Home ახალი ამბები საქართველო რატომ ამბობენ უარს სამუშაოზე ადამიანები, რომლებიც  სულ  უმუშევრობაზე წუწუნებენ?

რატომ ამბობენ უარს სამუშაოზე ადამიანები, რომლებიც  სულ  უმუშევრობაზე წუწუნებენ?

სანამ ადგილობრივი კომპანიები არ მიხვდებიან, რომ 200 და 300%-იანი მოგების ნაცვლად ხელფასები უნდა გაზარდონ და ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება მისცენ, მანამ ექნებათ გამოფენილი ვაკანსიები და ვითომ გაოცებით გაშლიან ხელს: სამუშაო გვაქვს, მაგრამ მუშაობის მსურველი არ არისო

746

ერთი შეხედვით უცნაურია: პრაქტიკულად, ყველა დიდი კომპანია აცხადებს, რომ უამრავი ვაკანსია აქვს, სამუშაოდ კი არავინ მიდის.    მართლაც უცნაურია, რატომ არ მიდიან სამუშაოდ ადამიანები, რომლებიც  სულ უმუშევრობაზე წუწუნებენ?!  საქმე ის არის, რომ კომპანიებს მუშახელი სჭირდებათ, შესაბამისი ხელფასის გადახდა კი არ სურთ, ამიტომაც  ვაკანსიები თვიდან თვემდე აუთვისებელი რჩება…

საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს  ბანკის ბარათის ასაღებად აუცილებლად სჭირდებათ ცნობა სამუშაო ადგილიდან, ამიტომ ისინი მზად არიან, „მათხოვრულ“ ხელფასზე იმუშაონ, ბანკის ბარათი აიღონ და უფლება ჰქონდეთ, ანგარიში გახსნან, საბანკო ოპერაციები განახორციელონ. ეს არის ქართული (და არამხოლოდ) კანონმდებლობა და ადვილი გასაგებია, რატომ მუშაობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმ ანაზღაურებაზე, რომელზეც საკუთარ ქვეყანაში  არ იმუშავებდნენ. ჰოდა, სწორედ ამიტომ ოპოზიციამ ჭიქაში მორიგი ქარიშხლის დატრიალება გადაწყვიტა და ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა, – ბოლო ათ თვეში საქართველოში უცხო ქვეყნების რამდენი მოქალაქე დასაქმდაო; პასუხიც მიიღო – 1646!  რაღა თქმა უნდა, მაშინვე ხმაური ატყდა: რუსეთის მოქალაქეები ქართველებს სამუშაო ადგილებს ართმევენო, მაგრამ გაირკვა, რომ უცხო ქვეყნების 1646 დასაქმებული მოქალაქიდან რუსეთის ფედერაციაზე 1052 მოდის, დანარჩენები სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან. ოპოზიციამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა, 1052-ც დიდი რიცხვიაო, მაგრამ, 10 თვეზე რომ გავყოთ, გამოდის, ეს რიცხვი არც  ისე დიდია. რაც მთავარია, არც რუსეთისა და არც სხვა ქვეყნების მოქალაქეები სამსახურს ქართველებს კი არ ართმევენ, იქ საქმდებიან, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მუშაობა დაბალი ანაზღაურების გამო არ სურთ.

