ამა წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ ცნო. 18 ოქტომბერს კი საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მომსწრე შეიქნა… სალომე ზურაბიშვილი თავისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტში დაესწრო, მანამდე კი განაცხადა: “პარლამენტშიც მივალ, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ გარეთ, შიგნით მე ვიქნები და მე ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია”.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააღიზიანა პრეზიდენტის სიტყვებმა _ “პატარა კაცები” და მას ასე უპასუხა: “სალომე ზურაბიშვილი კოლექტიურ “ნაცმოძრაობაშია” _ ეს არის ამ არათანამიმდევრულობის მიზეზი. თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, რადგან არავის უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ ტურში და არც მეორეში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პრეზიდენტი გამხდარიყავით, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულსა და სხვადასხვა გარემოებას. დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ”.
პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო იმპიჩმენტის მოწყობა. სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტია.
პარლამენტში გამართული სანახაობით აღფრთოვანებული არ არის ქართველი საზოგადოება, შეკითხვები ბევრია უმრავლესობასთანაც და პრეზიდენტთანაც…
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ “ქართულ ოცნებას” თავისი ნებით არ დაუყენებია სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად. იმხანად “ოცნება” არ იყო თავისუფალი თავის არჩევანში. ზურაბიშვილი დასავლეთის მიერ თავსმოხვეული კანდიდატი იყო, საქართველო კი მზად არ იყო, უარი ეთქვა. ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე გახლდათ “ნაცმოძრაობის” კანდიდატი, რომლის გაპრეზიდენტება დაუშვებელი იყო, ამიტომ ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც დასავლეთმა შესთავაზა მთავრობას, ასე თუ ისე, უკეთესი ვარიანტი აღმოჩნდა. ეს იყო მოცემულობა და ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. “ოცნებას” თავიდანვე ეტყობოდა, რომ ზურაბიშვილის მომხრე არ იყო. ისინი თავიდანვე არ ჩაერთვნენ არჩევნებში, მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, როცა ნახეს, რომ შეიძლებოდა არჩევნები წაეგო ზურაბიშვილს.
_ კობახიძემ განუცხადა ზურაბიშვილს, რომ ამიერიდან ის ხალხის კი არა, ნაციონალების პრეზიდენტი იქნება. ამ სიტყვებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. “ოცნების” თავმჯდომარემ, ფაქტობრივად, ამომრჩეველი შეურაცხყო, ის ამომრჩეველი, რომელსაც ზურაბიშვილი არაფერში სჭირდებოდა და არჩევნებზე ძალით და ხათრით წავიდა…
_ ცუდად არის გაგებული კობახიძის სიტყვები, მან ზურაბიშვილს უთხრა, რომ ამომრჩეველი მოატყუა, რომ ნაციონალებში გადაბარგდა.
ზურაბიშვილმა “პატარა კაცები” უწოდა პარლამენტარებს, ამაზეც კარგი პასუხი გასცა კობახიძემ. სალომე ზურაბიშვილი უკიდურესად თავხედურად იქცეოდა და საუბრობდა პარლამენტში, მან ბევრი უმსგავსობა ილაპარაკა და არ შეიძლებოდა, სახელისუფლო გუნდს მისთვის არ ეპასუხა, რადგან ძალიან ცუდად წარმოჩნდებოდნენ ხალხის თვალში.
_ საპარლამენტო უმრავლესობა ისედაც ცუდად წარმოჩინდა ხალხის თვალში, რადგან იმპიჩმენტი ჩაუვარდა. ეს ასე რომ იქნებოდა, თავიდანვე იცოდნენ, რატომ შეიტანეს ეს საკითხი კენჭისყრაზე?
_ როდესაც კონსტიტუციის დარღვევისთვის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, მას შემდეგ ყველა ვარიანტში პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებდა, რადგან წესია ასეთი. ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი. საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილება პარლამენტს გაუგზავნა. დადგენილება უნდა განხილულიყო და განიხილეს…
_ ხალხი თვლის, რომ მთავრობამ გაითამაშა ეს ყველაფერი, რადგან ბიძინა ივანიშვილისთვის რამდენიმე დეპუტატის მოსყიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა, თუ მართლა სურდათ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი…
_ წარმოუდგენელია!.. ოცი ხმა აკლდებოდათ იმპიჩმენტისთვის. ოცი დეპუტატის მოსყიდვა წარმოუდგენელია. ორი-სამი, თუნდაც ხუთი ოპოზიციონერის მოსყიდვა კიდევ შეიძლება, მაგრამ ოცის _ ვერა. ოცი ოპოზიციონერის მოსყიდვა რომ შეეძლოს ივანიშვილს, ბედნიერება იქნებოდა, ეს ოპოზიცია საერთოდ აღარ იარსებებდა. ხალხი არ არის გაცნობიერებული პროცესებში…
_ რის გაფუჭება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, ალბათ, ძალიან გამწარებულია? ის ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. მოსალოდნელ არეულობას, რომელზეც დაუფარავად ლაპარაკობენ ე.წ. ოპოზიციონერები, ზურაბიშვილიც შეუერთდება?
