Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ შეიქნა შესაძლებელი გაბუნიას გამოხდომა

რატომ შეიქნა შესაძლებელი გაბუნიას გამოხდომა

“საქართველოს დასავლეთის მიერ კასტრირებული საჭურისი ხელისუფლება ჰყავს”

3426

ამა წლის 7 ივლისს “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “პოსტსკრიპტუმი” რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებით დაიწყო. მან უხამსი სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. 

გაბუნიას თავხედურ გამოხდომას უმალ მოჰყვა ხალხის პროტესტი და დედაქალაქის ასობით მოქალაქე “რუსთავი 2”-ის შენობასთან მივიდა. არხის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გვარამიამ განაცხადა, რომ გაბუნიას საქციელი მისთვის მიუღებელია, თუმცა იქვე დასძინა: “არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად”.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: “რაც დღეს ვიხილეთ “რუსთავი 2”-ის ეთერში, პროვოკაციის საზიზღარი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაა”. პრემიერის განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა განცხადება: “პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციითა და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივაა ევროპა, ჩვენი ძალა კი _ სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!”

მომხდარი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ რუსეთში: “ამ შეურაცხყოფას ჩვენ მივიჩნევთ აბსოლუტურად მიუღებლად და ვგმობთ”, _ განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის პროვოცირებულია, ვისაც სურს, კიდევ უფრო გაართულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ან, შესაძლოა, ეს სრული უგნურების შედეგია, ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს. “რაც მოხდა, დიდი სირცხვილია ქართველებისთვის”, _ განაცხადა პესკოვმა. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეიძლებოდა გაბუნიას ეს განცხადება მოჰყოლოდა _ დარჩება თუ არა ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი მფლობელი არის ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში. ეს გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უნდა გამოაცხადოს, 18 ივლისს იქნება ცნობილი.

“მათი მიზანია, აქციები, რომლებსაც ნაცები და მათთან აფილირებული ადამიანები მართავენ, მანამდე შეინარჩუნონ და მერე პროტესტი “რუსთავი 2”-ის დასაცავად გადაიტანონ ლოზუნგით “თავისუფალი სიტყვა განსაცდელშია” და ა.შ. ცხადია, იქნება ყველანაირი მცდელობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შესაშლელად და პროცესების პოლიტიკურ კონტექსტში გადასატანად. სავარაუდოდ, ესეც დიდი გეგმის ნაწილია”, _ ამბობს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

რატომ და რისთვის ჩააყენა საფრთხეში გიორგი გაბუნიამ თავისი უზრდელობით საქართველო და ქართველები? რა იდგა რუსეთის პრეზიდენტის გინების უკან? რისი ეშინია “რუსთავი 2”-ს? რას უნდა ველოდოთ “ნაცმოძრაობის” რუპორის მორიგი პროვოკაციისგან? _ ამ შეკითხვებით ექსპერტებს, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს მივმართეთ.

“საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სხეულზე დასეული დასავლური მატლისგან გაათავისუფლებს, დასავლურ წყლულებზე მალამოს დაადებს და დაუამებს”

ვალერი კვარაცხელია, პარტია “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი:

_ მივმართავ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიას:

ფაშისტური პარტიის რუპორ “რუსთავი 2”-ის წამყვანი გიორგი გაბუნია საქართველოს დაუძინებელი მტერი და საშიში დამნაშავეა, მისმა ბინძურმა პროვაკაციულმა გამოსვლამ შეძრა ქართველი საზოგადოება.

ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა და რუსოფობიით შეპყრობილმა ტიპმა, რომელიც, დიდი ხანია, ჟურნალისტის მანტიასაა ამოფარებული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმოუდგენელი შეურაცხყოფით სულში ჩააფურთხა რუს ხალხს, რითაც საქართველოს არა მხოლოდ ჩირქი მოსცხო, არამედ ქვეყანა დააყენა უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოსთან აშკარა ომის საფრთხის წინაშე.

თქვენ ვალდებული ხართ, აარიდოთ საქართველოს ეს უდიდესი საფრთხე;

ვალდებული ხართ, ყველაფერი გააკეთოთ, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს ტელევიზიის ისტორიაში გაუგონარი, შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედების ჩამდენ დამნაშავეს და ის კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. სხვა შემთხვევაში, მთავრობის წევრებთან ერთად ჩაითვლებით ქართველი და რუსი ხალხების წინააღმდეგ 2019 წლის 7 ივლისს, თბილისის დროით 21 საათზე, საჯაროდ ტელეეთერში განხორციელებული ბოროტმოქმედების თანამზრახველად და ხელის შემწყობად.

