2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი დარაზმულია იმისთვის, რომ ყოფილი მმართველების, ნაციონალების, ხელისუფლებაში დაბრუნება არ მოხდეს; ამომრჩეველთა ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევნებზე არ წავა… დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახლა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ვირჩევთ. გადავხედოთ არჩევნების ტენდენციას, როგორი იყო ამ წლების განმავლობაში ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი: 1990 წელი: ზვიად გამსახურდია _ 87%; 1995 წელი: ედუარდ შევარდნაძე – 74%; 2000 წელი: ედუარდ შევარდნაძე _ 79%; 2004 წელი: მიხეილ სააკაშვილი _ 96%; 2008 წელი (რიგგარეშე): მიხეილ სააკაშვილი _ 53%; 2013 წელი: გიორგი მარგველაშვილი _ 62%; 2018 წელი: ? რა სურს ქართველ საზოგადოებას? ვის და რის მოლოდინშია ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი? ვინ შეიძლება იყოს მესამე ძალა, რომელსაც მხარს დაუჭერენ? _ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე, გარდა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისა, რიგით მოქალაქეებსაც ვესაუბრეთ.
“მესამე პოლიტიკური ძალა ისტორიის სანაგვეზე მოისვრის ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც, როგორც ნათელი მომავლის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს”
დავით გოგიშვილი _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, იუმორისტი:
_ უნდა გაკეთდეს მოვლენათა სიღრმისეული ანალიზი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკეთდეს სწორი დასკვნა _ რა უნდა არჩევნების პირველ ტურში არგამოცხადებულ ამომრჩეველს, რა იყო მთავარი საფუძველი და მოტივაცია არჩევნების ბოიკოტისა და რა გახდა საფუძველი “ქართული ოცნების” ძველი ამომრჩევლის ნაწილის მიერ “ნაციონალური მოძრაობისათვის” ხმის მიცემისა. ნაციონალებს არც ერთი მონაცემით არ აქვთ ისეთი სასტარტო მდგომარეობა და პოლიტიკური საგარეო თუ საშინაო მხარდაჭერა, როგორიც ჰქონდათ 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას. შესაბამისად, “ქართული ოცნების” უუნარობითა და სუსტი მმართველობით იმედგაცრუებული და ნაციონალების “ძლიერი ხელის” მომლოდინე ამომრჩეველი მიიღებს ორმაგ იმედგაცრუებას, მეტიც: ხელისუფლებაში დაბრუნებულ ნაციონალებს სულ რამდენიმე თვეში თავზე დაემხობა ქვეყანა.
ეს არჩევნები “ნაციონალური მოძრაობისათვის” არის ისტორიული შანსი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაიმყაროს საკმაოდ დაკნინებული და შესუსტებული მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, კიდევ ერთხელ შეახსენოს მთავრობასა და ხალხს თავისი ადგილი და როლი ქართულ პოლიტიკაში, ხოლო, მეორე მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ივანიშვილი “გაწეწონ” ასტრონომიულ ციფრებში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა თვალნათლივ დაანახვა ქართველ საზოგადოებას მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ძალის არსებობის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომელიც იდილიას დაურღვევს ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დღემდე შეთანხმებულ-გარიგებულ ნაციონალურ-ოცნებურ ტანდემს, ხოლო პერსპექტივაში ისტორიის სანაგვეზე მოისვრის ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც, როგორც ქართველი ხალხის ნათელი მომავლის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს. ეს მზარდი სოციალური დაკვეთა ქართველი ხალხისა და საღად მოაზროვნე ქართველი საზოგადოების უმთავრესი სტრატეგიული მიზანი კარგად ესმის ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც, ამიტომ ამ ორივე ცენტრის მიზანია, პოლიტიკური ველისა და სივრცის იმგვარად ოკუპირება, რომ არ დაუშვას იქ მათთვის უმთავრესი საფრთხის შემცველი მესამე პოლიტიკური ცენტრის გამოჩენა. საზოგადოების მეტად დასაბნევად საჭიროა ვითარების რაც შეიძლება მეტი ესკალაცია და ორმხრივი დრამატიზება, რათა შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად გასაშიფრი გახდეს ამ ორი პოლიტიკური ძალის ნამდვილი ზრახვები.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოლიტიკური ნიშის შესავსებად ივანიშვილმა შექმნას და დააფინანსოს ასეთი ე. წ. მესამე ძალა, მის მიერ მართული და მარიონეტული, ისევე, როგორც, მაგალითად, თავის დროზე სააკაშვილმა შექმნა ხელოვნური ოპოზიცია გიორგი თარგამაძისა და ქრისტიან-დემოკრატების სახით. სანამ ძლიერი მესამე პოლიტიკური ცენტრი არ გამოჩნდება ქართულ პოლიტიკაში, მანამდე მზარდი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის უკუსვლა და ახალგაზრდობის მიგრაცია საქართველოდან.
