მთავარი სპორტი ორი გენიოსი

ორი გენიოსი

როგორ მეურვეობდა ვარსკვლავი რონალდინიო ყმაწვილ მესის

127
გააზიარეთ

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა, 2005 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა 2004-სა და 2005 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდინიომ, რომელსაც წელს, 21 მარტს, 41 წელი შეუსრულდა, კარიერა 2018 წლის იანვარში დაასრულა. 

ვისაც რონალდინიოს თამაში უნახავს, არასოდეს დაავიწყდება მისი ფანტები და ფილიგრანული გადაცემები. ის სნეული იყო ფეხბურთით და ეს სენი მილიონებს გადასდო, მაგრამ ის არა მხოლოდ შესანიშნავი დარტყმებისა და ლამაზი ფინტებისთვის უყვარდათ.

ჩვენ 2 წლის წინათ დიდი წერილი მივუძღვნით ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშსა და მიღწევებს (“რონალდინიო-გაუჩო _ ფეხბურთელი-გენიოსი”. იხ. “საქართველო და მსოფლიო” #43, 2019 წ.). ახლა კი გთავაზობთ ფაქტებს რონალდინიოსა და ლიონელ მესის ურთიერთობაზე _ როგორ მეურვეობდა ბრაზილიელი ფეხბურთელი ყმაწვილ არგენტინელს “ბარსელონაში”.

მას შემდეგ 17 წელი გავიდა. მესიმ რამდენიმე დღის წინათ, 21 მარტს, 768-ე მატჩი ითამაშა “ბარსელონას” მაისურით და რეკორდი დაამყარა.

შესანიშნავი ურთიერთობის დასაწყისი

2006 წელს “ბარსელონა” აშშ-ში ტურნეს მართავდა, ლოს-ანჯელესში კლუბი იქაურ კერპებს შეხვდა _ “ლეიკერსის” კალათბურთელებს, რონალდინიომ თავის მეგობარს, ლეგენდარულ კობი ბრაიანტს მიმართა:

_ კობი, მე გაგაცნობ ერთ ყმაწვილს. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.

_ რა? საუკეთესო შენ ხარ!

_ არა. აი ეს ბიჭი იქნება საუკეთესო და რონალდინიომ მიუთითა მესიზე.

როცა მესი “ბარსელონაში” თამაშს იწყებდა, რონალდინიო უკვე იყო “ადამიანი სხვა პლანეტიდან”. ის პსჟ-დან იყიდეს 32 მლნ ევროდ, 2004-ში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა, 2005-ში _ “ოქროს ბურთი”. მას უკვე შექმნილი ჰქონდა იმპერია ღ10 და იღიმოდა ფეხბურთის მოყვარული ბავშვის ოთახებში გაკრული პლაკატებიდან. ის ხომ ბურთით აკეთებდა იმას, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ _ ფოკუსებს. ლეო მესი კი ახალი გადასული იყო “ბარსას” მეორე გუნდიდან, ჰქონდა სულელური გრძელი ვარცხნილობა, ბევრს არ ლაპარაკობდა და ყველასთან მორიდებული იყო _ ვარჯიშებზე გოლის გატანის მომენტშიც კი წითლდებოდა. რონალდინიომ კი, როცა დაინახა, რომ ბიჭი მორიდებული იყო და თანაც ძალიან ნიჭიერი, დაიწყო მისი მეურვეობა. მას ეხმარებოდნენ დეკუ, სილვინიო, მოტა და ედმილსონი. რონალდინიო მესის Iრმაო-ს (პორტუგალიურიდან _ “ძმაო”) ეძახდა; ასწავლიდა, როდის იყო უკეთესი ფლანგიდან თავისუფალ ზონაში შესვლა, უზიარებდა ჰაეროვანი მოძრაობების საიდუმლოებებს და აიძულებდა, ეყურებინა NBA-ს მატჩები, რათა გადაეღო ილეთები _ მაგალითად, გადაადგილება და წყვილში მუშაობა ბლოკის დაყენებისას. ეს ახლა თამაშობს მესი 10 მატჩიდან 10-ში უზადოდ, მაგრამ სასტარტო სეზონები მაინცდამაინც წარმატებული არ ჰქონია (2004-2005 და 2005-2006-ში 46 მატჩში 14 გოლი გაიტანა).