_ სააკაშვილის მმართველობის ბოლოს პრეზიდენტის უფლებები ძალიან შეიკვეცა. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, დაითხოვოს მთავრობა, პარლამენტი და ა.შ., რაც ასე საშიშია ჩვენთვის. პრეზიდენტს მხოლოდ შეწყალების უფლება აქვს ან კანონზე ვეტოს დადების, ის ფორმალურად აწერს ხელს ელჩების დანიშვნას და ბევრ სხვა რაღაცას… ახლა ამბობენ, შესაძლოა, სააკაშვილი შეიწყალოსო, მაგრამ ამას ვერ შეძლებს. ზურაბიშვილი სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, მაგრამ იცის, რომ ეს შეუძლებელია. სააკაშვილს აქვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები და, როგორც კი ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, პროკურატურა შევა სასამართლოში და დააკანონებს მის პატიმრობას მიმდინარე საქმეებზე.
რაც შეეხება იმას, ზურაბიშვილი შეძლებს თუ არა არეულობის ორგანიზებას, შეძლებს. თვითონ მარტო ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ აქაურ დესტრუქციულ ძალებთან და დასავლეთში მოღვაწე თავისნაირ კრიმინალ პოლიტიკოსებთან ერთად და მათი მხარდაჭერით შეძლებს. ეს სერიოზული ძალაა არეულობისთვის.
_ დაეცა თუ არა ხელისუფლების რეიტინგი იმპიჩმენტის ჩავარდნით?
_ აუცილებელი იყო სალომე ზურაბიშვილის დანაშაულის წარმოჩენა. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამას აკეთებს, წლებია _ დაწყებული უპირობო შეწყალებებით და დასრულებული უნებართვო ვოიაჟებით… სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა უფლება, კონსტიტუცია თავის ჭკუაზე მოერგო. მისი შეწყალებები ულოგიკო იყო, მან კრიმინალები გაათავისუფლა და უდანაშაულო ხალხი დატოვა ციხეში. სალომე ზურაბიშვილი არღვევდა კონსტუტიციას და ეს აუცილებლად უნდა თქმულიყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამიერიდან ვინც მას საზღვარგარეთ შეხვდება, არავინ პატივს აღარ სცემს, გარდა მისი მსგავსი დამნაშავე პოლიტიკოსისა, რადგან ყველას ეცოდინება, რომ თავის ქვეყანაში ზურაბიშვილი დამნაშავედ ცნეს. ვინც ზურაბიშვილს შეხვდება, გვეცოდინება, რომ ის პოლიტიკოსი საქართველოს პატივს არ სცემს. ვფიქრობ, ზურაბიშვილის მიღებას დასავლეთი მაინც მოერიდება.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პასუხი ვერ გასცა ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას _ არის თუ არა საქართველო იმის ღირსი, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიენიჭოს? ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მისი ვოიაჟები საზღვარგარეთ იყო ანტისახელმწიფოებრივი. ბევრი რამ გაიშიფრა პარლამენტში 18 ოქტომბერს.
ხელისუფლების რეიტინგის დაცემას რაც შეეხება, გეტყვით: ირაკლი კობახიძე ძალიან კარგად გამოიყურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია და დაგვანახვა, რომ ეს საკითხი შესანიშნავად იცის. მან არგუმენტებით დაამტკიცა სალომე ზურაბიშვილის დანაშაული. პარლამენტშიც ისე დააბნია კობახიძემ ზურაბიშვილი, რომ ვასო გოძიაშვილის სპექტაკლ “ძველი ვოდევილების” ის ეპიზოდი გამახსენდა, როდესაც ერთ-ერთი გმირი ამბობს: “ღორებისა მე არაფერი ვიცი”-ო. სალომემ იმაზე კი არ ისაუბრა, რაც არსებითი იყო, მესროლა აქანდაზი და ვესროლე ცოცხიო, _ გაიძახოდა. პრეზიდენტს კონსტიტუციის დაღვევაში ადანაშაულებდნენ, ის კი სხვაგან იყო, ეკითხებოდნენ, თუ თავდაპირველად ითხოვდით საზღვარგარეთ წასვლის ნებართვას, ბოლოს რატომ აღარ მოითხოვეთო? მას კი პასუხი არ ჰქონდა. პრეზიდენტი განიარაღებული იყო პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილი თავისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტში სულელურად გამოიყურებოდა, არაკომპეტენტურად და მართლა დამნაშავედ…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი