Home ახალი ამბები საქართველო ქვეყანა თუ დაგვექცევა, მართლმსაჯულებას რა თავში ვიხლით?!

ქვეყანა თუ დაგვექცევა, მართლმსაჯულებას რა თავში ვიხლით?!

454
23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააპატიმრეს

არსებობს ისეთი საშინელი მოვლენა, ომელსაც შეიძლება კანონიერი დანაშაული ვუწოდოთ.

როგორ? –  მკითხავთ თქვენ, – კანონიერი და დანაშაული ხომ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ის, რაც კანონიერია, დანაშაული ვერ იქნება და ის, რაც დანაშაულია, კანონიერი ვერ იქნება!

მართალი ბრძანდებით, გიპასუხებთ მე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ამგვარი პარადოქსიც, რომ ზოგჯერ კანონი დანაშაულებრივია, დანაშაული კი კანონიერი. წინამდებარე წერილში სწორედ ამ საკითხს მინდა შევეხო

მევახშეობა საძრახ საქმიანობად ითვლებოდა ყველა დროში, მაგრამ ამ ინსტიტუტმა საუკუნეებსა და ათასწლეულებს გაუძლო. ერთადერთი სისტემა, რომელშიც  მევახშეობა არ არსებობდა, სოციალისტური ეპოქა იყო. ყველა ეპოქასა და ყველა სისტემაში, რომელშიც  ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია ნებადართულია, მევახშეობა კანონიერი მოვლენაა. მევახშეობა საზოგადოებაში არსებული უსამართლობის საზომია. წესწყობილება, რომელშიც მევახშეობა (მისი ბუნებით დანაშაულებრივი მოვლენა) ნებადართულია, უსამართლოა, რადგან ეს მოვლენა მდიდრის მიერ ღარიბის ჩაგვრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა;

 საერთო მატერიალური სიმდიდრის იმ მცირე ნაწილის, რომელიც ჩაგრული კლასის ხელში დროებით აღმოჩნდება, მდიდარი კლასის ყულაბაში მოსაქცევად და გადასაქაჩად გამოგონილი ვერაგული ეკონომიკური მეთოდია; მსხვერპლისგან მისივე თანხმობითა და ნებაყოფლობით სისხლის უკანასკნელი წვეთის ამოწოვის ფინანსური მექანიზმია.

საბანკო კრედიტების სისტემა იგივე მევახშეობა არ არის? – მორიგი შეკითხვა გაგიჩნდებათ თქვენ.

– რა თქმა უნდა, კაპიტალისტურ სისტემაში ე.წ. კომერციული საბანკო ინსტიტუცია მისი არსითა და შინაარსით დანაშაულებრივი მექანიზმია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ ითვლება დანაშაულად, რომ დაკანონებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ეს ერთი ინსტიტუცია, არამედ მთელი საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემაა დანაშაულებრივი.

კი, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კრედიტებით ახერხებს ცხოვრებას და, ეს ინსტიტუცია რომ მოიშალოს, საზოგადოება რა დღეში აღმოჩნდება? – მორიგ შეკითხვას დამისვამთ თქვენ.

როგორც  უნდა გამწვავდეს ჩვენი პოლემიკა, თქვენი სიმართლე სისტემის (კაპიტალიზმის) შიგნით დარჩება, ჩემს სიმართლეს კი ზოგადი ხასიათი ექნება. დაუშვებელია, რომ სისტემა (სახელმწიფო) მდიდარს ღარიბისგან სისხლის ამოწოვის კანონიერ გზას უხსნიდეს. მართალია, საბანკო-საკრედიტო სისტემა სახელმწიფოს მიერ რეგულირდება და, საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებით მას რამდენადმე ადამიანური სახე აქვს მიცემული, მაგრამ, თეორიულად რა კეთილშობილური იერითაც უნდა შემოსონ ეს სისტემა, პრაქტიკულად იგი, ხალხის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პრინციპზე კი არა, მოგების პრინციპზე იგება. იქ კი, სადაც მოგება დაკანონებულია, წაგებაც დაკანონებულია, ანუ მდიდარი მუდმივად იგებს, ღარიბი მუდმივად აგებს.

