Home ახალი ამბები საქართველო ნანა  კაკაბაძე: ქართულ ციხეში არ ზის ადამიანი, რომელსაც სააკაშვილზე დიდი დანაშაული აქვს...

ნანა  კაკაბაძე: ქართულ ციხეში არ ზის ადამიანი, რომელსაც სააკაშვილზე დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი

“თუკი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, რადგან კარგად იცის, რამდენი ოჯახი ჰყავს მას გამწარებული”

720

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს“, _ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორზე ნათქვამმა ამ ფრაზამ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს გაუჩინა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, გადახედოს მის მიერვე რამდენიმეჯერ ნათქვამ ფრაზასარა და არასოდეს!“ და შეიწყალოს პატიმარი.

მიხეილ სააკაშვილი შეწყალებას არ ითხოვს, მაგრამ მისი ადვოკატი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მაინც გეგმავს.

თუ მას ნამდვილად დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავადმისი საქმე განხილვის ეტაპზეა და, ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საქმის განხილვა დასრულდება“, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და, ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ შეიწყალებს სააკაშვილს.

საქართველო და მსოფლიოსადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე ესაუბრება:

_ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: “არ მინდა, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოში მოკვდეს”. მისი ეს განცხადება ძალიან საინტერესოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელიწადია, გაიძახიან, სააკაშვილი კვდებაო, თვითონ თქვა, რომ არ კვდება.

სააკაშვილის შეწყალებას რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილი ამას ვერ შეძლებს; ვერ შეძლებს არა იმიტომ, რომ სინდისი არ უკარნახებს, არამედ იმიტომ, რომ, თუკი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ამ ქვეყენაში ვეღარ იცხოვრებს, რადგან კარგად იცის, რამდენი ოჯახი ჰყავს გამწარებული ყოფილ პრეზიდენტს. ეს ოჯახები დღემდე ელოდებიან მის დასჯას და, თუკი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, ამით გაინადგურებს  არა მხოლოდ  კარიერას, არამედ საკუთარ თავს.

რა დიდიც უნდა იყოს დასავლეთის წნეხი ამჟამინდელ პრეზიდენტზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ამ დავალებას ის ვერ შეასრულებს.

_ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილის ადვოკატი პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე მოილაპარაკებენ

_ სააკაშვილის სადმე გადაყვანა არც სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია და, მით უმეტეს, არც ადვოკატის. ეს სისულელეა. სააკაშვილისნაირ დამნაშავეს ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს…

_ ამბობთ, რომ პრეზიდენტი დამნაშავეს ვერ შეიწყალებს, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი დამნაშავეები ქუჩაში თავისუფლად დადიან, მეტიც, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მშვიდად სხედან

_ დიახ, დამნაშავეები თავისუფალი არიან და ქუჩაშიც დადიან, ამაზეც ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ყველა იმ დანაშაულის, რომლებიც იმხანად ხდებოდა, თავიდათავი ხომ სააკაშვილი იყო?! მის გარეშე გადაწყვეტილებას ვერავინ იღებდა. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას ხელი არ უნდა მოაწეროს, მას ეს არ უნდა უღირდეს თუნდაც შვილებისთვის საუკეთესო სამსახურების შენარჩუნებად.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საფასური რა დიდიც უნდა იყოს, ზურაბიშვილს არ შეერგება; მაგრამ, თუკი მაინც ასე მოხდება, ზურაბიშვილმა უნდა ატაროს დიდი ტვირთი სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ეს ტვირთია ბუტა რობაქიძის ოჯახის ტრაგედია, გირგვლიანების, მოლაშვილების, გამცემლიძეების, თეთრაძეების, ვაზაგაშვილების და ა.შ. ტრაგედიები, რომელი ერთი ჩამოვთვალო?.. ამ დანაშაულების სათავეში ხომ სააკაშვილი იდგა? სვანეთში ჩადენილი სისასტიკე სააკაშვილის გარეშე მოხდებოდა? სხვა ასრულებდა, მაგრამ თავკაცი სააკაშვილი იყო, ამიტომ არის ის დასასჯელი.

ქართველმა საზოგადოებამ არ იცის სააკაშვილის მდგომარეობა, ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ის ავად. ამას ამბობენ მისი პარტიის წევრები, არასამთავრობოები და ადვოკატები, მაგრამ ექიმების დასკვნას არ აჩენენ. თუკი მართლა კვდებაექიმების დასკვნა გვიჩვენონ. მართლა რომ კვდებოდეს, ფაქტებს გამოამზეურებდნენ.

