ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მიწვევით 2023 წლის 20-22 მარტს სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. სახელმწიფოს მეთაურებმა მოლაპარაკებები მოსკოვში გამართეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე მ.ვ. მიშუსტინსაც შეხვდა. ამის შესახებ წერს rg.ru.
რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, შემდგომ მოხსენიებულნი, როგორც მხარეები, აცხადებენ შემდეგს:
I
ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობებმა რუსეთსა და ჩინეთს შორის, რომლებიც ახალ ეპოქაში შედის, მხარეთა თანმიმდევრული ძალისხმევის წყალობით მიაღწია უმაღლეს დონეს თავის ისტორიაში და განაგრძობს სტაბილურ განვითარებას. მხარეები ადასტურებენ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება 2001 წლის 16 ივლისის რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაში მოცემული პრინციპებისა და სულისკვეთების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2021 წლის 28 ივნისის ერთობლივი განცხადებებით, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ოცი წლისთავზე და რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი განცხადებით ახალ ეპოქაში შესული საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური მდგრადი განვითარების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წლის 4 თებერვალს.
მხარეები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცივი ომის პერიოდში შექმნილი ალიანსების მსგავსი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, აღემატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების ამ ფორმას, ამასთანავე, არ არის ბლოკური და კონფრონტაციული ხასიათის და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები არის მომწიფებული, სტაბილური, თვითკმარი და ძლიერი, გაუძლო COVID-19 პანდემიის გამოცდას და ტურბულენტურ საერთაშორისო ვითარებას, არ ექვემდებარება გარე გავლენას და აჩვენებს სიცოცხლისუნარიანობასა და პოზიტიურ ენერგიას. ორი ხალხის მეგობრობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, აქვს მყარი საფუძველი, ორ სახელმწიფოს შორის ყოვლისმომცველ თანამშრომლობას კი – ფართო პერსპექტივები. რუსეთი დაინტერესებულია სტაბილური და აყვავებული ჩინეთით, ჩინეთი კი დაინტერესებულია ძლიერი და წარმატებული რუსეთით.
განიხილავენ რა ერთმანეთს პრიორიტეტულ პარტნიორებად, მხარეები განუხრელად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას და თანამშრომლობენ თანაბარ პირობებში, რაც წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ნიმუშს თანამედროვე მსოფლიოში. ლიდერების დიპლომატიის წამყვანი როლით მხარეები ინარჩუნებენ ინტენსიურ ურთიერთობას ყველა დონეზე, ახორციელებენ ღრმა კონტაქტებს ორმხრივი ინტერესის მნიშვნელოვან საკითხებზე, აძლიერებენ ურთიერთნდობას, განუხრელად უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე ორმხრივი ურთიერთობების მაღალხარისხიან განვითარებას და გამოთქვამენ მზადყოფნას სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გასაღრმავებლად და დიალოგის მექანიზმების განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში.
მხარეები აღნიშნავენ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების სწრაფ ხასიათს, საერთაშორისო არქიტექტურის ღრმა ტრანსფორმაციას, ისეთი ისტორიული ტენდენციების შეუქცევადობას, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება, თანამშრომლობა და ერთობლივი სარგებელი, ადასტურებენ მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარებას. განვითარებადი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნების პოზიციების გაძლიერებას, რეგიონული ლიდერი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდას, რომლებსაც გავლენა აქვთ გლობალურ პროცესებზე და მიისწრაფვიან თავიანთი ლეგიტიმური ეროვნული ინტერესების დაცვისკენ. ამასთანავე, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული ჰეგემონიზმის, უნილატერალიზმისა და პროტექციონიზმის გამოვლინებები. მიუღებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ჩანაცვლების მცდელობები „წესებზე დამყარებული წესრიგით“.
მრავალპოლუსიანი მოდელის სიცოცხლისუნარიანობა და სახელმწიფოთა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა დამოკიდებულია მის უნივერსალურ ღიაობასა და ყველა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე, გამონაკლისის გარეშე, ინკლუზიურ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე. რუსეთი და ჩინეთი მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, წინა პლანზე წამოწიონ ისეთი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება, თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია და თავისუფლება; ჩაერთონ დიალოგში და არა კონფრონტაციაში, გამოიყენონ ინკლუზიური და არა ექსკლუზიური მიდგომა, მშვიდობიანად იარსებონ, ხელი შეუწყონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და სტიმული მისცენ მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას. ამ პირობებში მხარეები მხარს უჭერენ მჭიდრო საგარეო პოლიტიკის კოორდინაციასა და ურთიერთქმედებას მრავალმხრივ მოედნებზე, მტკიცედ იცავენ თანასწორობასა და სამართლიანობას, ხელს უწყობენ ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მშენებლობას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება ახალ ეპოქაში არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც დამოკიდებული არ არის გარე გავლენაზე, დაფუძნებულია თითოეული მხარის ეროვნულ სპეციფიკაზე, აკმაყოფილებს ორივე სახელმწიფოსა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს, შეესაბამება განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, არ განიცდის გარე ფაქტორების გავლენას.
მხარეებს განზრახული აქვთ:
– იხელმძღვანელონ სახელმწიფო მეთაურებს შორის მიღწეული შეთანხმებებით და განუხრელად უზრუნველყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სწორი კურსი;
– უზრუნველყონ მტკიცე ურთიერთდახმარება ერთმანეთის ფუნდამენტური ინტერესების, უწინარესად, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და განვითარების დასაცავად;
– ორმხრივი სარგებლობის პრინციპის დაცვით განუხრელად გააღრმავონ და გააფართოონ პრაქტიკული თანამშრომლობა მოდერნიზაციის პროცესში ერთობლივი განვითარებისა და აყვავების მიზნით, რათა კიდევ უფრო მეტი სარგებელი ჰქონდეთ რუსეთისა და ჩინეთის ხალხებს;
– ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებასა და დაახლოებას, განუხრელად განამტკიცონ თაობიდან თაობას გადაცემული ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობის სოციალური და სამოქალაქო ბაზა;
– ხელი შეუწყონ მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგს, ეკონომიკურ გლობალიზაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას, ხელი შეუწყონ გლობალური მმართველობის უფრო სამართლიან და რაციონალურ განვითარებას.