საქართველოს პრობლემა გვარამია და გაბუნია კი არ არიან, ქვეყანა დასავლურ ფუნასა და ტალახში რომ აიზილა, სხეულზე დასავლური წყლულები გაუჩნდა და დასავლურად მოფიქრალი და მოლაპარაკე მატლი რომ დაესია, ის.

ბილწსიტყვაობენ, პროვოკატორობენ გვარამია და გაბუნია, ეს ადამიანის მსგავსი არსებები, “რუსთავი 2”-ის ეკრანიდან. საქართველოს სხეულზე კი ფუთფუთებს დასავლური მატლი _ “ეს სიტყვის თავისუფლებაა!”, “გამოხატვის სტანდარტებში ჯდება!”

ხელისუფლება კი…

საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სხეულზე დასეული დასავლური მატლისგან გაათავისუფლებს, დასავლურ წყლულებზე მალამოს დაადებს და დაუამებს. საქართველოს დასავლეთის მიერ კასტრირებული საჭურისი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც თვითონაც მატლია _ საქართველოს სხეულზე დასეული და ავის მომასწავებლად მოფუთფუთე მატლის შემადგენელი ნაწილი. მატლისგან მატლი ვერ გაათავისუფლებს ორგანიზმს. მას სხვა ვინმე სჭირდება _ სხვა ტიპის მკურნალი და დასტაქარი.

ის “სხვა ვინმე” გზაშია უკვე, შეკრული მუშტებით, დაბერილი ნესტოებითა და განიერი ნაბიჯებით მოემართება ჩვენკენ…

მას არც მეფე ჰქვია, არც პრეზიდენტი, არცა პრემიერი. მას მენაგვე უფრო შეეფერება სახელად, ვინაიდან მისი უპირველესი მოვალეობა დასავლური ნაგვისგან ქვეყნის გათავისუფლება იქნება. მან ერთიანად უნდა გახვეტოს ნატოთი, ევროკავშირით, ამერიკით, ლიბერალიზმით, “ელჭიპიტის” უბედურებითა და სეფსისის გამომწვევი სხვა ათასი ვირუსითა და მატლით მოწამლული სისხლისგან და დამპალი თესლისგან შემდგარი დასავლური ნაგავი.

ვაიპოლიტიკოსების, ვაიჟურნალისტებისა და სხვა სახელებს ამოფარებული დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ეს ბოლოდროინდელი ფართხალი დიადი მენაგვის მოახლოებისა და მის წინაშე საქართველოს სხეულზე დასეული მოფუთფუთე მატლების ძრწოლის ნიშანია.

სადაცაა, დიადი მენაგვე შემოაბიჯებს საქართველოში!

“რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ ხალხი ადეკვატურია და ანტირუსული ისტერიკა კრიტიკულ მასაზე გავლენას არ ახდენს”

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:

_ ეს ის შემთხვევაა, როცა შესაძლებელია, ასეთ გაუგონარ ქმედებას დადებითი ეფექტიც მოვუძებნოთ. გაბუნია ამ და სხვა მსგავს განცხადებებს თავისი ინიციატივით რომ არ აკეთებს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჩემი აზრით, მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით ხდება მოსახლეობის მზადყოფნის შემოწმება ე.წ. ლიბერალური წესრიგის სტანდარტებისადმი. ისინი, ანუ ნაციონალები მოსახლეობის რეაქციას აკვირდებიან და მიღებული შედეგების საფუძველზე ადგენენ მოვლენების განვითარების სავარაუდო გეგმებს. პოზიტიურ მხარეს რაც შეეხება, რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ ხალხი ადეკვატურია და ანტირუსული ისტერიკა კრიტიკულ მასაზე გავლენას არ ახდენს. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: ჩვენ ვხედავთ ხალხის გულწრფელ აღშფოთებასო. მეორე პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართველი მოსახლეობისთვის “თვალის ახელა”… მოსახლეობა სულ უფრო ნათლად ხედავს, რომ ე.წ. ლიბერალური მარაზმი არაფერია, გარდა ცარიელი სიტყვებისა, რომლებსაც მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს მმართველი ელიტა, ბოლო 30 წელია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს კონსერვატიული, ტრადიციული განწყობების მქონე მოსახლეობის გაერთიანებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უდავოდ პოზიტიური მოვლენაა.

ამ გამოხდომაზე საუბრისას პოზიტიურ წიაღსვლებზე საუბარი ცოტა არასტანდარტულია, მაგრამ ეს ასეა…

_ უკავშირდება თუ არა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის საქციელი 18 ივლისის გადაწყვეტილების მოლოდინს, რათა შემდგომ რუსეთს დააბრალონ ტელევიზიის დახურვა ან სხვისთვის გადაცემა?

