Home ახალი ამბები საქართველო რა თქვა ლავროვმა და რა დაამტკიცა!

რა თქვა ლავროვმა და რა დაამტკიცა!

225

“ნაცები” და მათი ვაშაძე-ხაზარაძეები, როგორც ყოველთვის, უკიდურესად დესტრუქციულები, დუჟმორეულები და უმეცარნი იყვნენ რუსეთთან მიმართებით – ამიტომაც აგებენ ისინი პოლიტიკურ პროცესებს, თუმცა მათ ბევრად არც “სახელმწიფოდ მოაზროვნე”, ფულებით დატენილი “ქოცები” ჩამორჩნენ.

რად გვინდა ლავროვის რამეო, რაში გვჭირდება რუსეთიო – იყო “ქოცი” დეპუტატების პასუხი. მათ  დასავლეთთან იდეოლოგიური ჭიდილის ავანგარდში მყოფი დოხტური ხუნდაძეც აჰყვა, რომელიც “მამალი ინტელექტუალების” გაერთიანებას – ბიძინას,… ბოდიში, ხალხის “ძალას” წარმოადგენს: ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, საჰაერო მიმოსვლის თემა არ გვაინტერესებსო (ვითომ რუსეთიდან ვინმე კალთებს ახევს ამათ, ჩვენთან მოლაპარაკებები აწარმოეთო!).

თუმცა, ჩვენი უმწიფარი პოლიტიკური სპექტრის რეაქციებისგან დამოუკიდებლად, მინისტრმა ლავროვმა სათქმელი თქვა და დაამტკიცა:

რუსეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია და ეს პოზიცია გულისხმობს თბილისის პოზიციებთან სოხუმისა და ცხინვალის პოზიციების დაახლოების შესაძლებლობას. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკა არ იქნება ანტირუსული და კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამკვიდრების ინსტრუმენტი;

ლავროვმა დაამტკიცა, რომ რუსეთის ხელისუფლება ზედმეტად რბილად და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, უპატიებლად მცირე მოთხოვნებს უყენებს ოფიციალურ თბილისს; დამსახურებად უთვლის მას ელემენტარულს – ეკონომიკური სანქციებისგან თავის შეკავებას, რაც თავისთავად, სასაცილოა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ასეთი სანქციების გამოცხადება თავად საქართველოს ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს და არა რუსეთისას;

ლავროვმა ისიც დაამტკიცა, რომ პირადად იგი, რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი უძლიერესი წევრი, უზარმაზარი დიპლომატიური სამინისტროს უცვლელი თავკაცი ბოლო 18 წლის მანძილზე, დადებითად და სითბოთი არის განწყობილი საქართველოს მიმართ, რომლის დედაქალაქ თბილისში იგი იზრდებოდა და თავისი თბილისელობის ფაქტი კარგად ახსოვს! 

მეტი რაღა უნდა დაემტკიცებინა ლავროვს თავის სპონტანურ გამოსვლაში, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის ფარგლებში?! – თუმცა, რას ამბობთ, “ქოცები” იმასაც იძახიან, ლავროვმა ეს ყველაფერი “ნაცებისთვის” “ქოცნების” საწინააღმდეგოდ არგუმენტების მისაცემად განაცხადაო!

ასეთი პოლიტიკური უმწიფრობა 1980-90-იანი წლების მიტინგებიდანაც კი არ მახსოვს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აიტაცოს რუსული მხარის კონსტრუქციული, მეტად პოზიტიური პოზიცია და შემხვედრი ნაბიჯები გადადგას, სრული დესტრუქციის რეჟიმში ჩადგა.

უკვე აშკარაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, უსინდისობის და უტიფრობის პრობლემასთან ერთად, სრული გონებრივი დაჩლუნგების პრობლემაც დაემატა. რამდენ ხანს გაუძლებს ამას საქართველო? – საკითხავი მხოლოდ ეს არის.

გულბაათ რცხილაძე

http://politforumi.com/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here