II
მხარეები აღნიშნავენ, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ისტორიული, კულტურული, ეროვნული თავისებურებები და უფლება, დამოუკიდებლად აირჩიოს თავისი განვითარების გზა. არ არსებობს „უმაღლესი დემოკრატია“. მხარეები გამოდიან ერთი სახელმწიფოს მიერ თავისი ფასეულობების სხვა სახელმწიფოებისთვის თავსმოხვევის, იდეოლოგიურ ხაზების გავლების, დემოკარტიისა და ავტოკრატიის ე.წ. დაპირისპირების შესახებ ცრუ ნარატივის შექმნის, დემოკრატიისა და თავისუფლების სხვა სახელმწიფოებზე ზემოქმედებისთვის საბაბად და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების წინააღმდეგ. რუსული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დაინტერესებულია, შეისწავლოს ჩინური მხარის გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა.
მხარეები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებების საყოველთაო რეალიზაცია კაცობრიობის საერთო მისწრაფებაა. თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება, დამოუკიდებლად აირჩიოს განვითარების გზა ადამიანის უფლებათა სფეროში. განსხვავებულმა ცივილიზაციებმა და ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ და მიიღონ ერთმანეთი, იურთიერთონ და ერთმანეთისგან აიღონ საუკეთესო. მხარეები განუხრელად დაიცავენ ადამიანის უფლებებს ეროვნულ და გლობალურ დონეზე. ჩინური მხარე მხარს უჭერს რუსული მხარის მიერ ეროვნული განვითარების მიზნების შესრულებას 2030 წლამდე. რუსული მხარე მხარს უჭერს ჩინური მხარის მიერ მოდერნიზაციის ამოცანების განხორციელებას ჩინური მოდელის მიხედვით.
მხარეები გამოდიან საშინაო საქმეებში გარე ძალების ჩარევის წინააღმდეგ.
რუსული მხარე ადასტურებს „ერთი ჩინეთის” პრინციპის ერთგულებას, აღიარებს, რომ ტაივანი არის ჩსრ-ის განუყოფელი ნაწილი, ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას ამა თუ იმ ფორმით და მტკიცედ უჭერს მხარს ჩინეთის მხარის ქმედებებს თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ გამოცდილების გაცვლა საკანონმდებლო და უცხო სუბიექტებთან ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებისა და გამოყენების სფეროში, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით.
მხარეები განაგრძობენ დიალოგის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ქვედანაყოფების მეშვეობით. უმაღლესი წარმომადგენლების კონსულტაციების ფარგლებში სტრატეგიული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, იუსტიციისა და მართლწესრიგის საკითხების განხილვა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს შორის კონტაქტებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განიხილონ შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრების ყოველწლიური შეხვედრების გამართვა, გააძლიერონ თანამშრომლობა სამართალდამცავ სფეროში „ფერადი რევოლუციებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, „ბოროტების სამი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის აღმოსავლეთ თურქესტანის ისლამური მოძრაობის, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკური და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ.
მხარეები რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ პატრულირებას ზღვაზე და ჰაერში და ერთობლივ წვრთნებს, განავითარებენ გაცვლებსა და თანამშრომლობას, მათ შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების ფარგლებში და გააღრმავებენ ნდობას ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის.
მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საზღვარგარეთ მყოფი ორი ქვეყნის პირებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უფლებებისა და ინტერესების დაცვას, განაგრძობენ შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების ჩამოყალიბებასა და სპეციალიზებულ დიალოგს, მუდმივად გააფართოვებენ თანამშრომლობის ფორმატებსა და სფეროებს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების, პროექტებისა და დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
III
მხარეებს განზრახული აქვთ კოორდინირებული და მიზანმიმართული ძალისხმევის გამოჩენა ყველა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის დონის ეფექტიანად ასამაღლებლად და ჭეშმარიტად სტრატეგიული ხასიათის უზრუნველსაყოფად, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების მატერიალური ბაზის გასაძლიერებლად და ორი სახელმწიფოს ხალხების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი საქონელბრუნვის ზრდის ტენდენციის, მისი სტრუქტურის ეტაპობრივად გაუმჯობესებას, რუსული და ჩინური საქონლითა და სერვისებით ვაჭრობის მაღალხარისხიანი განვითარების საგზაო რუკის რეალიზაციას, მხარს დაუჭერენ ელექტრონული კომერციის განვითარებას, ზრდის ახალი წერტილების გამოვლენას, გაზრდიან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მოცულობასა და ეფექტიანობას, იმუშავებენ მასზე გარე რისკების ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციისთვის, წარმოება-მიწოდებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვების მდგრადობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მხარეებს განზრახული აქვთ, გააღრმაონ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა, გააფართოონ მისი გეოგრაფია და მასშტაბები, გაზარდონ გაცვლები და კოოპერაცია მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის.
მხარეები თანამიმდევრულად შეუწყობენ ხელს საინვესტიციო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, გააუმჯობესებენ ბიზნესგარემოსა და სამართლებრივ მხარდაჭერას, დანერგავენ ურთიერთქმედების ინოვაციურ ფორმებს, გააღრმავებენ თანამშრომლობას ციფრულ ეკონომიკასა და მდგრად, მათ შორის „მწვანე“, განვითარებში. მხარეები განაგრძობენ რუსეთ-ჩინეთის საინვესტიციო თანამშრომლობის გეგმის ახალი ვერსიის შემუშავებას.
მხარეები მიესალმებიან რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს 2022 წლის 5 დეკემბრის ერთობლივ განცხადებას „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კაპიტალდაბანდებების წახალისებისა და ერთობლივი დაცვის 2006 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების აქტუალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“; განაგრძობენ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე ინვესტიციების დაცვის უფრო მაღალი დონის მისაღწევად და მათი მოზიდვის პირობების გასამარტივებლად სტაბილური, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის მიზნით, როგორც ინვესტორებისთვის, ისე მათი კაპიტალდაბანდებებისთვის.
მხარეები განაგრძობენ ფინანსურ სექტორში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცებას, მათ შორის ორი ქვეყნის ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ანგარიშსწორების უწყვეტობის უზრუნველყოფას, ეროვნული ვალუტების გამოყენების გაფართოების მხარდაჭერას ორმხრივ ვაჭრობაში, ინვესტიციებში, კრედიტების გაცემასა და სხვა სავჭრო ეკონომიკურ ოპერაციებში.