როცა ოპოზიციამ „განგაშის ზარები“ დაარისხა, არავის გახსენებია ის, რომ რუსეთში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და მესამედზე მეტი რომც არ იყოს დასაქმებული, გამოდის, 300 ათას სამუშაო ადგილს ადგილობრივერბს ართმევენ ქართველები. ერთხელ მაინც გსმენიათ   რუსეთის ან  რიგითი მოქალაქეების, ან პოლიტიკოსების მხრიდან, ქართველები სამუშაო ადგილებს გვართმევენ და ქვეყნიდან გავყაროთო? არა და ეს იმიტომ, რომ, ვისაც მუშაობა სურს, ის სამსახურს აუცილებლად მოძებნის და, თუ ვერ ნახავს ისეთს, სადაც მისთვის მისაღები ანაზღაურება იქნება, არც ეს არის უცხო – ყველა ქვეყანაში არიან სამსახურით უკმაყოფილო ადამიანები და ისინი არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ, იბრძვიან, შრომობენ, ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მეტს იმსახურებენ და იღებენ კიდეც. ოპოზიციას არც ის გახსენებია,  რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის შემდეგ სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ვაჭრობამ რომ მოიმატა. ბოლოს როდის გაიგეთ რესტორატორების წუწუნი: ხალხი აღარ დადის, ბიზნესი წამგებიანი ხდება და იძულებულნი ვართ, თანამშრომლები გავუშვათო? პირიქით, ყველა რესტორანი მიმტანებს ეძებს, ყველას კარგი მუშაობა აქვს და ეს სწორედ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზეა. უბნის მცირე მაღაზიებიც კი არ მალავენ, რომ ვაჭრობა გაიზარდა და ძირითადი მომხმარებლები რუსეთის მოქალაქეები არიან.  რეალურად გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინება არა მხოლოდ  ქვეყნის  ეკონომიკაზე, არამედ რიგითი ადამიანების ფინანსურ კეთილდღეობაზეც დადებითად აისახა, მაგრამ, ეს ხმამაღლა რომ თქვან, დასავლეთს ეწყინება და ოპოზიციას „რუსეთუმეობაში“ დასდებს ბრალს.

სამწუხაროდ, ოპოზიციის დარად, ამაზე ხმას არც ხელისუფლება იღებს და მართალია, პრემიერმა ყატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაზრდამ, როგორც ქვეყანას, ისე მოსახლეობას, ფინანსურად დადებითი შედეგი მისცა, ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. არ გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი და არ თქვა, რომ ჩვენი ჭარბი პროდუქტის უდიდესი ნაწილი რუსეთში იყიდება, რომ ვაშლატამასა და ატმის მოსალოდნელი კარგი მოსავალი მხოლოდ რუსეთის იმედად გვიხარია, რომ რთველი კახეთში პომპეზურად რუსული ბაზრის იმედად ტარდება, რომ ქარხნები ღვინოსა და კონიაკს სწორედ რუსეთში ასაღებენ. არც ეკონომიკის მინისტრმა თქვა არაფერი იაფ ნავთობპროდუქტებზე, არც ფინანსთა მინისტრმა ამოიღო ხმა ლარის სიმყარესა და რუსეთიდან გადმორიცხულ ასეულობით მილიონ დოლარზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლს ასრულებს, იმ ინვესტიციების, რომლებიც თითქოს დასავლეთს უნდა განეხორციელებინა და არ ახორციელებს.

ორიოდე დღის წინათ  ერთი ქართველი ვნახე, რომელსაც  22 წელია, რუსეთში საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია აქვს და სულ  იქეთ-აქეთ დაფრინავს. თქვა,  ცრემლი წამომივიდა, როცა მოსკოვიდან პირდაპირ თბილისში ჩამოვფრინდი და არ ჩავფრინდი ჯერ სომხეთში ან თურქეთში, ან ვლადიკავკაზში და მერე მანქანით 5-6 საათი არ ვიჯაყჯაყე სახლამდეო. პირდაპირი ფრენების აღდგენით ადამიანებმა არამხოლოდ ფული დაზოგეს, არამედ დაზოგეს დრო, ჯანმრთელობა, ნერვები… ამას  ხედავს ევროპაც, ამერიკაც, ოპოზიციაც; ზუსტად იციან, რომ ეს გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ პირიქით ამბობენ, ისე აჩვენებენ, თითქოს ხალხიც აპროტესტებს პირდაპირი ფრენების აღდგენასა და ცხოვრების გაიოლებას…

