Home რუბრიკები საზოგადოება პალიმფსესტები გლობალური დათბობის თემაზე, ანუ გვემუქრება თუ არა საყოველთაო შიმშილი?

პალიმფსესტები გლობალური დათბობის თემაზე, ანუ გვემუქრება თუ არა საყოველთაო შიმშილი?

153

პალიმფსესტი _ ისევ, ხელახლა; ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული…
ძველი ტექსტის კვალი მაინც არ ქრებოდა (ქსე, ტ.7, გვ. 652). 

წერილს, რომელსაც დღეს გთავაზობთ, სიახლის პრეტენზია არ აქვს _ შეხსენებაა არაერთხელ ნათქვამისა და გამოქვეყნებულის. პალიმფსესტიამეთქი, ამიტომ ვამბობ. სხვა არაფერი. თუმცა პრობლემა უაღრესად აქტუალურია და ღირს, მგონი, ყურადსაღებად მოქმედი ხელისუფლების მესვეურთათვის, თუ, რა თქმა უნდა, მიიჩნევენ, რომ დრო არ ითმენს და პერსპექტივაც არ არის ისეთივე მიუწვდომელი, როგორც ჰორიზონტი მზის ჩასვლის ჟამს თურქეთის მიმართულებით.

ერთხელ უკვე წავედით ცისა და მიწის ამ შესაყარისკენ, როცა გასული საუკუნე ნულოვან წლებს უახლოვდებოდა. ალილოსავით ჩამოვუარეთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს _ ყოფილ “პურის ბეღლებს”, შიმშილის პირას მყოფი საქართველოსთვის ხორბლის სასესხებლად.

პალიმფსესტი პირველი: “ჟე ნე მანჟ პა სი ჟურ… გაიღეთ მოწყალება”…

ეს დღეებია, თურქეთის ქვეშევრდომ ოსტაპ ბენდერ ბეის მიერ გაბითურებული კისა ვორობიარინოვის ამ სიტყვებს (ექვსი დღეა, არაფერი მიჭამიაო) ციტირებს ქართული მედია. ექსკურსანტებისგან ფულის შოვნას ცდილობდა “აზრის გიგანტი, რუსეთის დემოკრატიის მამა და იმპერატორთან დაახლოებული პერსონა”.

მეც გავერიე მარაქაში, რადგან ის სიტუაცია, რომლის თვითმხილველი ვიყავი, გარკვეულწილად ჰგავდა “თორმეტი სკამის” აღნიშნულ ეპიზოდს, ოღონდ ტრაგიკულს, გამოუვალი მდგომარეობის გამო.

უპერსპექტივოს.

საქართველოს საგანგებო მისიას, ედუარდ შევარდნაძის დავალებით, ჩვენი პრემიერმინისტრი ოთარ ფაცაცია ედგა სათავეში. მოწმე ვიყავი, როგორ უჭირდა ქართული ღირსებითა და კაცური თავმოყვარეობით სავსე ამ ადამიანს მთხოვნელის როლის შესრულება, მაგრამ უფრო უჭირდა საქართველოს და ბატონი ოთარიც თხოვდა, თუმცა იმგვარად, რომ არც თავისი ღირსება დაემცრო, მით უფრო, არც სუვერენული ქართული სახელმწიფოსი.

ვერც მაშინ ვხვდებოდი, ვერც ახლა, ოცდაათი წლის შემდეგ, ამიხსნია, როგორ ახერხებდა ამას ბატონი ოთარი, რომელსაც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობამდე დიპლომატიური მისიის შესრულების გამოცდილება არ ჰქონია და არც დასჭირვებია.

მაგრამ ახერხებდა. უმაღლეს დონეზე.

თავდაპირველად ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე უზაკბაი ყარამანოვთან ჩავედით (გვარი თუ არ მეშლება).

ამაოდ.

ვეწვიეთ უკრაინის პირველ პრეზიდენტს _ ლეონიდ კრავჩუკსაც.

ბევრი ვერაფერი. თავადაც უჭირდათ.