_ გამორიცხული არ არის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყოს გვარამიას გამოხდომის მთავარი მიზეზი. თუმცა, როგორც ჩანს, თვითონაც ვერ გათვალეს მოვლენების შესაძლო განვითარება, ისინი მოვლენების კონტროლის სადავეების დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.

“სასაცილოა რუსეთისა და საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების შედარება”

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:

_ გიორგი გაბუნიას 7 ივლისის გადაცემა არ ჯდება არც ტრადიციაში, არც ეთიკაში, არც ნორმაში. ასეთი საქციელით, ვითომ ანტირუსული განწყობების დამკვიდრება რომ სურთ, პირიქით ხდება. საზოგადოებაში ლიბერალები ანტიპათიას იწვევენ. არსად, არასოდეს არ მოხდარა მსგავსი რამ, რაც გაბუნიამ ჩაიდინა, უაღრესად დაბალი დონისა და პოლიტიკის მქონე ქვეყნებშიც არ გაუკეთებიათ. ის, რაც ტელეეკრანზე ვიხილეთ, წმინდა წყლის პროვოკაციაა ნაციონალების მოწყობილი.

_ რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ ხომ არა, რომ 18 ივლისს, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვოს და ეს არხი დაიხუროს? შემდეგ ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ?

_ არც ეს არის გამორიცხული. შესაძლოა, თავისუფალი სიტყვის აღკვეთა უწოდონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და მას რუსული ნარატივი დაარქვან, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეგონათ, სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენდნენ და ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ჩაეშალათ, ასე ვთქვათ, “გავრილოვის საქმე” და ახლა ტელევიზიით ცდილობენ არეულობის მოწყობას. აშკარაა, რომ აგონიაში არიან.

კარგია, რომ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადება არ იყო მწვავე…

სასაცილოა რუსეთისა და საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების შედარება.

ნაციონალებს სურთ 2008 წლის მსგავსი პროვოკაციის მოწყობა. ამ პროვოკაციების დროს ყველას ინტერესს ითვალისწინებენ, გარდა ქართველისა; არ ფიქრობენ, რომ ამ საქციელით ყველაზე წაგებული საქართველო რჩება. 2008 წლის ზარალსა და დანაკარგზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც იმ აკრძალვებით, რომლებიც რუსეთმა ახლახან დაგვიწესა, ისევ ჩვენ ვზარალდებით. არ შეიძლება ქვეყანამ გამუდმებით ჰარაკირი იკეთოს.

“მინდა, მოვუწოდო ყველას: ფრთხილად ვიყოთ, ფხიზლად ვიყოთ!”

ჯენი ბურჯანაძე, ყოფილი ჟურნალისტი, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” აქტიური მკითხველი:

_ გიორგი გაბუნია საქართველოს დაუძინებელი მტერია, საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან ნაციონალები და, საერთოდ, ე .წ. ლიბერალები. გაბუნიას ყველა გადაცემა გაჟღენთილია რუსეთისადმი ზიზღითა და ანტირუსული პროპაგანდით. დღეს უზნეო “რუსთავი 2” ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. არავინ იცის, 18 ივლისს რა ვერდიქტს გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო ამ მაუწყებლობის მიმართ. შესაძლოა, არხი დაიხუროს. ტელევიზიის დირექტორსა და მის კოლექტივს, დიდი ალბათობით, სურთ, რომ “რუსთავი 2”-ის დახურვა რუსეთს დააბრალონ.

დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაბუნია მარტო არ მოქმედებდა. გადაცემის ტექსტის ის ნაწილი,ნრომელიც პუტინის გინებას შეიცავდა, შეთანხმებული იყო არხის ხელმძღვანელობასთან და თვით მიხეილ სააკაშვილთან. მინდა, მოვუწოდო ყველას: ფრთხილად ვიყოთ, ფხიზლად ვიყოთ!

