Home ახალი ამბები საქართველო მიუსაფარი მასხარა

მიუსაფარი მასხარა

როდის მიხვდება, როდის გაიგებს, როდის ჩასწვდება ამ ახალ ისტორიულ რეალობას ქართველი ხალხი?

940

მსოფლიოში  ვითარება თვისებრივად იცვლება, უფრო ზუსტად, უკვე შეიცვალა. პლანეტაზე დღეს ორი ცხელი წერტილიაუკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. ისრაელისა და ჰამასის ომმა თითქოს შთანთქა უკრაინის პროცესებიც და მნიშვნელობაც. ამერიკის მოკავშირე ისრაელმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი ტერორისტული აქტით დაიწყო, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი სისასტიკით თითქმის მთელ მსოფლიოში უკმაყოფილება გამოიწვია, ომლის გამოც ამერიკელებმა ვერ შეძლეს ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ისე მართვაეს ყველაფერი რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

უკრაინის ომში დასავლეთი ისე მოდუნდა, რომ უკრაინის მარცხი მისი მხრიდან საბოლოო კაპიტულაციის გამოცხადებამდეც  ყველასთვის ნათელია.ზელენსკი იძულებულია, აღიაროს, რომ კონტრშეტევა, რომელიც ასე ეიმედებოდა, ჩაფლავდა. “ასოშეიტედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან ეს ამბავი ასეთი ფორმით აღიარა: “ჩვენ ახალი ეტაპი გვაქვს, ეს ფაქტია”. ჟურნალისტის შეკითხვას –  კმაყოფილი ხართ კონტრშეტევის შედეგებით? – ზელენსკიმ  უპასუხა: “მომისმინეთ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, მე კმაყოფილი ვარ.  ჩვენ მსოფლიოში მეორე არმიას ვებრძვით, მე კმაყოფილი ვარ”. შემდეგ კი დაამატა: “ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ. მე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ვერ მივიღეთ ყველა ის იარაღი, რომელიც გვსურდა, რომ მიგვეღო. როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი, მაგრამ არც ის შემიძლია,  ბევრი ვიწუწუნო”. ერთი სიტყვით, ამ უბედურმა ისიც კი არ იცის, მოვლენათა მსვლელობით კმაყოფილი უნდა იყოს თუ უკმაყოფილო. უფრო სწორად, რა თქვას, არ იცის, თორემ, ფინალი რომ ახლოვდება, იცის, როგორ არ იცის, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს: “ჩვენ გვსურდა, უფრო სწრაფი შედეგები მიგვეღო. ამ თვალსაზრისით,  სამწუხაროდ,  ჩვენ სასურველ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ეს ფაქტია”.

ზელენსკის ინტერვიუდან მხოლოდ ამ მცირე ამონარიდებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ იგი განადგურებულია, რომ მისი ფსიქიკა დანგრეულია და ღობეყორეს აწყდება. ან კი როგორ არ უნდა იყოს ამ მდგომარეობაში, როდესაც ხედავს, რომ ყველასგან მიტოვებული და განწირულია. მრისხანე მთავარსარდლისა და გამჭრიახი სახელმწიფოს მეთაურის ნაცვლად უკრაინელებს მიუსაფარი მასხარა შერჩათ, რომელსაც ამიერიდან გრიმი აღარ დასჭირდება, რადგან ხელები და სახე სისხლით აქვს მოთხვრილი ერთხელ და სამუდამოდ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ Das Erste https://ru.wikipedia.org/wiki/Das_Erste-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში შექმნილ ვითარებას კრიტიკული უწოდა: „ცუდი ამბებისთვის უნდა მოვემზადოთ. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება, მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს”. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ მოახერხეს კიევისთვის საკმარისი რაოდენობის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. ამასთანავე, სტოლტენბერგმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა:  როგორ უნდა მოიქცეს ახლა უკრაინის არმია? ნატოს გენერალურმა მდივანმა მხოლოდ ის წაილუღლუღა, რომ ასეთ რთულ გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელმძღვანელობა და სამხედროები იღებენ.

ნოემბრის დასაწყისში ჟურნალმა The Economist-მა  გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან, რომელმაც აღიარა, რომ ომი ჩიხში შევიდა და საბრძოლო მოქმედებები შეიძლება გაჭიანურებულ პოზიციურ ომში გადაიზარდოს. უკრაინის პრეზიდენტი ზალუჟნის ამ შეფასებას არ დაეთანხმა. მისი აზრით, ვითარება  ჩიხში არ  შესულა, თუმცა  ამჯერადაც ორჭოფობა დაიწყო და აღიარა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უაღრესად რთულია. მიუხედავად ამისა, გამოთქვა რწმენა, რომ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად საკმარისი შეიარაღების მიწოდებისა და კარგი დაფინანსების შემთხვევაში უკრაინის არმიას წარმატებული კონტრშეტევის განხორციელება შეუძლია.