ლეომ ბრაზილიელისგან მხოლოდ საუკეთესო შეითვისა. როცა რონალდინიომ მოუხშირა წვეულებებზე სიარულს და დაივიწყა დიეტა, მესი იმედოვნებდა, რომ ეს დროებითი იყო და შეცბუნებული უსმენდა ხოლმე რონალდინიოს ისტორიებს ბიკინიან ლამაზმანებთან. “ბარსას” ხელმძღვანელები თათბირებზე მსჯელობდნენ ბრაზილიელის საქციელზე, მაგრამ ფანატიკოსი გულშემატკივრების კერპისთვის ხელის ხლებას ვერ ბედავდნენ. მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა პეპ გვარდიოლას, რომელიც კლუბში მწვრთნელად 2008 წელს მივიდა და რონალდინიოსთან გასაუბრების შემდეგ დარწმუნდა, რომ მათი გზები უნდა გაყრილიყო.

ერთი თვის შემდეგ ბრაზილიელი “მილანში” გადავიდა, მაგრამ მანამდე ლამაზი ჟესტი გააკეთა: მივიდა მესისთან და უთხრა, რომ #10-ს უთმობდა. 2018 წლის დეკემბერში ბრაზილიელმა განაცხადა: “როცა მესი კარიერას დაასრულებს, და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე არ მოხდება, “ბარსელონამ” 10-ნომრიანი მაისურის ჩაცმის უფლება არავის აღარ უნდა მისცეს”.

როდესაც რონალდინიომ კარიერა დაასრულა, მესი პირველი იყო, ვინც მას სოციალურ ქსელში მიმართა: “მე გამიმართლა, რომ შენთან ერთად უამრავ რამეს ვეზიარე. შენ არა მხოლოდ ბურთით ხარ ფენომენალური, არამედ, რაც მთავარია, შესანიშნავი ადამიანი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ წასვლა გადავწყვიტე, ფეხბურთი არასოდეს დაივიწყებს შენს ღიმილს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, რონი!”

“ბარსელონას” მაისურით პირველი გოლი მესიმ 2005 წლის მაისში გაიტანა “ალიკანტესთან” მატჩში. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ლეოს სათადარიგოთა სკამიდან უხმეს, ეტოომ კი, რომელმაც დაინახა, რომ შეცვლას უპირებდნენ, მწვრთნელ რაიკაარდს ანიშნა, მოედნიდან არ გავალო, მაგრამ 87-ე წუთზე გაბრაზებულმა კამერუნელმა მაინც დატოვა მინდორი და გასახდელში შესვლისთანავე გაცოფებულმა ფეხები ურტყა კარადებს. ლეომ დაძაბულობა ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როცა მოედნის გვერდით ხაზთან იდგა, მაგრამ მასთან მივიდა რონალდინიო: “შენ ჩემი პასით გაიტან გოლს. ხვალ კი შენი სახელი გაზეთების პირველ გვერდებზე დაიბეჭდება”. 91-ე წუთზე მესიმ ბურთი წაართვა მეტოქეს და რონალდინიოს გაუგორა, ბრაზილიელმა მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს თავზე გადაუგდო ბურთი და მესის გადასცა, მან მეკარეს გადაუგდო თავზე და კარში შეაგდო. შემდეგ გახარებული და ხელებაწეული კუთხურის ალმისკენ გაიქცა და, როცა პარტნიორებისკენ შებრუნდა, დაინახა, რომ მიახლოებულმა რონალდინიომ ოდნავ ჩაიმუხლა და ზურგი შეუშვირა. წამის შემდეგ ბრაზილიელს ზურგით ამაყად მიჰყავდა ბედნიერი ლეო და აქეთ-იქით ოდნავ არწევდა. იმ მომენტში მესი რონალდინიოზე ერთი თავით მაღლა აღმოჩნდა. ტრიბუნების დიდი ოვაციების ფონზე რონალდინიომ არგენტინელი რამდენიმე მეტრის მანძილზე ატარა, ორჯერ შეჩერდა და 2 მიმართვა გააკეთა.

