Home ახალი ამბები საქართველო მესამედ გამოცხადება

მესამედ გამოცხადება

452
მესამედ გამოცხადება

ბატონი ბიძინა ისევ მობრუნდა. მისი ამ ნაბიჯის შეფასება ძნელია, რადგანაც ჭეშმარიტი მიზეზების შესახებ მის გარდა არავინ იცის (ამერიკის ელჩს არ ვგულისხმობ, ცხადია!) და მხოლოდ ვვარაუდობთ, მხოლოდ ჩვენთვის მისახვედრ ვარიანტებს განვიხილავთ.

ბატონმა ბიძინამ 6–6–წლიანი ინტერვალით უკვე ორჯერ გატეხა სიტყვა პოლიტიკაში არდაბრუნების შესახებ. მართალია, პირდაპირ სახელმწიფო მაღალი პოსტი არ დაუკავებია და პარტია “ქართული ოცნების“ მხოლოდ საპატიო თავმჯდომარედ მოგვევლინა, როგორც მთავარი მრჩეველი მართვის ფუნქციების შეთავსების გარეშე, მაგრამ – ორი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებით – პარტიის ყრილობის მოწვევის და პრემიერ–მინისტრის კანდიდატურის წარდგინების ერთპიროვნული უფლებით!

ერთპიროვნული მმართველობა სრულებითაც არ არის ცუდი, ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე და მის მიერ არჩეულ კურსზე(!) – საგარეოზე და საშინაოზეც. შესაფერისი თვისებებით შემკული პიროვნების არჩევაა ძნელი, თორემ რით არ სჯობია ლუკაშენკო „დემოკრატიულად“ არჩეულ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის (სხვების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს)?

ახლა შევეცადოთ იმის გარკვევას, თუ რისთვის მოვიდა ბ–ნი ბიძინა, თუმცა, ერთი შეხედვით, ამას გარკვევაც არ სჭირდება, მან ხომ თავად განგვიცხადა მთავარი ტრიადა: ეროვნული თვითმყოფადობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. დიდებულია! მაგრამ, როგორ, რა გზებით აპირებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას – ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებით და გეიაღლუმების და ლგბტ… პროპაგანდის აკრძალვით? ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას – ამერიკის ელჩს ან ევროპარლამენტარებს აუკრძალავს ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას? ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ისევ ევროპა–ამერიკის გააქტიურების იმედი აქვს (რომლებისგანაც მესამედი საუკუნეა „შეშფოთებების“ მეტი არაფერი გვსმენია!), თუ რუსეთისკენაც აპირებს ნაბიჯის გადადგმას (რომელსაც საერთოდ არ დავლაპარაკებივართ ამ ხნის მანძილზე) ან ფარულ მოლაპარაკებებს? ეს თუ არ ითქვა, მაშინ ხომ ლოზუნგებივით გამოდის ყველაფერი და, თან, გინდა–არ გინდა, საფუძვლიან ეჭვებსაც აღძრავს. რა, ეს მიზანი აქამდე არ ჰქონია და მხოლოდ ახლა, ნაცებზე გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ დადგა ამ მიმართულებით რაღაც კონკრეტული ქმედებების დრო?! მანამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღის წესრიგში არ იდგა?! დღეს რომ 2012 წელი იდგეს და ბატონი ბიძინას ეს დამაიმედებელი სიტყვები პირველად გვესმოდეს, ვინ მამაძაღლი, აბსოლუტურად ყველა მის ნათქვამს დავიჯერებდი, იმედით და უდიდესი მადლიერების გრძნობით აღვივსებოდი. არა, მადლიერების გრძნობით დღესაც ვარ მის მიმართ გამსჭვალული და დიდი უმადურობა იქნება გაკეთებულზე თვალის დახუჭვა – პატარა საქმეა, ნაცმოძრაობა და მიშა უსისხლოდ მოგვაშორა (მართალია, არა სამუდამოდ, მაგრამ მაინც), უთოფო ყაჩაღობას (კერძო საკუთრების და ბიზნესების „ახევას“) წერტილი დაუსვა და ქვეყანაშიც უდიდესი ქველმოქმედება გასწია (ისეთი უნიკალური პროექტიც კი განახორციელა, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა და, არც თავში მოუვიდოდა). ეს ასეა ნამდვილად, მაგრამ 2012 წელს გაცემული მთავარი დაპირება აღსრულდა? სამართალმა „პური ჭამა“?

