Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: იზეიმონ, მაგრამ შედეგებზეც აგონ პასუხი!

მიხეილ ჟღენტი: იზეიმონ, მაგრამ შედეგებზეც აგონ პასუხი!

“როგორც ნაყოფი მუცელში ემალება მკვლელი ექიმის მაშებს, ასევე ფართხალებს დღეს საქართველო, რათა არ დაქუცმაცდეს და არ მოკვდეს, მაშები კი კოლექტიურ დასვლეთს უჭირავს ხელში”

599
მიხეილ ჟღენტი
მიხეილ ჟღენტი

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა 9 დათქმით. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს. მთავრობაში გახარებული ამბობენ: ევროკომისიის დავალებები ადვილია და აუცილებლად შევასრულებთო…

ისევ ,,დათქმები”, ისევ უპირობო მორჩილება, მაგრამ რისთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება “სოლიდარობა მშვიდობისათვის” წევრი მიხეილ ჟღენტი:

_ 9 დავალება ზეპირად ან თხრობით უნდა ჩავაბაროთ თუ ნეკროლოგის სახით მივწეროთ ჩვენი უსტარი მომაკვდავ ევროკავშირს?

ეს _ ხუმრობით, ახლა ეს შიზოფრენია შეძლებისდაგვარად სერიოზულად განვიხილოთ.

ყველაზე ოპტიმისტი ანტიდასავლელებიც ვერ წარმოიდგენდნენ, სადამდე დაეცემოდა ევროპა და როგორ გადაიქცეოდა “დიდი ძმის” უსიტყვო მონად, რომელიც თანმიმდევრულად ასწორებს მას მიწასთან.

დიახ, ევროკავშირი ის მომაკვდავი ორგანიზაციაა, რომელიც ძველი დიდების ფანტომურ ტკივილებს განიცდის, მაგრამ სხვას არწმუნებს, რომ დიდი მომავალი აქვს. ანალოგიური შიზოფრენიით არის შეპყრობილი საქართველოში სრულიად სალიბერასტეთიც. უკვე მათაც აღარ სჯერათ, რომ ევროპა გადარჩება, მაგრამ ილუზიების ტყვეობაში არიან. სიმართლე გითხრათ, მადარდებს, ასე როგორ გამოურეცხეს ტვინები ზრდასრულ და თითქოს ადეკვატურ ადამიანებს.

ვნახოთ, რა მოხდება 15 დეკემბერს. მთავრობა ორივე შემთხვევაში მოგებულია. მოგვცემენ ამ სტასუსს _ კარგია, თუ არა _ სულ გადასარევი. ორივე შემთხვევაში, ე.წ. ოპოზიცია წაგებულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლიბერასტები ლოცულობენ, რომ რაღაც გადმოგვიგდონ, რადგან ხალხის ქუჩაში გამოყვანის არანაირი შანსი არ აქვთ. ნაცები ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ საბოლოოდ დასრულდებიან. რაც შეეხება მორჩილებას, მერწმუნეთ, უკვე აზრი აღარ აქვს არც მორჩილებას, არც ურჩობას. ვინც წვეთოვანაზე მიერთებულ სტრუქტურას მიუერთდება, ისიც მის ბედს გაიზიარებს. აშშ და რუსეთი დუეტში ანადგურებენ ევროკავშირს. ასე რომ, შაპიტო, მეტსახელად “ევროკავშირის სტატუსი”, გზაშია!

_ 9 დათქმაში ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციაა. ვენეციის კომისიის თანხმობით, დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა უკვე შეიმუშავა ხელისუფლებამ. დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ეს “ოცნების” მმართველობის პირობებში შეიძლება მოხერხდეს?

_ “9 დათქმა” 2024 წლის ბოლოს უნდა შესრულდესო”, _ განაცხადა “ოცნებამ”. 2024 წლის ბოლოს მსოფლიოს ვერ ვიცნობთ. ვშიშობ, თუ რუსეთმა სრულად არ მიიღო ის, რაც მოითხოვა 2021 წლის 15 დეკემბერს, მაშინ დიდი ომი იქნება ევროპაში. რუსეთი ბოლომდე გავა, ისე, როგორც 1945 წელს და 2025 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის აღსანიშნავ აღლუმს პუტინი მავზოლეუმიდან მიიღებს. რატომ ასეთი გადახვევა? თუ ჩვენ რეალობას არ გავითვალისწინებთ და ამ მარაზმში დავრჩებით, რომელსაც დეოლიგარქიზაცია და 9 პუნქტი ჰქვია, შორს ვერ წავალთ. “ოცნება” კი მაქსიმალურად ივაჭრებს დასავლეთთან და ეტყვის: ,,თავში გიხლიათ ეს 9 პუნქტიო”… ასე რომ, ცვლილებები არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ნარჩენებმა ჩვენზე კარგად იციან ეს რეალობა, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ, ტყუილს ბოლომდე უნდა ჩაჰყვნენ.

_ რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც დიდ თამაშში ჩაერთო საქართველოს ხელისუფლება…

_ საქართველო და მისი ხელისუფლება ცდილობს, სწორი ტრაექტორიით შევიდეს ახალ მსოფლიოში, რომელიც ჩვენს უახლოეს სამეზობლოში იბადება. ვისაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი შემთხვევითი ჰგონია, მწარედ ცდება.