მხარეებს განზრახული აქვთ, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ენერგეტიკის სექტორში, მხარი დაუჭირონ რუსეთისა და ჩინეთის საწარმოების ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციას ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ელექტროენერგიის, ბირთვულ და სხვა სფეროებში, აგრეთვე, ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მავნე აირების გამოყოფის შემცირებას, მათ შორის დაბალემისიური და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასას.
მხარეები ერთობლივად დაიცავენ საერთაშორისო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას (მათ შორის კრიტიკული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის), ენერგეტიკული წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას, ხელს შეუწყობენ სამართლიან ენერგეტიკულ გადასვლებს და დაბალნახშირბადიან განვითარებას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, ერთობლივად შეიტანენ წვლილს გლობალური ენერგეტიკული ბაზრის გრძელვადიან, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებაში.
მხარეები განაგრძობენ პრაქტიკული კოოპერაციის განვითარებას სამოქალაქო ავიამშენებლობის, ავტომშენებლობის, გემთმშენებლობის, მეტალურგიის, აგრეთვე, ორმხრივი ინტერესის სხვა სფეროებში.
მხარეები გააფართოებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, სრულყოფენ ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურას, გაზრდიან გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფენ მათ სტაბილურ მუშაობას. მხარეებს განზრახული აქვთ, განაგრძონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩინეთ-ევროპის ტრანზიტის ფარგლებში სარკინიგზო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა და მისი ეფექტიანობის გაუმჯობესება.
მხარეები გააღრმავებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას კოსმოსის სექტორში ორმხრივი ინტერესის მიმართულებებით, მათ შორის კოსმოსურ საქმიანობაში თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაცია „როსკოსმოსსა“ და ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ ადმინისტრაციას შორის 2023-2027 წლებში.
მხარეები ხელს შეუწყობენ ხელსაყრელი პირობების შექმნას, მოცულობის გაზრდასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის მიწოდების დივერსიფიკაციას რუსეთისა და ჩინეთის ეროვნულ ბაზრებზე.
მხარეები მიესალმებიან 2023 წელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქალაქ ეკატერინბურგში, მეშვიდე რუსულ-ჩინური ექსპოს გამართვას.
ჩინური მხარე მხარს უჭერს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობას, რუსული მხარე მხარს უჭერს ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. მხარეები იჩენენ აქტიურ ერთობლივ ძალისხმევას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარების გეგმებისა და ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ დასაკავშირებლად; განაგრძობენ მუშაობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ 2018 წლის 17 მაისის შეთანხმების სარეალიზაციოდ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის, ერთი მხრივ, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მეორე მხრივ.
მხარეები ადასტურებენ, რომ მიზანმიმართულად იმოქმედებენ დიდი ევრაზიული პარტნიორობის კოორდინირებულად ჩამოყალიბებაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ასაშენებლად ევრაზიის კონტინენტის ხალხების სასარგებლოდ.
მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რუსეთის ფედერაციას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მონღოლეთს შორის თანამშრომლობის განვითარების 2015 წლის საგზაო რუკის რეალიზაციას საშუალოვადიან პერსპექტივაში და რუსეთ-მონღოლეთ-ჩინეთის ეკონომიკური დერეფნის შექმნის 2016 წლის პროგრამაზე მუშაობას. ამ სამმხრივ ფორმატში კომპლექსური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება ამ პერსპექტიული მექანიზმის თანმიმდევრულად დასაკავშირებლად და კოოპერაციისთვის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და სხვა რეგიონული ორგანიზაციებისა და მექანიზმების ფარგლებში. მხარეები ძალისხმევას არ დაიშურებენ რუსეთიდან ჩინეთში მონღოლეთის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ახალი მილსადენის მშენებლობის პროექტზე მუშაობის გასაგრძელებლად.
მხარეები შეთანხმდნენ, განამტკიცონ თანამშრომლობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მათ შორის მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.
IV
მხარეები გამოდიან საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის პოლიტიზების, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის სფეროების წარმომადგენლების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მათ შორის მოქალაქეობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თვალსაზრისის, აგრეთვე, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის ნიშნით.
მხარეებს განზრახული აქვთ, აქტიური ძალისხმევა მიმართონ რუსეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი გაცვლისა და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკის აღდგენისა და გაძლიერებისკენ, ორი სახელმწიფოს ხალხებს შორის მეგობრობისა და ორმხრივი ურთიერთობების საჯარო ბაზის თანამიმდევრულად განმტკიცებისკენ.
მხარეები გააღრმავებენ თანამშრომლობას განათლების სფეროში, ხელს შეუწყობენ რუსეთის მოქალაქეების ჩინეთში, ხოლო რუსეთში ჩინეთის მოქალაქეების განათლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას; წაახალისებენ საუნივერსიტეტო თანამშრომლობას, მხარს დაუჭერენ რუსულ-ჩინური პროფილური უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანებებისა და უმაღლეს სასწავლებლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციების საქმიანობას, ხელს შეუწყობენ ერთობლივ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროგრამებს, გაცვლებს საშუალო პროფესიული განათლების სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავებას ენის სწავლებაში, ორმხრივი გაცვლის განვითარებას მოსწავლეებს შორის და თანამშრომლობას ციფრული განათლების სფეროში.
მხარეები გააღრმავებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას სამეცნიერო და ტექნიკური ინოვაციების სფეროში, გააფართოვებენ კადრების დარგობრივ გაცვლას, ხელს შეუწყობენ ურთიერთქმედების პოტენციალის რეალიზაციას ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების სფეროში, სამეცნიერო და ტექნიკური განვითარების შედეგების დანერგვას წარმოებაში, ძალისხმევას მიმართავენ ერთობლივი კვლევების ჩატარებისკენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე სფეროებსა და გლობალური განვითარების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილების თავიდან აცილებასა და ადაპტაციაზე, დანერგავენ თანამშრომლობის ახალ მოდელებს ისეთ ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ნივთების ინტერნეტი, მეხუთე თაობის საკომუნიკაციო ქსელები, ციფრული და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკა.
მხარეები გაზრდიან გაცვლებს და განამტკიცებენ ორმხრივ კონტაქტებს მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, სამხატვრო გალერეებს, თეატრებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებს, აგრეთვე, ორი ქვეყნის ლიტერატურულ და სახელოვნებო გაერთიანებებს შორის; გააფართოვებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, ხელს შეუწყობენ კომფორტული ტურისტული გარემოს ჩამოყალიბებას.