სტადიონს: თქვენ ახალი გმირი გყავთ!

მესის: კეთილი იყოს შენი მობრძანება დიდ ფეხბურთში!

ფაქტები რონალდინიოს ცხოვრებიდან:

* 23 გოლი ერთ მატჩში

13 წლის რონალდინიო პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე. ხუჭუჭა ბიჭმა, რომელმაც შესანიშნავი ღიმილით დაამახსოვრა თავი ტელემაყურებელს, თანატოლებს საშინლად დასცინა: ზოგს ფეხებშუა გაუტარა ბურთი, ზოგს თავზე გადაუგდო, ზოგს თავბრუ დაახვია და მინდორზე დასცა.

მატჩი 23:0 დასრულდა. ყველა ბურთი რონალდინიომ გაიტანა.

* აპლოდისმენტები “სანტიაგო ბერნაბეუზე”

ამ თამაშის მიმდინარეობაზე ლაპარაკს სჯობს, ნახოთ ვიდეო, როგორ ამასხარავებს რონალდინიო მადრიდის “რეალის” დაცვას, რისთვისაც აპლოდისმენტებით აჯილდოებენ მტრულად განწყობილ სტადიონზე, მაგრამ საინტერესო სხვა რამ არის _ წლების შემდეგ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ანდრეს ინიესტამ დაწერა, როგორ შეძლო რონალდინიომ თანაგუნდელების მოტივირება ამ მატჩის წინ: “კლასიკომდე” რამდენიმე დღით ადრე რონალდინიომ ღამით დამირეკა, _ ყვება ინიესტა, _ მითხრა: “ანდრეს, ვიცი, რომ ახლა ღამის 3 საათია, მაგრამ რაღაცაში უნდა გამოგიტყდე, ივნისში “ბარსას” დავტოვებ. ჩემი ძმა უკვე მოელაპარაკა “რეალს”. ისეთი ფული შემომთავაზეს, უარს ვერავინ იტყვის. შენ მე გამიგებ… მაგრამ არავის უთხრა გუნდში. გთხოვ, არ გამყიდო. შენ ყველაზე მეტად გენდობი. ნახვამდის, ანდრეს!” რონალდინიომ სიტყვის თქმაც არ მაცალა. მეორე დღეს ჩვენ საწვრთნელ ბაზაზე შევხვდით და მე თავი უხერხულად ვიგრძენი. გუნდში ყველა ჩუმად იყო და რონალდინიოს გულითადად ესალმებოდა, როცა მატჩის დღე დადგა, რონალდინიომ “სანტიაგო ბერნაბეუს” გასახდელში გვითხრა: “ბიჭებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. გასაგებია, ჩვენ ძლიერები ვართ, მაგრამ ამ დღეებში მივხვდი, რომ ჩვენ ერთიანიც ვართ, როგორც ოჯახი. იმ ღამით ყველას სათითაოდ დაგირეკეთ და გითხრათ, რომ ივნისში მივდიოდი, მაგრამ სიტყვაც არავის დასცდენია. მე გავაცნობიერე, ამ ღალატს მარტოობაში ყოფნას ვამჯობინებდი. მე აქ ვრჩები. ახლა კი გავიდეთ მინდორზე და ცეცხლი შევუნთოთ “რეალს”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here