კარგად მახსოვს, ახალი პარლამენტის პირველივე(!) სხდომის შემხედვარეს გულმა რეჩხი რომ მიყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნულმა უსუფაშვილმა ყველანაირ დანაშაულში მხილებული ნაცების ამნისტიაზე დაიწყო ლაპარაკი (უსუფაშვილი რომ ამის ინიციატორი ვერ იქნებოდა, ამას მტკიცება არ სჭირდება!). ეჭვები სამწუხარო რეალობად იქცა, როდესაც ბ–მა ბიძინამ გვერდზე გასწია მისი ერთგული ხალხი, ისინი, ვისაც მისთვის და არჩევნებში გამარჯვებისთვის თავი ჰქონდა გადადებული (არავინ იცოდა მაშინ, თუ რას მოიმოქმედებდა, რა სისხლის კალოს დაატრიალებდა გაუწონასწორებელი სააკაშვილი, დამარცხების საფრთხეს როდესაც იგრძნობდა) და, ყველას გასაოცრად, აქეთ–იქიდან უსუფაშვილი და ალასანია ამოიყენა მხარში (ესენი – გამოსაჩენად, ხოლო ფარულ მომრიგებელ–მოსამართლედ – ხუხაშვილი). სულ რაღაც ერთ წელიწადში პასუხისმგებლობისგან თავიც დაიზღვია და პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვა იმავე გამომძიებლების, პროკურორების და კუბლაშვილის მოსამართლეების იმედად, რომლებიც ნაცმოძრაობის რეჟიმის აღვირახსნილ ქმედებებს „აპრავებდნენ“. არადა, 20 000–ზე მეტი საჩივარი იყო შესული პროკურატურაში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, თავდაცვის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, ხოლო 700–მდე(!) – სტრასბურგის სასამართლოში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნაცების დანაშაულის დამადასტურებელი 25 000–მდე აუდიო–ვიდეო მასალის განადგურება, რაც კვალიფიცირებულ უნდა იყოს, როგორც ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული – დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება (საჩივრების ადრესატები, როგორც წესი, უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ)! ხალხი მოელოდა დამნაშავეების დასჯას და წართმეულის დაბრუნებას, მაგრამ ივანიშვილმა ცივი წყალი გადაასხა გულუბრყვილო ხალხს: ეს თანხა ძალიან დიდია, მითვისებულის საერთო ღირებულება შვიდ მილიარდს შეადგენს და ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდებაო, ანუ დამნაშავეებს ვერ ვსჯი – მითვისებულს უკან ვერ ვაბრუნებინებ და თქვენი ჯიბეებიდანაც ამდენს ვერ ამოვიღებო! ამ გაუგონარი გადაწყვეტილების გამართლება ივანიშვილმა ასევე ერთობ უცნაური და აბსოლუტურად მიუღებელი ფორმულით სცადა: „ისე კი არ უნდა მოვექცეთ დამნაშავე ნაცებს, როგორსაც ისინი იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ჩვენ, ქართველ ხალხს გვეკადრებაო“! ასეთი მიდგომა არც ქართულია და არც დიდსულოვნების მაჩვენებელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას ემსახურებოდა და მომავალი დამნაშავეებისთვისაც მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იყო! ამ სენტენციის გულწრფელობაში ეჭვი არ შეგვეპარებოდა, თუკი ბ–ნი ბიძინა მისთვის წართმეულ 80 მილიონსაც შეარჩენდა ნაცებს და „ქართული დიდსულოვნების“ მაგალითს აჩვენებდა სხვებს! დაზარალებული და გაყვლეფილი ხალხის სახელით სულგრძელობაზე და მიმტევებლობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია!

