Home რუბრიკები პოლიტიკა როდის დავარქმევთ ნამდვილ მტერს მტერს და როდის ვიქნებით ადეკვატურები ჩვენ გარშემო მიმდინარე...

როდის დავარქმევთ ნამდვილ მტერს მტერს და როდის ვიქნებით ადეკვატურები ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ?

3442

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები, თუ სასწაული არ მოხდა და რამე არ შეიცვალა, პროპორციული სისტემით ჩატარდება. ბარიერი ნულოვანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ხმების 0,67%-ს დააგროვებს, პარლამენტში ერთ ადამიანს გაიყვანს. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ამავე ცვლილების მიხედვით, იკრძალება არჩევნებში ბლოკების მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ პარტიას, საერთო ხმების 0,67%-ის მოგროვება გაუჭირდება, ამიტომ თითო ხმაზე ნადირობის სეზონი გამოცხადდება და გარდა იმისა, რომ პარტიები შეეცდებიან, საკუთარი პროგრამების საუკეთესოობაში დაარწმუნონ ამომრჩეველი, არც ფულის დარიგების პრაქტიკა იქნება უცხო. არჩევანს კი საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე გააკეთებს, გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფებისა (ნაწილს იქაც აქვს უფლება) და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისა. 

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევით, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 26 040-მა პირმა მოითხოვა და მათგან 15 229 განაცხადი დაკმაყოფილდა. ე.ი., ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ხმის უფლება მიიღო იმაზე მეტმა ადამიანმა, ვიდრე 2020 წელს პარლამენტის ერთ მანდატს დასჭირდება. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეობამიღებული 15 229 პირიდან თითქმის ნახევარი, ანუ 6 447 ადამიანი… რუსეთის მოქალაქეა. იმ რუსეთის, რომელიც თურმე ჩვენი მტერია, რომელიც თურმე გვებრძვის და ჩვენთან ბრძოლის მეტი სხვა საფიქრალი არ აქვს.

რას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ბოლო ორ წელიწადში რუსეთის ფედერაციის 6 447-მა წარმომადგენელმა მიიღო? პირველ რიგში, იმას, რომ რუსეთში არ ეწევიან აქტიურ სატელევიზიო პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ, არ ეუბნებიან, რომ საქართველო რუსებისთვის საშიში ქვეყანაა, არ ეუბნებიან, რომ სადღაც, როგორღაც, ვინმე მთვრალმა “გრუზინმა” შეიძლება რუსებს მხოლოდ მათი წარმომავლობის გამო აგინოს და საცემად გაიწიოს. ანუ, ის 6 447 ადამიანი დარწმუნებულია, რომ აქ საფრთხე არ ემუქრება, რომ საქართველო მეგობარი ქვეყანაა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რუსეთი ასე ცდილობს ჩვენს დაპყრობას, მაგრამ ვიყოთ გულახდილები: ჩრდილოელ მეზობელს დაპყრობა რომ სჭირდებოდეს (და არამხოლოდ ჩვენი), ამას ძალიან მარტივად გააკეთებდა და თანაც ერთ დღეში. მაშ, რა ხდება? რატომ არის რუსებისთვის საქართველო საინტერესო და რატომ არის, რომ ამ 6 447 მოქალაქეობის მიმღები ადამიანის გარდა, რუსეთის კიდევ 41 631-მა მოქალაქემ მოითხოვა ბინადრობის უფლება? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ, შეინარჩუნონ ის, რასაც ჩვენი სახელმწიფოს ლიდერები ანადგურებენ? ადამიანურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, იმ ურთიერთობებზე, რომლებიც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ წაშალეს და ვერ ამოძირკვეს ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა “პარტნიორებმა”.

