ამ წერილის დაწერაზე და მისი ადრესატის მითითება–არმითითებაზე ბევრი ვიფიქრე, ვინაიდან იგი ერთ–ერთ საუკეთესო ანალიტიკოსად მიმაჩნია, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, ყველაფერს დამაჯერებლად, ფაქტებზე დაყრდნობით აანალიზებს, არის შესანიშნავი პუბლიცისტური წერილების ავტორი, რომელსაც წერაც ემარჯვება და გამართული საუბარიც მრავალ თემაზე. ამავე დროს იგი აქტიური საზოგადო მოღვაწეც გახლავთ. რაც მთავარია, აქამდე მისი თანამოაზრე ვიყავი და, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველაფერში ვეთანხმებოდი. ახლაც, მხოლოდ ერთი ადამიანის – ბ–ნი ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების შეფასებაში გამოიკვეთა ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა. ეს მოხდა ივანიშვილის მესამედ მოსვლის შემდეგ, რასაც მაშინვე მოყვა მისადმი მიძღვნილი საქებარი წერილი („დიდი პიროვნება და ახალი ისტორიული პერსპექტივა“, 30 დეკემბერი, 2023), ხოლო ერთი თვის შემდეგ – მეორე, ივანიშვილის მიერ განხორციელებული საკადრო გადაადგილებების გამამართლებელი („როქი თუ შეწირვა?!“, 1 თებერვალი, 2024). სწორედ ამან და „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპმა განაპირობა და გადამაწყვეტინა გამოვხმაურებოდი ცნობილ ჟურნალისტს. ეს, ჭეშმარიტად პატივსაცემი პიროვნება გახლავთ ბ–ნი ვალერი კვარაცხელია. მისი ორი წერილიდან მხოლოდ თვალშისაცემ, ჩემი პოზიციიდან განსახილველ ადგილებს მოვიტან და მცირედით შემოვიფარგლები, თუმცაღა ასეთი ადგილები, როგორც ივანიშვილის პიროვნულ შეფასებასთან, ისე – მის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული, ჩემდა გასაოცრად, არც ისე ცოტაა.
დავიწყოთ პირველი წერილიდან, ანუ ივანიშვილის მოსვლის მეორე დღესვე (2023 წლის 30 დეკემბერს) დაწერილიდან, სადაც იმდენი ქება–დიდებაა შესხმული ამ ჭეშმარიტად დიდი ქველმოქმედისთვის, იმდენი შედარებები და ისეთი ეპითეტებია მისადაგებული, რომ, კითხვისას ცოტა უხერხულად მე ვიგრძენი თავი! მაგრამ, მათზე არ შევჩერდები, მხოლოდ ორ ამონარიდს მოვიტან, უფრო საყურადღებოს:
„მან უკვე ორჯერ მოასწრო ოფიციალური ლიდერის პოსტიდან წასვლა! რატომ? იმიტომ, რომ ძალაუფლებით ტკბობა უცხოა მისი ბუნებისთვის. სხვა ახსნა ამ მოვლენას არა აქვს“!
