ისრაელის ბოლო მოვლენამ ყველაფერს არა, მაგრამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. კერძოდ: დასავლეთში მშვიდობა არავის აინტერესებს. ისინი მზად არიან, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ამის თუნდაც სულ მცირე შესაძლებლობა ჩნდება, ომი დათესონ, ომი წაახალისონ და ომი გააჩაღონ. შემდეგ უზარმაზარი ავიამზიდებით მიადგნენ და… რეგიონზე კონტროლი დააწესონ. ვერაფერს იტყვი, არცთუ ზნეობრივი, მაგრამ ისტორიულად აპრობირებული მეთოდია, რომელიც ბევრგან გამოუყენებიათ და ხშირად წარმატებითაც.
ასე წაახალისეს მათ ომი აფხაზეთში 1992 წელს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ომში უნდა გადაზრდილიყო; ასე წაახალისეს მათ ომი ცხინვალში 2008 წელს, რომელიც ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ომში უნდა გადაზრდილიყო და გადაიზარდა კიდეც, მაგრამ ამერიკელებისთვის სასურველი მასშტაბი ვერ მიიღო მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო არ იყო მომზადებული რუსეთთან ხანგრძლივი ომისთვის. საქართველოდან რუსეთისთვის ფრონტის გახსნის სურვილი დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან დღემდე არ დაუკარგავს, ვინაიდან ამაში რუსეთისგან არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მოწყვეტის წინაპირობას ხედავდა და ხედავს.
გაშუალებული (სხვისი ხელით) ომისთვის ზედგამოჭილი აღმოჩნდა უკრაინა, რომელსაც, უზარმაზარ ადამიანურ რესურსთან ერთად, დიდი ტერიტორიული, ეკონომიკური და სამხედრო რესურსიც გააჩნდა. რაც მთავარია, ჰყავდა (და ჰყავს) ხელისუფლება, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს უკრაინელი ხალხის ინტერესები და პირადი ინტერესების პარალელურად მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება. უკრაინისთვის წარმოუდგენელი მოცულობის თანხებისა და შეიარაღების მიწოდებისა და გაჭიანურებული ომის მიუხედავად, დასავლეთი უკრაინაში მარცხდება. წელიწადი და რვა თვეა, რაც უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ორმოცდაათზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობს. გარდა ამისა, დასავლეთმა ამ ქვეყანას უპრეცედენტო მასშტაბების ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მაგრამ რუსეთი არათუ მარცხდება, ძლიერდება. დასავლეთმა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ დაასუსტა, პირიქით – რუსეთმა ანგლოსაქსურ სამყაროს ზურგი აქცია და თავისი უზარმაზარი პოტენციალითა და ულევი ბუნებრივი რესურსით დანარჩენი სახელმწიფოებისკენ შეტრიალდა. ორგანიზაცია, რომელშიც თავდაპირვრლად რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გაერთიანდნენ, გაფართოვდა. მასში, ირანთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოებიც შევიდნენ, რაც აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონიის დასასრულის მაუწყებელია. რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის გამოჩენას ახლო აღმოსავლეთში ამერიკელები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. ამ მოვლენისთვის მათ რის დაპირისპირება შეეძლოთ? ბანქოს ენაზე თუ ვიტყვით, ამერიკელები მათ ხელში არსებული ჯოკერის გამოყენების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ. ამერიკულ ჯოკერს ომი ჰქვია! იქ, სადაც დაპირება, მოსყიდვა, მოტყუება, შეშინება ვეღარ ჭრის, ისინი ძალმომრეობაზე გადადიან და ომს იწყებენ. ბოლო სიტყვას ამერიკელები ყოველთვის ომის სახით ამბობენ, რადგან თავიანთი თავხედობის გასატანად ეს მათი ისტორიულად ნაცადი, უტყუარი და უღალატო საშუალებაა. ისინი ომის სულ ახალ-ახალ ფორმებს იგონებენ. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. პროქსი ომს, ანუ, როგორც უკვე ვთქვი, სხვისი ხელით ომს აწარმოებენ. ახლო აღმოსავლეთშიც იმავე მეთოდს მიმართეს და პალესტინა-ისრაელის დაუმთავრებელი დაპირისპირებისთვის ახალი იმპულსის მინიჭებით რეგიონზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ცუნამივით წამოსული გავლენისთვის ომის ბარიკადების აღმართვას ცდილობენ.