“არჩევნებზე საერთოდ არ დავდივარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხის გაბრიყვებაა”
მერაბ ზურაბაშვილი _ გურჯაანის მცხოვრები:
_ არჩევნებზე საერთოდ არ დავდივარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ხალხის გაბრიყვებაა, ვინც არჩევნებს ატარებს, ის დებს იმ შედეგს, რისი მიღებაც უნდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ვატარებთ არჩევნებს, მაგრამ რომელი არჩევნები ჩატარდა ისე, რომ აყალმაყალი არ ყოფილიყო _ მოგვატყუეს, გაგვიყალბეს და ა.შ. ასე რომ, არჩევნები ყალბდება და სანდო არ არის.
ამ და წინა არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არავის აღარ ენდობა. არჩევნები რომ რამეს ნიშნავდეს, ხელისუფლებები მიხვდებოდნენ, ხალხს რა სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს არ აინტერესებთ.
საზოგადოება ახალ ძალას ელოდება, ისეთს, რომელიც ხალხს მოუსმენს და არ იცრუებს. გაკეთდება კიდეც, მოიფიქრებს ხალხი რამეს. უნდა გამოინახოს ფორმაცია, სადაც მშრომელი ადამიანის ინტერესები იქნება დაცული, შრომა ავითარებს ადამიანსაც და სახელმწიფოსაც, ამაზე არავინ ფიქრობს. გადასახედია საგარეო კურსი. დასავლეთმა ჩვენ დაგვიმონა, შრომას გადაგვაჩვიეს, ფაბრიკა–ქარხნის აშენების საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენ გვჭირდება ისეთი კურსი, ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, რომელთანაც თანასწორნი ვიქნებით, აღებ–მიცემობა გვექნება.
გვჭირდება ისეთი იდეა, რომელიც გადაგვარჩენს და გლობალიზაციის პროცესსაც აუწყობს ფეხს.
“ქართველი კაცი ბარომეტრივით არის: ყველაფერს გიჩვენებს და ზომავს, უბრალოდ, უნდა დაინახო”
ივანე ბუჩუკური _ თელავის მკვიდრი:
_ ხალხის სოციალური მდგომარეობა უმძიმესია, რაც ხელისუფლებას არ აინტერესებს. წლებია, ხალხს ვერაფერი დაანახვეს. მხოლოდ არასწორ საკადრო, საშინაო და საგარეო პოლიტიკას ვხედავთ, რაც იწვევს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ გვსურს. ქართველი კაცი ბარომეტრივით არის: ყველაფერს გიჩვენებს და ზომავს, უბრალოდ, უნდა დაინახო…
ხელისუფლებები იცვლება თითქოს, მაგრამ ხალხისთვის არა, ჩვენთვის მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება.
ჩვენ გვჭირდება ძალა, რომელიც ილიასა და ერეკლეს გზას დაადგება. ეს ქართულია, ეს ხსნაა, შველაა. სხვა დანარჩენი დამღუპველია.
რუსეთი ერთმორწმუნე სახელმწიფოა, ჩვენი დიდი მეზობელი. თუ გადარჩენა გვინდა, მასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობები უნდა გვქონდეს. რუსეთს რომ აგინებენ, იმის მეათედი თუ გაუკეთებიათ საქართველოსთვის, რაც ილიამ და ერეკლემ გააკეთეს?
“ბინძური ძალაა ივანიშვილ–სააკაშვილის ტანდემი, რომელიც ამერიკელებმა მოგვახვიეს თავს”
ვალერი კვარაცხელია _ ანალიტიკოსი:
_ ქართველი ამომრჩეველი და მთლიანად საზოგადოება სისტემური, ძირფესვიანი, რადიკალური ცვლილებებისთვისაა მომწიფებული, ვინაიდან დამოუკიდებლობის ვითომ მოპოვების შემდეგ ქვეყნის ნგრევამ და მოსახლეობის გაღატაკებამ ფორსირებული, ტოტალური ხასიათი მიიღო. უბედურებაა, რომ ხელისუფლება ხელთ უპყრია შავ ძალას და დათმობას არ აპირებს.