ბოლოს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ლეგენდარულ ვიქტორ ჩერნომირდინს მივაკითხეთ, რომლის “მახვილსიტყვაობა” ციტატებად ვრცელდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში (მაგალითად, “Хотели как лучше, вышло как всегда”).

ჩერნომირდინმა არა მხოლოდ ხორბლის პრობლემა გადაგვიწყვიტა, არამედ რუსეთის “გაზპრომის” მმართველი ვიახირევი ჩვენი თანდასწრებით “კედელთან მიაყენა” და უბრძანა, დაუყოვნებლივ განეახლებინა საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, რომელიც შეწყვეტილი გვქონდა 6 მილიონი რუბლის გადაუხდელობის გამო… მხოლოდ 6 მილიონისა, რომელიც ზოგიერთ ჩვენ თანამემამულეს დოლარში კონვენტირებული დღეს ერთ ჯიბეში უდევს.

თუმცა რა ჩვენი საქმეა.

ჩვენ გვალვა გვაწუხებს, რადგან საქართველოში სარწყავი ფართობი სავარგულების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15-18 პროცენტი თუ არის. უფრო ზუსტად, გვალვაგამძლე ხორბლის ჯიშების ბედით ვართ დაინტერესებული, რომლებიც ჩვენი მეცნიერი სელექციონერების მიერ არის გამოყვანილი.

და დანერგილი უნდა იყოს.

პალიმფსესტი მეორე: “პური ჩვენი არსობისა”

თითქოს საიდან სადაო:

“ყველა-ყველა და ამაღამ ვახშმად რა გვაქვს?” _ თავად ლუარსაბ თათქარიძეს, მუცელღმერთობისა და გონებრივი შეზღუდულობის ამ განზოგადებულ მხატვრულ სახეს, ილია ჭავჭავაძისეული სარკაზმი რომ გამოვაცალოთ, ხელში შეგვრჩება დღევანდელობის უმწვავესი, შიმშილის გარდაუვალობის პრობლემა.

რით და როგორ გამოვკვებოთ დედამიწის მკვიდრთა ამჟამინდელი და მომავალი თაობები?

შიმშილის პრობლემამ, დიდი ხანია, დაკარგა პოლიტიკურ ასპარეზზე პარტიების ბრძოლის არგუმენტის, ანუ მასების გულის მოსაგები პოპულიზმის მნიშვნელობა და ადამის მოდგმის ყოფნა-არყოფნის პრობლემად ჩამოყალიბდა.

გადაშენების!

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკვე გადავაბიჯეთ კაცობრიობის გამოკვების დედამიწაზე არსებული რესურსის მაქსიმუმს, ამოვწურეთ; მეორეც, გლობალური დათბობის კრიტიკულ ფაზაში შესვლის გამო, რომელიც წყალდიდობით, დიდთოვლობითა და ყინვით, ქარიშხლით, ხანძრით, ცუნამითა და კატასტროფული ანომალიების გრანდიოზული მასშტაბებით არის წარმოდგენილი.

დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის ხანგრძლივი მატება, რომელიც, საუკუნეზე მეტია, მიმდინარეობს, ძირითადად, ადამიანის საქმიანობის შედეგია და მეცნიერთა მიერ ანთროპოგენურ ფაქტორად არის მიჩნეული.

ამ ბუნებრივი კატაკლიზმებიდან ადამიანისთვის ერთ-ერთ საშიშ მოვლენად ითვლება სურსათის კლების პრობლემა გვალვით გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის კატასტროფული შემცირების გამო. მათ შორის, უპირველესად, ხორბლისა, რომელიც კაცობრიობის გამოკვების მთავარი პროდუქტია, სახელად პური.

დღის წესრიგში, პრაქტიკულად, ყოველთვის იდგა ადგილობრივი წარმოების ხორბლით საქართველოს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი, რომლის გადასაწყვეტად მიმართული იყო სოფლის მეურნეობის განვითარებით დაკავებული სამეცნიერო ინსტიტუტები და სახელმწიფო სტრუქტურები.

ამ თემას მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც ოქროყანაში გაიმართა 2004 წლის დასაწყისში. მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი სელექციონერები. პრობლემა გადაწყვეტის სტადიაში შევიდა.

