Home ახალი ამბები საქართველო ქვეყანას, რომელშიც 665 ათასზე მეტი ადამიანი  შემწეობას იღებს იმისთვის,  რომ შიმშილით არ...

ქვეყანას, რომელშიც 665 ათასზე მეტი ადამიანი  შემწეობას იღებს იმისთვის,  რომ შიმშილით არ მოკვდეს,  უფლება არ აქვს, საახალწლოდ მილიონები დახარჯოს იმაში, რაც აქვს

40 დღის განმავლობაში ჩართული საახალწლო განათება დედაქალაქში დღეში 30 ათას ლარზე მეტს წერს და ამასაც მერია იხდის, ანუ განათება მილიონზე მეტი ჯდება, დაახლოებით 2 მილიონი - საკონცერტო სამზადისი და უშუალოდ კონცერტი

278

გემახსოვრებათ, ალბათ,  2019  წელს ნაყიდ და დედაქალაქის ცეტრში საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეს რამდენი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ზოგმა ტოტი დაიწუნა, ზოგმა – ღერო, ზოგმაც განათება და, საბოლოოდ,  კრიტიკა მას შემდეგ მინელდა, როცა გაირკვა, რომ მართლაც უცნაური ნაძვის ხე თანამედროვე მოდის „კივილი“ ყოფილა და ანალოგიური ნაძვის ხე ევროპის არაერთ დიდ ქალაქში  იდგა. შარშან  ნაძვის ხე მილიონ ლარამდე დაგვიჯდა და ვერ ვიფიქრებდი, რომ  2019 წლის „მოდის კივილს“ ჩავანაცვლებდით და ახალ ნაძვის ხეს შევიძენდით. იმხანად ნაძვის ხის შეძენა, მისი და ქუჩების  მორთვა 3 მლნ ლარზე მეტი დაჯდა და ეს ქართული რეალობისთვის დიდი  ფუფუნება იყო. ახლა კი…

თბილისის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა და აპირებს, შეიძინოს ნაძვის ხე, რომელსაც 365 ტოტი, 120 ცალი ფარდა-განათება და დამატებით 100 მოსართავი აქსესუარი ექნება. ნაძვის ხე  24 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს და რატომ გვაქვს იმის განცდა, რომ ასეთი დეტალების გათვალისწინებით უკვე ცნობილიც იქნებოდა, რომელი ნაძვის ხე და, რაც მთავარია, ვინ უნდა შეიძინოს? მარტივად რომ გითხრათ, სატენდერო ღირებულება 730 ათასი ლარი იყო და ტენდერში მონაწილეობდა  მხოლოდ ერთი კომპანია „ღამის შოუს სტუდია“ (?!), მერიას 10 ათასი ლარით ნაკლები შესთავაზა და ახლა ვალდებულების შესასრულებლად 720 ათასი ლარი აქვს. ცნობისათვის: არაერთი ევროპული დედაქალაქი საახალწლოდ ცოცხალ ნაძვის ხეს რთავს, შემდეგ  ეს ნაძვის ხე ტყეში  მიაქვთ, წესების სრული დაცვით რგავენ და ამით ბუნებასაც უფრთხილდებიან, ნაძვის ხეშიც არ ისვრიან ასი ათასებს და ყველა ბედნიერია.

რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ახალ წელს ბავშვებს უნდა უხაროდეთ, ბედნიერები იყვნენ, საჩუქრებს იღებდნენ… მაგრამ, საქართველოში ასე არ ხდება, საჩუქრები კი არა, საახალწლოდ  ბევრ ბავშვს ერთი ფილა შოკოლადი ენატრება. ქვეყანას, რომელშიც 665 ათასზე მეტი ადამიანი სახელმწიფო შემწეობას იღებს იმისთვის, რომ შიმშილით არ მოკვდეს, უფლება არ აქვს, საახალწლოდ  მილიონები დახარჯოს იმაში, რაც ისედაც აქვს. შეიძლება  არც ის იცით, რომ 40 დღის განმავლობაში ჩართული  საახალწლო განათება დედაქალაქში დღეში 30 ათას ლარზე მეტს წერს და ამასაც მერია იხდის, ანუ განათება მილიონზე მეტი ჯდება, დაახლოებით 2 მილიონისაკონცერტო სამზადისი და უშუალოდ კონცერტი.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ახალ წელს წუთიერი დუმილით უნდა შევხვდეთ… არა, პირიქით – უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ იმ ნორმისა და ზომის ფარგლებში, რომელიც  შეგვეფერება. „საახალწლო სოფელი“ რომ ეწყობა და ტკბილეული, მთლიანი თუ არა, „ნახევარი თირკმელი“ მაინც რომ ღირს, ეგებ იმის გაიაფებაზე ეზრუნა ხელისუფლებას და თუნდაც ახალი ნაძვის ხისთვის გამოყოფილი 720 ათასი ლარით ის მოეხერხებინა, საახალწლო ტკბილეული სიმბოლურ ფასად გაყიდულიყო, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა:  სად წავიდა ან წავა 3 მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე? დიდი ალბათობით, მას რომელიმე დიდ ქალაქს მისცემენ და იქ აანთებენ, მაგრამ მანამდეც ხომ მისცეს დიდ ქალაქებს ადრე ნაყიდი ნაძვის ხეები? თვითონ  მუნიციპალიტეტებიც ხომ იძენენ ნაძვის ხეებს, რომლებიც შემდეგ  უკვალოდ ქრება, ისევ ახალი ტენდერი ცხადდება, იქაც იხარჯება ასი ათასები… რეგიონებში მოსახლეობამ კარგად იცის, რომ  წინა წელს ქალაქის მოედანზე მდგარი ნაძვის ხე  ახლით რომ ჩანაცვლდება, ძველი ხშირად  რატომღაც მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის სახლის მოპირდაპირე მხარეს იდგმება და არც ამას აპროტესტებს ვინმე. არადა, რეგიონებში გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე დედაქალაქში და იქ უფრო მეტი ბავშვი შიმშილობს.

იმისთვის თუ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ, როცა დედაქალაქიდან რეგიონებში მიდიან სტუმრად,  „საჩუქრად“… საჭმელი მიაქვთ. ჰო, ფქვილი, შაქარი, ბურღულეული და ამას არავინ აპროტესტებს. არ აპროტესტებს იმიტომ, რომ შიმშილმა და გაჭირვებამ თავმოყვარეობა მეათე ადგილზე გადაწია და მოსახლეობის დიდ ნაწილს  საფიქრალი  ის აქვს, კონკრეტული დღე როგორ გადააგოროს, როგორ გამოიკვებოს. ამ დროს კი  ესმით, რომ ნაძვის ხის შესაძენად  მილიონი იხარჯება და ისიც ახსოვთ, რომ 3-მილიონიანი ნაძვის ხე გვაქვს, მაგრამ მას არ ვანთებთ. რეგიონებშიც  ადგილობრივ თვითმმართველობას 300 და 400 ათასი რომ არის ნაძვის ხეში გადახდილი და საახალწლოდ გაჭირვებული ოჯახებისთვის 2 კგ ფქვილი, 1 კგ კანფეტი და ერთი კოლოფი ყავა რომ მიაქვს, ეგებ აჯობებდა, ახალი ნაძვის ხის საყიდელი ფულით სწორედ ეს კალათა გაეზარდა და წელიწადში ერთხელ მაინც ნამდვილი საახალწლო დღე გაეთენებინა ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის. თუ თქვენ არ გინახავთ, ჩვენ გეტყვით – საახალწლოდ მაღაზიებში 8-ლარიანი ძეხვები ქრება. ჰო, კილოგრამი ხორცი 25 ლარი რომ ღირს და კილოგრამი  ძეხვი – 8 ლარი, კი ხვდებით, ხორცის რა შემცველობა იქნება ძეხვში,რომლითაც  ცდილობენ ხოლმე ახალი წლის გადაგორებას, სხვა დღეებში კი ესეც ფუფუნებაა.  სამაგიეროდ,  რეგიონებში, არცთუ ცნობილი მომღერლები დაჰყავთ, ამღერებენ, ათასებს აძლევენ და ეს იმისთვის, რომ კონკრეტული მომღერლები ვიღაცის ახლობლები არიან, ვიღაცის მხარდამჭერები, ძმაკაცები და მერე რა, თუ ხმა და სმენა ისეთი არ აქვთ, როგორიც საახალწლო კონცერტისთვის არის საჭირო. მთავარია, კონცერტი დაერქვას და დანარჩენი მეასეხარისხოვანია. ამას წინათ ზაფხულის ფესტივალი გაიმართა და ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერიამ დააანონსა, რომ ბავშვებისთვის ნაყინი უფასო იქნებოდა. იცით, რას ნიშნავს ზაფხულში ბავშვებისთვის უფასო ნაყინი? – სასწაულს და ამ სასწაულის სანახავად თუ გემოს გასასინჯად  რვა სკოლის ბავშვები მივიდნენ. მერე გაირკვა, რომ ბიუჯეტი გამოყოფილი იყო მხოლოდ 300 ნაყინზე  (ანუ, სულ 300 ლარი).  ათასზე მეტი ბავშვი რიგში ამაოდ იდგა და ამაოდ ელოდა დაპირებულ უფასო ნაყინს. რაღაცით ახალი წელიც ამას ჰგავს – უფასოა ანიმატორებთან სურათის გადაღება, უფასოა კონცერტი, უფასოა ნაძვის ხის ცქერა, მაგრამ „საახალწლო სოფელში“ ისეთი ფასებია, ამ „უფასოს“ გავიწყებს და ცხარე ცრემლით გატირებს. ბავშვებს მოსწონთ ბრჭყვიალა ფერებიც, ანიმატორებიც, განათებებიც, მაგრამ ყველაზე მეტად ტკბილეული უნდათ, საახალწლო ტკბილეული, ის კი ძალიან ძვირი ღირს. ამიტომაც არის, მილიონიან ნაძვის ხესთან პატარების მიყვანას რომ ერიდებიან მშობლები, ნაძვის ხის თვალიერება ხუთ წუთს  გრძელდება, შემდეგ კი იწყება სირბილი დახლიდან დახლზე და ჩურჩხელის, გოზინაყისა და შოკოლადის შეძენის სურვილი. როცა ბავშვი მარტოა, კიდევ ასატანია, მაგრამ, როცა მშობლებს 2-3 და მეტი ბავშვი მიჰყავთ, ოჯახის ბიუჯეტს სამნიშნა ციფრი აკლდება. ურიგო, ალბათ, არ იქნება, თუ ცოცხალი ნაძვის ხის მორთვაზე გადავალთ. საახალწლო ნაძვის ხის ტყიდან მოტანა, შემდეგ მისი ადგილზე დაბრუნებაც საინტერესო პროცესი იქნება, საახალწლო ნაძვის ხეს საპატიო ესკორტი გააცილებს, სიმბოლური დაცვა ეყოლება, მერე კი ისევ ტყეში –  კვლავ დაცვითა და ესკორტით და ეს იქნება სანახაობა, დრონით გადაღებული ეფექტებით… ამას აკეთებს ევროპის არაერთი  ქვეყანა და ბავშვები ორ თუ სამ-საათიან პროცესს პირდაპირ ეთერში უყურებენ, უხარიათ, ნერვიულობენ ბავშვურად და შემდეგ, როცა ყველაფერი სრულდება, იმ ნაძვის ხის სანახავად მიდიან, რომელშიც მილიონი გადახდილი არ არის.

