Home ახალი ამბები საქართველო რუსეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში

რუსეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში

875

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დივერსიფიცირებული, რუსეთზე დამოკიდებულება კვლავაც მაღალია. უფრო მეტიც, 2018 წელს ქართულ-რუსულმა სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (1.373 მლრდ დოლარი ან/და მთლიანი საგარეო ვაჭრობის 11%), რაც არა ტრადიციულად იმპორტის ზრდით, არამედ ექსპორტის პიკზე ყოფნითაა განპირობებული. წინა წელთან შედარებით 2018 წელს ექსპორტი რუსეთში 10%-ით გაიზარდა და 437.3 მლნ დოლარი შეადგინა; იმპორტი კი 17%-ით 935.7 მლნ-მდე გაიზარდა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში რუსული პროდუქცია ქართულ დახლებზე უალტერნატივო იყო და ოფიციალური სტატისტიკით აღრიცხულ საშუალოდ 15%-ს დამატებით არარეგისტრირებული კონტრაბანდული საქონელიც ემატებოდა. ექსპორტის თვალსაზრისით კი რუსული ბაზარი მთლიანი ექსპორტის მიმართ ისტორიული 31,3%-დან ეტაპობრივად მცირდებოდა. 2006 წლის ემბარგომ რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 2005 წლის 17,8%-დან 2011 წლის 1,7%-მდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით გამოწვეული ეკონომიკური სტრესი ნაწილობრივ სხვა ქვეყნებში დივერსიფიკაციით დაბალანსდა.

ცალკეული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, მშპ-სთან რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში განსხვავებულია. კერძოდ: რუსეთის პოზიცია დომინანტურია ფულადი გზავნილების ჭრილში _ 2,5%; ტურიზმი _ 3%-ს, ექსპორტი _2,7%-ს შეადგენს; ხოლო ყველაზე უმნიშვნელო მაჩვენებელი უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს _ 0,37%.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ფინანსური კუთხით რუსეთი საქართველოს მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ დარგებში, რომლებზეც რუსეთის გავლენა დიდია, მაღალია ინკლუზიურობის მაჩვენებელიც, მაგ.: ტურიზმი და მეღვინეობა-მევენახეობა.

ცნობისთვის: საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულმა 10-მა უმსხვილესმა პროდუქციამ _ 375.5 მლნ (რუსეთში ექსპორტის _ 86%) დოლარი შეადგინა. მათ შორის: ფეროშენადნობები _128.4 მლნ; ღვინო 114.5 მლნ; მინერალური წყალი _ 50.2 მლნ. რუსეთიდან იმპორტირებულმა 10-მა უმსხვილესმა პროდუქციამ 493.3 მლნ (რუსეთიდან იმპორტის 52.7%) შეადგინა. კერძოდ: ნავთობპროდუქტები 198.6 მლნ, ხორბალი _ 95.8 მლნ; კოქსი და ნახევრადკოქსი _ 38.9 მლნ.

2016-2018 წლებში რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. მოცემულ პერიოდში ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 49.1%-დან 63,4%-მდე გაიზარდა. ამასთანავე, ისტორიულად უცვლელ რუსეთის ბაზარს უკვე ახალი სტაბილური ბაზრებიც შეემატა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, საიდანაც თითქმის 54 მილიონი ბოთლი რუსეთში, 32 მილიონ ბოთლზე მეტი კი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში იქნა ექსპორტირებული. მიუხედავად რუსეთზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებისა, იზრდება ალტერნატიული გასაღების ბაზრების არეალიც და მასშტაბიც.

დანარჩენ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებში აღსანიშნავია რუსეთის წილი შემდეგ პროდუქტებში: უალკოჰოლო სასმელები _ ექსპორტი 27.5 მლნ დოლარი: რუსეთი _ 30%; სანელებლების ექსპორტი 8.6 მლნ, რუსეთი _ 40%; ელექტროენერგია _ იმპორტი 75.8 მლნ, რუსეთი _ 12%.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, არამხოლოდ ქართულ საექსპორტო პროდუქციას შეიძლება შეექმნას პრობლემა, არამედ იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამაც შესაძლოა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, ფასების ზოგადი დონის ზრდა და მეორე მხრივ, გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დროის გარკვეულ პერიოდში.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 2018 წელს საქართველოში 863.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (23%), რუმინეთი (22%), თურქმენეთი (17%) და აზერბაიჯანი (13%). მოკლევადიან პერიოდში რუსეთის მხრიდან საბოტაჟის შემთხვევაში ქვეყანას შესაძლოა ნავთობპროდუქტების დეფიციტი შეექმნას. ამასთანავე, აღსანიშნავია, საქართველოსა და რუსეთს შორის გაცვლილი ნებართვები სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზე, რომელიც რუსეთს შეუძლია ცალმხრივად შეამციროს, რითაც, ფაქტობრივად, ჩაკეტავს ვაჭრობას, ემბარგოს გამოუცხადებლად.

სხვა საიმპორტო პროდუქტებში აღსანიშნავია რუსეთის მაღალი წილი შემდეგ პოზიციებში: ხორბალი, იმპორტის _ 84%; მცენარეული ზეთი, იმპორტის _ 83%; შოკოლადის ნაწარმი _ 66%.

გასათვალისწინებელია, რომ სექტორები, რომლებითაც საქართველო გადაჯაჭვულია რუსეთზე, საქართველოში მასობრივ დასაქმებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ღვინის წარმოება და ტურიზმი ინკლუზიურ დასაქმებას უზრუნველყოფს, რომელიც პირდაპირ და ირიბად ასიათასობით ადამიანს ასაქმებს. ფულადი გზავნილები კი უზრუნველყოფს ადგილობრივი მოთხოვნის მდგრადობას და სოციალურ სტაბილურობას. მთლიანობაში ფულადი ნაკადები თითოეული მიმართულებიდან ლარის სიმყარეს უწყობს ხელს. შესაბამისად, რუსეთზე დამოკიდებულება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს ფინანსური მაჩვენებლების გაანალიზებისას. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის არასაიმედოობის ფონზე, შემდგომი დივერსიფიკაციის გარეშე ქართული ეკონომიკის მდგრადობა ვერ იქნება სრულფასოვანი.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი
ვახტანგ ჭარაია, ოთარ ანგურიძე, შოთა გულბანი
(იბეჭდება შემოკლებით BPN.GE-ს მიხედვით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here