და ამ დროს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის მართვის სადავეები ჩვენმა მიმნდობმა ხალხმა, რომელიც მიჩვეული იყო ხელისუფლების სიტყვის გაუტეხლობას, დაპირებების შესრულებას, რომელიც ყოველთვის ახლოს საძიებლად და დასამკვიდრებლად იყო მიმართული, ძალაუფლება ავანტიურისტ სააკაშვილს ჩაუგდო ხელში.

ლანგრით მიართვა: აიღე და გვიბატონეო!

პირველი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, მეცნიერებას შეუტია. ეს ცნობილია. დაარბია, დაშალა, დაანაკუწა სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის აწყობილი სისტემა, მათ შორის 17 კვლევითი ინსტიტუტი საცდელი ბაზებით, სამი ტრადიციული უმაღლესი სასწავლებელი. ხორბლის ახალი ჯიშების გამოცდა და წარმოებაში დანერგვა აღარავის ახსოვდა. სხვანაირად ვერც იქნებოდა ისეთი მინისტრის ხელში, როგორიც უმწიფარი და გაუნათლებელი ყმაწვილი ბაკურ კვეზერელი იყო და რომელიც ხალხს ერთადერთი ფრთიანი ტერმინით დაამახსოვრდა: “მამალი ძროხა”.

პალიმფსესტი მესამე: მას შემდეგ, რაცმამალმა ძროხამახალი ჯიშების ჯეჯილი გადაძოვა

მაგრამ ჯიშები, გვალვაგამძლე და უხვმოსავლიანი ხორბლის ჯიშები გადარჩა. აიღე და დანერგე! თითქოს ამაზე მარტივი რა უნდა იყოს, გაიმართე წელში, ნუ ჩაუვარდები მუხლებში ისეთ სახელმწიფოს, რომელიც მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისადმი დამორჩილების საფასურად გაიღებს.

ამასობაში ყაზახეთმა, რომელიც ხორბლით საკუთარი მოთხოვნების უზრუნველყოფას ძლივძლივობით ახერხებდა, ისე გაშალა და გააფართოვა ხორბლის წარმოება, რომ საქართველოს სთხოვა ფოთის ნავსადგურის ერთერთი ტერმინალის გრძელვადიანი იჯარით გადაცემა ხორბლის იმპორტის დაუბრკოლებელი ციკლის ასამოქმედებლად.

და რადგან შავ ზღვაში ოქროს თევზი არ ბინადრობს, ჩვენი ხელისუფლება გატეხილი ვარცლის ამარა აღმოჩნდა: ვალუტა, რომელიც გვალვაგამძლე ჯიშების სათესლე მასალის გაყიდვით შეიძლებოდა ქვეყნის ბიუჯეტს შემატებოდა, გამოუყენებელ რეზერვად დარჩა.

ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი ჯიშები გადარჩა-მეთქი, გითხარით. ახლა დავაზუსტებ: შპს ფირმალომთაგორასწყალობით, რომელიც ერთადერთი აგროსამეცნიერო ჯგუფია საქართველოში.

ამ უნიკალური ერთობის დირექტორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ კახა ლაშხს ჩამოვართვი ინტერვიუ.

ვკითხე _ ჰქონდა თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებსლომთაგორაშიგამოყვანილი ჯიშების წარმოებაში დანერგვის თაობაზე საქმიანი რეაქცია, თუნდაც იმ მიზნით, რომ პრობლემა, რომელიც კაცობრიობის წინაშე სულ უფრო რეალურად იკვეთება, ჩვენთვის მაინცდამაინც მწვავე არ ყოფილიყო?

