Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციას უკვე აღარ გამოუვა, არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ახლა ქართველ...

ოპოზიციას უკვე აღარ გამოუვა, არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ახლა ქართველ ხალხს პირდაპირ უნდა უთხრან, ლგბტ თემის მომხრე არიან თუ მხარდამჭერები

247

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ არც ისე  იშვიათად მოისმენდით ფრაზას: ღმერთმა ბერძნები იმიტომ დასაჯა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონესო. მართლაც, საბერძნეთი  პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

ცოდვა გამხელილი სჯობს და გვგონია, რომ რამდენიმე წლის წინათ ბერძნული ეკონომიკის კრახისა და  ევროპისგან აღებული ვალების შემდეგ  საბერძნეთის ხელისუფლება, უბრალოდ, აიძულეს, ერთნაირსქესიანთა  ქორწინება  დაეკანონებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში  ახლავე მოსთხოვდნენ იმ ვალების გადახდას , რომლებსაც   ყოველწლიურად გადაუვადებენ ხოლმე. და საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტი თუ პარლამენტი ზუსტად ისევე დაიწყებდა დაშლას და რიგგარეშე არჩევნების რამდენიმეჯერ ჩატარებას, როგორც ეს რამდენიმე წლის წინათ მოხდა. ისე, საბერძნეთს სულის მოთქმა შეეძლო, მაგრამ პანდემიამ გამოუსვა ცელი და ძველ რელსებზე დააბრუნა.

სავარაუდოდ, სწორედ ბერძენი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ შეასხა ფრთები დასავლელ ლიბერალებს და ქართულ ოპოზიციასაც  შეუძახეს, ამ საკითხზე საქართველოშიც იფიქრეთო. ხომ ყველამ იცის, რომ არა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, გამზადებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვით ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოშიც უნდა დაკანონებულიყო და იმ დიქტატურის გათვალისწინებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა დამყარებული, საპროტესტო გამოსვლებს სისხლში ჩაახშობდა და ეკლესიების კარიბჭეებსაც ზუსტად ისე შელეწავდა, როგორც ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთა.

საფრთხე იმისა, რომ დასავლეთი ლგბტ თემის წამოწევას მოისურვებდა, ხელისუფლებამაც გააცნობიერა  და ამიტომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა დაისჯება. ლოგიკას რომ მივყვეთ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არ შეიძლება, ყოველი 17 მაისის მოახლოებასთან ერთად, ქუჩაში გამოგვყავდეს ათასობით პოლიციელი მხოლოდ იმიტომ, რომ 20-30–კაციანმა თუ ქალიანმა (თუ როგორც არის) ჯგუფმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, როცა  ნახევრად შიშვლები შუა ქალაქში ჩავლას მოისურვებენ და ამის წინააღმდეგ ლამის მთელი ქვეყანა ილაშქრებს.  ჰო, ამ უმცირეს ჯგუფს ლამის მთელი საქართველო უპირისპირდება, ათიათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და მზად არის, ის მცირე ჯგუფი ჩაქოლოს. ჰო, ჩაქოლოს, რადგან ისე ჩანს, რომ ის მცირე ჯგუფი სწორედ დანარჩენი საქართველოს გასაღიზიანებლად არის გარეთ გამოსული და, ვაი, რომ მათ გვერდით, აქაოდა უსაფრთხოება უზრუნველვყოთო, ევროპის  ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები არიან. არ გვინდა, ბატონო, არეულობა, სიმშვიდე გვინდა, მით უმეტეს, რომ  17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. ეს გვინდა ვიზეიმოთ, დემოგრაფიული პრობლემის ფონზე ოჯახის სიწმინდეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამის უფლებასა და შესაძლებლობას არ გვაძლევენ. ჰოდა,ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი კანონის მიხედვით ლგბტ პროპაგანდა დაისჯება და ძალიანაც კარგი, მაგრამ აღნიშნულ პროექტს მოწინააღმდეგეები არამხოლოდ ქართულ ოპოზიციაში გამოუჩდნენ, არამედ  პროექტის განხილვის გაპროტესტება არაერთმა ევროპარლამენტარმა თუ ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა დაიწყეს და აღნიშნეს, რომ თურმე აღნიშნული პროექტი ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკუსიით, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს, შეასწორონ კონსტიტუცია და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი „საოჯახო ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების“ შესახებ. ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს ლგბტ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართველი საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსში და შეუძლია ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, ლგბტ ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და მათი უფლებების დამცველებზე. ის ასევე ლგბტ ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს არჩევნებამდე გზაზე, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობას და ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემას ეპყრობა. „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და ლგბტ ხალხის და უფლებადამცველების შევიწროვების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში ლგბტ ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება“,- განაცხდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დუნია მიატოვიჩმა.

დუნია მიატოვიჩი

ჰო, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ამბობს: „საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში ლგბტ ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება“-ო.

ქალბატონმა დუნიამ (ისე, რას არ გაიგებ ამ დინგი-დუნიაზე ადამიანი და ეს დინგი როგორ უხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დუნიას) ზუსტად იცის, რომ საარჩევნო კამპანიაში ლგბტ თემის საწინააღმდეგო განცხადებას თუ გააკეთებ, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის გულს მოიგებ, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვს, ეს არ გააკეთოთო. მან იცის, რომ საქართველოში ლგბტ თემს მხარდაჭერა არ აქვს, რომ ისინი მართლა ხელის თითებზე  ჩამოსათვლელები არიან და მოსახლეობის 99,99% სხვა აზრისაა. ამის მიუხედავად, სწორედ იმ 0,1%-ის აზრს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და აქეზებს კიდეც: დასავლეთი თქვენ მხარესაა, აბა, თქვენ იცითო.