მხარეები გააღრმავებენ თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში, გააფართოვებენ კავშირებს სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში, განამტკიცებენ კონტაქტებსა და თანამშრომლობას პრეპარატებისა და სამედიცინო მოწყობილობების მიმოქცევის კონტროლსა და ზედამხედველობაში, განავითარებენ ურთიერთქმედებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კატასტროფების მედიცინა, ინფექციური დაავადებები, ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ოფთალმოლოგია, ფსიქიატრია; გააძლიერებენ მუშაობას ისეთი მრავალმხრივი მოედნების ფარგლებში, როგორიცაა ჯანმო, ბრიჩსი, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, G20, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა.
მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობის განვითარებას მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური დაცვის უზრუნველსაყოფად და ეპიდემიის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ერთობლივად დაუპირისპირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობებს, მიიღონ იურიდიულად სავალდებულო მექანიზმები, რომლებიც შეზღუდავს ქვეყნების სუვერენიტეტს ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, აგრეთვე, ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების სფეროში.
მხარეები დადებითად აფასებენ 2022-2023 წლებში ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შედეგებს და განაგრძობენ ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განმტკიცებას ამ სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკური კულტურისა და სპორტის ერთობლივ განვითარებას ორ ქვეყანაში. ჩინური მხარე მხარს უჭერს რუსეთის ინიციატივას 2024 წელს ქალაქ ყაზანში საერთაშორისო მულტისპორტულ ტურნირ „მომავლის თამაშების“ ჩატარების შესახებ. მხარეები ეწინააღმდეგებიან სპორტის პოლიტიზებას და იმედოვნებენ, რომ გამოიყენებენ ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნიკალურ როლს სოლიდარობისა და მშვიდობის განსამტკიცებლად. მხარეები მიესალმებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და აზიის ოლიმპიური საბჭოს შესაბამის ინიციატივებსა და გადაწყვეტილებებს, ერთობლივად დაიცავენ ოლიმპიურ ღირებულებებს და მზად არიან, შექმნან ხელსაყრელი პირობები შეჯიბრებების ჩასატარებლად ყველა ქვეყნის სპორტსმენების მონაწილეობით.
მხარეები განაგრძობენ კოოპერაციის განმტკიცებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ზღვებისა და ოკეანეების სამეცნიერო კვლევა, ზღვის გარემოს დაცვა, ზღვაზე სტიქიური უბედურებების პრევენცია და მათი შედეგების შერბილება, საზღვაო აღჭურვილობის დამზადება. მხარეები განაგძობენ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას პოლარული სამეცნიერო კვლევების, გარემოს დაცვისა და ექსპედიციის ორგანიზების სფეროებში და დიდ საზოგადოებრივ წვლილს შეიტანენ ზღვებისა და ოკეანეების გლობალურ მართვაში.
მხარეებს განზრახული აქვთ, ერთობლივად გაზარდონ ურთიერთქმედების დონე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში; გააღრმავონ თანამშრომლობა ისეთ დარგებში, როგორიცაა საავიაციო-სამაშველო ტექნოლოგიები, საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და პროგნოზირება, პერსონალის მომზადება; სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების მიზნით ჩატარებენ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფების ერთობლივ წვრთნებს, მათ შორის სასაზღვრო რეგიონებში; განავითარებენ თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების შესახებ.
მხარეებს განზრახული აქვთ, განავითარონ თანამშრომლობა და პოლიტიკური ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ინტერნეტში, რადიოში, ტელევიზიასა და აუდიოვიზუალურ კონტენტში; გაააქტიურონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატელევიზიო პროგრამების ერთობლივი წარმოება და ორმხრივი ტრანსლაცია; ტექნიკური საშუალებების გამოყენება დარგის ერთობლივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ გაცვლები მედიასაშუალებებს, ანალიტიკურ ცენტრებსა და გამომცემლობებს შორის, ითანამშრომლონ სოციალური მეცნიერებებისა და არქივების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებში.
მხარეებს განზრახული აქვთ, განავითარონ თანამშრომლობა ახალგაზრდების სულიერი და ზნეობრივი განათლების სფეროში, უზრუნველყონ ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის, სამეწარმეო, ინოვაციური და სხვა შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობები, აგრეთვე, გააფართოვონ რუსეთსა და ჩინეთს შორის პირდაპირი კონტაქტები ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების სარეალიზაციოდ.
მხარეები ორმხრივი ღონისძიებებით გაანაგრძობენ თანამშრომლობის გაღრმავებას მეწარმეობის, შემოქმედებითი და კრეატიული ინდუსტრიის სფეროში, ბავშვთა მოძრაობის განვითარებაში, მათ შორის გაეროს, ბრიჩსის, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა და G20-ის ფარგლებში მრავალმხრივ ახალგაზრდულ მოედნებზე კოორდინირებული მუშაობის გზით.
V
მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას, მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სისტემა, რომელშიც გაერო თამაშობს ცენტრალურ როლს; დაიცვან მსოფლიო წესრიგი, დაფუძნებული საერთაშორისო სამართალზე, საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური ნორმები, ბაზირებული გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე; ისინი გამოდიან ჰეგემონიის ყველა ფორმის, ცალმხრივი მიდგომებისა და ძალის პოლიტიკის, „ცივი ომის“ პერიოდის აზროვნების, ბლოკური კონფრონტაციისა და გარკვეული ქვეყნების მიმართ ვიწრო ფორმატების შექმნის წინააღმდეგ.
ამ კონტექსტში რუსული მხარე აღნიშნავს ჩინური მხარის კონცეფციის პოზიტიურ მნიშვნელობას „კაცობრიობის საერთო ბედის მქონე საზოგადოების“ აშენების შესახებ მსოფლიო საზოგადოებრიობის სოლიდარობისა და ძალისხმევის გასაძლიერებლად საერთო გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ჩინური მხარე დადებითად აფასებს რუსული მხარის კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ ძალისხმევას საერთაშორისო ურთიერთობების სამართლიანი მრავალპოლუსიანი სისტემის ჩამოყალიბების საქმეში.
მხარეები მხარს უჭერენ ღია მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობას, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომელშიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თამაშობს ცენტრალურ როლს; ხელს უწყობენ ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, მოუწოდებენ ღია, პატიოსანი, სამართლიანი, არადისკრიმინაციული განვითარების გარემოს შექმნიოსკენ; ეწინააღმდეგებიან ცალმხრივ მიდგომებს, პროტექციონიზმს, ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნას, კავშირებისა და მიწოდების ჯაჭვების მოშლას, ცალმხრივ სანქციებსა და უკიდურესი ზემოქმედების პოლიტიკას.