საიდან აღმოაჩნდა „ჰამასს” ამერიკული შეიარაღება? – თავს იმტვრევენ პოლიტიკური მიმომხილველები და ანალიტიკოსები. საიდან და იქიდან, სადაც მათი გონება ვერ სწვდება: აშშ-მა ისევე წააქეზა და ისევე შეაიარაღა „ჰამასის” ლიდერები ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისკენ, როგორც საკუთარი ემისარი ედუარდ შევარდნაძე წააქეზა აფხაზების წინააღმდეგ საომრად 1992 წელს; როგორც საკუთარი ყურმოჭრილი ყმა მიხეილ სააკაშვილი წააქეზა ოსების წინააღმდეგ საომრად 2008 წელს. აი, საიდან აქვს ამერიკული შეიარაღება „ჰამასს”. მთავარი საქმე გაკეთებულია. ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი გიზგიზებს და, რაც მთავარია, უახლესი ტიპის ამერიკული ავიამზიდი „USS GERALD R. FORD – CVN 78“ ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება. ჯერჯერობით ყველაფერი ამერიკული სცენარით ვითარდება, რადგან მათთვის არაფერს ნიშნავს „ჰამასის” წაქეზება და მერე, ჟარგონით რომ ვთქვათ, გადაგდება; არაფერს ნიშნავს ფარულად „ჰამასისთვის”, ღიად კი ისრაელისთვის დახმარების გაწევა, სინამდვილეში კი ორივეს მოტყუება და ერთმანეთზე ველური სისასტიკით მიშვება; არაფერს ნიშნავს ახლო აღმოსავლეთის ომის ქარ-ცეცხლში გახვევა და ის უზარმაზარი სისხლისღვრა, რომელიც ამას მოჰყვება; არაფერს ნიშნავს ამ ომის მთელ ისლამურ სამყაროზე გავრცელების საფრთხე, რომელიც მსოფლიო კატასტროფის გამომწვევი იქნება. ერთი სიტყვით, ამერიკული პოლიტიკური ბომონდისთვის არავის უბედურება და კატასტროფა არაფერს არ ნიშნავს, ოღონდ საკუთარ საწადელს მიაღწიოს. საწადელი კი, როგორც ყოველთვის, დაპყრობა, ჰეგემონია და მოგებაა.
აშშ-ის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მსოფლიოსა და მთელი კაცობრიობის მიმართ პლანეტა გლობალური ომის რეალური საფრთხის წინაშე რომ დააყენა, ფაქტია, მაგრამ ამ კატასტროფის თავიდან აცილების თუნდაც თეორიული შანსი ჯერ კიდევ თუ არსებობს, არის მთელი რიგი საერთაშორისო პრობლემებისა, რომლებსაც, როგორც შედეგს ამერიკელთა ბოროტი ზრახვებისა, უკვე ვეღარ ავცდებით:
1. გაეროს ფუნქციის სრული მოშლა და არსებული მსოფლიო წესრიგის ნგრევა;
2. საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების დამღუპველი პრაქტიკა და მისი აბსოლუტური დისკრედიტაცია;
3. ევროპის სახელმწიფოების საერთაშორისო ავტორიტეტის სრული განადგურება და ამ სახელმწიფოების ჩამოყალიბება აშშ–ის კოლონიებად;
4. საერთაშორისო ქაოსი, რომელშიც მთელი პლანეტა თანდათანობით იძირება;
5. კარს მომდგარი გლობალური ომი, რომელსაც მხოლოდ ბირთვული შეიარაღების არსებობა აკავებს, ვინაიდან დანარჩენი წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია.
ეს ჩამონათვალი სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიზისულ მსოფლიოში, რომლის დაძლევის მექანიზმები თითქმის არ ჩანს.
* დღევანდელი მსოფლიო მეწყერია, რომელიც უკვე მოწყდა, მაგრამ ჯერ არ ჩამოწოლილა;
* მიწისძვრის პროცესია, რომელიც დაიწყო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა;
* ცუნამია, რომელიც უკვე დაიძრა, მაგრამ ჯერ არ წაულეკავს ყველაფერი;
* საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ღილაკებია, რომლებსაც ორივე მხარემ უკვე დააჭირა თითი…
მსოფლიო ჯერ კიდევ არის, მაგრამ შესაძლებელია, სულ მალე აღარ იყოს!
ეს არის უკვე დამდგარი შედეგი ბოლომდე გახრწნილი მსოფლიო კაპიტალიზმისა და ამერიკული იმპერიალიზმისა.