ვერ გეტყვით, ოდესმე თუ მივალთ აქამდე და მოვიქცევით არა ისე, თითქოს უმდიდრესი ქვეყანა ვიყოთ და ჩვენთვის მთავარი პრობლემა ნაძვის ხის ზომები იყოს, არამედ ისე, როგორც ჩვენს  ქვეყანას შეეფერება. იმაზე ვიზრუნებთ, რომ თუნდაც ახალ წელს წელიწადში ერთი დღე გავულამაზოთ ყველა ბავშვს და ყველა პატარამ დაიჯეროს, რომ სასწაულები სწორედ ახალი წლის ღამეს ხდება. სხვაგვარად კი ისე გამოდის, რომ ერთეულების ხუშტურებზე უნდა იაროს  ქვეყანამ,  ერთეულების მიერ მოწონებული განათება თუ ნაძვის ხე უნდა მოიწონონ დანარჩენებმაც და, ვიღაც ბელგიიდან სპეციალურად ჩამოტანილ შოკოლადს რომ დააყოლებს ესპანეთიდან ჩამოტანილ ჰამონს, ზუსტად მაშინ 8-ლარიან ძეხვთან ერთად შემწვარ ერბოკვერცხს შეჭამს ბევრი და გაუხარდება. ჰო, გაუხარდება იმიტომ, რომ  8-ლარიანი ძეხვიც კი სხვა დღეებში ფუფუნებაა… 665 ათას ადამიანზე მეტი სახელმწიფოსგან დახმარებას რომ არ იღებდეს, შიმშილით მოკვდებოდა და, სამწუხაროდ, ციფრები არასოდეს ტყუიან; ის ციფრები, რომელთა  მიხედვით, 3-მილიონიანი ნაძვის ხე აღარ გვჭირდება, მაგრამ  ახალს მაინც  ვყიდულობთ.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here