Home ახალი ამბები საქართველო ოჰ, ეს პრეზიდენტები…

ოჰ, ეს პრეზიდენტები…

ოჰ, ეს პრეზიდენტები...

ქართული ოცნების” ისტორიული გამარჯვების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს პოლიტიკური განაჩენი იმ დროს გამოუტანა, როდესაც პოლიტიკაში ღიად შემოვიდა. ივანიშვილის მოსვლით საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა დასრულდა და საპარლამენტო ერა დაიწყო. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელობა არ დაუკარგავს, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სწორედ პრეზიდენტია. საპარლამენტო მმართველობის ვითარებაში არჩეული ორი პრეზიდენტი გვყავდა – გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი. ორივე ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო შემოთავაზებული.

2013 ელი, ბიძინა ივანიშვილი: ”ზეკაცს ნუ ელოდებით, ჩვენ გვყავს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავის სამშობლო. გიორგი ბრძენი კაცია, ფილოსოფოსია, ძალიან განათლებული და ყველანაირად დაბალანსებული პრეზიდენტი გეყოლებათ, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გამარჯვებამდე მიგვიყვანს”.

2018 ლი, ბიძინა ივანიშვილი: ”სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიის. პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება – რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ქალბატონ სალომეს გაპრეზიდენტებით ჩვენს შორეულ და უახლეს ისტორიასაც შევეხმიანებით და თავად ქალბატონ სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში”.

2024 ელი, ბიძინა ივანიშვილი: „პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. იგი არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას… ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“.

ასეთია ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებად სხვა და სხვა პიროვნებათა შემოთავაზების ისტორია.

ამ პიროვნებათაგან მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა, რომლებმაც თითო ვადით იპრეზიდენტეს, ვერ გაამართლეს. ქართველმა ხალხმა მათ ნდობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხათრით გამოუცხადა, მაგრამ მათ ხალხსაც უღალატეს და ივანიშვილსაც. ამ უკანასკნელმა აღიარა საკუთარი შეცდომები.

2016 წელი, ბიძინა ივანიშვილი: ”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას”.

2023 ელი, ბიძინა ივანიშვილი: ”სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად. ეს მისი არჩევანი იყო”.

ხალხს, რა თქმა უნდა, ახსოვს ეს ყველაფერი, ამიტომ ახლა, როდესაც ივანიშვილი პრეზიდენტობის ახალ კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილს ასახელებს და მისი პიროვნების დასახასიათებლად თითქმის იმავე ეპითეტებს იყენებს, რომლებსაც წინამორბედთა დასახელებისას გვთავაზობდა, ბუნებრივად ჩნდება შიში იმისა, რომ ერთი-ორი წლის გასვლის შემდეგ იგი შეიძლება ისეთივე გულნატკენი დარჩეს, როგორც წინა ორ შემთხვევაში. ქართველ ხალხს ამგვარი საშიშროებისგან ახლა მაინც იცავს რამე? – ეს ის ლოგიკური შეკითხვაა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ვფიქრობ, ახლა მართლაც განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, რა მაქვს მხედველობაში: ბიძინა ივანიშვილი პირველი და მეორე კანდიდატურის შერჩევისას არ იყო თავისუფალი გარეგანი ფაქტორებისგან. არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ დასავლეთიდან კონკრეტულად მარგველაშვილის ან ზურაბიშვილის კანდიდატურა უკარნახეს, მაგრამ ივანიშვილმა ხომ იცოდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ე.წ. მედასავლეთე პოლიტიკოსთა წრეში უნდა ეძებნა, რათა ისინი დასავლეთისთვის მიუღებელი ფიგურები არ ყოფილიყვნენ. ამ შინაგანი ცენზორის ჩართვით არჩევდა იგი მომავალ კანდიდატებს, რის გამოც ორივე შემთხვევაში მძიმედ შეცდა. არ შემცდარა იმაში, რომ ორივე კანდიდატურა დასავლეთისთვის მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ შეცდომა იმაში გამოიხატა, რომ საქართველოსთვის არც ერთმა ივარგა და არც მეორემ. ახლო წარსულის ამ ორ შემთხვევასა და დღევანდელ ვითარებას შორის ის პრინციპული განსხვავებაა, რომ ივანიშვილს ამჯერად აღარ უწევს დასავლეთის ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან იგი მტკიცედ დაადგა დასავლეთისგან სუვერენიტეტის მოპოვების გზას. ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმაზე იფიქრებდა, მისაღები იქნება თუ არა ქართველი ხალხისთვის ეს ახალი კანდიდატურა. უფრო ზუსტად, იქნება თუ არა ეს კანდიდატურა ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი და, მისი შინაგანი განწყობით, გარედან (საზღვარგარეთიდან) მართვისგან დაცული. რამდენად უღალატო იქნება იგი, როგორც ქვეყნის, ისე მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტიისთვის, ეს უკვე სრულიად განსხვავებული მიდგომა და რეალობაა, ამიტომ შეცდომის დაშვების რისკი ამჯერად გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა კანდიდატურების შერჩევისას. ახალი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს, – აცხადებენ ”ქართული ოცნების” ლიდერები. აქ კი საქმე გვაქვს ცოტა გადაჭარბებასა და საკითხის ერთგვარ რომანტიზებასთან. ზეპარტიული რატომ ან როგორ იქნება პარტიის წიაღიდან მომავალი კანდიდატურა? ზეპარტიული კი არა, იმ პარტიის ხაზისა და გენერალური მიმართულების გამტარებელი უნდა იყოს, რომელი პარტიაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის. ასეთ პარტიად ამომრჩეველთა უმრავლესობამ ”ქართული ოცნება” მიიჩნია, ამიტომ ამავე პარტიის მიერ შერჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატურას ზეპარტიულობის თამაშს კი ნუ მოვთხოვთ, პარტიის კურსის გატარებაში უღალატობა მოვთხოვოთ, თორემ მისმა წინამორბედმა პრეზიდენტებმა იძახეს, ზეპარტიულები ვართო, მაგრამ სინამდვილეში გარეწარი მოღალატეები იყვნენ და სხვა არაფერი.

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის დიპლომს ან დეპუტატისთვის შეუფერებელ ზოგიერთ წამოძახილს პარლამენტის სხდომაზე, კარგი იქნებოდა, დასავლეთის ”მეხუთე კოლონას” აქ შესადავებელი რომ არაფერი ჰქონდეს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: ჩემთვის, პირადად, გაცილებით ნაკლებად სანდო ის პიროვნება იქნება, რომელსაც მათთვის არასოდეს შეუგინებია. ისინი ხომ იმისთვის არსებობენ, რომ ის ადამიანიც კი, რომელსაც ბუნებამ ”რკინის ნერვები” უბოძა, მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

ასე რომ, ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტებად ისეთი მოღალატეები და უცხო ქვეყნების სამსახურში ჩამდგარი არამზადები გვყავდნენ, როგორებიც იყვნენ სააკაშვილი, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელება აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here