მთავარი პოლიტიკა “ქართულმა იცნებამ” ის მოახერხა, რომ 2012 წელს 151 მლნ ლარის მოგების მქონე...

“ქართულმა იცნებამ” ის მოახერხა, რომ 2012 წელს 151 მლნ ლარის მოგების მქონე საწარმოები 100 მლნ-ის ზარალზე გაიყვანა

730
გააზიარეთ

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ეკონომიკის გაძლიერება, იმ სიღარიბიდან ამოსვლის გზა, რომელშიც მთელი ქვეყანაა ჩაფლული, საწარმოების გახსნა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაა; იმ პროდუქციის, რომელიც იაფი ეღირება და რომლის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი. ის სტატისტიკური მონაცემები მოვიპოვეთ, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებს ეხება და, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული დავრჩით. 

ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წელს სახელმწიფოს კუთვნილი უდიდესი საწარმოების ბრუნვა 2 მილიარდი ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ ეს ის წელია, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლება “ქართულ ოცნებას” გადააბარა. ჰოდა, ეს წელი მათ 151 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. როგორ გგონიათ, რა დრო დასჭირდა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ 151-მილიონიანი მოგება გაენულებინა? ძალიან ნუ დაიძაბებით და შორს ნუ წახვალთ, მეორე წელსვე, ე.ი., 2013 წლიდან მოგება ზარალმა შეცვალა. თავდაპირველად ჯამური წაგება “სულ რაღაც” 45 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 61 მილიონ ლარამდე მოიმატა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ 2015 წელს ზარალმა რეკორდული მოცულობის თანხა _ 757 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყო. როგორც ჩანს, მილიარდიან ნიშნულთან მისვლა ხელისუფლებას არ მოეწონა და 2016 წელს ზარალი მხოლოდ 441 მილიონი ლარი იყო, 2017 წელი კი 562 მილიონის ზარალით დასრულდა, ანუ ისევ “წინ” წავედით.

ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? აღნიშნული საწარმოების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ აქვს. უხეშად დავიანგარიშოთ: მხოლოდ 562 მილიონი ხელფასის სახით (თვეში 1500 ლარი) რომ დაგვერიგებინა კონკრეტული ოჯახებისთვის, ერთი წლის განმავლობაში 31 ათასი ოჯახი ადამიანურად იცხოვრებდა. 31 ათასი ოჯახი რამდენია, იცით, ბატონებო? 150 ათას კაცამდე…

ციფრებსა და სტატისტიკას თავი დავანებოთ, იმასაც შევეშვათ, რომ ერთი წლის განმავლობაში 150 ათასი ადამიანის გამოსაკვები ფული, უბრალოდ, ზარალში წავიდა, თანაც სახელმწიფო საწარმოების ზარალში, და კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდეთ.

თუ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს დავუჯერებთ, საგანგაშო არაფერი არ ხდება(?!):

აქ არის სამი ძირითადი საწარმო, რომლებსაც ზარალი აქვს. ეს არის რკინიგზა, სახელმწიფო ელექტროსისტემა და მარაბდა-კარწახის რკინიგზა. ეს სამი საწარმოა, რომლებსაც, ძირითადად, წაგება აქვს დაწერილი. მარაბდა-კარწახის რკინიგზა, მოგეხსენებათ, არ ფუნქციონირებს და იქ განხორციელებული ინვესტიცია არანაირ შემოსავალს არ იძლევა და ახსნა მარტივია. და რა ხდება ელექტროსისტემისა და რკინიგზის შემთხვევაში? ელექტროსისტემაში აქტივების ჩამოწერა მოხდა. 500-კილოვატიანი ხაზი გაკეთდა, მათ შორის, თურქეთზე გამავალი, და ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ღირებულების მქონე პროექტი, რაც განხორციელდა. ვინაიდან ეს ხაზი არ არის დატვირთული და ვერ წერს იმ შემოსავლებს, რა შემოსავლებიც იყო გათვლილი, მოხდა აუდიტორული კომპანიის შეფასება, რომ ეს არ არის ამ ღირებულების, რაც თავიდანვე დაიხარჯა, და ეს თანხა ერთიანად აისახა ზარალში. იგივე მოხდა რკინიგზის შემთხვევაშიც. აქ იყო თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი. ვინაიდან რკინიგზა მას ვერ იყენებს კომერციული მიზნებისთვის, ეს აისახა როგორც ერთი წლის ხარჯში და აისახა ეს მთლიანად ზარალში. ეს სამი მიზეზია ძირითადად, რომლებმაც უზრუნველყო ამ მოცულობის ზარალი”, _ განმარტა კაკაურიძემ.

