Home ახალი ამბები საქართველო ქართული 6-იანი და რუსული 9-იანი ან პირიქით…

ქართული 6-იანი და რუსული 9-იანი ან პირიქით…

ერთი მეცნიერული კვლევის დამაფიქრებელი შედეგები

581

ფსიქოლოგიაში ხშირად იყენებენ ორი არაბული ციფრის  –  6-იანისა და 9-იანის ვიზუალურ ანალოგიას. ეს ორი ციფრი ერთი კონფიგურაციისაა, ოღონდ შებრუნებული (ამოყირავებული),  ამიტომ მათი  მნიშვნელობა რადიკალურად იცვლება იმის მიხედვით, საიდან  (რომელი რაკურსით) ვუყურებთ. ერთ შემთხვევაში ვხედავთ 6-იანს, მეორე შემთხვევაში – 9-იანს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობებს აღიქვამენ, ისინიც მართლები არიან,  ვინ 6-იანს ხედავს და ისინიც, ვინც 9-იანს ხედავს. ეს შესანიშნავი ვიზუალური ნიმუშია იმისა,  როგორ  მნიშვნელობას იძენს დანახვის კუთხე.

რუსეთის კომუნიკაციის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (НИИРК) 2022 წლის მონიტორინგის შედეგები (“Результаты ежегодного мониторинга дружественности страновых коммуникационных режимов”), რომელიც რუსულ მედიაში გამოქვეყნდა, ჩვენთვის ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. აქ კვლევის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბებულია რუსეთის მიმართ მისი მეზობელი სახელმწიფოების კეთილგანწყობის რეიტინგი. საკვლევ სახელმწიფოთა შორის წარმოდგენილია 8 მეგობრული სახელმწიფო, 2- შედარებით მეგობრული სახელმწიფო და 4 არამეგობრული სახელმწიფო (აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ რეიტინგში არ არიან რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). საკომუნიკაციო რეჟიმები – ესაა პირობები და წესები, რომლებიც შექმნილია ამა თუ იმ ქვეყანაში საშინაო და საგარეო კომუნიკაციისთვის. ქვეყნებსშორისი საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგი კი არის მეცნიერული გამოკვლევა, რომელიც ჩატარდა კომუნიკაციის სისტემის 10 ჯგუფში 68 მაჩვენებლის მიხედვით, მათ შორის: საგარეო–პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, აგრეთვე საინფორმაციო საშუალებებში, განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ახალგაზრდულ კავშირებში და სხვ. მეგობრულობა კომუნიკაციურ სისტემებში გულისხმობს და განსაზღვრავს მშვიდობიან თანაარსებობას მრავალპოლუსიან მსოფლიოში. ეს არის თითქმის ყველაფერი ის, რაც გამოკვლევის შესავალ ნაწილშია ნათქვამი ცნებათა დაზუსტების თვალსაზრისით.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, მისი ძირითადი ნაწილი ასე გამოიყურება:

*  რეიტინგში ერთპიროვნული ლიდერია ბელარუსი.  მოკავშირე სახელმწიფოს სტატუსი გამოვლინდა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ყველა მიმართულებაში. მეგობრული განწყობები გაღრმავდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და დასავლური რუსოფობიის გამძაფრების შემდეგ;

* გამძაფრდა მეგობრული და არამეგობრული კომუნიკაციური რეჟიმების პოლარიზაცია: კომუნიკაციის განვითარების პირობები გაუარესდა (აკრძალვამდეც კი) არამეგობრულ რეჟიმებში (უკრაინა, ესტონეთი, ლივა, ლატვია). მთელ რიგ მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებში კი, რომლებიც აქამდე შედარებით თავდაჭერილად მოქმედებდნენ (მაგ., თურქმენეთი, უზბეკეთი), ზოგიერთი სახის კომუნიკაციის პირობები გაუმჯობესდა;

*  ზოგიერთ შედარებით მეგობრულ სახელმწიფოში (მაგ., საქართველო) გაუმჯობესდა ეკონომიკური კომუნიკაციის პირობები;

* ყველა ქვეყანაში გაძლიერდა ინფორმაციის შინაარსის კონტროლი, მათ შორის, სოციალურ ქსელებშიც. რუსეთის შესახებ ინფორმაცია ცენზურას ექვემდებარება, როგორც მეგობრულად განწყობილ, ასევე არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებში. მთელ რიგ ქვეყნებში სოციალური ქსელის შინაარსი ეროვნულ ენებზე ნაკლებად კეთილგანწყობილია, ვიდრე რუსულ ენაზე;

* რელიგიური ინსტიტუტები, რომლებიც 2021 წელს მეგობრული კომუნიკაციის არხებად რჩებოდნენ თვით არამეგობრულ სახელმწიფოებშიც კი, ახლა ძლიერ ზეწოლას განიცდიან და იძულებულნი ხდებიან, პოლიტიკური არჩევანი გააკეთონ;

*  ბალტიისპირეთის ქვეყნებში გრძლდება სოციალური ექსპერიმენტი (იგივე  ექსპერიმენტი დაწყებულია მოლდოვაშიც), რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური ზეწოლისა და დასჯის შიშით ადამიანებს აიძულებენ, უარი თქვან და დაივიწყონ საკუთარი ბიოგრაფია და ისტორია, საკუთარი წინაპრები; უბლოკავენ რუსეთთან და რუსებთან კონტაქტის ყოველგვარ შესაძლებლობას;

* თურქეთის მიერ “თურქული სამყაროს” მონოპოლიზაციასა და კაპიტალიზაციას მივყავართ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მისი გავლენის გაძლიერებისკენ. ეს თავს იჩენს პოლიტიკის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების სფეროში კომუნიკაციის პრიორიტეტულობაზე და ცივილიზაციათა დიალოგზე.

ამ გამოკვლევას მოჰყვა გარკვეული შეფასებები და დასკვნები, რომელთა შორის გამოვყოფ ვლადიმერ გასუმიანოვის (რუსეთის კომუნიკაციის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) წერილს  დრო დადგა საათების შეჯერებისა.

* მსოფლიო გაყოფილია ორ ნაწილად: რუსეთის მოწინააღმდეგეებად და მოკავშირეებად, – წერს ავტორი, – აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. რუსეთის შესახებ ხმას აძლევენ გაეროში, რუსეთზე  ლაპარაკობენ ნატოში, რუსეთზე მსჯელობენ ყველა საერთაშორისო მოედანზე. სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკრაინაში გააშიშვლა სახელმწიფოთა სასიცოცხლო ინტერესები და მსოფლიო კიდევ უფრო მკვეთრად გახლიჩა დაპირისპირებულ ბანაკებად.

ამ დაპირისპირების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უშუალო მეზობლების პოზიცია რუსეთის მიმართ. საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობის რეიტინგი არა მხოლოდ გვიჩვენებს რუსეთის მიმართ მეზობელი სახელმწიფოების დამოკიდებულების რეალურ სახეს, არამედ გვაძლევს პროგნოზირების საშუალებასაც.

მეგობრულობის რეიტინგი ორიენტირია, როგორც რუსეთისთვის, ასევე დანარჩენებისთვისაც. რუსეთისთვის ეს არის საშუალება, სწორად შეაფასოს და გადახედოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის სისტემებისა და მიმართულებების პერსპექტივებს, მეზობლებისთვის კი ეს არის საბაბი დაფიქრებისა და პრიორიტეტების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსეთი გარე სამყაროში ყოველთვის ოპერირებდა პატერნალისტური სისტემებით, მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები ისტორიულად მხოლოდ  კოლონიალიზმის პრინციპებით მოქმედებდნენ.

“კოლექტიური დასავლეთის” უპრეცედენტო ძალისხმევის მიუხედავად, რომ რუსეთის ირგვლივ აგრესიულად განწყობილ სახელმწიფოთა წრე შეეკრა, ვხედავთ მეგობრულობის ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებში.

ასეთია ამ გამოკვლევის ძირითადი შედეგები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერპრეტაციები.  ეს არის ის რაკურსი, რომლიდანაც, ვთქვათ, მხოლოდ 6-იანი ჩანს, მაგრამ როგორი გამოჩნდება ეს 6-იანი, თუკი მას საქართველოს გადასახედიდან, ანუ 9-იანის რაკურსიდან შევხედავთ?

საკითხის ასე დასმით, რა თქმა უნდა, საქმე გავირთულე, მაგრამ სტატიის ამ ნაწილის გარეშე განსახილველ გამოკვლევაზე საუბარი აზრს მოკლებული იქნება.

გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტატორები გვეუბნებიან და ამაში  უნდა დავეთანხმოთ, რომ ეს მონაცემები რუსეთის მეზობელი სახელმწიფოებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. ჩემი აზრით, იგი არა მხოლოდ ჩვენთვის (მეზობელი სახელმწიფოებისთვის) უნდა იყოს დამაფიქრებელი, არამედ რუსეთისთვისაც სერიოზული განსჯის საგანს უნდა წარმოადგენდეს. დასკვნებს, რომელთა გაკეთებისკენ ამ გამოკვლევის შედეგებმა და მისმა ინტერპრეტაციამ მიბიძგა, სწორედ ამ საკითხით დავიწყებ:

*  რუსეთისა და საქართველოს მხრიდან საჭიროა სერიოზული დაფიქრება,  რამ განაპირობა ის, რომ ისტორიული პარტნიორობიდან გაუცხოებისა და მტრობის იმ  მასშტაბამდე მივედით, რომელიც დღეს გვაქვს?

* რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს იდეოლოგიური თვალსაზრისით. სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს განვითარების შესახებ შეხედულებათა სისტემა, ანუ იდეოლოგია, ვერ იქცევა მიზიდულობის იმ ცენტრად, რომელიც კონკურენციას გაუწევს აშშსა და კოლექტიურ დასავლეთს, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეოლოგიურ შაბლონებს დროშასავით უფრიალებენ ცხვირწინ მთელ მსოფლიოს. არაფერს არ ცვლის ის, რომ მათი ლოზუნგები ყალბია.

მერე რა, რომ მათი დემოკრატიული ფასადის უკან უსასტიკესი პოლიციური სახელმწიფო დგას?!

მერე რა, რომ მათი თავისუფლების ფასადის უკან აბუ გრეიბისა და გუანტანამოს საპყრობილეები დგას?!

მერე რა, რომ მათ მიერ ასე უტიფრად გაპიარებული ადამიანის უფლებების დაცვის ფასადის უკან უთანასწორობის უფსკრულს დაუღია ხახა?!

მთავარია ის, რომ დასავლეთს აქვს თუნდაც ყალბი ლოზუნგები და იდეალები, რუსეთი კი ამას, იდეოლოგიაზე უარის თქმის გარდა, ვერაფერს უპირისპირებს. როგორ უნდა გაჰყვე მას, ვინც თავად არ არის ჩამოყალიბებული, სად მიდის და რას აშენებს. რუსეთის მიერ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის შემოთავაზებული ვერც ერთი საერთაშორისო პროექტი – დსთ, საბაჟო კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიული კავშირი სიცოცხლისუნარიანი ვერ აღმოჩნდა. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მეტნაკლებად გაამართლა და მუშაობს, რუსეთბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოა. რუსეთმა სწორედ ამ ბაზაზე თამამად და გაბედულად   უნდა შესთავაზოს საბჭოთა ხალხს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებისა და უსაფრთხოების მეცნიერულად დამუშავებული პროგრამა; კაპიტალისტური უთანასწორობისგან გათავისუფლების გეგმა; დასავლური სატანიზმისგან თავის დაღწევის სამხედრო უზრუნველყოფის ერთიანი სისტემა. რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძენს იმ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ხიბლს, რომლისგანაც კი არ გარბიან, არამედ მთელი არსებით ისწრაფვიან; რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება, როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი, როგორც მიზიდულობის ახალი ცენტრი, როგორც გადამრჩენელი მისია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი მიდგომა და ტენდენციები არ ჩანს.

რაც შეეხება  საქართველოს, უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობაში კატასტროფული ხასიათის შეცდომები  დავუშვი. .. ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან დაწყებული საქართველოს ხელისუფლების მომდევნო თაობები დღემდე ვერ გამოვიდნენ აშშსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოწოდებული შაბლონებისგან, რომთა მიხედვით რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დასავლურ ფაშიზმთან ერთობლივი ბრძოლის უპრეცედენტო ისტორიის შემდეგ თბილისში ე.წ. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის არსებობა ისეთი სამარცხვინო ფაქტია, რომლის ჩამორეცხვაც გაგვიჭირდება, ქუთაისში დიდების მემორიალის ვანდალური აფეთქების გამო შენდობის მისაღებად კი ფაშიზმთან ბრძოლას შეწირული ქართველი წითელარმიელების სულებზე ლოცვა დიდხანს მოგვიწევს.

ახლა, როდესაც აშშმა, ევროპამ და ნატომ უკრაინის ტერიტორიაზე სატანისტური ომი გააჩაღეს რუსეთის წინააღმდეგ, სად და ვის გვერდით დგას საქართველო? ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინა, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა და მეორე ფრონტის გახსნის აშკარა მცდელობასაც მტკიცედ აღუდგა წინ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხმამაღალი განცხადებაა გასაკეთებელი იმის შესახებ, რომ დასავლეთის იმ ქმედებების გამო, რომლებიც აშკარად  მიმართულია მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებისკენ, ვწყვეტთ აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, უარს ვაცხადებთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სურვილზე და ვგმობთ უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების პროვოკაციას, რომელიც მთელ პლანეტას ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აყენებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაგმოს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების ყოვლად უსინდისო პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც მოტივირებულია საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისთვის ბიძგის მიცემით.

დასასრულ, ორივე სახელმწიფოს ხელისუფლებებს ვურჩევ: ნუ იყურებიან მხოლოდ საკუთარი გადასახედიდან, გააფართოვონ ხედვის რაკურსი და მსოფლიოსთვის ამ კრიტიკულ ჟამს მაინც გამოვიდნენ ქართული 6-იანისა და რუსული 9-იანის (თუ პირიქით) მოჯადოებული წრიდან.

ვალერი კვარაცხელია                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here