_ სახელმწიფომ შემოიტანა შესაბამისი აქციები. ახალია, ხარვეზებით ხასიათდება, მაგრამ იმედი მაქვს, ჩამოყალიბდებიან და ნაკლოვანებებსაც გამოასწორებენ. სერტიფიცირების საკითხია მთავარი, როცა სახელმწიფო ხდება პასუხისმგებელი _ თვითონ ცდის ჯიშებს, იკვლევს, ნერგავს. უწინ ბევრი სადგური იყო, სამწუხაროდ, ახლა არც ერთი აღარ არის. ჩვენღა შემოვრჩით. ბევრი კი გვჭირდება, რადგან ამჟამად მსოფლიოში ამ ხორბლის სათესლე მასალის დიდი დეფიციტია. გლობალური დათბობა ძალიან აწუხებს ყველას, დიდ ქვეყნებს _ მით უფრო, დიდი რადიაციის გამო. საქართველო დიდი და პატარა კავკასიონით დაცულია და უნდა გამოვიყენოთ ეს უპირატესობა. ჩვენ შეგვიძლია, საჭირო რაოდენობით ვაწარმოოთ თესლი და დანარჩენ მსოფლიოსაც ვუწილადოთ, დაინტერესებული ქვეყნების მოთხოვნების უზრუნველყოფა მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ.

ახლა ხორბლით ჩვენი დაკმაყოფილება 10 პროცენტია, 90 პროცენტი კი შემოგვაქვს, ეს დისპროპორცია უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მიზანი ეს არის. შვილებსა და შვილიშვილებს ახლა რომ ვუთხრათ, პურის რიგებში ხალხი გვეხოცებოდა, არ დაიჯერებენ, გაეცინებათ. არადა, ეს გამოვიარეთ. შევარდნაძის მოხერხებულობით ერთ წელიწადში ქვეყანაში დაითესა 257 ათასი ჰექტარი ხორბალი. მომსწრე ვარ ამის. შემდეგ პურის დეფიციტი აღარ გვქონია.

_ რომელი ჯიშის ხორბალს ვთესავდით?

_ მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტურ ყოფასთან ახლოს ვიყავით და რუსული ჯიშები ითესებოდა. ერთიანად, მთელ კავშირში. სხვათა შორის, ჩვენს ჯიშებზე გაკეთებული ჯიშები უკან გვიბრუნდებოდა. სხვანაირ ხორბალზე ვიყავით აქცენტირებული. მთავარი იყო, გვქონოდა პური, ჩვენი პური. იმ დროს ხორბლის 10 დიდი სადგური იყო. მდიდარი ტრადიცია არსებობდა. ბერიას პერიოდში თბილისში გვქონდა მსოფლიო თესლის გენბანკი, მხოლოდ ხორბლის კი არა, ბაობაბით დაწყებული, ყველაფრის თესლით. დღევანდელი ცირკის ქვეშ იყო განთავსებული. ბერია რომ დახვრიტეს, რუსეთში გაიტანეს ეს უნიკალური გენბანკი.

მაშინდელი სელექცია დღემდე სამაგალითოა საქართველოში. რაც კარგია, უნდა ვთქვათ.

_ მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ და დღევანდელი საზრუნავი, პერსპექტივის წინაშე უსასოობა მოვუხსნათ ჩვენს ხალხს?

_ ამჯერად მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციით შემოვიფარგლე. ჩემი თვალსაზრისი გაგაცანით. თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, დაფინანსებას წამოვწევდი, სისტემურ მოწესრიგებას, სპეციალური სამსახურის _ ხორბლის სააგენტოს შექმნის აუცილებლობას.

თუ გვაქვს ღვინის სააგენტო, ხორბლის სააგენტო რატომ არ უნდა გვქონდეს?! თუკი საქართველო ორივე ამ კულტურის სამშობლოდ ითვლება, მაინცდამაინც ერთს რატომ უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას, მით უფრო, რომ ათვისებული არ გვაქვს რესურსები, რომლებიც ამ მიმართებით აუთვისებელია. მსოფლიოში კი აღარ დარჩა?!

ეს ვითარება უნდა გამოვიყენოთ, ერთ სისტემაში მოვაქციოთ. ასეთია ჩემი თვალსაზრისი.

_ ამ იდეების შესახებ თუ არის საქმის კურსში შესაბამისი საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურები?

_ ალბათ, არის. მაგრამ მწირი დაფინანსების გამო იდეების მასშტაბური რეალიზაცია შეუძლებელი ხდება. ყოვნდება და შეიძლება გაჭიანურდეს, როგორც გასული ოცდაათი წლის განმავლობაში ხდებოდა. დაგვიანება უფრო გააძნელებს და გააძვირებს, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი სეზონურობის პრობლემა _ ცაზე ვართ დამოკიდებული, ამინდზე. საფუძველი ახლავე უნდა ჩაიდოს, რადგან ჩვენ ხომ ერთწლიან კულტურებზე ვსაუბრობთ.