რუსული მხარე დადებითად აფასებს „ინიციატივას გლობალური განვითარების სფეროში“ და განაგრძობს მონაწილეობას მეგობართა ჯგუფის მუშაობაში მის მხარდასაჭერად. მხარეები განაგრძობენ საერთაშორისო თანამეგობრობის შეგულიანებას, მოახდინოს განვითარების საკითხებზე ფოკუსირება და გაზარდოს მასში წვლილი; ერთობლივად შეუწყობენ ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის წარმატებით ჩატარებას; უზრუნველყოფენ 2030 წლამდე მდგრადი განვითარების გაეროს დღის წესრიგის სწრაფ რეალიზაციას.
მხარეები ღრმად შეშფოთებულნი არიან საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული სერიოზული გამოწვევებით და, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყნის ხალხის ბედი ურთიერთდაკავშირებულია, არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე. მხარეები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, კოლექტიური მსჯელობისა და ერთობლივი მოქმედების პრინციპის საფუძველზე მიიღოს აქტიური მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების მართვაში, ქმედითი ნაბიჯებით გააძლიეროს გლობალური სტრატეგიული სტაბილურობა და უზრუნველყოს საყოველთაო, ყოვლისმომცველი, მდგრადი უსაფრთხოება შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის იარაღის კონტროლის, განიარაღებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ინსტრუმენტებით.
ამ მიზნით მხარეები ადასტურებენ კომპლექსური მუშაობის აუცილებლობას საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებისა და გაუმჯობესების საქმეში, რათა ის უფრო მდგრადი იყოს კრიზისების მიმართ. დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს მშვიდობიანი თანაარსებობის შეთანხმებული და მკაცრად დაცული პრინციპები და პარამეტრები, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კონფლიქტის პოტენციალის მინიმიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ კონფლიქტები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშვიდობისა და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
მხარეები გმობენ ტერორიზმს მის ყველა გამოვლინებაში, მხარს უჭერენ ერთიანი გლობალური კონტრტერორისტული ფრონტის ჩამოყალიბების იდეას გაეროს ცენტრალური საკოორდინაციო როლით, ეწინააღმდეგებიან პოლიტიზაციას და ორმაგ სტანდარტებს ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში, გმობენ სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის პრაქტიკას საერთაშორისო ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის საბაბით, აგრეთვე, ტერორისტული და ექსტრემისტული ჯგუფების გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს. მხარეები მხარს უჭერენ „ჩრდილოეთის ნაკადების“ გაზსადენებზე მომხდარი აფეთქებების ობიექტურ, მიუკერძოებელ, პროფესიონალურ გამოძიებას.
მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ რეალიზაციის ფარგლებში, ოპერატიულად გაცვალონ მოსაზრებები და კოორდინაცია გაუწიონ პოზიციებს გლობალური და რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვან საკითხებზე; გამოიჩინონ ძალისხმევა მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად მთელ მსოფლიოში.
მხარეები ეფექტიანად თანამშრომლობენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ახალი ვირუსული ინფექციის – COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ორი ქვეყნის მოსახლეობისა და მსოფლიოს ხალხების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. მხარეები მხარს უჭერენ ინფორმაციის გაცვლის გაღრმავებას COVID-19 პანდემიის თემაზე და კოორდინაციის გაძლიერებას ისეთ მოედნებზე, როგორიცაა ჯანმო. მხარეები ერთობლივად ეწინააღმდეგებიან ვირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზების გეგმებსა და მცდელობებს.
VI
მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის როლისა და გავლენის გასაძლიერებლად მის სივრცეში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სხვა სახელმწიფოებთან, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სხვა წევრ-ქვეყნებთან, ერთად განზრახული აქვთ, ძალისხმევა გამოიჩინონ თანამედროვე ეტაპზე ორგანიზაციის საქმიანობის სრულყოფისთვის ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ ეფექტიანი წინააღმდეგობის გასწევად, ევრაზიაში ურთიერთსასარგებლო მრავალმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურულ – ჰუმანიტარული კავშირების სფეროებში.
რუსეთი დიდად აფასებს ჩინეთის მიერ ბრიჩსის მე-14 სამიტის წარმატებულ მასპინძლობას. მხარეები მზად არიან, ასოციაციის სხვა წევრებთან ერთად განახორციელონ ბრიჩსის ბოლო სამიტებზე მიღწეული შეთანხმებები, გააღრმავონ პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა სფეროში, აქტიურად შეუწყონ ხელი დისკუსიებს ბრიჩსის გაფართოებასა და ახალი განვითარების ბანკის აქციონერთა რაოდენობის გაზრდაზე; დინამიკურად განავითარონ თანამშრომლობა ფორმატში ბრიჩსი „აუთრიჩი“ / ბრიჩსი პლუსი; დაიცვან განვითარებადი ქვეყნებისა და განვითარებადი ბაზრის მქონე სახელმწიფოების ინტერესები.
მხარეებს განზრახული აქვთ, განავითარონ თანამშრომლობა „რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთისა“ და „რუსეთი-ჩინეთი-მონღოლეთის“ ფორმატების ფარგლებში, ასევე გააძლიერონ ურთიერთქმედება ისეთ მოედნებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ აზიის სამიტი, ასეანის რეგიონული უსაფრთხოების ფორუმი, ასეანის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების თავდაცვის მინისტრების თათბირი. რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ კოორდინაციას ასეანთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და აპირებენ, განაგრძონ მუშაობა ამ ასოციაციის, როგორც რეგიონული არქიტექტურის საკვანძო ელემენტის, როლის გასაძლიერებლად.
მხარეები საჭიროდ მიიჩნევენ იუნესკოს, როგორც უნივერსალური მთავრობათაშორისი ფორუმის, პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას ჰუმანიტარულ სფეროში, რათა ხელი შეუწყონ იუნესკოს მოედანზე ჭეშმარიტად მრავალმხრივი, ურთიერთპატივისცემისა და პროფესიული დიალოგის შენარჩუნებას, რომელიც მიმართული იქნება წევრი-სახელმწიფოების თანხმობის შედეგიან მოძიებასა და გამაერთიანებელი დღის წესრიგის წინა პლანზე წამოწევაზე. მხარეები წაახალისებენ იუნესკოსა და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაფართოებას ორმხრივად საინტერესო საკითხებზე, მათ შორის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამდივნოსა და იუნესკოს სამდივნოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაყრდნობით.