სამივე წინადადება განსახილველია. ჯერ, მოდით, ამ გაუთავებელი წასვლა–მოსვლის შესახებ ვთქვათ: უკაცრავად, მაგრამ მოხვიდე–წახვიდე–მოხვიდე–წახვიდე–მოხვიდე… კი, მაგრამ ასე სადაა, ეს სახელმწიფოა, თუ საქულას დუქანი! მე, ამომრჩეველმა, ანუ მილიონობით ადამიანმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მივეცი და გავამარჯვებინე, პირველ კაცად ავირჩიე იმ იმედით, რომ დაპირებულ სამართალსაც აღადგენდა და ეკონომიკურადაც ფეხზე დამაყენებდა, – ბატონმა ბიძინამ კი, რა მოიმოქმედა – ჭეშმარიტად ეროვნული სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც მხარში ედგნენ და პირადად მასზე იყვნენ გადაფოფრებულნი, გვერდზე გასწია და პარლამენტის პირველივე სხდომიდან დამნაშავე ნაცების შეწყალებაზე, ამნისტიაზე დამიწყო ლაპარაკი და დღემდე მშვენივრად თანაცხოვრობს მათთან, „კოჰაბიტაციას“ რომ ეძახის, – ხან ლანძღავს და თათხავს, ხანაც საფრთხობელად იყენებს – „ქართულ ოცნებას“ მოგვეცით ხმა, თორემ ეს კაციჭამიები დაგიბრუნდებათო, გვაშინებს! ერთ წელიწადში რომ წავიდა და მიგვატოვა, რა უფლებით, ვინ მისცა იმის ნებართვა, პირადად მისთვის გამოცხადებული ჩვენი ნდობა და მინიჭებული უფლებები ვიღაც უსუფაშვილ–ალასანიებს რომ გადაულოცა, რომლებსაც არ ვენდობოდით და, რომლებიც არჩევნებზე ჩვენი ხმების ერთ პროცენტსაც ვერ აგროვებდნენ (მათ სხვა მხარეებზე ახლა არ შევჩერდები, ბევრჯერ მაქვს ადრე დაწერილი)! ყველა დაპირება პირნათლად რომც შეესრულებინა, მაშინაც კი არ ჰქონდა მას თავის ნებაზე წასვლის და ურეიტინგო პიროვნებებისთვის ქვეყნის გადაბარების უფლება. ეს კანონიერად, არჩევნებით უნდა მომხდარიყო და, ნახავდა, რომ მისი შერჩეული და მხარში ამოყენებული პარტიები, დიდი ალბათობით, საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ. არადა, გვარწმუნებდა კადრების შერჩევა მაგრად მეხერხებაო. ერთადერთი ღირსეული და შესაფერისი კადრი – პრემიერი ღარიბაშვილი, როგორც კი მითითება (გნებავთ, „რეკომენდაცია“) მიიღო, თვალიც არ დაუხამხამებია, ადგა და კარგი საქმეების კეთებისთვის (აბა, მადლობებით და საქებარი სიტყვებით ტყუილად ხომ არ შეამკობდა) ყველასათვის მოულოდნელად გაუშვა 2015 წელს!
ახლა, მეორე წინადადებაზე გადავიდეთ, – თუ რატომ წავიდა ბ–ნი ივანიშვილი ლიდერის პოსტიდან ორჯერ – „იმიტომ, რომ ძალაუფლებით ტკბობა უცხოა მისი ბუნებისთვის“–ო.
უკაცრავად, მაგრამ ძალაუფლებით ტკბობა–არტკბობაა სახელმწიფოს ჭეშმარიტი ლიდერისთვის მთავარი? თანაც, „ძალაუფლებით ტკბობა“ როდის არის ივანიშვილისთვის უცხო – როდესაც ხელისუფლებაშია, თუ როცა სახლშია? თუკი, საერთოდ „უცხოა“ ეს მისთვის და ადგილ–სამყოფელს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ რას მიდი–მოდის და უნდა მოხსნის, ვინც თვალში არ მოუვა და უნდა დანიშნავს – ვინც მოეპრიანება, უფრო ზუსტად, – იმათ, ვისაც ამერიკაში შეარჩევენ! თანაც, ეს სადაური წესია, რომ სახლიდან აკეთოს ის, რაც არ ეხება და რისი იურიდიული უფლებაც არა აქვს! ან, ის სადაური წესია, რომ, მართალია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მაგრამ უკვე წლებია პოლიტიკას ჩამოშორებული და სახლში მჯდომი, როგორც პარტიის რიგითი წევრი, ამ პარტიის საბჭოს უთვლიდე დაახლოებით ასე: მე გადავწყვიტე ხვალ პარტიის საპატიო(!) თავმჯდომარედ დავბრუნდე და წესდებაში ცვლილებები შეიტანეთ – ყრილობის მოწვევის და პრემიერის წარდგინების (მოხსნა–დანიშვნის!) უფლებები ოფიციალურად მომანიჭეთო!
და, ამ ნაწყვეტის ბოლოწინადადება – „სხვა ახსნა ამ მოვლენას (ივანიშვილის წასვლას – ი.ლ.) არა აქვს“, – წერს ბ–ნი ვალერი.