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას. იმდენად თვალშისაცემი იყო დაშვებული შეცდომები, რომ ერთმა პატივსაცემმა პროფესორმა მესამედ მოსული ივანიშვილის გამართლება ასე სცადა: „ბიძინა ივანიშვილი, მისი შინაგანი წესიერებიდან გამომდინარე, ხშირად (! – ი.ლ.) ისეთ ადამიანებს ენდობა, რომლებიც ნდობას არ იმსახურებენ“!

ბატონი ბიძინას წესიერებაში ეჭვს ვერ შევიტან, მაგრამ არა მგონია წესიერება ამდენ და ასეთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეცდომებს აშვებინებდეს ადამიანს ხელისუფლებში მოსვლის პირველივე დღიდან. მხოლოდ გახმაურებულს და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ე.წ. ცნობად სახეებს დავასახელებ (ესეც საკმარისი იქნება საერთო სურათის შესაქმნელად): პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი და ვიცე–პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ალასანია თავ–თავიანთი პარტიებით, სახალხო დამცველები – ნანუაშვილი და ლომჯარია, პრემიერები – კვირიკაშვილი და გახარია, პრეზიდენტები – მარგველაშვილი და ზურაბიშვილი! საფრანგეთში გაზრდილი და ამერიკაში ზბიგნევ ბჟეზინსკის სკოლაგამოვლილი სალომე ზურაბიშვილის გასაპრეზიდენტებლად ივანიშვილის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ და უხვად გაცემულმა დაპირებებმა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ისევ არ შეუსრულებია, ყველა ადრე დაშვებულ შეცდომას გადააჭარბა!

წესიერება რომ იყოს შეცდომების მიზეზი, მაშინ დაღუპულა ქვეყანა და ისაა! თავად განსაჯეთ, სადაა გარანტია, რომ მესამედ მოსული „შინაგანად წესიერი“ ივანიშვილი იგივე ან უარეს შეცდომებს არ დაუშვებს? რა თქმა უნდა, ამის გარანტია არ არსებობს!

სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ პარადოქსულ მოვლენას. შეუძლებელია, კაცი თავის ბიზნეს საქმიანობაში კადრებს შესანიშნავად არჩევდეს, ხოლო ხელისუფლებაში კი შეცდომას შეცდომაზე უშვებდეს! ეს იმაზე მეტყველებს მხოლოდ, რომ პოლიტიკაში წესიერება არაფერ შუაშია, უბრალოდ, პოლიტიკაში სხვა კანონები მოქმედებს, ბიზნესში კი – სხვა. ბიზნესში თავად არჩევ კადრებს, პოლიტიკაში კი პარტნიორებად წოდებული „დაუძინებელი მეგობრები“ „გეხმარებიან“, „რამე რომ არ შეგეშალოს“. მკითხველს შევახსენებ, თუ როგორ აკომპლექტებდა უკრაინის მთავრობას აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი 2014 წლის თებერვალში (უკრაინაში ამერიკის ელჩთან – ჯეფრი პაიეტთან ერთად); თუ როგორ გაუგზავნა პაიეტის შემცვლელმა მერი იოვანოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს მოზრდილი სია იმ პირებისა, რომლებსაც პროკურორი თითსაც ვერ დააკარებდა მათი დანაშაულის და იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებდა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ახლა ვიკითხოთ: 45–მილიონიან უკრაინას თუ არ ტოვებდა ამერიკა ყურადღების და „დახმარების“ გარეშე, როგორ გგონიათ, ათჯერ პატარა საქართველოს ჩვენს ნებაზე მიგვიშვებდა და მთავრობასაც ივანიშვილს (ან სხვას) შეარჩევინებდა 2012–ში ან მერე? ცხადია, არა! ასე, რომ ივანიშვილის წესიერებაზე ან მის საკადრო შეცდომებზე ცალკე აღებულად საუბარი რეალობას მოწყვეტილია. ამასთანავე, იმის კონსტატაციაც, რომ ასეთ საკადრო პოლიტიკას იგი სხვისი დაძალებით ახორციელებდა, დიდი ვერაფერი შეღავათია ქართველი ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაცია–დირექტივას ფრიადზე ასრულებდა ივანიშვილი და მთავრობა, ყველას ემახსოვრება მისი სიტყვები, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას მთელი ოთხი წელი, რათა ამერიკა დაერწმუნებინა თავის ლოიალობაში.