სადმე თუ არსებობს გამოსავალი და გზა ხსნისა, იმედის ძაფი, რომელზეც პლანეტისა და რვა მილიარდი ადამიანის ბედი კიდია? რამდენიც უნდა ვიტრიალოთ და ვიწრიალოთ ამ შეკითხვის ირგვლივ, ხელის მოსაკიდებელსა და ფეხის მოსანაცვლებელს ბევრს ვერაფერს ვნახავთ, გლობალური მნიშვნელობის მქონე თითო-ოროლა ნაბიჯის გარდა. სახელდობრ ეს არის:
1. მსოფლიო გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრის აღმოსავლეთით გადმონაცვლება, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კოალიცია, რომელიც ჯერ კიდევ მყიფე და მსხვრევადია, მაგრამ უდიდესი პოტენციალისაა და უზარმაზარი პერსპექტივა აქვს;
2. რუსეთის გაძლიერება. უკრაინის, როგორც დასავლური ფაშიზმის თანამედროვე ცენტრის (მეოთხე რაიხის) დაჩოქება და უკრაინელი ხალხის გათავისუფლება;
3. ევროკავშირის, როგორც ევროპის სახელმწიფოებზე ამერიკული ბატონობის პლაცდარმის დაშლა;
4. ევროპის გათავისუფლება ნატოს კლანჭებისგან. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთით ნატოს გლობალურ გაფართოებამდე, ანუ 1997 წლამდე არსებული სტატუს კვოს აღდგენა, როგორც რუსეთის მიერ ამერიკისთვის იყო შეთავაზებული უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, რაც ყოფილი ვარშავის პაქტის წევრი სახელმწიფოებისა და, აგრეთვე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოს შემადგენლობიდან გამოყვანას გულისხმობდა. მეორე ეტაპზე კი – ამ დანაშაულებრივი სამხედრო ბლოკის დაშლა;
5. რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთიან გეოპოლიტიკურ სისტემაში მოქცევა, რომელიც მათი დაკარგული უსაფრთხოების აღდგენისა და სტაბილური განვითარების გარანტიას შექმნის;
6. გაეროს ბაზაზე ახალი მსოფლიო წესრიგის გარანტორი ორგანიზაციის დაფუძნება, სადაც ბალანსი შექმნილი რეალობის (მსოფლიო გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი აღმოსავლეთ ნახევარსფეროში და რეალური მრავალპოლუსიანობა) გათვალისწინებით ჩამოყალიბდება;
იპოვო გზა ხსნისა, თეორიულად არც ისე ძნელია, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება ურთულესი საკითხია. ნაბიჯი (თანაც სერიოზული) ამ მიმართულებით გადადგმულია. მხედველობაში მაქვს, რუსეთის ოცდასამწლიანი (მას შემდეგ, რაც ელცინის მარიონეტული მმართველობა მოიცილა) ბრძოლა პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის მოსაპოვებლად და ამერიკის აღვირახსნილი ექსპანსიის შესაჩერებლად. ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. მსოფლიოში ამერიკული ყალბი დემოკრატიის, გარყვნილების კულტის, მოსყიდვისა და ძალმომრეობის ექსპანსიის შეჩერება მხოლოდ რუსეთის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. ეს არის ერთადერთი გზა ხსნისა. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა ბუნებაში არ არსებობს!
ვალერი კვარაცხელია
იერუსალიმის პატრიარქმა და რომის პაპმა უნდა იაქტიურონ და შექმნან ისრაელის ტერიტორიაზე ვატიკანის ასლი-თეოკრატიული ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სახელმწიფო ან სამეფო-რესპუბლიკა, რაც შეაჩერებს ახალ ეთნიკურ-რელიგიურ ომს-რომელიც ჩაწყობილია ქრისტიანული რელიგიის რევიზიისათვის…”ქრისტიანებო ყველა ქვეყნისა გაერთიანდით-ქრისტიანული რელიგიის ეპიცენტრის გადასარჩენად-დაიცავით მართლმადიდებლობა!…ამინ!….body-green- მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, გლობალიტურმა ძალებმა ფულით, სპეციალური პროგრამებისა და მათი ადეპტების მეშვეობით მიაღწიეს იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილი, მათ შორის საქართველოც, ვასალ ქვეყნებად აქციეს. ეს ქვეყნები მათ კრედიტებზე ისე არიან დამოკიდებულნი, რომ მათთან შეთანხმების გარეშე პარლამენტი კანონსაც ვერ იღებს….