ეს დასკვნა – აშკარად მცდარია! არცერთი ნორმალური ადამიანი, მით უფრო, დიდი ბიზნესის გაძღოლაში გამოცდილი კაცი, ასეთ ნაბიჯს არასოდეს არ გადადგამს თავისი ნებით, ეს გამორიცხულია, რადგანაც კარგად მოეხსენება, რომ ერთ წელიწადში, შეიძლება, ერთი პატარა ჩავარდნილი ბიზნესიც კი ვერ ამოქაჩო, ხოლო დაქცეულ–დამშეულ–გაძარცულ–დაბეჩავებულ–დანაწევრებული და სამართალს მოკლებული სახელმწიფოს ფეხზე წამოყენება ეკონომიკურად და პოლიტიკურად, – წარმოუდგენელია!
თუკი, „ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთმა მოიცილა თავიდან“ (მეორე წერილის მიხედვით, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები ბ–ნ ვალერის), ამისათვის საჭირო იქნებოდა ივანიშვილის მობრუნება, რადგანაც მის გარეშე უკვე სახელმოხვეჭილი პრემიერის მოხსნის სცენარი, უბრალოდ, ვერ განხორციელდებოდა. ასე რომ, ივანიშვილის მობრუნების ჭეშმარიტი მიზეზი იყო ამერიკის სურვილი – ივანიშვილის ხელით პოლიტიკისგან ჩამოეცილებინა სახელმწიფოს პირველი პირი! რაც შეეხება ივანიშვილის ყველასათვის მოულოდნელ გამოცხადებას საახალწლოდ, როგორც ჩანს, ამერიკამ ადვილად დაარწმუნა იგი (აპრობირებული ნაირ–ნაირი მეთოდებით, ცხადია!), რომ მისი „მესამედ მოსვლა“ გადაწყვეტილია და „განხილვას არ ექვემდებარება“! ბ–ნი კვარაცხელიას მოფიქრებული „მიზეზი“– ის, რომ „დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა“, მხოლოდ არსებული მდგომარეობის კონსტატაციაა და მეტი არაფერი – ასეთ მიზეზებს რა გამოლევს, მას ვერც ივანიშვილის მობრუნება უშველის და ვერც – ღარიბაშვილის მოხსნა! თავად ივანიშვილის მიერ გაცხადებული მიზეზი კი, – „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაგვიცვას“, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია!
ახლა კი ზემოთ დასმული კითხვა ოდნავ „გავართულოთ“: თუკი, ღარიბაშვილი ამერიკამ (გნებავთ, დასავლეთმა) მოიცილა თავიდან, ივანიშვილი კი მესამედ დააბრუნა, კოჰაბიტაციაც მან დაგვაძალა, დამნაშავე ნაცებისთვის ხელის არხლებაც, ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონების მიღებაც, ნატოში ინტეგრაციის, როგორც სანუკვარი მიზნის კონსტიტუციაში დაფიქსირება (ასეთი „შორსმჭვრეტელური“, „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ ჩანაწერი მხოლოდ ჩვენ და უკრაინას შეგვატანინეს კონსტიტუციაში!) და კიდევ ბევრი–ბევრი სხვაც, მაშინ – ივანიშვილის წასვლა–მოსვლა იქნება ეს (დაწყებული პირველივე მოსვლიდან) თუ, საერთოდ, ყველაფერი ამერიკის ნებით რომ ხდება, ამას დღესაც მტკიცება სჭირდება და მიზეზები სხვაგან ან სხვა რამეში უნდა ვეძებოთ? ანალიტიკოსებმაც?!