მხარეები განწყობილნი არიან, განამტკიცონ კოორდინაცია G20-სა და სხვა მრავალმხრივ მექანიზმებში, უბიძგონ G20-ს, უპასუხოს მიმდინარე გამოწვევებს საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში, გააუმჯობესონ გლობალური ეკონომიკური მმართველობის სისტემა სამართლიან და რაციონალურ საფუძველზე, რათა უკეთ ასახავდეს მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურას, რაც ითვალისწინებს წარმომადგენლობებისა და ხმის უფლების გაზრდას განვითარებადი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის. მხარეები მხარს უჭერენ აფრიკის კავშირის ინტეგრაციას G20-ში.
მხარეებს განზრახული აქვთ, გააძლიერონ კოორდინაცია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში „2040 წლამდე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კავშირის განვითარების პუტრაჯაიას ორიენტირების“ ყოვლისმომცველი და დაბალანსებული რეალიზაციის მიზნით, რომელიც ღია, დინამიკური, სიცოცხლისუნარიანი და მშვიდობიანი აზია-წყნარი ოკეანის საზოგადოების შექმნას ითვალისწინებს.
მხარეები აპირებენ, გააძლიერონ თანამშრომლობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მხარდაჭერის საკითხებსა და სავაჭრო პროტექციონიზმთან ბრძოლაში, რომელიც გამოიხატება, სხვა საკითხებთან ერთად, ვაჭრობაზე არალეგიტიმური ცალმხრივი შეზღუდვების დაწესებაში; დიალოგის გაძლიერებაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისდღის წესრიგში, მათ შორის მისი რეფორმა, რათა გაიზარდოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის როლი გლობალურ ეკონომიკურ მმართველობაში, კერძოდ, ხელი შეუწყოს 2024 წლისთვის დავების გადაწყვეტის მექანიზმის ფუნქციობის აღდგენას და ერთობლივი ინიციატივების განხილვის შედეგად მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ელექტრონული კომერციის სფეროში.
მხარეები კატეგორიულად გმობენ მრავალმხრივი მოედნების პოლიტიზებასა და ცალკეული ქვეყნების მცდელობებს, დღის წესრიგში შეიტანონ არაპროფილური საკითხები, რომლებიც აზიანებს ამ ფორმატების პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციას.
VII
ხაზს უსვამს რა ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ლიდერების ერთობლივი განცხადების მნიშვნელობას ბირთვული ომის პრევენციისა და შეიარაღებისთვის რბოლის არდაშვების შესახებ, მხარეები კვლავ აცხადებენ, რომ ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. მხარეები მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, დაიცვან მისი ძირითადი პოსტულატები, მათ შორის, შეამცირონ ბირთვული ომისა და ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის რისკი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი. ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დეგრადაციის ფონზე, სტრატეგიული რისკების შემცირების ღონისძიებები ორგანულად უნდა იყოს ინტეგრირებული სახელმწიფოთა შორის დაძაბულობის შესამცირებლად, უფრო კონსტრუქციული ურთიერთობების შესაქმნელად და უსაფრთხოების სფეროში წინააღმდეგობების წარმოქმნის საფუძვლების მინიმუმამდე დასაყვანად. არც ერთმა ბირთვულმა სახელმწიფომ არ უნდა განათავსოს ბირთვული იარაღი ეროვნული ტერიტორიების გარეთ და უნდა გაიტანოს ყველა ბირთვული იარაღი, რომლებიც განთავსებულია საზღვარგარეთ.
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ არის ბირთვული განიარაღების საერთაშორისო მექანიზმების ქვაკუთხედი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმი. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ და განაგრძობენ ძალისხმევის კოორდინაციას ხელშეკრულების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
მხარეები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული სტაბილურობის მიმართ რისკების გამო აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის სამმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობის (AUCUS) დამყარებისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების აგების გეგმებიდან გამომდინარე. მხარეები კატეგორიულად მოუწოდებენ ამ პარტნიორობის წევრებს, მკაცრად შეასრულონ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი გადატანის საშუალებების გაუვრცელებლობის ვალდებულებები, შეინარჩუნონ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
მხარეები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას იაპონიის გეგმების გამო ოკეანეში რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის ჩაღვრის შესახებ, რომელიც დაგროვდა „ფუკუსიმა-1“ ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ; ხაზს უსვამენ, რომ იაპონიამ ტრანსპარენტულობა უნდა გამოავლინოს კონტაქტებში მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, საერთაშორისო სააგენტოებთან და მათ შორის გამართოს ამომწურავი კონსულტაციები ამ საკითხზე. მხარეები დაჟინებით მოითხოვენ იაპონიის მიერ რადიოაქტიური დაბინძურებული წყლის უტილიზაციას სათანადო სამეცნიერო, გამჭვირვალე და უსაფრთხო გზით და შეთანხმებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) და დაინტერესებულ სახელმწიფოებთან გრძელვადიან მონიტორინგზე, საზღვაო გარემოს ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ჯანმრთელობის სფეროში.
მხარეები ადასტურებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციის ოპერატიულად განახლებისა და სრულად შესრულების მნიშვნელობას. ამიტომ მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების დადებითი შედეგის მიღებას ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.
მხარეები კვლავ ადასტურებენ ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის განვითარების, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ კონვენციის მკაცრად დაცვისა და თანმიმდევრულად განმტკიცების აუცილებლობას, მათ შორის, მისი ინსტიტუციონალიზაციის გზით, აგრეთვე, იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლის მიღებითა და შემოწმების ეფექტიანი მექანიზმით. მხარეები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის გამო, რომელსაც ახორციელებს თავის ეროვნულ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ და ამით სერიოზულ საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებისა და მთელი რეგიონების უსაფრთხოებას. მხარები შეერთებული შტატებისგან მოითხოვენ ახსნა-განმარტებას, აგრეთვე, მოითხოვენ, არ განახორციელოს რაიმე ბიოლოგიური აქტივობა, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნულ კონვენციას; მოუწოდებენ, არ შეაფერხოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმების მექანიზმის შექმნა.