ერთ ამბავს მოგიყვებით: 1993 წლის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ცნობილი რუსთმოძულე ზბიგნევ ბჟეზინსკი, რომელიც შეხვდა საქართველოს იმჟამინდელ პირველ პირს, ედუარდ შევარდნაძეს, და განუცხადა, რომ საქართველო ვერასდროს გახდებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, საუბარი იყო უკრაინაზეც. შევარდნაძემ განუმარტა ბჟეზინსკის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ გამოდგებოდა რუსეთის ასაფეთქებლად, მისგან არ იქნებოდა საკმარისი მუხტი. შევარდნაძის აზრით, უკრაინა, სხვებთან ერთად, ის ქვეყანა იყო, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა რუსეთის დაშლაში. ამით ამბროსიევიჩმა საქართველო დაიცვა, მაგრამ უკრაინა, როგორც ანტირუსეთი, კიდევ ერთხელ აღინიშნა. ამას მხოლოდ შევარდნაძეს ნუ დავაბრალებთ. უკრაინა, როგორც ანტირუსული ქვეყანა, მრავალ ათეულ წელს ითვლის. მოკლედ, ჩვენ ახლა ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც დიდი ძიები სხედან და ფიქრობენ, რა უყონ აქაურობას. როგორც ნაყოფი მუცელში ემალება მკვლელი ექიმის მაშებს, ასევე ფართხალებს დღეს საქართველო, რათა არ დაქუცმაცდეს და არ მოკვდეს, მაშები კი კოლექტიურ დასვლეთს უჭირავს ხელში. აი, ეს თამაშია დღეს და ჩვენი ხელისუფლება საგარეო საფრთხეებს ჯერჯერობით იცილებს თავიდან, მაგრამ დრო ძალიან ცოტა გვრჩება. აქ ჩვენი მოსახლეობის ნებაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას _ “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ საქართველოს მოსახლეობა უკრაინის ტრაგედიის შემდეგაც ვერ მიხვდა, რა მოელის მომაკვდავი ევროკავშირისა და ნატოს ძახილით, მაშინ აზრი არაფერს აღარ აქვს. ვიყოთ ისე, როგორც ვართ, მაგრამ სტატუს-კვო ვერ შენარჩუნდება _ დასავლეთი მიდის, აღმოსავლეთი მოდის და ეს უკვე, დიდი ხანია, გადაწყვეტილია. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

_ დასასრულ, სახალხო ზეიმი ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების დღეს… მოგწონთ ეს იდეა, ხედავთ საზეიმოს საქართველოს მომავალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით?

_ უკვე მრცხვენია კიდეც ამაზე საუბარი. რა უნდა ვიზეიმოთ? ის, რომ ამ სტატუსის სანაცვლოდ უნდა დავთმოთ ჩვენი ტრადიციები, რწმენა, იდენტობა და დავადგეთ სოდომიზმის გზას? ღმერთი არ სჯის ადამიანსა და ქვეყანას, მას ცოდვა სჯის, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ. სულ ახალი მაგალითი: ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტყვა ბებიაქალი” აღარ არის პოლიტკორექტული, არ შეესაბამება დასავლეთის ლიბერალურ “ღირებულებებს” და ახალი განმარტება შემოგვათვაზა _ ბავშვის მიმღები ექთანი”. რას ჰგავს ეს?!

ძალიან მძიმე იქნება იმ კაცობრიობის მომავალი, რომელიც ლექსიკიდან ქალისა და კაცის ამოღებას და მათ ჩანაცვლებას გაურკვეველი გენდერებით ცდილობს. რა უნდა ვიზეიმოთ: ეკლესიისა და რწმენის შეურაცხყოფა, საქართველოს განახევრება და იმედგაცრუება?! თუ ის უნდა ვიზეიმოთ, რომ დასავლთს ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთჯერადად გამოსაყენებლად უნდა?!

დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, გავაანალიზოთ ჩვენი 33-წლიანი ისტორია, ავწონ-დავწონოთ და ის ტყუილი, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვკვებავენ, ვამხილოთ.

დავაკვირდეთ, ვნახოთ, ვინ იზეიმებს. იზეიმებს ის, ვისაც ამ სატყუარის მეშვეობით გაუხანგრძლივდება პოლიტიკაში ყოფნა და ხალხის 33-წლიანი ძარცვა. იმ ლიბერალური პოლიტელიტის ნარჩენებს ვგულისხმობ, რომლისთვისაც ეს სატყუარა არსებობის გახანგრძლივების ერთადერთი შანსია. რაც შეეხება ხელისუფლების ერთ ნაწილს, ძირითადად, მათ, ვინც “ოცნებამ” დატოვა ხელისუფლებაში, ისინიც იზეიმებენ წვეთოვანის განახლებას და თავიანთი პატრონებისთვის ერთგულების გაგრძელებას. მახსენდება, როგორ იზეიმა სააკაშვილის ხელისუფლებამ წაგებული ომი 12 აგვისტოს იმ ევროპასთან ერთად, რომლის მიერ გადმოგდებული ფარატინა ქაღალდი კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას გააჩენს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

იზეიმონ, მაგრამ შედეგებზეც აგონ პასუხი!

ისე, კოლონიაში ყველაფერი მოსულა…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here