მეორე წერილში ბ–ნი ვალერი სწორად ასახელებს პრემიერ–მინისტრობიდან ღარიბაშვილის გადაყენების მიზეზს: „მან გაბედა და ხმამაღლა ამხილა დასავლეთის ბინძური ზრახვები საქართველოში“, „ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პერსონა ივანიშვილმა შეწირა დასავლეთს“! ვერ შეედავები, მეც იმავე აზრის ვარ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგი ძალიან ცდილობს ივანიშვილის ამ ნაბიჯის გამართლებას, მასში რაღაც დადებითის აღმოჩენას, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობის და სხვადასხვა არგუმენტის მოშველიებისა, ამას ისე მაინც ვერ ახერხებს, როგორც მას ეკადრება, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია! მეტი სიცხადისთვის წერილიდან ვრცელ ამონარიდს მოვიტან:
„ახლა ის ვითარებაა, როდესაც საქართველოს ხისტი მოძრაობები არ სჭირდება, მას უფრო დროის მოგების პოლიტიკა აქვს გასატარებელი. ბიძინაც ამ გზას დაადგა…დასავლეთისთვის ასე მიუღებელი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადააყენა, მაგრამ მის ნაცვლად მეორე ირაკლი (კობახიძე) მოიყვანა, რომელიც …სრულებით არ არის ღარიბაშვილზე ნაკლები პატრიოტი, ანუ ივანიშვილმა პრემიერმინისტრი ფორმალურად შეცვალა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეუცვლია. წავიდა ქართულად მოაზროვნე, ეროვნული ცნობიერების მატარებელი და საქართველზე მოფიქრალი ერთი ირაკლი და მოვიდა ქართულად მოაზროვნე, ეროვნული ცნობიერების მატარებელი და საქართველოზე მოფიქრალი მეორე ირაკლი“.
მართლაც ასე რომ იყოს, რა გვიჭირდა! მაგრამ, ეს ხომ თავის მოტყუებაა, რაც ბ–ნ ვალერის აქამდე არ ახასიათებდა. ასე ჩვენ გვინდა რომ იყოს, რეალურად კი – სულ სხვა სურათი გვაქვს. ხისტი მოძრაობები, უდავოდ, არაფერში გვარგია, დროის მოგების პოლიტიკის კი – რა მოგახსენოთ, რამეს ველით ახლო მომავალში სასიკეთოს? არა მგონია დროთა ვითარებაში თავისით, ანუ ჩვენი უმოქმედობით და უსიტყვობით, თავწაღუნულ მდგომარეობაში სხვის იმედზე ყოფნით რამე შეიცვალოს კარდინალურად, უკეთეს შემთხვევაში აბსოლუტურად არასაკმარისი, ზუსტად ისეთივე წინსვლა გვექნება, როგორიც ამჟამად გვაქვს. ჩვენ თუ თავად არ მოვინდომეთ წელში გამართვა და სახელმწიფო ინტერესები მტკიცედ არ წამოვწიეთ წინა პლანზე და გაჭრილად, ოღონდ დიპლომატიურად არ გავაგებინეთ მსოფლიოს თუ რა არის ჩვენი, ქართველი ერის ღირებულებები (დაახლოებით ისევე და უფრო მეტადაც, როგორც ამას ახერხებდა ამერიკის ხუშტურებს შეწირული ირაკლი ღარიბაშვილი), არაფერი არასოდეს(!) არ გვეშველება, – შორეულ თუ კარის მეზობელს, ყველას დანაწევრებულ–დამცირებული და სიტყვის არამომღები ვურჩევნივართ, გაცილებით ადვილად და უკეთ განახორციელებენ ისინი საკუთარ ინტერესებს!
ახლა უფრო მნიშვნელოვანი რამ: თუკი ტყუპისცალივით აბსოლუტურად იგივე ადამიანით შეიცვალა პრემიერი, მაშინ ასეთ ფორმალურ ცვლილებას რა აზრი უნდა ჰქონდეს ამერიკისთვის? არავითარი, ხომ? როგორ გგონიათ, მარტო ღარიბაშვილის მოხსნა დაევალა ივანიშვილს და მის ადგილზე ვინც გინდა, ის მოიყვანეო? და კობახიძის კანდიდატურა წინასწარ არ იყო შეთანხმებული? იქნებ ჩვენა ვართ რაცა ვართ, ამერიკა კი – ბლუცაა და ბრმაც, ვერაფერს ხედავს, ვერაფერს ხვდება თავისი დაზვერვიან–ინფორმატორებიანად? მე გამაოცა იმან, რომ სხვა დროს და სხვა საკითხებში ისეთი ღრმა ანალიტიკოსი, როგორიც ვალერი კვარაცხელიაა, თურმე, მართლაც ასე ფიქრობს: „უდავოდ ძლიერი კაცია ბიძინა ივანიშვილი. მან აშკარად დასცინა, ჟარგონით რომ ვთქვათ, გააშაყირა (?! – ი.ლ.) დასავლეთის ეს უბნელესი ძალები (დაკონკრეტება ხომ არ აჯობებდა? – ი.ლ.), რომლებიც ღმერთისა და ადამიანის წინააღმდეგ ამხედრებულან“.
აბა, რა გითხრათ, – ვინ ვის დასცინის, აშაყირებს და აცუმბუშებს, და კიდევ ბევრ სხვა „პატივსაც“ სცემს, ეს ხომ ყველამ ვიცით: ჩვენ – ამერიკას, თუ ამერიკა – ჩვენ! ამიტომ, ივანიშვილის ქება–განდიდებისთვის მისი, ვითომდაც არაჩვეულებრივი გონებგამჭრიახობისთვის ხაზგასასმელად არ ღირს ასეთნაირი „მსჯელობა“, მით უფრო, როცა ივანიშვილს არავისთვის არ დაუცინია და არც არავინ გაუცურებია, ცხადია, არც გაუშაყირებია (ორი თავი არავის არ აბია!), პირიქით, მან პირნათლად, ფრიადზე შეასრულა ქვეყნისთვის საზიანო დავალება! კაცი უმადური არ უნდა იყო,მაგრამქველმოქმედებაში მოპოვებული დამსახურების პოლიტიკაში გადმოტანა და ივანიშვილის ქების ავტომატურად გაგრძელება, თანაც, მაშინ, როცა იგი ამას არ იმსახურებს, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა! ამდენს არ გავკადნიერდებოდი და საყვედურებითაც არ ავავსებდი ბ–ნ ვალერის, რომ ეს გავრცელებული ტენდენცია – ლიდერით იმდენად მოხიბვლა, რომ უკრიტიკოდ ყველაფერი გჯეროდეს, არ იყოს ძალზე დიდი შეცდომების წყარო!
თავისი მოსაზრების დასაბუთებას ბ–ნი ვალერი ამდაგვარად ცდილობს: „ლოგიკა, ალღო, შინაგანი განწყობა და პოლიტიკური ინტუიცია მკარნახობს, რომ არ ჩაიდენს ივანიშვილი არაქართულ საქმეს, არ მიუგდებს საქართველოს საჯიჯგნად არც დასავლეთს, და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს… ვინც უნდა იყოს პრემიერმინისტრი, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს გადარჩენაზე უპირველესი პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია. მან ეს მისია ნებაყოფლობით, სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულით იკისრა“.
ყველამ ვიცით, რომ „ალღომ, შინაგანმა განწყობამ და პოლიტიკურმა ინტუიციამ“ შეიძლება გიმტყუნოს, არასწორად გიკარნახოს, მაგრამ „ლოგიკას“, თანაც კვარაცხელიას გამართულ ლოგიკურ მსჯელობას ჯერ არ მახსოვს, რომ იგი ჩიხში შეეყვანოს, არასწორ დასკვნამდე მიეყვანოს. ეს მხოლოდ ახლა ხდება, რადგანაც მსჯელობას შესაბამისი ფაქტები აკლია ივანიშვილის პოლიტიკური ცხოვრებიდან. ქველმოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფაქტები უამრავი გვაქვს, პოლიტიკურის კი – რა მოგახსენოთ. ერთადერთი, ძალზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი – ეს იყო სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ დამარცხება არჩევნებში, სადაც ივანიშვილის პიროვნული როლი უდავოდ დიდი იყო, მაგრამ იგი არ იყო მარტო, მას მხარს უჭერდა ნაცების რეჟიმისგან გაწამებული მილიონობით ადამიანი! სხვა მხრივ კი, დაწყებული 2012 წლის ოქტომბრიდან, არცერთი მის მიერ გადადგმული დასამახსოვრებელი პოლიტიკური ნაბიჯი მე არ მახსოვს, განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც ერთი შეცდომა კი დაუშვა საყდრისის ოქროს ისტორიული საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით პირველი პრემიერობის დროს, მაგრამ მან, ამავე დროს, პოლიტიკურ ასპარეზზე გადადგმული ბევრი, ღირსებით აღსავსე შთამბეჭდავი ნაბიჯითაც ისახელა თავი (გავიხსენოთ თუნდაც ბორელისთვის გაცემული პასუხები!), რომელთა