ანალოგიური ვითარებაა ინდივიდუალური მევახშეობის შემთხვევაშიც. კერძო ბანკებს თუ აქვთ მევახშეობის უფლება, ამ უფლებას ინდივიდუალურ მევახშესაც ვერ წავართმევთ. ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, არის ის, რომ ინდივიდუალური მევახშის საქმიანობასაც უნდა არეგულირებდეს (არეგულირებს კიდეც) კანონმდებლობა, ისიც უნდა იხდიდეს (იხდის კიდეც) გადასახადს და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში, პრობლემა რაში მდგომარეობს? – მკითხავთ თქვენ.

– ისევ გავიმეორებ: სისტემის გარეთ თუ გავალთ, პრობლემა ისაა, რომ ფორმაცია, რომლის მამოძრავებელი ძალა ხალხის დაკმაყოფილების ნაცვლად მოგებაა, სამართლიანი ვერ იქნება. სისტემის შიგნით თუ ვიმსჯელებთ, ასეთ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ საკრედიტო-საპროცენტო განაკვეთი (ბანკი იქნება კრედიტორი თუ კერძო პირი) არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს და ექსპლოატაციას იმის მიხედვით, თუ ვის როგორ მოესურვება, უნდა გამორიცხავდეს.

ამ თემის წამოწევისკენ რამ გიბიძგათ? – კიდევ ერთი შეკითხვა წამოვა თქვენგან.

– ის დრამა თუ ტრაგედია, რომელიც თბილისში კეკელიძის ქუჩაზე ვიხილეთ, არა მხოლოდ ამ საკითხის იურიდიულ, ეკონომიკურ და ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ ასპექტებზეც ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას. ჩნდება შეკითხვა –  რა იმალება ამის უკან? დავანებოთ თავი ამ საკითხის მორალურ, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ მხარეს და მხოლოდ იურიდიულ მხარეზე ვიმსჯელოთ. თანაც, დავუშვათ, რომ იურიდიულად ყველაფერი სწორად გაკეთდა. მოქალაქე (ოჯახი) სასამართლოს მიერ გამოტანილი და იურიდიულ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით გამოსასახლებელი იყო ბინიდან და აღსრულების ბიურომ მისი მოვალეობა შეასრულა. მან აღასრულა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ვის რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ასეთ შემთხვევაში? წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, არანაირი, მაგრამ იურიდიული ასპექტების პარალელურად ხომ არსებობს სხვა მიდგომები – ადამიანური, ზნეობრივი, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებრივი. ერთია სასამართლოს გადაწყვეტილება,  მეორეა მისი აღსრულების პრობლემა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გარკვეულ მიზეზთა გამო როდესაც რთულდება, მას გადადებენ-ხოლმე, რადგან დაუშვებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძვლად იქცეს. იმ დროს, როდესაც წინააღმდეგობა მხოლოდ ოჯახიდან კი არა, საზოგადოებიდანაც წამოვიდა, რატომ იყო აღსრულების ბიუროსა და პოლიციის ქმედება ასე აგრესიული, სასტიკი და უკომპრომისო?! ისინი მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მოტივით მოქმედებდნენ თუ აღსრულება მხოლოდ ის საბაბი იყო, რომლის უკან ხელისუფლების საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ბინძური პოლიტიკური მოტივი იმალებოდა? მიაქციეთ ყურადღება: იმ შეკითხვათა შორის, რომლებიც ამ საკითხზე  შეიძლება დაისვას, ეს უმთავრესია. ამ კადრების ნახვის შემდეგ არავის უთქვამს: ნახეთ, როგორი სასტიკი აღსრულების ბიურო გვყავსო. მხოლოდ იმას ამბობენ: ნახეთ, როგორი სასტიკი და არაჰუმანური ხელისუფლება გვყავსო. ამგვარ მოქმედებას პროვოკაცია და საბოტაჟი ჰქვია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფორმალურად თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა და სწორია, შედეგის მიხედვით კი დამანგრეველია.

