ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის გამოც იგი ამერიკაში ლამის მოღალატედ შერაცხეს.
– დააპატიმრეთ! – გაისმის მოწოდებები „დემოკრატიულ” აშშ-ში.
– დააპატიმრეთ ყველა, ვინც ტაკერ კარლსონის დაპატიმრებას მოითხოვს! – აცხადებს პასუხად მულტიმილიარდერი ილონ მასკი, რომელიც საკუთარ მედიაპლატფორმას უთმობს სუპერაქტიურ ჟურნალისტს. ინტერვიუს წარმატება არნახულია – ყოველ საათში თითქმის ხუთი მილიონი ნახვა მხოლოდ ინგლისურენოვან აუდიტორიაში. ორ დღეში ორას მილიონზე მეტი ნახვა. რუსულენოვან აუდიტორიაშიც, ალბათ, ერთი ამდენი ნახვა ექნება. დიდია დედამიწა, რა თქმა უნდა, სხვა ენებზეც ითარგმნა ეს უაღრესად საინტერესო ინტერვიუ. როგორც ამბობენ, მნახველთა მთლიანმა რაოდენობამ მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა. დღეს მსოფლიოში არის სხვა ქვეყანა და სხვა ლიდერი, რომელთა მიმართაც ასეთი ინტერესი არსებობს? რა თქმა უნდა, არა. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ბაიდენის, შოლცის, მაკრონის, სუნაკის, მელონის ან რომელიმე სხვა ლიდერის ინტერვიუმ ამ მასშტაბის დაინტერესება გამოიწვიოს მსოფლიოში? გამორიცხულია ასეთი რამ. აი, რას ნიშნავს მნიშვნელობა სახელმწიფოსი და მნიშვნელობა ლიდერისა.
ინტერვიუ, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ამ ჟანრის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუშევარია.
– რა გინდათ, მიიღოთ: თოქ-შოუ თუ სერიოზული საუბარი? – დასაწყისში ეს დააზუსტა რესპონდენტმა.
– სერიოზული საუბარი, – არ დაიბნა გამოცდილი ჟურნალისტი. არ დაიბნა კი არა, თვითონაც სერიოზული საუბრისთვის იყო ჩამოსული და განწყობილი, ვინაიდან ხედავს, რომ მისი სამშობლო (აშშ) უფსკრულისკენ მიექანება და მსოფლიოსაც მიათრევს, მისმა ამ ინტერვიუმ კი იქნებ შეძლოს ამ ქვეყნის გამოღვიძება. ალბათ, ეს იყო უმთავრესი მოტივი, რომელიც მას ამ ინტერვიუს ჩაწერისკენ უბიძგებდა. ასე რომ, ტაკერ კარლსონი, მოღალატე კი არა, პატრიოტია მისი ქვეყნისა, მაგრამ იქაური თახსირებიც აქაური (ქართული) თახსირებივით ებრძვიან საღ აზრს და ჭეშმარიტ პატრიოტიზმს.
ინტერვიუში ოთხი უაღრესად საინტერესო მომენტი იყო:
1. რუსეთის პრეზიდენტმა დასაწყისში ვრცელი ისტორიული ექსკურსი გააკეთა. პრეზიდენტმა პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ პოლიტიკა და ისტორია სხვადასხვა რამ არის. ისიც იცის, რომ გაეროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საზღვრების ხელშეუხებლობაა, რომლის გამოც დღეს აღარ შეიძლება საუბარი იმის მიხედვით და იქიდან გამომდინარე, ადრე ვის რა ტერიტორიები ეკუთვნოდა. კანონი არის ის, გაეროს მიერ რომელი სახელმწიფო დღეს რა საზღვრებშია აღიარებული. მიუხედავად ამისა, პუტინმა ინტერვიუ ისტორიული ექსკურსით დაიწყო და ეს, რა თქმა უნდა, სრულიად შეგნებულად გააკეთა. საქმე ის არის, რომ დასავლეთმა დაანგრია მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგიც, საერთაშორისო სამართალიც და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა დაანგრია საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპიც. რა საზღვრების ხელშეუხებლობაზეა საუბარი, როდესაც რუსეთის საზღვრებთან ნატოს რაკეტების განთავსებით ეს ქვეყანა საზღვრებშემოფლეთილ და ნატოს ალყაში მოქცეულ განიარაღებულ და თავდაცვისუუნარო სახელმწიფოდ უნდა ექციათ. პუტინმა ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოდესღაც რუსეთისთვის უსამართლოდ წართმეული და უკრაინისთვის გადაცემული ყირიმის გამო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინელებმა უსინდისოდ გაიყოლეს, არანაირი პრეტენზიის წამოყენებას არ აპირებდნენ. ამერიკელებმა კი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებების გამოყენებით ყველაფერი არიეს. მათ მიერ მოყვანილმა მმართველებმა რუსეთთან პარტნიორობის გზას ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გზით სიარული არჩიეს და ყირიმსა და სევასტოპოლში ნატოს სამხედრო ბაზების მშენებლობას შეუდგნენ, რუსეთში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ამერიკელებს ისტორიაც ფეხებზე ჰკიდიათ და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპიც, მათთვის მთავარი ფეხზე წამომდგარი რუსეთის ხელახლა დაჩოქება და ნებისმიერი საშუალებით მსოფლიო ჰეგემონიის მოპოვებაა. რუსეთი იძულებული შეიქნა, არამხოლოდ ყირიმი და სევასტოპოლი შემოეერთებინა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებისა და ოფიციალურად (იურიდიული წესების დაცვით) ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, არამედ სპეციალური სამხედრო ოპერაციაც დაეწყო უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი ფაშისტური ბანდა გენოციდს უწყობდა. როდესაც დასავლეთმა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა ფეხქვეშ გათელა და მსოფლიო წესრიგი ჩამოანგრია, რუსეთი იძულებულია, ამას ისტორიზმის პრინციპით უპასუხოს და, პირველ რიგში, უკრაინელებს შეახსენოს, ვინ არიან ისინი და რა ისტორიული საფუძველი აქვს სახელმწიფოს, რომელიც დღეს უკრაინად იწოდება. ისტორიის შეხსენებით პუტინმა ისიც თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე თვალი ევროპულ სახელმწიფოებსაც უჭირავთ და პირველივე ხელსაყრელი შესაძლებლობის შემთხვევაში აფთრებივით მიესევიან იმ სახელმწიფოს, რომელიც რუსული სულისა და რუსული ხორცის ნაწილია. პუტინმა ისტორიის შეხსენებით უკრაინელებს თვალნათლივ აჩვენა ის საშინელი პერსპექტივა, რომლისკენაც მათ ქვეყნის შიგნით მოქმედი აღვირახსნილი ნაციზმი და ქვეყნის გარეთ მოქმედი ე.წ. ლიბერალური ფაშიზმი მიაქანებს.
2. პუტინმა ხაზგასმით თქვა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება, რომელზეც დასავლეთი ოცნებობს, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა,რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების გზით ომის შესაჩერებლად და პრობლემის მშვიდობიანი მეთოდებით მოსაგვარებლად. რუსეთი მზად არის ომის შესაჩერებლად, დასავლეთი კი ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად, მის დასაფინანსებლად და შესაიარაღებლად. დასავლეთი ამას რუსეთის დასასუსტებლად აკეთებს, მაგრამ ამაში კოლოსალურ თანხებს იმიტომ ხარჯავს, რომ სხვა დროს მუქთად ვერსად იშოვის საზარბაზნე ხორცს, რომელსაც დღეს უკრაინაში მიაგნო. კოლექტიური ეროვნული შიზოფრენიის ის მასშტაბი, რომელიც უკრაინაში მძვინვარებს, კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოსაძებნია. გასაგებია, რომ უსაშინლესი რეჟიმი უკრაინელ ხალხს აზრის გამოთქმისა და გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძნელი წარმოსადგენია ის სიგიჟე, რომ მთელი ერი ამერიკული დანაშაულებრივი ინტერესების დასაცავად იხოცება და საკუთარ სახელმწიფოს მიწასთან ასწორებს. პუტინმა ამ ინტერვიუში თავიდან ბოლომდე გაშიფრა დასავლეთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი არ შეჩერდეს და უკრაინელი ხალხის ხოცვა, როგორც თვითონ ამბობენ, უკანასკნელ ურაინელ ჯარისკაცამდე გაგრძელდეს. რა ენაღვლებათ, დაე, გაწყდეს მთელი უკრაინა, ოღონდ ამასობაში რუსეთიც დასუსტდეს. ასე ფიქრობენ ისინი, მაგრამ, როგორც ირკვევა, თურმე ამაშიც ცდებიან. რუსეთი კი არ სუსტდება, არმიას წვრთნის, შეიარაღებას ცდის, ეკონომიკა კი სწორედ სამხედრო ოპერაციის პერიოდში, მას შემდეგ, რაც მას დასავლეთმა არნახული მასშტაბის სანქციები დაუწესა, მსოფლიოში მეხუთე, ევროპაში კი პირველ ეკონომიკად ჩამოყალიბდა.