ეს ყველაფერი, ალბათ, გასაგები იქნებოდა, რომ არა ყოველწლიური ზარალი. ანუ, თუ ერთ წელს ერთი პროექტი ზარალში წავიდა, დანარჩენ წლებში იმავე საწარმოებმა სხვა პროექტები განახორციელეს, რომელიც ასევე ზარალში წავიდა?! და რატომ დებს სახელმწიფო საწარმო ფულს იმ პროექტებში, რომლებსაც წლის ბოლოს, მოგების ნაცვლად, ნახევარი მილიარდის ზარალი მოაქვს?!

რა გამოდის?! ნახევარ მილიარდს ვზარალობთ, თანაც, პრაქტიკულად, მხოლოდ 3 საწარმოსგან და თან ვაფინანსებთ?! მით უმეტეს რკინიგზა, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში მომგებიანია, საქართველოში რატომ გახდა წამგებიანი? ეს ის რკინიგზაა, რომელსაც წინა ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში ლამის მილიარდიანი მოგება დააწერინა, ახლა კი თურმე არარენტაბელურია და ზარალზე მუშაობს; ის რკინიგზა, რომელიც ტურისტულ სეზონზე რეისებს ვერ აუდის დასავლეთის მიმართულებით და ჩქაროსნულ მატარებლებს ამატებს; ის რკინიგზა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი გადამზიდია ტვირთების, თურმე წამგებიანია.

კეთილი, ასე იყოს, დავიჯეროთ, რომ ეს მოხდა შემთხვევით, უნებურად და ა.შ. მაგრამ ახლა ხომ ვიცით, სახელმწიფომ ხომ იცის, რომ სამმა საწარმომ (არც მეტი, არ ნაკლები) ერთ წელიწადში ბიუჯეტი ნახევარ მილიარდზე მეტით აზარალა? ჰოდა, ვინმეს თუნდაც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაეყენებინა? არ უნდა ეთქვა ვინმეს: ხალხო, აგერ, ნახევარი მილიარდი ვიზარალეთ და მენეჯმენტი მაინც შევცვალოთო? თუ, რკინიგზაში უზარმაზარ ხელფასებს რომ იღებენ, პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ? თუ ხუთი მოადგილისა და ექვსი მრჩევლის ფონზე, ყველაფერი ისე საშინლად არ ჩანს? ნაციონალების მმართველობის პერიოდში რკინიგზაში მრჩევლად წასვლა იმას ნიშნავდა, რომ არაფერი არ უნდა გეკეთებინა და სოლიდური ხელფასი გექნებოდა. ახლაც ასეა, მაგრამ მაშინ მოგება მოჰქონდა რკინიგზას.

ახლა კი _ ყველაზე საინტერესო: 2017 წელს, მაშინ, როცა ყველაზე დიდი ზარალი ვნახეთ, რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო… საქართველოს ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. რეკორდული ზარალის შემდეგ ბახტაძე ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი პრემიერმინისტრად გადაიყვანეს და ვინმე აგვიხსნის, რატომ გააკეთეს ეს _ რა დამსახურებისთვის და, საერთოდ, სად წავიდა ეს კაცი პრემიერობის შემდეგ? ფეისბუქპოსტით წასული პრემიერი, საქართველოს გარდა, გინახავთ სადმე? ანგარიში ჩააბარა ამ კაცმა ხალხს ოფიციალურად, ეს გავაკეთე და ეს არ გამომივიდაო? ისიც გვახსოვს, ბახტაძეს რომ ნიშნავდნენ, მისი მოულოდნელი დაწინაურება მენეჯერის კარგი თვისებებით ახსნეს და… კარგ მენეჯერს მილიონობით ზარალამდე არ მიჰყავს საწარმო, მით უმეტეს სახელმწიფო საწარმო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რკინიგზაში ბატონი მამუკა წლიურად 220 ათას ლარზე მეტს იღებდა ხელფასის სახით.

ახლა ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ჯოხის გადატეხა ბახტაძეზე გვსურდეს. არა, ბატონებო, პირიქით, ის არაფერ შუაშია _ იმუშავა, როგორც შეეძლო, და დაუფასეს; რატომ დაუფასეს, არც კი უკითხავს. სავარაუდოდ, არც არასოდეს იკითხავს. აბა, საკუთარ თავზე გამოსცადეთ, ასე რომ გემუშავათ, ხოლო შემდეგ საქართველოს პირველი პირობა (ფორმალურად მაინც) შემოეთავაზებინათ, იტყოდით: მე ათეულ მილიონობით ლარით ვაზარალე სახელმწიფო, ლამის მეოთხედი მილიონი წლიური ხელფასის სახით ავიღე და არ მინდა პირველი პირობაო? არა, უმრავლესობა სწორედ ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა ბახტაძე, თუმცა…

ახლა სერიოზულად გვმართებს დაფიქრება: უნდა მოვუწოდოთ თუ არა ხელისუფლებას ახალი საწარმოების გახსნისკენ. თუ სამი საწარმო წლიურად ნახევარ მილიარდიან წაგებას წერს, მაშინ დაპირებული ასი საწარმო, ხომ ხვდებით, რას იზამს? საქართველოს კი არა, მგონი, რეგიონის ქვეყნების ბიუჯეტი არ ეყოფა ზარალს და სჯობს, არაფერი ააშენონ და გახსნან. ხომ ხედავთ, იქამდე მივედით, რომ ხელისუფლებას იქით ვეხვეწებით: ოღონდ საწარმოები არ გახსნა, უარესად არ გაგვაღარიბო და დღევანდელ მდგომარეობას ავიტანთო.

ეს ყველაფერი, შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან სასაცილოა და არც არის სატირალი, იმიტომ, რომ ტირილით ვერაფერს ვუშველით, მაგრამ ნამდვილად დროა, ვინმემ ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც რეალურად აგოს პასუხი. გაუშვებენ ვინმეს თანამდებობიდან და მერე ამბობენ: იმიტომ გავუშვით, ქვეყანას სათანადოდ არ ემსახურებოდა, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა, მილიონებს იპარავდაო. თქვე დალოცვილებო, ამას ჩვენ რომ გვიყვებით, წადით და პროკურორებს მოუყევით, მათ აუხსენით და დაუსაბუთეთ, მაგრამ რომელ პროკურორს თუ მოსამართლეს უნდა გაანდო გულის ნადები? “დიდოსტატის მარჯვენა” ვინ დაწერა, რომ არ იცის, თუ თავი თომას ჯეფერსონი რომ ჰგონია?

დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ნახევარმილიარდიან ზარალზე თანამდებობრივადაც კი არავინ აგებს პასუხს და გაისადაც იგივე იქნება ან უარესი, თუმცა… “სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ _ სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ…” _ ეს ფრაზა იმ წიგნიდანაა, ავტორი საიდუმლოებით მოცული რომ არის გენპროკურორისთვის, კაცისთვის, რომელმაც, წესით, ყველაფერი უნდა იცოდეს.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, ვინ დაწერა “დიდოსტატის მარჯვენა”…

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here