არაფერს ვამტკიცებ, რადგან არ ვიცი, ვინ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი და ვინ – მტყუანი. ამის გარკვევა არ შედის ჩემს კომპეტენციაში. მე მხოლოდ იმ შთაბეჭდილებაზე ვსაუბრობ, რომელსაც კეკელიძის ქუჩის კადრები აჩენდა. მთელი “მეხუთე კოლონის” (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი აქტივისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები) ასე მობილიზება ამ პოლიტიკური შოუს მოწყობაში პოლიტიკური მოტივის არსებობაზე ღაღადებს. ხომ სასაცილოა ფიქრი იმაზე, რომ ზამთრის სუსხიან დღეს ისინი გასაჭირში ჩავარდნილი ოჯახისთვის თანადგომის გამოხატვის სურვილმა მიიყვანა კეკელიძის ქუჩაზე. ხომ ნათელია, რომ ისინი, დაზარალებულის ინტერესებს კი არა, საკუთარ ინტერესებსა და საკუთარ მდგომარეობას იცავდნენ?! მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ შეძლეს სანახაობის ორგანიზება, იმ სანახაობისა, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აღვივებს, ამიტომ ხელისუფლებას მრავალი მიმართულებით მართებს ფიქრი: ჯერ ერთი, როგორი იურიდიული დასაბუთებაც უნდა ჰქონდეს, სახელმწიფომ ადამიანების მიმართ მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს; მეორე – გართულებულ პოლიტიკურ ვითარებაში სახელმწიფომ საკუთარ სტრუქტურებში საბოტაჟისა და მავნებლობის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დაუშვას, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულებული განაჩენი გაცილებით მეტი ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის,  ვიდრე მის აღსრულებაზე უარის თქმა იქნებოდა. ძველი რომაული სენტენცია –  “დაე, დაიქცეს ქვეყნიერება, ოღონდ აღსრულდეს მართლმსაჯულება”, ძალიან ძლიერი ფრთიანი (მხატვრული) გამონათქვამია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, თუმცა არის აქ ერთი “მაგრამ”… თუკი მზად ვართ, რომ მართლმსაჯულების აღსრულებას ქვეყნიერება ვანაცვალოთ, ის მართმსაჯულება სამართლიანი უნდა იყოს. დანაშაულებრივი კანონებისგან შემდგარი მართლმსაჯულების აღსასრულებლად კი იქნებ არ ღირდეს ქვეყნიერების დაქცევა. მართლმსაჯულების აღსრულება იმისთვის გვინდა, რომ უსამართლობამ ქვეყანა არ დაგვინგრიოს. ქვეყანა თუ დაგვექცევა, მართლმსაჯულებას რა თავში ვიხლით, მით უფრო, საეჭვო ღირებულების მქონე მართლმსაჯულებას?!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                       

1 COMMENT

  1. ბ-ნო ვალერი, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლებით ქვეყანა არ დაქცეულა, კანონი აღსრულდა. ფული რომ აიღო და უბერავდა, ის ხომ კარგი იყო! მოდი ყველამ ავიღოთ და არ გადავიხადოთ, რა გამოვა? მოსაწესრიგებელია სესხის აღების წესი, რაც სესხის გამცემსაც შეზღუდავს. უნდა აიკრძალოს ისეთი სახლის სესხში ჩადება, რომელიც ერთადერთი აქვს ადამიანს, მით უმეტეს, რომ ამით ოჯახის სხვა წევრებსაც, ბავშვებსაც. იგივე ითქმის სათამაშო ბიზნესზე, ტველამ თავისი წილი უნდა წააგოს და არა სხვისი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here