ისევ სამუშაო ადგილებს  დავუბრუნდეთ. იცით თუ არა, რომ დისტრიბუტორებს 500-დან 700 ლარამდე უხდიან? ანუ, მთელი დღის განმავლობაში, ადამიანები მანქანით გადაადგილდებიან  (თუ დაჯარიმდნენ, მათი გადასახდელია და, ძირითადად, პარკირების გამო  ჯარიმდებიან, რადგან ფიზიკურად ადგილი არ არის), ეზიდებიან მძიმე ყუთებს სიცხესა თუ სიცივეში, წვიმასა თუ ქარში, შრომობენ და საბოლოო ჯამში ჯამაგირი, თვიდან თვემდე კი არა, ორი კვირაც არ ჰყოფნით.  ბოლო პერიოდში არაერთი რუსი დისტრიბუტორი გამოჩნდა, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ჯამაგირი არ არის მათი შრომის შესაბამისი, მაგრამ სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ. ჩემმა მეგობარმა რუსმა სწორედ ასე 3 თვეს იშრომა მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკში ანგარიშის გახსნის უფლება ჰქონოდა, შემდეგ შპს დაარეგისტრირა, 4 ადგილობრივი დაასაქმა და თითოს 2 ათას ლარს უხდის. ამას წინათ შემომჩივლა: ივნისის ბოლოს ბინადრობის ვადა გამდის და, როგორც მითხრეს, დიდი შანსია, არ გამიგრძელონო. მესმის, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ კაცს, რომელიც მაღაზიის ინვენტარს ამზადებს, დასაქმებული ჰყავს ადგილობრივები, თვითონაც ფიზიკურად მუშაობს, გადასახადებს იხდის, რატომ ვუკრძალავთ ჩვენს ქვეყანაში ყოფნას?! ოთხივე დასაქმებული დაჰყვება იუსტიციის სახლებსა თუ სხვადასხვა უწყებაში და ცდილობს, დააჯეროს ესა თუ ის მოხელე, რომ ეს კაცი არაფერს აფუჭებს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. საქართველოში სასმელების ერთ-ერთ დიდ (თუ ყველაზე დიდს არა) კომპანიას  ვაკანსია აქვს დისტრიბუტორზე და 550– ლარიან ჯამაგირს  სთავაზობს. სამუშაო გრაფიკი დილის 8 -დან, საღამოს 8-მდეა, ანუ 12 საათი და ანაზღაურება თვის მიხედვით რომ დავიანგარიშოთ, საათში 2.27 ლარი გამოდის. არადა, დასავლეთი ოფიციალურად აცხადებს: თუ ადამიანს საათში 1 დოლარზე ნაკლებს უხდიან, ეს ნიშნავს, რომ ის კაცი ღატაკია და არსებობისთვის იბრძვისო. არადა, სწორედ ამ კომპანიამ გამოფინა ამას წინათ ბანერები, საქართველოში 235 ათასი ბავშვიანი ოჯახი  სიღარიბეში ცხოვრობსო  და რას აკეთებს თავად, ეს რაოდენობა რომ შეამციროს? ევროკავშირის დროშის ფრიალი რომ გვინდა, ეგებ ამ რეკომენდაციებსაც მივაქციოთ ხოლმე ყურადღება და ეს ყველაფერი ხელფასებზეც ავსახოთ. ნამდვილად ძნელია იმის თქმა, როდემდე დარჩებიან საქართველოში ჩამოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ბევრმა აქ ბინა  იყიდა და ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქაურ უძრავ ქონებას არ გაყიდის, რადგან სურს, ჩამოსვლის, ცხოვრებისა  და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეს. სწორედ ამის გაგება არ უნდა  არც დასავლეთს და არც ოპოზიციას. რიგითი ადამიანები მარტივად ურთიერთობენ, მარტივად წყვეტენ ყოფით პრობლემებს ერთმანეთის დახმარებით და,  რამდენიც  უნდა ვაფრიალოთ ევროკავშირის დროშა, საუკუნეები დასჭირდება იმის შეცვლას, რომ  რუსეთიდან  აქ ჩამოსულ რიგით მოქალაქეს აქაურმა ქვა ესროლოს და პირიქით – რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეს მტრულად დახვდნენ. რუსეთშიც ყოველთვის დასაქმდებიან ჩვენებურები, რუსეთიდანაც  ჩამოვლენ სამუშაოდ თუ დასასვენებლად და არ ექნება მნიშვნელობა, რას იტყვის ვიოლა ფონ კრამონი ან ანა ფოტიგა, როგორ განწყობაზე  იქნება კუბილიუსი თუ შარლ მიშელი.

და მთავარი – სანამ ადგილობრივი კომპანიები არ მიხვდებიან, რომ 200 და 300%-იანი მოგების ნაცვლად ხელფასები უნდა გაზარდონ და ადამიანებს ღირსეული ანაზღაურება მისცენ, მანამ ექნებათ გამოფენილი ვაკანსიები და ვითომ გაოცებით გაშლიან ხელს: სამუშაო გვაქვს, მაგრამ მუშაობის მსურველი არ არისო.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here