ფაქტია, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს; იქ საქმიანობს, ფულს გამოიმუშავებს და აქ ოჯახს არჩენს. მხოლოდ ოჯახს ვინ ჩივის, ერთ წასულ ადამიანზე ხშირად 3-4 ოჯახი მოდის და ისიც ფაქტია, რომ რუსეთიდან საქართველოში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, უფრო მეტი საბანკო ოპერაცია ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ რუსეთიდან მოდის არაერთი ათასი რუბლი თუ დოლარი და სწორედ რუსეთიდან იკვებება საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი. მილიონი აქ, მილიონი რუსეთში და გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის, სულ ცოტა, ნახევარს სწორედ რუსეთის ფედერაცია კვებავს. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ მოსახლეობის ნახევარს კვებავს და ინახავს ის სახელმწიფო, რომელიც ნომერ პირველ მტრად გვყავს გამოცხადებული. ისიც ვთქვათ, რომ ყოველდღიურად საქართველოში ევროპიდან ჩამოდის ავიარეისი, რომელსაც დეპორტირებული ათეულობით ქართველი ჩამოჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ჩვენმა პრეზიდენტმა, მერე კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხმამაღლა გამოაცხადეს: საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა, სამუშაო ადგილები თავზე საყრელიაო და დაიწყო არალეგალ ქართველებზე ნადირობა.

რა თქმა უნდა, აღნიშნული მოწოდება რუსეთშიც მოისმინეს და გაიგეს, მაგრამ ადეკვატურად შეაფასეს. რუსეთში ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ნათქვამ სიტყვებში სიმართლე მცირე დოზით არის და ქვეყანაში იძულებით დაბრუნებული ადამიანების უმრავლესობა, უბრალოდ, შიმშილისთვისაა განწირული, ამიტომ ისინი ლეგალ თუ არალეგალ ქართველებს არ შეეხნენ, არ გამოისტუმრეს საქართველოში და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რომ ექნა, რა მოხდებოდა?! მაშინვე ავტეხდით ერთ ამბავს: არიქა, რუსეთი გვავიწროებსო, მაგრამ, როცა იმავეს ევროპა აკეთებს, ჩუმად ვართ. ანუ, რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს და ამ პრინციპით ვცხოვრობთ.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რომ ყაზბეგის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. ეს იმიტომ გააკეთეს ქართველებმა, რომ ადამიანური პენსია ჰქონდეთ, ადამიანური ჯამაგირი, თუ სამუშაოდ რუსეთში წავლენ. ანუ, რუსული პენსია გვინდა, იქაური ხელფასები გვინდა, იქაური ტურისტებიც გვინდა, რომლებიც აქ ფულს დახარჯავენ, მაგრამ რუსეთი არ გვინდა. ფუნთუშიდან ამოჩიჩქნილ ქიშმიშს ჰგავს ეს ყველაფერი და ისე ვიქცევით, თითქოს ყველაზე ჭკვიანები ვართ. რუსეთმა არ უნდა შეიმჩნიოს ჩვენი აგრესია, არ უნდა შეიმჩნიოს ჩვენი ლანძღვა, უნდა მოგვცეს ყველა სიკეთე, რაც აქვს, ჩვენგან კი ვერაფერი მიიღოს, გინებისა და მუქარის გარდა. ჰო, მუქარისა, რადგან ბოლო დროს, აგრესიასთან ერთად, მუქარაც გაჩნდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების განცხადებებში.