მხარეები მიისწრაფვიან ქიმიური იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენებისკენ და ღრმად შეშფოთებულნი არიან ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის პოლიტიზებით. მხარეები მოითხოვენ, რომ აშშ-მა, როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ერთადერთმა მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც არ დაასრულა ქიმიური იარაღის მარაგის განადგურების პროცესი, დააჩქაროს მისი ლიკვიდაცია; იაპონიას კი მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ჩინეთში დატოვებული ქიმიური იარაღის განადგურება.
რუსეთი და ჩინეთი გამოხატავენ შეშფოთებას აშშ-ის საქმიანობის გააქტიურების გამო გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად, მისი ელემენტების განლაგების მიზნით მაღალი სიზუსტის არაბირთვულ იარაღთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განმაიარაღებელი დარტყმისა და სხვადასახვა სტრატეგიული შესაძლებლობისთვის. შეშფოთებას იწვევს, აგრეთვე, აშშ-ის სურვილი, აზია-წყნარი ოკეანისა და ევროპის რეგიონებში განათავსოს სახმელეთო ბაზირების საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტები და გადასცეს ის მოკავშირეებს. მხარეები მოუწოდებენ აშშ-ს, შეწყვიტოს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური სტრატეგიული სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრა თავისი ცალმხრივი სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფის მიზნით.
რუსეთი და ჩინეთი გამოდიან ცალკეული ქვეყნების მცდელობების წინააღმდეგ, გადააქციონ კოსმოსური სივრცე შეიარაღებული კონფრონტაციის არენად და უპირისპირდებიან აქტიურობას, რომელიც მიმართული იქნება სამხედრო უპირატესობის მიღწევისა და სამხედრო ოპერაციებში გამოყენებისკენ. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყების აუცილებლობას, რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე კოსმოსში იარაღის განლაგების აღკვეთის, კოსმოსური ობიექტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ან ძალისგამოყენების საფრთხის თაობაზე მრავალმხრივი იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტის შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს კოსმოსში შეიარაღების რბოლის, იარაღის განთავსებისა და კოსმოსური ობიექტების წინააღმდეგ ან მისი დახმარებით ძალის გამოყენების მუქარის პრევენციის ფუნდამენტურ და საიმედო გარანტიებს.
მხარეები გამოდიან პოლიტიკური ვალდებულების გლობალიზაციის ინიციატივით, რომ პირველები არ განათავსებენ იარაღს კოსმოსში საერთაშორისო მშვიდობის განსამტკიცებლად, ყველასთვის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფოების საქმიანობის პროგნოზირებისა და მდგრადობის ასამაღლებლად კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მიზნებით შესასწავლად და გამოსაყენებლად.
მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხს და მზად არიან, გაზარდონ გაცვლები და თანამშრომლობა ამ თემაზე.
მხარეები ეწინააღმდეგებიან ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების მილიტარიზაციას, მათი განვითარებისა და თანამშრომლობის შეზღუდვას ამ სფეროში. მხარს უჭერენ ინტერნეტის მრავალმხრივი, თანაბარუფლებიანი და გამჭვირვალე გლობალური მართვის სისტემის შექმნას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მხარეები მიესალმებიან გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ინფორმაციულ- კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში და თვით ინფორმაციულ-კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს 2021 – 2025 წლებში, როგორც გაეროს ერთადერთ პროცესს საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში. მიიჩნვენ, რომ აუცილებელია საინფორმაციო სივრცეში სახელმწიფოთა საპასუხისმგებლო ქცევების ახალი ნორმების შემუშავება, კერძოდ, უნივერსალური საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის მიღება. მის შემუშავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კონვენციის რუსული კონცეფცია და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ ჩინეთის გლობალური ინიციატივა. მხარეები მხარს უჭერენ გაეროს სპეციალური კომიტეტის მუშაობას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყოვლისმომცველი საერთაშორისო კონვენციის შესაქმნელად.
VIII
მხარეები იღებენ ეფექტიან ზომებს, ავითარებენ თანამშრომლობას და შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი კლიმატის ცვლილების პრევენციისა და ადაპტაციის სფეროში, ნახშირბადის აქტივებით ვაჭრობის სისტემების ორგანიზებასა და კლიმატის პროექტების განხორციელების, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაცვლაში გლობალური შემცირების მიმართულებით. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის, აგრეთვე, პარიზის შეთანხმების მიზნების, პრინციპებისა და დებულებების მიმართ, კერძოდ, საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპის მიმართ, იცავენ ჭეშმარიტ მულტილატერალობას, ხელს უწყობენ პარიზის შეთანხმების სრულად განხორციელებას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ განვითარებული ქვეყნების მხრიდან განვითარებადი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია გლობალური დათბობის ტემპის შესამცირებელი ღონისძიებების გასაძლიერებლად და ფინანსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხის გადასაჭრელად. მხარეები ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო ვაჭრობისთვის ბარიერების შექმნას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საბაბით და კლიმატის საკითხების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
VIII
მხარეები დადებითად აფასებენ შედეგებს, მიღწეულს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-15 თათბირზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, და იმედოვნებენ, რომ ეს შედეგები დადებით წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების გლობალური მართვის პროცესის წინსვლაში. მხარეები განუხრელად უწყობენ ხელს საერთაშორისო თანამშრომლობას და გაცვლას ბიომრავალფეროვნების სფეროში, აქტიურად ახორციელებენ კუნმინ-მონრეალის გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო პროგრამის მიზნებს, ერთობლივად უწყობენ ხელს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ განვითარებასა და გლობალურ მდგრად განვითარებას.
IX
მხარეებს მიაჩნიათ, რომ გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები უნდა იყოს დაცული და საერთაშორისო სამართალს ყველამ პატივი უნდა სცეს. რუსული მხარე დადებითად აფასებს უკრაინის საკითხზე ჩინური მხარის ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას. მხარეები გამოდიან იმის წინააღმდეგ, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ და ბლოკმა სამხედრო, პოლიტიკური და სხვა უპირატესობების მისაღებად დააზიანოს სხვა ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში. ჩინური მხარე დადებითად აფასებს რუსული მხარის მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებების, რაც შეიძლება, მალე გადატვირთვის შესახებ.
რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, პოზიტიური როლი ითამაშოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური რეგულირების საქმეში, და კონსტრუქციულ მოსაზრებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩინური მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტში „ჩინეთის პოზიციის შესახებ უკრაინის კრიზისის პოლიტიკურად მოგვარების შესახებ“.