“გაბუნიას ამ საქციელმა უდიდესი საფრთხე შეუქმნა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 800 ათასამდე ეთნიკური ქართველის უსაფრთხოებას”

დავით გოგიშვილი, ისტორიკოსი:

_ გაბუნიას საქციელი არღვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვის ამკრძალავ ყველა საერთაშორისო ნორმას; არღვევს საეთერო ეთიკის ყველა ნორმას; არღვევს ბავშვთა უფლებების დამცველ ყველა კონვენციას, იმიტომ, რომ ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ; ხელს უწყობს მედიასივრცეში მანკიერი, უხამსი და ამორალური სტანდარტების დამკვიდრებას. გაბუნიას ამ საქციელმა უდიდესი საფრთხე შეუქმნა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 800 ათასამდე ეთნიკური ქართველის უსაფრთხოებას საზოგადოებრივი, სოციალური ურთიერთობების დონეზე. ნებისმიერ ორ სახელმწიფოს რაც უნდა პოლიტიკური თუ სამხედრო დაპირისპირება ჰქონდეს, ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა. პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, ხოლო ფასეულობები ათასწლეულებს უძლებს. გიორგი გაბუნიას ამ გამონათქვამმა უდიდესი ჩრდილი მიაყენა რუსი და ქართველი ერების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ამ მეგობრობის სულიერ ფესვებს. რუსი ხალხის ქართველი ხალხისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ერთ-ერთი საფუძველი ისიცაა, რომ რუსებს ძალიან მოსწონთ, როცა ჩვენთან ქრისტიანულ ტრადიციებს ამხელა ყურადღება ეთმობა, მაგალითად იმას, რომ ჩვენთან დედა უფლის შემდეგაა, როგორც წმინდა. “რუსთავი 2”-ის საქციელმა ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა. საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას.

როგორც მოგეხსენებათ, 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის კანონიერი მფლობელობის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. მაქვს ინფორმაცია, აშშ-ის საელჩო დიდ შეშფოთებას გამოხატავდა ბოლო თვეების განმავლობაში “რუსთავი 2”-ის ეთერით ნიკა გვარამიას უხამს, უცენზურო, აგრესიისა და ექსტრემიზმის შემცველ რიტორიკაზე. ამის შესახებ, ბუნებრივია, ინფორმაცია ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ჩათვალეს, რომ მსგავსი რიტორიკის კიდევ უფრო პროგრესირება და ამ აგრესიის პიკზე აყვანა მნიშვნელოვნად ნეგატიურ ფონს შეუქმნიდა და სამართლებრივად დაასუსტებდა გვარამიას პოზიციებს სტრასბურგში. გიორგი გაბუნია არც ისეთი სულელია, რომ არ სცოდნოდა მსგავსი საქციელის შესაძლო შედეგები. მართალია, სასტიკად არ მიყვარს შარლატანური და საქმეში ჩაუხედავი შეთქმულების თეორიებით ანალიზი, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყარამანიშვილებისა და გვარამიას მხარის სამართლებრივი პოზიციებისთვის რომ დაერტყათ, მოხდა მისი, ასე ვთქვათ, დამუშავება სპეცსამსახურების მიერ. ეს ჩემი პირადი ვერსიაა და მას არ აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე.

ცნობისთვის: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტია “ედინაია როსიას” ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა: “ბოდიშს ველოდებით ახლაც. არ ვიცი, მოხდება ეს თუ არა. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. უახლოეს დღეებში ვნახავთ, მზად არის თუ არა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება”.

განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. “ეს საქართველოს უბედურებაა!”_ ასე შეაფასა გაბუნიას მონოლოგი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი საქართველოს სანქციების გამკაცრებით დაემუქრა, ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმერ ჯაბაროვმა კი რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ამ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა ახალი ამბავი: ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება შეუჩერდა ორი თვით. ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომლებსაც ის ამზადებდა.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. ყოველივე ზემოაღწერილის შემდეგ საზოგადოების ნაწილი “რუსთავი 2”-ის შენობასთან კიდევ შეიკრიბა. გვესაუბრება საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილე ზაზა ცივაძე:

 “მე არ ვარ აქციის ორგანიზატორი. სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ყველანი აქ მოვსულიყავით; ყველა, ვისაც სამშობლო და ქართველი უყვარს. გაბუნიას ამ განცხადებამ რუსეთში ქართველების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლის… გაბუნია უნდა მოშორდეს ტელევიზიას ან სულაც დაიხუროს ეს ტელევიზია. აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას და ყველა გმობს გაბუნიას გადაცემის პათოსს. ჩვენ ქართველები ვართ, გარდაცვლილი დედის გინება არ გვჩვევია, მით უმეტეს არ გვჩვევია საფლავების გინება. ამ არამზადამ დედაც შეაგინა, საფლავიც და ბოლოს დაამატა _ ამინ! “ამინ”-ს ჩვენ ლოცვის შემდეგ ვამბობთ და არა გინების. ეს მიუტევებელია…”

1 COMMENT

  1. საქმიანობის ორი თვით შეჩერება კიარა, ამ დამპალსა და ფულზე გაყიდულ მამათმავალს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მასმედიაში მუშაობა. ველოდები მთავრობის მიერ გვარამია–გაბუნიას წინააღმდეგ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here