დაგვირგვინება იყო მისი ოფიციალური ვიზიტი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება ჩინეთთან, რამაც აგრერიგად გააცოფა დასავლეთ ევროპა და, განსაკუთრებით, – შეერთებული შტატები (ჯერ არაფერი ვიცით, თუ რა ბედი ელის აწი ამ პარტნიორობას, მით უმეტეს, რომ ამის შესახებ ივანიშვილს ხმა არ ამოუღია). მთავრობის წევრებიც და პარლამენტარებიც, ყველანი გადასული არიან ივანიშვილის ქებაზე, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასაც ივანიშვილის დამსახურებად აფასებენ! ეს მაშინ, როცა იგი სამი წლის განმავლობაში ოფიციალურად(!) პოლიტიკას არ გაკარებია და არც არაფერში ჩარეულა (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა თავად და ამას ადასტურებდნენ ხელისუფლებაშიც), თორემ, მართლაც ოლიგარქად გამოჩნდებოდა!
პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით ძალიან ნიშანდობლივია ერთი თვალშისაცემი ფაქტი. ყველას გვახსოვს, თუ რა ამბავი ჰქონდა ატეხილი კოლექტიურ ნაცოპოზიციას, როდესაც ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებდნენ და დეოლიგარქიზაციის კანონის მორგება სურდათ სამი წლის წინათ პოლიტიკას ჩამოშორებულ კაცზე, მაგრამ ამას ვერაფრით ვერ ახერხებდნენ და ამიტომაც ყველა კანონპროექტს იწუნებდნენ (უკრაინის კანონის ჩათვლით). ახლა კი, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ანუ როცა ოლიგარქად შერაცხვის მეტი მიზეზი არსებობს, ნაცვლად ახალი ძალით აყაყანებისა, ოპოზიციამ, პრაქტიკულად, ენა მუცელში ჩაიგდო. რატომ? რატომ და მითითებებისა გამო! ეს ხომ ცხადზე ცხადია!
რას ნიშნავს „ვინც უნდა იყოს პრემიერმინისტრი, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს გადარჩენაზე უპირველესი პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია“. ე.ი. სადაც და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ივანიშვილი, თუნდაც, სულაც სახლში იჯდეს, მაინც მის ნებას უნდა დაემორჩილოს ყველა და მან, ერთმა კერძო პირმა უნდა განსაზღვროს საქართველოს ბედი?! მგონი, ასე გამოდის! როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან: კომენტარი ზედმეტია!
და, ბოლოს: „მან ეს მისია (პასუხისმგებლობა საქართველოზე) ნებაყოფლობით, სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულით იკისრა“.
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით „სამშობლოს და ქართველი ხალხის სიყვარულით“ ხელისუფლების სათავეში თავისი ნებით მოსული ადამიანი, როდესაც მას ესოდენ მაღალი და უწმინდესი მისია ეკისრება, ერთ წელიწადში არაფრით არ მიატოვებს თავის ხალხს შუა გზაზე (მით უფრო, გზის დასაწყისშივე!), ის აუცილებლად დარჩება მისთვის მინიჭებულ მაღალ პოსტზე ვადის ამოწურვამდე და „ხმალამოღებული“ დაიცავს ერის ინტერესებს ყველგან და ყოველთვის! მას ვერ შეაშინებს ვერავითარი შანტაჟი და სანქცია! ჭეშმარიტი მამულიშვილი და ერის ლიდერი მზად უნდა იყოს თავგანწირვისთვისაც! სხვა შემთხვევაში, მან ადგილი უნდა დაუთმოს ეროვნულ ძალებს, ეროვნულს და არა გარედან დაძალებულ ლიბერალებს ან მანქურთებს!
იაკობ ლეჟავა,
11 თებერვალი, 2024