Home რუბრიკები პოლიტიკა ნარკოტიკები და პოლიტიკა

ნარკოტიკები და პოლიტიკა

დასასრული. დასაწყისი იხ. #9-10, 2021

საქართველო დანაშაულებრივი დაჯგუფებების საერთაშორისო სისტემაში

პლანეტის მრავალ წერტილში მიმდინარე უმწვავესი მოვლენების, მათ შორის, კავკასიის რეგიონში არსებული დაპირისპირებების ფონზე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ურთულესი ისტორიული ეტაპი დაიწყო.

როგორია საქართველოს როლი და ადგილი ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში?

სწორი დასკვნების გამოსატანად ყოველივე ისტორიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთსა და ასევე რეგიონის სხვა ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებთან არის დაკავშირებული

ძალისმიერი ინტერვენციული პოლიტიკის და შესაბამისი დიპლომატიის გამოყენებით მეფის რუსეთმა უდიდესი იმპერია ააშენა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მან კავკასიის კოლონიზაცია დაიწყო: საქართველო 1801 წელს დაიპყრო, აზერბაიჯანი _ 1813-ში, ყველაზე ბოლოს დანებდნენ ჩეჩნეთი _ 1858-ში და დაღესტანი _ 1878-ში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა, სამოქალაქო ომმა 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ლტოლვილად აქცია. ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობამ აიძულა ისინი, დაეტოვებინათ ქვეყანა. დაიწყო ტოტალური მიგრაცია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე კრიტიკული სიტუაცია საქართველოში შეიქმნა. გაეროს შეფასებით, თუ გაგრძელდება არსებული დემოგრაფიული ტენდენცია, 2050 წლისთვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონით შემცირდება. საქართველოდან ემიგრირებულთა ასაკი 20-დან 50 წლამდე მერყეობს, მათგან ნახევარზე მეტი ახალგაზრდა ქალებია. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს უჭირთ რეინტეგრაცია, რომლის გამოც ნაწილი კვლავ ტოვებს საქართველოს, ამჯერად _ სამუდამოდ.

ფრიად სამწუხაროა, რომ ემიგრირებულთა ერთმა ნაწილმა კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას მიჰყო ხელი. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი კავშირები დიასპორასა და კონტრაბანდულ ქსელებს შორის, დანაშაულებრივი ბიზნესი თანდათან ძალას იკრებდა და ნელ-ნელა ინტეგრირდებოდა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულში.

2000-2008 წლების ორგანიზებული დანაშაულის ევროპულ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეები არ ფიგურირებენ. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ევროპული კრიმინალური სამსახურები საქართველოს ორგანიზებულ ჯგუფებს აიგივებდნენ რუსულ ორგანიზებულ დაჯგუფებებთან.

* პირველად 2009 წელს მოხდა ეთნიკური ქართველის დაკავება, 2011 წლიდან ქართული კრიმინალური ჯგუფები თანდათან ერთიანდებიან რუსულ-ევრაზიულ კრიმინალურ დაჯგუფებებში.

* 2010-2011 წლებში გერმანიაში გამოავლინეს ქართველების ოთხი დანაშაულებრივი ჯგუფი. საქართველოდან ემიგრირებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ევროპაში არალეგალურად იმყოფებიან, გააძლიერეს და გააფართოვეს თავიანთი კრიმინალური კავშირები.

* 2012 წლის 4 ივნისს დააკავეს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 21-კაციანი ჯგუფი, დიდი რაოდენობით ნაღდი ფულითა და ძვირფასეულობით; ბრალად წაუყენეს საფრანგეთსა და ბელგიაში 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლისა და ბინის გაძარცვა.

* 2013 წლის 18 ივლისს ევროპამ მხარი დაუჭირა 18 პირის დაკავებას, რომელთაგან 13 ე.წ. ქუთაისის კლანის წარმომადგენელი “კანონიერი ქურდი” იყო.

* 2015 წლის 9 ოქტომბერს რომში ევროპოლისა და იტალიის პოლიციის (კარაბინერები) მიერ ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს ქართველების 57-კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც ბრალად ედებოდა სახლების ძარცვაში მონაწილეობა. მათვე კავშირი ჰქონდათ ქართველ კანონიერ ქურდებთან, რომლებიც მოქმედებდნენ რომში, რეჯიოში, კალიარიში, სიენაში, ევროპის სხვა ქალაქებში და ბრალად ედებოდათ 67 სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენა.

2014 წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფებები ისე გაძლიერდნენ, რომ გერმანიის ტერიტორიაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოქმედი 40 დანაშაულებრივი დაჯგუფებიდან 10-ეთნიკური ქართველები აკონტროლებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფების რაოდენობის მიხედვით, ისინი რუსეთის ფედერაციის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდნენ, 2015 წელს კი პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურმა ორგანიზაციებმა შესაშური უნარი გამოიჩინეს, უკანონო ბიზნესების განსავითარებლად სხვადასხვა სახის კომპრომისზე წავიდნენ და ერთმანეთს შორის დაპირისპირებას გაუძლეს. რელიგიური, რასობრივი და ტერიტორიული წინააღმდეგობების მიუხედავად, საჭირო შემთხვევაში გაერთიანდნენ კიდეც, რასაც მსოფლიოს სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებზე სწრაფად და ხარისხიანად აკეთებდნენ.

საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფების ყოველ ტიპს გამოკვეთილი სახე და სტრუქტურა გააჩნია; ისტორიულად იმ პირობების ანარეკლია, რომლის წიაღშიც ყალიბდება. საზოგადოებაში, ტერიტორიაზე, დროსა და სივრცეში მოძრაობამ, დროის ყოველ მონაკვეთში ფესვების გადგმამ მას არსებობისა და კვლავწარმოების ორიგინალური ხელმოწერა გამოუმუშავა.

პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური დაჯგუფებების პრაქტიკული ბაზა აღმოცენდა და განვითარდა საბჭოთა სივრცის “კანონიერი ქურდების” ე.წ. ქურდული კოდექსის მიხედვით, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ისეთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნასა და გაძლიერებას, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ იტალიურ მაფიას, კალიფორნიულ განგსტერებს, კოლუმბიურ კარტელებს, ჩინურ ტრიადებს, იაპონურ იაკუზებს, თურქულ მაფიას და ა.შ. მათ უამრავი ნიშან-თვისება აქვთ იმ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების, რომელთა ერთ-ერთი საწყისი გასული საუკუნის შუა პერიოდის ნარკოტიკებით სპეკულაციის სათავეში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამის გამო ადვილად და სწრაფი ტემპით მოხდა მათი ინტეგრაცია საერთაშორისო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, მათ შორის საერთაშორისო ნარკობიზნესში.

ქართული ნარკოპოლიტიკა და საერთაშორისო ნარკობიზნესი

საქართველოში ნარკოვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ მუდმივიად უარესდება, მდგომარება უფრო გართულდა XXI საუკუნეში, როდესაც ქვეყანა ნარკოტიკების ერთ-ერთ სატრანზიტო სივრცედ ჩამოყალიბდა, რომელსაც მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუწყო ხელი და აზიიდან ევროპისკენ ნარკოტიკების ტრანზიტის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად აქცია. ამ თვალსაზრისით, საქართველო მოგვევლინა იმ მარშრუტების უშუალო დამაკავშირებლად, რომელთა მეშვეობითაც ნარკოტიკები, განსაკუთრებით, ჰეროინი, ავღანეთიდან და ცენტრაალური აზიიდან ევროპისკენ მიედინება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გათვლით, 2007 წლის მონაცემებით, ამიერკავკასიაში წელიწადში 11 ტონა ჰეროინი სამი ძირითადი მარშრუტით გადაადგილდებოდა:

  1. ავღანეთი-ირანი-შუა აზია-აზერბაიჯანი-საქართველო-შავი ზღვით _ ბულგარეთი _ 9 ტონა (გადაზიდვები ფიქსირდება 2008 წლიდან);
  2. ავღანეთი-ირანი-შუა აზია-კასპიის ზღვითა-აზერბაიჯანი-საქართველო-შავი ზღვით ევროპისკენ _ 2 ტონა;
  3. ავღანეთი-აზარბაიჯანი-ხავერი (ირანი)-ჰაკარი და\ან ვანი (თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი)-ცენტრალური ანატოლიის ქალაქები-ჩრდილო ანატოლიის ქალაქები-უკრაინა, მცირე ნაწილი საქართველოში ილექებოდა (არაოფიციალური მონაცემებით, ეს “მცირე ნაწილი” 500 მილიონ დოლარზე მეტი იყო. _ რედ.).

2000-2008 წლებში აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე წარმოებული ჰეროინის ამოღებამ ცხადყო, რომ საქართველოდან ევროპაში ჰეროინი შედის შავი ზღვის პორტების (ძირითადად ფოთის პორტის) საშუალებით ორი გზით: საქართველო-ბულგარეთი (6 ტონა); საქართველო-უკრაინა (1 ტონა).

ნიშანდობლივია, რომ ფოთის პორტს პირდაპირი საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ილიჩეევსკის (უკრაინა) და ვარნის (ბულგარეთი) პორტებთან აქვს, სხვა შემთხვევაში მდგომარეობა უფრო რთული იქნებოდა.

დაბოლოს, ჩვენს მკითხველებს აუცილებლად უნდა ვაცნობოთ, რომ გაგვიჭირდება ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის დონისა და ნარკომანიის გავრცელების მასშტაბების ზუსტი განსაზღვრა, რადგან უკანასკნელ წლებში არ არსებობს დეტალური ინფორმაცია, არც უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკების და არც ნარკომანიის გავრცელების მასშტაბების შესახებ. ამ მიმართულებით ბოლო კვლევა 2012 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაცია “ბემონმა” ჩაატარა. ჩვენი პუბლიკაციის შედარებითი ანალიზი გაეროს, ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი მოსაზღვრე და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინფორმაციების საფუძველზე გაკეთდა.

ჯემალ ჯანაშია,
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უშიშროების გენერალ-მაიორი

რედაქციისგან:
ბატონ ჯემალ ჯანაშიას წერილების ციკლს აქტიურად გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში. ავტორი დაგვპირდა, რომ საზოგადოებრიობის რეაქციის ანალიზს შეძლებისდაგვარად ოპერატიულად მოგვაწვდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here