მხარეები აღნიშნავენ, რომ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური შეშფოთების პატივისცემა და ბლოკური დაპირისპირების თავიდან აცილება, იმ ქმედებების შეწყვეტა, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ საპასუხისმგებლო დიალოგი არის უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარების ოპტიმალური გზა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს კონსტრუქციულ ძალისხმევას ამ მიმართულებით.
მხარეები მოუწოდებენ, შეწყდეს ყველა ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციასა და საომარი მოქმედებების გახანგრძლივებას, რათა თავიდან იქნას აცილებული კრიზისის შემდგომი დეგრადაცია მის უკონტროლო ფაზაში გადასვლამდე. მხარეები ეწინააღმდეგებიან ყველა ცალმხრივ სანქციას, დაწესებულს გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით.
მხარეები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ნატომ მკაცრად დაიცვას აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონული და თავდაცვითი ხასიათის ვალდებულებები. მოუწოდებენ ნატოს, პატივი სცეს სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს, მათ უსაფრთხოებასა და ინტერესებს, ცივილიზაციურ და ისტორიულ -კულტურულ მრავალფეროვნებას; ობიექტურად და მიუკერძოებლად მოეპყრას სხვა სახელმწიფოების მშვიდობიან განვითარებას. მხარეები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს კავშირების მუდმივი გაძლიერების, აგრეთვე, ამ ორგანიზაციის მიერ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის გამო.
მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ექსკლუზიური ბლოკური სტრუქტურის, ბლოკური პოლიტიკისა და დაპირისპირებული ბანაკების ჩამოყალიბებას. მხარეები აღნიშნავენ ამ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე აშშ-ის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგიის უარყოფით გავლენას, რომელიც გამოწვეულია ,,ცივი ომის’’ მენტალიტეტით. რუსეთი და ჩინეთი მზად არიან, შექმნან თანაბარი, ღია და ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც არ იქნება მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რათა შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა რეგიონში.
მხარეები მიიჩნევენ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება. მხარეები ეწინააღმდეგებიან რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევას მისი საზღვრებიდან მომდინარე სამხედრო ძალით; მოუწოდებენ ჩართულ ქვეყნებს, უარი თქვან ,,ცივი ომის’’ აზროვნებასა და იდეოლოგიურ ცრურწმენებზე, გამოიჩინონ თავშეკავება და არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას.
მხარეები გამოთქვამენ შეშფოთებას კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების გამო და დაჟინებით მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს, გამოავლინოს სიმშვიდე, თავშეკავება და ძალისხმევა დაძაბულობის შესამცირებლად. ამერიკულმა მხარემ რეალური ქმედებებით უნდა უპასუხოს ჩრდილოეთ კორეის მხარის ლეგიტიმურ და რაციონალურ შეშფოთებას და შექმნას პირობები დიალოგის დასაწყებად. მხარეები მოითხოვენ ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მათ შორის მის დენუკლეარიზაციას; ერთობლივი ინიციატივებით ხელს უწყობენ ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მექანიზმის შექმნას, უშედეგოდ და მიუღებლად მიიჩნევენ სანქციების გზით ზემოქმედებას, დიალოგი და კონსულტაციები ნახევარკუნძულის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა. მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას „პარალელური წინსვლის“ იდეის, ეტაპობრივობისა და სინქრონულობის პრინციპების შესაბამისად ნახევარკუნძულზე პოლიტიკური დარეგულირების პროცესის უწყვეტობის მიზნით. მხარეები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს, აქტიურად გამოეხმაურონ რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობისა და მოლაპარაკებების პროცესში და შეასრულონ კონსტრუქციული როლი.
მხარეები მხარს უჭერენ მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ახლო აღმოსავლეთში, მხარს უჭერენ რეგიონის ქვეყნებს სტრატეგიული დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მწვავე პრობლემების დიალოგისა და კონსულტაციების გზით მოგვარებაში, ეწინააღმდეგებიან რეგიონის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას. მხარეები მიესალმებიან საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიალოგის გზით მიღწეული ურთიერთობების ნორმალიზებას. მხარეები მხარს უჭერენ პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველ და სამართლიან გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით. მხარეები მხარს უჭერენ სირიის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას,აგრეთვე, ხელს უწყობენ პოლიტიკური მოგვარების ყოვლისმომცველ პროცესს, რომელიც ორგანიზებულია, და ახორციელებენ თვითონ სირიელები. მხარეები მხარს უჭერენ ლიბიის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და პოლიტიკური მოგვარების კომპლექსური პროცესის ხელშეწყობას, რომელსაც ახორციელებენ და ხელმძღვანელობენ თვით ლიბიელები. მხარეები გააძლიერებენ კონტაქტებს სპარსეთის ყურის რეგიონში თითოეულის მიერ წამოყენებულ უსაფრთხოების ინიციატივებზე და იმუშავებენ მათ ურთიერთკავშირზე, რათა ერთობლივად შექმნან კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურა სპარსეთის ყურის რეგიონისთვის.
მხარეები აღნიშნავენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დადებით წვლილს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ისინი აღნიშნავენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მხარეები მზად არიან, გააძლიერონ ორმხრივი კოორდინაცია, რათა მხარი დაუჭირონ ცენტრალური აზიის ქვეყნებს სუვერენიტეტისა და ეროვნული განვითარების უზრუნველსაყოფად. ისინი არ ეთანხმებიან „ფერადი რევოლუციების“ შეტანის მცდელობებს და გარე ჩარევას რეგიონის საქმეებში.
მხარეები განამტკიცებენ კონტაქტებსა და კოორდინაციას აფრიკის სახელმწიფოებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეინარჩუნებენ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელსაყრელ და ჯანსაღ ატმოსფეროს აფრიკაში, მხარს დაუჭერენ აფრიკის სახელმწიფოების ძალისხმევას კონტინენტის პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაში და ხელს შეუწყობენ მშვიდობის საერთო საქმეში წვლილის შეტანასა და აფრიკის კონტინენტის განვითარებაში.
რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ ლათინურ ამერიკის საკითხებზე კონსულტაციების გამართვის პრაქტიკას, ყურადღებას მიაპყრობენ ორმხრივი კონტაქტებისა და დიალოგის გაძლიერებას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან, განაგრძობენ რეგიონში სტაბილურობისა და აყვავების ხელშეწყობას.
მხარეები მხარს უჭერენ არქტიკის, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ტერიტორიის შენარჩუნებას.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