3. აქამდე ყველა აღიარებდა, რომ რუსეთი ე.წ. საინფორმაციო ომში მარცხდებოდა. ეს პროცესი გარდაუვალი ჩანდა, რადგან საინფორმაციო საშუალებები ამერიკელებს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავი შეიარაღების ჩამონათვალში აქვთ შეტანილი და ამ სფეროში მათი საცეცები ყველგან არის. ამაში ისინი კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ. აქ მათი დამარცხება თითქოს შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ უცებ ვხედავთ, რომ ამერიკელი ჟურნალისტისთვის პუტინის მიერ მიცემულმა ერთმა ინტერვიუმ მთელი დასავლური საზოგადოებრივი აზრი თავდაყირა დააყენა და თითქმის დამარცხებულ საინფორმაციო ომში ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა. მოხდა ის, რაც ისტორიაში არ ყოფილა – ერთმა ინტერვიუმ, რომელიც მილიარდებს მისწვდა, მსოფლიო წყვდიადი გაარღვია, სიცრუის დასავლური ლეგიონები, დივიზიონები, კორპუსები და არმიები ერთბაშად დალეწა და დაბნელებულ ცნობიერებას მზის სხივი მოჰფინა. ასეთი გასაოცარი ძალა და ეფექტი აღმოაჩნდა ამ ინტერვიუს, რაც მხოლოდ იმან განაპირობა, რომ მასში ეპოქალური სიმართლე ზესახელმწიფოს მეთაურისთვის, ერთი შეხედვით, შეუფერებელი გულწრფელობითა და დამაჯერებლობით იყო გადმოცემული.
4. ინტერვიუს ფინალური ნაწილი ისე ძლიერი იყო, რომ უძლიერეს ემოციას იწვევდა. პუტინმა სამოქალაქო ომი ახსენა და მოჰყვა ერთი ისეთი ეპიზოდი, რომელსაც არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მაღალი მხატვრული ღირებულებაც ჰქონდა: უკრაინული დაჯგუფება ალყაში მოექცა. რუსული სამხედრო შენაერთიდან, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, გაიცა დანებების მოთხოვნისა და სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიის შემცველი ბრძანება.
– Русские не сдаются! – გაისმა იქიდან სუფთა რუსულით.
მოტყუებულ და რუსეთთან სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ უკრაინელში მისმა ნამდვილმა სულმა და იდენტობამ რუსული ხასიათის იმ თავისებურების სახით ამოხეთქა, რომელიც ამ ერთ მარტივ წინადადებაში გასაოცარი სისრულითაა ჩატეული და გაცხადებული, – რუსები არ ნებდებიან! მოგეხსენებათ, რომ ასეთ შემთხვევაში „არ ნებდებიან” სიკვდილზე წასვლას ნიშნავს. ისინი დაიხოცნენ. დღეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა ბრძოლა საბედისწერო შეცდომაა, მაგრამ ამ ერთი რაზმის თუ შენაერთის ბრძოლას თუნდაც ის გამართლება ჰქონდა, რომ მათ, მართალია, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მაგრამ მაინც თქვეს (აღიარეს) ის ჭეშმარიტება, რომ უკრაინელები და რუსები ერთნი არიან. პუტინი ამბობს, რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ რუსები და უკრაინელები მაინც ძმებად დარჩებიან.
მე იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ გარედან შემოტანილ ამ წრეგადასულ დაპირისპირებაში, გარედან თავსმოხვეულ ამ უკიდეგანო სიძულვილში, ამ სისხლიანი და ცრემლიანი ეპოქის გავლით, რუსები და უკრაინელები ერთმანეთის გულებისკენ სავალ ერთადერთ სწორ გზას დაადგებიან და ოდესმე ის დროც დადგება, როცა ერთმანეთთან ბრძოლაში კი არ დაიხოცებიან, პირიქით, სიცოცხლის ფასად ისევე დაიცავენ ერთიან სამშობლოს, როგორც ისტორიულად უკეთებიათ.
ვალერი კვარაცხელია