_ და ამასობაში ყაზახეთი ისე ზრდის ხორბლის მოსავალს, რომ საქართველოს სთხოვს, იჯარით მისცეს ფოთის ნავსადგურის ტერმინალი უცხოეთთან ხორბლით ვაჭრობის გასაფართოებლად.

_ ყაზახ მეცნიერებს ჩვენი თანამემამულეების წინ ვერ დავაყენებ. დიდ ტერიტორიაზე დიდი მოსავალი მოჰყავთ, მაგრამ მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე ჩვენზე 7-8 ცენტნერით ნაკლებია. ბოლოს ისეთი გვალვა იყო ყაზახეთში, რომ, მგონი, სათესლე მასალაც არ დარჩათ.

მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა. ჩვენც უნდა მოვემზადოთ, თორემ, ადაპტაცია თუ არ მოვახდინეთ, აღმოვჩნდებით იმავე კრიტიკულ მდგომარეობაში, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დღემდე წარუშლელია.

ამიტომ ჩვენი სამყოფი ხორბალი ჩვენვე უნდა მოვიყვანოთ, რა პრობლემაა! საქართველოში უფრო ბარაქიანი მოსავლის მოყვანა შეგვიძლია, ისეთი რეგიონი გვაქვს, ისეთი ჯიშები გაგვაჩნია.

_ მაგალითად?

_ ჯგუფის სახელით გიპასუხებთ: მასობრივი ხასიათის ჯიშები არ არის, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, დაგისახელებთ დოლის პურებს, როგორებადაც ითვლება ახალციხის დოლის პური, კახური დოლის პურები, თეთრი დიკა, შავი დიკა. მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 23 ჯიშიდან 14 ქართულია. გენეტიკურად გამძლე მარცვლეულის 70 პროცენტი ქართული ჯიშებისაა. თანამედროვე ჯიშები უფრო მოსავლიანებია. ისინი ჩვენ გამოგვყავს “ლომთაგორაში”. მასალას ვიღებთ სამხრეთ ამერიკიდან, მეხიკოში გვაქვს გენბანკი, ადაპტაცია ხდებოდა წლების განმავლობაში. ერთ ჯიშზე 10-12 წელიწადი ვმუშაობთ ხოლმე.

ბევრი გვაქვს ასეთი ჯიში, მაგრამ ცოტა დაფინანსება გვჭირდება, მასშტაბური რომ გავხადოთ.

“მასშტაბში რომ მოვაქციოთო”, _ ასე თქვა ბატონმა კახა ლაშხმა. ყოველი წელიწადი იწყებაო ახალი და ახალი ჯიშების დარაიონებით. გამარჯვებული ჯიშები სამიდან ხუთი წლის შემდეგ შედის კატალოგში: გამოცდას დრო სჭირდება.

მოკლედ, ჩვენს ჯიშებსლომთაგორაჰქვია და დანომრილია: ლომთაგორა 126, 127 და ასე შემდეგ.

თქვა ეს და ასე დაასრულა ჩვენი ინტერვიუ:

შარშან კოვიდის ვირუსით დაავადდა და გამოგვაკლდა ძალიან დიდი სელექციონერი, ბატონი ზურაბ ჯინჯიხაძე, აკადემიკოს ლეონარდ დეკაპრელევიჩის მოწაფე. 20 წლის განმავლობაში განაგებდა იგი ქართული სიმინდის სელექციის საკითხებს ჩვენს სამეცნიერო ჯგუფში.

ვასრულებ თქვენს თხოვნას, ბატონო კახა.

დეკაპრელევიჩის გვარს საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით იხსენებენ. იგი იყო რუსეთის ბოტანიკური საზოგადოების ერთერთი პირველი საპატიო წევრი, მსოფლიოში ცნობილი გენეტიკოსი, ბიოლოგი, სელექციონერი.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here