმატებას აღწევს და კონკრეტული ადამიანები ფულს შოულობენ, მაშინვე იწყება საუბარი იმაზე, რომ ეს ცუდია და რუსული ბაზარი უნდა ჩანაცვლდეს. შემდეგ მიდის ევროპულ ბაზარზე შესვლის (ამერიკული ბაზარი აღარც კი განიხილება) ჯახირი და 2-3-წლიანი წვალების შემდეგ ყველა ხვდება, რომ ევროპა ზუსტად ისე ექცევა ქართულ პროდუქციას, როგორც ექცევა ქართულ სახელმწიფოს – ეუბნება, კარი ღიაა, მობრძანდითო, მაგრამ არ უშვებს. ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვამბობთ, რომ ევროპას ქართული პროდუქცია არც ადრე სჭირდებოდა, არც ახლა სჭირდება და  არც მომავალში დასჭირდება,  მიუხედავად იმისა, რომ ქართული ევროპულს, შესაძლოა,  ხარისხით სჯობდეს, ფასით კი… ფასით აშკარად იაფია, მაგრამ ბაზარზე არ გვიშვებენ. დასავლეთს საქართველოში აინტერესებს ერთადერთი რამ – ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე რაც ნაკლები მოსახლე იქნება, მით უკეთესი, ნაკლები ეყოლება სარჩენი. ჰო, სარჩენი, რადგან, როცა დასავლეთი სრულად მოახერხებს საქართველოს დაპყრობას, შემდეგ ხომ უნდა არჩინოს კიდეც და მოგვცეს ზუსტად იმდენი,  შიმშილით რომ არ მოვკვდეთ. რეალურად ახლაც დაახლოებით ამდენი გვაქვს და უკეთესობის მოლოდინიც არ არის. რატომ? იმიტომ, რომ ძლიერი და ეკონომიკურად  წელში გამართული ქვეყნის დამონება ძნელია, დაუძლურებულის – მარტივი. ამიტომაა, ამერიკაც და ევროპაც მუდმივად რომ გვიკიჟინებს: შეეშვით რუსულ ბაზარს და აქცენტი ჩვენზე, ანუ არაფერზე გააკეთეთო. სამწუხაროდ, არც წინა და არც მოქმედ ხელისუფლებებს არაფერი გაუკეთებიათ რუსული ბაზრის გაღრმავებისთვის და იქ ქართული პროდუქციის შეუფერხებლად შეტანისთვის. რეალურად, აქცენტი მხოლოდ რუსულ ბაზარზე რომ გაკეთდეს და სხვა ყველაფერს შევეშვათ, მოვახერხებთ, სრულად  გავყიდოთ ქართული პროდუქცია. ჰო, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გასვლით შეგვიძლია ჭარბი პროდუქციის რეალიზაცია, ოღონდ ამას პოლიტიკური ნება და მონდომება უნდა. მონდომებას ვინ ჩივის, სანამ ოფიციალური მონაცემები  არ გამოქვეყნდება, მთავრობის წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ პროდუქციის რეალიზაციაში მოწინავე კვლავ რუსეთია, რომ ყველაზე მეტი რამ სწორედ იქ იყიდება და ყველაზე მეტს სწორედ რუსეთისგან ვყიდულობთ. აქ მთავარი, მხოლოდ ოდენობა კი არა, ფასია. ვყიდულობთ იაფად და ვყიდით ძვირად. ევროპისა და ამერიკის მიმართ  კი ეს ყველაფერი პირიქითაა – ვყიდით იაფად და ვყიდულობთ ძვირად.

ისევ მეხუზლას დავუბრუნდეთ. კაცს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული დარგი აბარია და,  ნაცვლად იმისა, რომ ამ დარგის განვითარებაზე იზრუნოს, პოლიტიკური განცხადებების კეთებით არის დაკავებული. პოლიტიკური განცხადებაა, თანაც მავნე,როცა ამბობ, – რუსეთში ღვინის გაყიდვა  65%-მდე გაიზარდა და როგორმე უნდა შევამციროთო. ანუ, იმას კი არ ცდილობს, რომ რეალიზაციამ მოიმატოს, არა; შემცირება  სურს და იმასაც ამტკიცებს, რომ ამ შემცირების ხარჯზე ევროპულ ბაზარზე  რალიზაციას გაზრდის. თუ ეს შეგვიძლია და ამის ერთი ადგილი გვაქვს, ისე გავზარდოთ. ღვინო გასაყიდად ყველა კომპანიას უდევს და აგერ ბურთი და აგერ – მოედანი; გაიტანეთ და გაყიდეთ. ამით არც რუსეთს დააკლდება არაფერი, მაგრამ, როცა ცდილობ, ხელოვნურად შეამცირო გაყიდვის მაჩვენებელი, უკვე დანაშაულია. ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა რომ თქვას, _ ქართულს არაფერს ვიყიდი და არც საქართველოში გავყიდი რამესო, ხომ გამოვლენ მეხუზლა და მისთანები და იტყვიან: აი რას გვიკეთებს რუსეთი, მტერიაო. მაგრამ, ჩვენ რომ ვუჩხიკინებთ, ეს არაფერი? თურმე ეს უნდა აიტანოს, ვალდებულია და იმიტომ.

სხვათა შორის, იმავე მეხუზლას არ უთქვამს, რომ საქართველოში ღვინის მოხმარების მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა. ქართველებმა მოვუმატეთ სმას? არა, ბატონებო, რუსეთის მოქალაქეები გვეხმარებიან ამ ღვთიური სითხის გასაღებაში, მაგრამ ხმამაღლა ამას არავინ ამბობს. აი, ევროპელებს ან ამერიკელებს რომ ექნათ იგივე,  მთავრობის წევრები და დანარჩენები მათთან ერთად პირდაპირ ეთერში დალევდნენ და თან  მადლობასაც გადაუხდიდნენ ქართული ეკონომიკის წამოწევისთვის. რუსეთთან კი ეს არ სურთ, ტეხავს… დასავლეთის თვალში ტეხავს.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here