ვფიქრობ, ის კამპანია, რომელიც სააკაშვილის გარშემო აგორდა, მის გასაჩუმებლად მიმდინარეობს. ასე ცდილობენ მისი გულის მოგებას, რადგან, თუკი გვერდით არ დაუდგებიან, ყველაფერს იტყვის: ვის უკმევდა საკმეველს, ვის მაფიაში იყო, ვის დავალებებს ასრულებდა. ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში: დასავლეთი, ამერიკა და რუსეთი _ ყველა ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში მის მოსაყვანად. ახლა რომ ადგეს და ილაპარაკოს სააკაშვილმა ყველაფერი, ვინ, სად და როდის უნთებდა მწვანე შუქს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!

არის საუბარი იმაზე, რომ პირადი ცხოვრების სათვალთვალო ყველანაირი აპარატურა სააკაშვილს დასავლეთიდან ჰქონდა. არ ვამტკიცებ ამ ამბავს, მაგრამ, როგორც საუბრებიდან ირკვევა, ასეა. დიდი ალბათობით, მხოლოდ თავისთვის არ აკეთებდა ამას, ეს ევროპელებსაც სჭირდებოდათ და, თუ სააკაშვილი ამას იტყვის, ის სახელმწიფოები არ აღმოჩნდებიან კარგ დღეში, რომლებსაც დაასახელებს.

აქედან გამომდინარე, .. დასავლელ პარტნიორებს სააკაშვილის გარშემო ხმაურის ატეხვა მის გასაჩუმებლად სჭირდებათ.

მათ ზუსტად იციან, რომ, როდესაც ისე იცავ პატიმარს, როგორც ახლა აკეთებენ საქართველოში, ეს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს. მითითებები, რომლებიც მოდის ევროპიდან, შემზარავია. მსგავსი რამ არ მახსოვს. ევროპის მიდგომა, დამნაშავე პრეზიდენტი არ უნდა დაისაჯოსო, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს კოლონიად მიიჩნევენ. ჩვენი ქვეყნისადმი ევროპელების ასეთი მიდგომა იწვევს ქართველი ხალხის უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთისადმი, ეს იციან, მაგრამ მაინც სჩადიან ამას, რადგან სააკაშვილის ალაპარაკება ძალიან არ სურთ.

სააკაშვილს აწყნარებენ მისი “პარტნიორები”, უდასტურებენ “ერთგულებას” და აჩვენებენ, რომ გაჩერებულები არ არიან, იბრძვიან მის გასათავისუფლებლად… სანამ ეს ასე იქნება, სააკაშვილი ხმას არ ამოიღებს.

_ სააკაშვილი მოიხდის სასაჯელს თუ მაინც გათავისუფლდება

_ თუ სალომე ზურაბიშვილი ციხეს ჩუმად გატეხს და სააკაშვილს გააპარებს, არ ვიცი. სხვა შემთხვევაში მისი  გათავისუფლება გამორიცხულია. სააკაშვილი რომ გაათავისუფლო, მაშინ სხვა პატიმრებიც, რომლებსაც მასზე ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი, უნდა გამოუშვა. ქართულ ციხეში არ ზის ადამიანი, რომელსაც სააკაშვილზე დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი.

_ რაღაცას მაინც ელოდება ზურაბიშვილი, მისი სიტყვები _ „მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა“ _  თითქოს რაღაცაზე  მიანიშნებს

_ ზურაბიშვილმა კარგად იცის სააკაშვილის საქმის არსი. მან ამ სიტყვებით თქვა: მე რომ შევიწყალო, სასამართლოს აქვს საფუძველი, სხვა სასჯელით პატიმრად დატოვოს”.

გამოძიების პროცესი დასრულებული არ არის, ამიტომ შეწყალება ვერ და არ გამოვა, რადგან სააკაშვილი ძიებაში მყოფი პირი კი არ არის, მისჯილი აქვს და კვლავ გრძელდება ძიება მის დანაშაულებზე. სააკაშვილს ბოლომდე არ აქვს მისჯილი, მის სასაჯელს კიდევ შეიძლება დაემატოს. სალომე ზურაბიშვილს კი მიუსჯელი პატიმრის გათავისუფლების უფლება კონსტიტუციით არ აქვს, ამიტომ ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, უძლურია. ეს კარგად იცის მან _ რომც გაბედოს სააკაშვილის შეწყალება, ვერ გაათავისუფლებს პატიმრობიდან. სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოვა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here