სხვათა შორის,  რუსეთში,  ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ სახელმწიფოში, მოქმედებს  კანონი, რომლის მიხედვით ლგბტ პროპაგანდა ისჯება –  ის, ვინც ქუჩაში ლგბტ სიმბოლიკით გამოვა (აქციების ჩატარებაზე საუბარიც არ არის), კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. როცა ეს კანონი მიიღეს,  არც ოპოზიციას და არც დასავლეთს ხმა არ ამოუღიათ: აქაოდა, რა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მართლმადიდებლურმა რუსეთმა, აღვირახსნილობა აკრძალაო. პირიქით, დაგმეს, გადაწყვეტილება დიქტატურას მიაწერეს და მერე რა, რომ,  როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლგბტ თემის წინააღმდეგია. რა, დასავლეთს თუ სურს, უნდა ავიტანოთ, უნდა ვუყუროთ, როგორ ირყვნება ერი და ხმა არ ამოვიღოთ?! საკმარისია, სოციალურ ქსელებში  ლგბტ თემზე რაიმე საპროტესტო დაწერო და მაშინვე გბლოკავენ, ხოლო, თუ ამ თემის წარმომადგენლები ვიდეოებს დებენ, რომლებზეც ასახულია, როგორ ეხვევიან ერთმანეთს, კოცნიან, პროპაგანდას ეწევიან, მათ დაბლოკვაზე არავინ ფიქრობს. არის თუ არა ეს მიზანმიმართული კამპანია კონკრეტული ერების წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, არის და ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოპოზიციამ, მაგრამ  ისინი იმისთვისაც მზად არიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინება „დააჩაქუჩონ“ და მას, ვინც წინააღმდეგი წავა, თავი ციხეში უკრან.

დასავლეთს ჩვენთვის ჯერ ის საკონსტიტუციო ჩანაწერი ვერ უპატიებია, რომლის მიხედვითაც ოჯახი დედისა და მამისგან შედგება, რომ დედა ქალია და მამა – კაცი…  ახალ საკონსტიტუციო ჩანაწერს ნამდვილად ვერ აიტანენ და ამიტომაცაა, ხმალამოღებული რომ ცდილობენ, ეს კანონპროექტი ჩანასახშივე მოგუდონ და კენჭისყრაზე არ გავიდეს. თუ პროექტი ჩავარდება (საკონსტიტუციო ცვლილებას ოპოზიციის ხმებიც სჭირდება),  ეს ოპოზიციური პარტიებისთვის წინასაარჩევნო განაჩენი იქნება. ოპოზიცია კარგად ხვდება, თუ პროექტი კენჭისყრაზე გავა, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტში გაიმარჯვებს. ჩავარდება პროექტი და ამომრჩევლის რისხვა ოპოზიციის მისამართით იქნება, მიიღებენ და ხელისუფლება ქულებს დაიწერს, ზედ არჩევნების წინ ლგბტ პროპაგანდას აკრძალავს. ანუ, ოპოზიციურმა სპექტრმა მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგად იცის, მაგრამ მოსახლეობის გაღიზიანებაზე  მეტად  დასავლელი პარტნიორების გაღიზიანებას ერიდება.

დასავლელი პარტნიორებიც გვეუბნებიან და პოლიტიკაში ჩახედული ექსპერტებიც, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ყველა პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება. ჰოდა, სწორედ ახლა არის  შანსი, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელსაც საქართველოს „მოსახლეობის საკონსტიტუციო უმრავლესობა“ აწერს ხელს და ამისათვის ოპოზიციის ხმებიც არის საჭირო. ოპოზიციას უკვე აღარ გამოუვა, არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ახლა ქართველ ხალხს პირდაპირ უნდა უთხრან, რომ ლგბტ თემის მომხრენი  თუ მხარდამჭერები არიან. სწორედ მათ პასუხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული არჩევნების დღეს. მანამდე კი საინტერესო დებატების  კვირა გველოდება,  ოპოზიციის ლიდერები აუცილებლად გაიმეორებენ დასავლელი მფარველებისგან  ნასწავლ ფრაზებს და შეეცდებიან, ისე წარმოაჩინონ, რომ ისინი, როგორც ერისა და ბერის, ისე ლგბტ თემის მხარეს არიან, ანუ ყველაზე ზრუნავენ. სინამდვილეში კი მათ ბეწვის ხიდზე მოუწევთ გავლა და იმის ახსნა, რატომ არ დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და რატომ შეაგდეს სასწორზე ჩვენი შვილების მომავალი. ჰო, ჩვენი შვილების მომავალი, მათი, ვისაც, ძალიან მარტივია,  აუხსნა, რატომ დადიან 17 მაისს ქუჩაში ადამიანები ჩოხა-ახალუხით, ხატებით, ლოცვით და რატომ დადის 20 თუ 21 „ფერადი“ არსება ნახევრად შიშველი და რატომ გაჰკივიან აგრესიული ხმით, აქაოდა, ყურადღება მოგვაქციეთ, მაგრამ არ მოგვეკაროთო.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here