საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. პრემიერ–მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ვიზიტით ვაშინგტონიდან კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიები წამოიღო.
პორტალ Politicano-ს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოავლინა, როდესაც საერთო ფოტოში დონალდ ტრამპი თვითონ სავარძელში იჯდა, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრი გვერდზე, ფეხზე მდგომი უხერხულ სიტუაციაში იმყოფებოდა. პორტალის განმარტებით, იმის თქმა რომ შეხვედრა პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული და ეს უფრო არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა იყო სუსტია. „მაშინ საჯაროდაც არ უნდა დაედო მსგავსი სურათი თუ არაფორმალური შეხვედრა იყო“.- აცხადებს პორტალი ფოტოზე, რომელიც ტრამპმა თავის ოფიციალურ გვერდზე 9 მაისს გამოაქვეყნა.
“სურათის გადაღებისას დონალდ ტრამპი სკამზე ზის, ხოლო პატივცემული კვირიკაშვილი ფეხზე დგას. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც გენ. დირექტორი თავის კაბინეტში კომპანიის რიგით თანამშრომელს იბარებს, ამ უკანასკნელმა კი უხერხულობისგან არ იცის რა ქნას, გაიცინოს, სერიოზული სახე მიიღოს, ფეხზე იდგეს, დაჯდეს თუ ფეხქვეშ გაეგოს”. – ნათქვამია Politicano-ს განცხადებაში.
შეგიძლიათ სრულად ფოტოს სანახავად ამ ბმულზე გადახვიდეთ და ფოტოს ქვეშ არსებული კომენტარები წაიკითხოთ. გაიგეთ რას ფიქრობს ამერიკელი ხალხი საქართველოს პრემიერმინისტრისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრაზე:
https://www.facebook.com/DonaldTrump/photos/rpp.153080620724/10159103694550725/?type=3&theater
“დიდი პატივი მქონდა თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს”, – ასე შეაფასა “ტვიტერზე” საქართველოს მთავრობის მეთაურთან პირველი შეხვედრა დონალდ ტრამპმა. შეხვედრის დეტალები დააზუსტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მყარი გარანტიები მიიღო – საქართველოსთან პარტნიორობა ყველა მიმართულებით გაღრმავდება.
ტრამთან შეხვედრას წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტის შეხვედრა, რომელზეც მაიკ პენსმა დაადასტურა თეთრი სახლის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე–პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს შთანხმებას “აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”.