ზელენსკი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს ყურადღება უკრაინის ნაცვლად ახლო აღმოსავლეთის მოვლენებისკენ არის მიპყრობილი: “ჩვენ მეტი ყურადღება გვჭირდება!” – აცხადებს ზელენსკი, მაგრამ ფაქტია, რომ აღარც ზელენსკი ადარდებს ვინმეს და აღარც უკრაინა. ახლა ამერიკაშიც და ევროპაშიც ყველა საკუთარ სატირალს ტირის. აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს ჯერ კიდევ ოქტომბერში მიმართა თხოვნით თავდაცვის საკითხებზე  105 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, 14  მლრდ  კი – ისრაელისთვის. ბაიდენის ადმინისტრაციის ამ მოთხოვნას კონგრესმა მხარი არ დაუჭირა და ეს იმით ახსნა, რომ უკრაინისთვის თავდაცვისა და ომის საწარმოებლად გაწეულმა დახმარებამ ისედაც ასტრონომიულ თანხას მიაღწია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწიათ აღიარება, რომ ამის გამო უკრაინისთვის დახმარების გაწევის პაკეტები მნიშვნელოვნად შემცირდა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოაცხადა რამდენიმესაფეხურიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი უკრაინას წელიწადის განმავლობაში მილიონზე მეტ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდა, მაგრამ წლის ბოლოსთვის ცნობილი შეიქნა, რომ ევროკავშირი ვერ ახერხებს ამ დაპირების შესრულებას.

რამდენიმე ხნის წინათ უკრაინაში ჩასულმა ლოიდ ოსტინმა (აშშ–ის თავდაცვის მდივანი) ზელენსკის, როგორც ჩანს, დამაიმედებელი ვერაფერი უთხრა. მართალია, ამ შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ გაუხმაურებიათ, მაგრამ მიმდინარე მოვლენების ანალიზი მხოლოდ იმისკენ მიუთითებს, რომ  ბრძოლის ველზე  რუსეთის დამარცხება  უკვე ჩამოწერილი ლოზუნგია. სხვათა შორის,  ეს ოსტინმა აღიარა კიდეც. სხვას რას უნდა ნიშნავდეს მისი ეს ნათქვამი: “არ არსებობს ისეთი იარაღი, რომელიც ამ ომში ჯადოსნური ჯოხის როლს შეასრულებს. ეს მკაცრი და დამქანცველი ომია. ის მომავალშიც ასეთი იქნება”. თუნდაც მხოლოდ ეს ნათქვამი ამერიკელთა უკან დახევის გადაწყვეტილების მაუწყებელი არ არის?! დასავლეთის სოლიდურ გამოცემა  The Wall Street Journal-ში  ცნობილი მიმომხილველების: იუჯინ რუმერისა და ენდრიუ ვაისის მასალა ასეა დასათაურებული: დროა, დავასრულოთ მაგიური აზროვნება რუსეთის დამარცხების შესახებ“.

„დასავლეთის წინაშე ახლა სხვა ამოცანა დგას, – ვკითხულობთ სტატიაში, – გათავისუფლდეს იმ ილუზიისგან, რომ პრაქტიკული ნაბიჯების რომელიმე კომბინაცია რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აიძულებს, ამ კონფლიქტში გამარჯვების მიზანზე  ხელი აიღოს”.

ალბათ, არ შემცდარან ეს ანალიტიკოსები, როდესაც პუტინის განწყობაზე საუბრობენ.  რამდენიმე დღის წინათ “რუსკი მირის” შეკრებაზე ვლადიმერ პუტინმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისა და სამართლიანობისთვის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ატარებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ხასიათს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან ერთად ვიცავთ უმაღლეს ისტორიულ უფლებას,  ვიყოთ რუსეთი – ძლიერი, დამოუკიდებელი დერჟავა, სახელმწიფო ცივილიზაცია. სწორედ ჩვენმა სახელმწიფომ, რუსულმა სამყარომ, როგორც არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, გადაუკეტა გზა მათ,  ვისაც პრეტენზია აქვს გამორჩეულობასა და მსოფლიო ბატონობაზე. ჩვენ ახლა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით… ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ერთი ჰეგემონის დიქტატურა, – ამას ჩვენც ვეხდავთ და სხვებიც ხედავენ, – დაძაბუნებულია. იგი ნგრევის გზას დაადგა და ახლა მხოლოდ საფრთხეს წარმოადგენს გარშემო მყოფთათვის. მინდა, ხაზი გავუსვა, მსოფლიოში ეს თითქმის ყველასთვის გასაგებია, მაგრამ გავიმეორებ: სწორედ ჩვენი ქვეყანა დგას მსოფლიოს უფრო სამართლიანი მოწყობის ავანგარდში. მსურს, ხაზი გავუსვა: სუვერენული, ძლიერი რუსეთის გარეშე არანაირი მტკიცე და სტაბილური მსოფლიო წესრიგი არ იქნება”.

როდის მიხვდება, როდის გაიგებს, როდის ჩასწვდება ამ ახალ ისტორიულ რეალობას ქართველი ხალხი?

ვალერი კვარაცხელია                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here