სასაცილოა, მაგრამ ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში მოხვდა. უფრო სწორად, მოხვდა ისე, თითქოს რუსეთი ასე ცდილობს ჩვენს დამონებას. სამაგიეროდ, იგივე ორგანიზაციები არაფერს ამბობენ არც ინდოელ, არც არაბ თუ თურქ პირებზე, რომლებიც, საერთო ჯამში, ასევე ათასობით არიან და რომლებმაც ასევე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთის პირველ პირთაგან თუ გსმენიათ, რომ აჭარა საქართველო არ არის? სამაგიეროდ, ცალკე ირანის და ცალკე თურქეთის პირველი პირები იჩემებენ აჭარას; ერთს ირანის გუბერნიის დედაქალაქად სურს ბათუმი, მეორეს _ თურქეთის და ხელისუფლება თუ ოპოზიცია გასუსული უსმენს ამ ყველაფერს. აჭარაში ქართულზე მეტად თურქული და ირანული საუბარი რომ ისმის, არაბებმა ლამის მთელი რეგიონი რომ შეისყიდეს და დაიქვემდებარეს, არაფერია და თურმე ის, რომ რუსმა თბილისში რუსული რესტორანი გახსნა, დედაქალაქის ოკუპაციაა. ვინც რუსეთშია ნამყოფი, გულზე ხელი დაიდოს და თქვას: მხოლოდ მოსკოვში კი არა, მის შემოგარენში, ყველაზე მიყრუებულ ქალაქშიც კი, რამდენი ქართული რესტორანი უნახავს? ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით რესტორნის წინ აბრას “გრუზინსკაია კუხნია” და ეს აგრესიას არ იწვევს.

ვერ გეტყვით, როდის დავარქმევთ ნამდვილ მტერს მტერს, როდის ვიქნებით ადეკვატურები ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, მაგრამ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები პრობლემა სწორედ ის 6 447 რუსია, რომლებმაც ბოლო 2 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს. ამ 6 447 ადამიანში ბევრია საქართველოდან წასულიც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს და ახლა იბრუნებენ. მათ ზუსტად იციან, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიმშილისგან სიკვდილი აიცილეს თავიდან. ჩვენთან შიმშილისგან რომ კვდებიან, ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტებიც მეტყველებს _ მიტოვებული ქალი შიმშილით მოკვდა, უპატრონო ბავშვები სანაგვე ურნებში პოულობენ გადარჩენისთვის საჭირო კალორიებს და… ჰო, ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა და 135 ჯიპს ყიდულობს, რომლებშიც, საერთო ჯამში, 9 მილიონს ხარჯავს. ეს თანხა საქსტატის დაანგარიშებით, ხუთსულიან ოჯახებს წლიურად რომ გადავუნაწილოთ, ანუ თვეში 365 ლარი რომ მივცეთ, ერთი წლის განმავლობაში 2054 ხუთსულიანი ოჯახი, ანუ 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკვებება. თუმცა, რა დროს ათასობით ადამიანი და მათი შიმშილია, 135 მაღალჩინოსანი ახალ მანქანას ელოდება და ის, რომ ჯიპები შავი ფერის აღარ იქნება, დიდი ვერაფერი შვებაა. თეთრი და შავი ყველაზე კარგად დილაობით ნაგვის ურნებთან ჩანს, რომლებშიც საქართველოს ათასობით მოქალაქე თავით არის გადაკიდებული და იმ დღის საკვებს ეძებს.

ბესო ბარბაქაძე

3 COMMENTS

  1. მთლად იდიოტისთვისაც კი მისახვედრია, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს თბილი და ტკბილი დამოკიდებულება, ისევე როგორც ამერიკასა ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავებათ რუსულ–ამერიკულ დაპირისპირებაში და მუდმივად უნდა გვქონდეს შენარჩუნებული ნეიტრალური ოილიტიკა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ კულტურული, ეკონომიკური და თვით დიპლომატიური ურთიერთობები ერთმორწმუნე და ისტორიულად ჩვენს მეგბარ რუსეთთან!!!

  2. მთლად იდიოტისთვისაც კი მისახვედრია, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს თბილი და ტკბილი დამოკიდებულება, ისევე როგორც ამერიკასა ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავებათ რუსულ–ამერიკულ დაპირისპირებაში და მუდმივად უნდა გვქონდეს შენარჩუნებული ნეიტრალური ოილიტიკა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ კულტურული, ეკონომიკური და თვით დიპლომატიური ურთიერთობები ერთმორწმუნე და ისტორიულად ჩვენს მეგობარ რუსეთთან!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here