ბინძური ძალაა ივანიშვილ-სააკაშვილის ტანდემი, რომელიც ამერიკელებმა მოგვახვიეს თავს. ამ ტანდემის დანიშნულებაა ის, რომ ქართველების ულევი პოლიტიკური და საარჩევნო ენერგიის დახარჯვის საშუალება მუდმივად არსებობდეს, მაგრამ ეს მოზღვავებული ენერგია, ვითარების ქართველი ხალხის სასიკეთოდ შეცვლის ნაცვლად, ამერიკული რეჟიმის მარადიულად შენარჩუნების ვერაგულ გეგმას ხმარდებოდეს. სააკაშვილის დანაშაულებრივი და სისხლიანი მმართველობით შეწუხებული ნაწილი ამომრჩევლებისა ანთებულია ერთი პოლიტიკური სურვილით: სააკაშვილი არ მობრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ, როდესაც ეს ნაწილი სააკაშვილს ეუბნება მტკიცე უარს, იმავე წუთს ივანიშვილს უვარდება ხახაში, ვინაიდან ამ ორის გარდა, სხვა ორგანიზებული ძალა არ არსებობს. და პირიქით, ივანიშვილის მიერ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, მისი მთავრობის უნიათობითა და უმოქმედობით, ე.წ. კოაბიტაცით შეწუხებული ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც მას არ აძლევს ხმას, იმავე წუთს სააკაშვილს უვარდება ხახაში, ვინაიდან მხოლოდ ისაა ალტერნატივა. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ამერიკელთა წისქვილზე ასხამს წყალს, ვინაიდან ორივე ძალა აშშ-დან იმართება.
_ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს რუსეთის აგენტობას რომ აბრალებს?
_ ენას ძვალი არ აქვს. რუსებს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის დანაშულებრივ სამხედრო ავანტიურაზე დაყრდნობით აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარეს და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები განალაგეს, დანარჩენი საქართველოს ბედი, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ვინაიდან ძალიან კარგად იციან, რომ ეს ქვეყანა სულ მალე აღმოჩნდება იმ ჩიხში, რომლიდანაც გამოსასვლელს ვეღარ იპოვის და დაჩოქილი გაიწვდის ხელს რუსეთისკენ, _ მიშველეო.
_ ამბობთ, რომ ამერიკელებისთვის სულერთია, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში?
_ არა, პირიქით. ვფიქრობ, რომ ამ უაღრესად დაძაბული საერთაშორისო ვითარების გამო, როდესაც ისინი გადიან საშუალო და ახლო მოქმედების რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებიდან და დიდი ომისკენ სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ, ამერიკელებს, ალბათ, სააკაშვილის დაბრუნება უნდათ, ვინაიდან აქ, სტრატეგიული თვალსაზრისით ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში, სჭირდებათ ისეთი აგრესიული და გაწაფული ავანტიურისტი, როგორიც სააკაშვილია.
სააკაშვილი ივანიშვილის მოყვანილია ხელისუფლებაში, მისი ფულითაა ნაკვები და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას და მთელ “ნაციონალურ მოძრაობას” ახლაც ივანიშვილი აფინანსებდეს და კვებავდეს. ეს ერთი თაღლითურ-პოლიტიკური გუნდია, რომელიც ერთმანეთთან ხალხის მოსაჩვენებლად დააპირისპირეს, რათა ორივეს ხანგრძლივი პოლიტიკური სიცოცხლე გაუნაღდონ, რათა ერთგულად და დაუღლელად ემსახურონ საკუთარ სტომაქსა და ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს საქართველოსა და რუსეთის საზიანოდ.
საპარლამენტო არჩევნებამდე როგორმე გაათრევენ დროს და მათი ჩანაცვლება იმ ახალი პოლიტიკური ძალით, რომელიც 2020 წლამდე აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, ძნელი არ იქნება. ერთი სიტყვით, ქართველ ხალხს ივანიშვილისა და სააკაშვილის მოცილება თუ სურს, ამ მიზნისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სალომე ზურაბიშვილის არჩევაა, ხოლო თუ ივანიშვილისა და სააკაშვილის ტანდემისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება უნდა, ამ მიზნისკენ გრიგოლ ვაშაძის არჩევა მიდის. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა