Home ახალი ამბები საქართველო პარტნიორებთან  ტოლ-სწორად საუბარი ყოველთვის ამართლებს და „ცალ ფეხზე დგომა“ აუცილებელი არ არის

პარტნიორებთან  ტოლ-სწორად საუბარი ყოველთვის ამართლებს და „ცალ ფეხზე დგომა“ აუცილებელი არ არის

დანიგანი გვიმტკიცებს, – ჩინეთს ჩაეხსენით, ეგ რუსეთის პარტნიორიაო; ფონ დერ ლაიენი კი ამბობს, – ვიცით, ჩინეთი რუსეთის პარტნიორია, მაგრამ წინსვლის გზა სწორედ პეკინთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადის და თვალს ნუ დავხუჭავთ იმაზე, როგორ ვითარდება ჩინეთიო... ჰოდა, თუ ჩინეთს ვესაუბრებით, რატომ არ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან?!

332

სლოვაკეთის  მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის.  განცხადებაში წერია, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ  კალინიაკმა ნატოს გენერალურ მდივანს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა. სლოვაკეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ  ოფიციალურად განაცხადა;  დანარჩენი ქვეყნები კი მიანიშნებენ, რომ იარაღის მარაგი ეწურებათ და უკრაინის დახმარებას აღარ აპირებენ.

ევროპელები მიხვდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები  რეალურად არავის მხარეს არ არის, მხოლოდ საკუთარი თავზე ზრუნავს  და, ბებერი კონტინენტი ცეცხლის ალში რომ გაეხვია, ყველაზე მეტად  სწორედ მას აძლევს ხელს. ევროპელები გვიან მიხვდნენ, რომ, რაც  უნდა მოხდეს,  სიშორის გამო ამერიკასთან ომის დაწყება შეუძლებელი და წარმოუდგენელი  ჩანს, ამიტომ აშშ  „ბედს“ საზღვრებს გარეთ ეძებს და გავლენის სფეროებს სწორედ სხვა სახელმწიფოების დასუსტებით იფართოებს. უიარაღოდ დარჩენილი ევროპა ამერიკისთვის  მარტივი დასაჩაგრია და აკი  დაწყებული აქვს კიდეც.

სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბოლო პერიოდში  ამერიკისა და ევროპის პოზიცია ერთმანეთს სულ უფრო იშვიათად  ემთხვევა. კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ და მთავარიც მერე ვთქვათ. თუ გახსოვთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ჩინეთთან ხელშეკრულებას რომ მოაწერა ხელი, შემდეგ კი უვიზო რეჟიმი დააწესა, ოპოზიციამ მაშინვე ხმაური ატეხა, – არიქა, ვიღუპებით, ჩინეთი რუსეთის მთავარი პარტნიორი და საყრდენია, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება კი რუსეთისკენ სვლას ნიშნავსო. იმხანად ამ მოსაზრებას ამერიკის ყოფილი ელჩი კელი დეგნანიც დაეთანხმა,  წინამორბედის პოზიცია ახალმა ელჩმა რობინ დანიგანმაც განამტკიცა.

„გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ – ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს… სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთანავე, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“, – განაცხადა დანიგანმა.

ანუ, ამერიკის ელჩი მიგვანიშნებს, რომ ჩინეთი კატეგორიული არ არის საქართველოს სუვერენიტეტისადმი და მერე რა, რომ როგორც ტოლ-სწორს, ისე გვესაუბრება და ოფიციალურ ხელშეკრულებას აფორმებს. თურმე ჩინეთის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს, დაგმოს რუსეთი და განაცხადოს, რომ იმ ქვეყნის 20%, რომელთანაც ხელშეკრულებას ვაფორმებთ, რუსეთის მიერ არის ოკუპირებულიო. ჰო, სწორედ ამას ითხოვს დანიგანი და იქვე ამბობს, რომ ამერიკა ამას ყოველთვის აკეთებს. რეალურად კი, ამერიკა ყოველთვის იმას აკეთებს ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, რაც დააზიანებს რუსეთს და, მნიშვნელობა არ აქვს, გადაყლაპავს თუ არა რუსეთი ამერიკის მიერ წაქეზებულ სახელმწიფოს.

„ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც ორი ომი მძვინვარებს ზუსტად ევროკავშირის საზღვრებთან –  უკრაინასა და ღაზაში, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით. ასეთ მშფოთვარე დროს არსებობს სტრატეგიული სტაბილურობის ძლიერი საჭიროება, თუ როგორ ვუდგებით ჩინეთს, ამისთვის კი გულწრფელი უნდა ვიყოთ, როგორ ვითარდება ჩინეთი….. ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჩინეთი ამბობს, რომ გაეროს ქარტიას იცავს, მაგრამ რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი თავის დისტანცირებას არ ახდენს. როგორ ვუპასუხოთ ამას? მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობის გაგრძელება“,-განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა .

ჰოდა, რა გამოდის? დანიგანი გვიმტკიცებს, – ჩინეთს ჩაეხსენით, ეგ რუსეთის პარტნიორიაო; ფონ  დერ ლაიენი კი ამბობს, – ვიცით, ჩინეთი რუსეთის პარტნიორია, მაგრამ წინსვლის გზა სწორედ პეკინთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადის და თვალს ნუ დავხუჭავთ იმაზე, როგორ ვითარდება ჩინეთიო. არც იმას მალავს ვინმე, რომ ჩინეთი ამერიკას ძვალივით აქვს ყელში გაჩხერილი და მზარდი ეკონომიკის ფონზე სერიოზულ საფრთხეს გრძნობს. სწორედ მაშინ აფეთქდა ამერიკა და სწორედ მაშინ ბოლომდე დააძალა უკრაინას გასროლა, როცა ჩინურმა ეკონომიკამ ამერიკულს გაუსწრო, მაგრამ, როგორც კი ომი დაიწყო, ჩინეთის ეკონომიკა დამუხრუჭდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ომი ჩინეთ-რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე ათასი კმ-ის დაშორებით მიდის. სწორედ ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობის შედეგად წამოიწია ამ ორი ქვეყნის ეკონომიკამ და სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციების შემდეგ ისინი საერთაშორისო ბაზარზე სასურსათო სფეროში   მთავარი მოთამაშეები არიან. მეტიც, რუსეთმა ბოლო წლებში ხორბლის რეკორდული მოსავალი მიიღო და მსოფლიოში მთავარ  მიმწოდებლად იქცა. ამას გარდა, რუსეთი  ფასების მარეგულირებლად იქცა  ხორბლის ბაზარზე და ჩინური ეკონომიკა იქაური იაფი მუშა-ხელისა და საოცრად სწრაფად წარმოებული პროდუქციის ხარჯზე ასტრონომიულ  რიცხვებს წერდა. ეს ყველაფერი  სწორედ უკრაინის გასროლამ შეაფერხა  და, როცა ევროპას ეგონა, რომ მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შეექმნებოდა ეკონომიკური პრობლემები, ევროპა უფრო დიდ განსაცდელში აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთი და რუსეთი ერთად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკისა და ევროპის წარმომადგენელთა მოსაზრებები ერთმანეთს არ დაემთხვა. საქართველოში ოპოზიციონერები  მზად არიან, ცალ ფეხზე დადგნენ და ისე ესაურონ დასავლელ პარტნიორებს, ნაწილი ამერიკის ელჩის მხარეს იჭერს, მეორე ნაწილი – ფონ დერ ლაიენის და მერე, რომელიც გაიმარჯვებს, დამარცხებულებს გვერდით დაიყენებს, რადგან ქართული ოპოზიციური სპექტრი ხომ თითქმის სრულად „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები არიან, ერთი ლიდერი ჰყავთ და ერთ ადამიანს ეთაყვანებიან. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მათთვის სულერთია, რომელ ოპოზიციურ ძალაზე გაკეთდება აქცენტი და დაიდება დასავლური ფსონი – მთავარია, მოქმედი ხელისუფლება შეცვალოს და შემდეგ ერთმანეთში ადვილად გაერკვევიან.

აი, ხელისუფლებას რაც შეეხება, ევროკომისიისთვის რეკომენდაციის გამოგლეჯის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) შემდეგ, წესითა და რიგით, როგორც მთავრობის წევრები, ისე საპარლამენტო უმრავლესობა უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ პარტნიორებთან (თუ მათ მართლა პარტნიორები ჰქვიათ) ტოლ-სწორად საუბარი ყოველთვის ამართლებს და არ არის აუცილებელი „ცალ ფეხზე დგომა“. რაც მთავარია, ევროკომისიის პრეზიდენტისგან მკაფიო  სიგნალი წამოვიდა – უნდა ვესაუბროთ ჩინეთს, რადგან მასთან საუბარი ჩვენს ინტერესებში შედისო. ჰოდა, თუ  ჩინეთს ვესაუბრებით, რატომ არ უნდა დავიწყოთ დიალოგი  რუსეთთან? რატომ არ შეიძლება, რომ ორმა სახელმწიფომ, მხოლოდ აბაშიძე-კარასინის ფორმატში კი არა, უფრო მაღალ დონეზე მოახერხოს შეხვედრა? როგორ არ გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინათ დავოსის ფორუმზე მომზადებული შეხვედრა მაშინდელ პრემიერ გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის, რომელიც თითქოს დაუგეგმავად, მაგრამ მაინც უნდა გამართულიყო, მაგრამ შემდეგ დასავლეთი ჩაერია და გახარიას ისეთი განცხადებები გააკეთებინეს ზედ ფორუმის მსვლელობისას, პუტინი კი არა, მისი დაცვის წევრიც არ შეხვდებოდა. მერე კი გამოჩნდა, რეალურად ვის თამაშს თამაშობდა ჩვენი იმჟამინდელი პრემიერი და ვის მხარეს იყო, მაგრამ…

უდიდესი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ და ოპოზიცია აუცილებლად შეეცდება, ეს ყველაფერი თვითონ დაიბრალოს. როგორც რეკომენდაციის შემთხვევაში, მერეც იტყვიან, რომ სტატუსი, ხელისუფლებას კი არა, ხალხს და ოპოზიციას მისცეს, რადგან ისინი არიან ევროპულები და არა ხელისუფლება. დრომ გვიჩვენა, რომ ხელისუფლების მოქმედება გამართლებულია, რომ მკაცრმა ტონმა ევროპა გამოაფხიზლა და მიახვედრა, რომ საქმე არა ყველაფერზე წამსვლელ სააკაშვილთან, არამედ  იმ ძალასთან აქვთ, რომელიც საკუთარ თავზე წინ ქვეყნის ინტერესს აყენებს, და ამიტომ ტონიც შეარბილეს, სტატუსსაც მოგვცემენ და… ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველაფერი კარგად არის, არა, ამ მკაცრი ტონის გამო სასჯელზე აუცილებლად იფიქრებს დასავლეთი და შეეცდება, სასჯელი, რაც შეიძლება, მკაცრი და სხვებისთვის (მაგალითად, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის) ჭკუის სასწავლებელი იყოს. სწორედ აქ არ უნდა შევცდეთ და ხელისუფლებამ სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს არამხოლოდ სიბრძნე, არამედ პრინციპულობაც  და პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს. ისიც პროვოკაციაა, სტატუსის მომცემი ევროპელები პირდაპირ რომ ამბობენ: ლაზარე გრიგორიადისი გმირია. სტატუსი, პირველ რიგში, მას ეკუთვნისო. ამ „გმირმა“ ქართველი სამართალდამცველები სასიკვდილოდ გაიმეტა, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და პოლიციელები ცოცხლად დაწვას სასწაულად გადაურჩნენ. პოლიციელის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი საქართველოში გმირი ვერასდროს იქნება.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here