მერე? მერე რა მოვიგეთ ამით – სუვერენიტეტი გაგვაჩნია, თვითმყოფადობაში ვერავინ ხელს ვერ გვიფათურებს თუ ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით გვაქვს რაიმე წარმატება? მცდელობაც კი არ გვქონია! ჰოდა, აბა, ახლა რატომ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ივანიშვილის მოსვლა ყველაფერს შეცვლის – „დასასჯელს დასჯის, დასაჭერს დაიჭერს და გასაგდებსაც გააგდებს“, როგორც ამას წერდა ამას წინათ ივანიშვილის დაბრუნებით გახარებული ერთი ასევე წესიერი, მაგრამ გულუბრყვილო კაცი. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ყველაფერი არ ითქმება, თორემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკვე არის ნაბიჯები გადადგმულიო! აბა რა, ამ ადამიანებმა – სახელისუფლებო შიდა სამზარეულოში ჩახედულებმა ამის შესახებ იციან, აი, „მეგობრებმა“ ამერიკის საელჩოში კი, თურმე, არაფერი არ იციან. ყველა სფეროში და ყველა დონეზე ჩანერგილი ინფორმატორების და ელექტრომიყურადების (ანუ, უბრალოდ, – მოსმენების) წყალობით ამერიკის საელჩოს გაცილებით მეტი ინფორმაცია გააჩნია, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს პირებს ერთად აღებულს და, ამიტომაც მსგავსი ნაბიჯები რომ იდგმებოდეს ხელისუფლების მხრიდან საელჩოს ზურგს უკან, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, როგორი საპასუხო რეაქცია მოყვებოდა მას.

ზემოთ მოყვანილი ჩვენი თუ სხვისი მაგალითებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს: არავითარ კარდინალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. უფრო მოსალოდნელია საპირისპირო – მეტი კრიტიკა და შეზღუდვები „მეგობრების“ მხრიდან – რუსეთში მანქანების რეექსპორტის აკრძალვაზე უფრო საგრძნობი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, ცას ვეწევი სიხარულით, მაგრამ წარსული გამოცდილება ამის საშუალებას არ მაძლევს, ხოლო უცებ და უმიზეზოდ პავლედ ვერავინ ვერ გარდაიქმნება!

ყველაფერი მალე გამოჩნდება, არჩევნებამდე. თუ გულით სურს „ოცნებას“ უმრავლესობით მოსვლა (და, არა – „მეგობრების“ მიერ დაგეგმილი კოალიციური მთავრობის წევრობა!), საჭიროა ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და, რაც მთავარია, პასუხიც კანონის ძალით მოეკითხოს. ამისთვის კი იმ კანონების მიღებაა აუცილებელი, რომლებიც ძალიან გვაკლია და, უკვე არსებულის – დანიშნულებისამებრ ამოქმედება.

ბოლოდან თუ დავიწყებთ – სააკაშვილი გადაყვანილ უნდა იქნას ციხეში და მის წინააღმდეგ ახლა მაინც იმ მუხლებით უნდა აღიძრას ახალი საქმეები, რომლებიც არაერთია და, რომლებიც მაქსიმალურ სასჯელს ითვალისწინებს სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულობების გამო. თუკი, მას ისევ დატოვებენ კლინიკაში, მაშინ ხელისუფლებამ ის მაინც უნდა გაბედოს, რომ სააკაშვილი ისეთივე ცხოვრების რეჟიმში ამყოფოს, როგორიც ყველა სხვა პატიმრისთვის არის დაწესებული – ეს იქნება მნახველთა კატეგორია თუ ნახვის სიხშირე, ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობა, მიმართვა–მოწოდებების და წერილების გავრცელება, თუ სხვა.

თუკი ეტაპობრივად განვიხილავთ ივანიშვილის სამივე მოსვლას 2012–18–24 წლებში, დავინახავთ, რომ ძირეულად არცერთხელ არ შეცვლილა არაფერი, არც ეკონომიკის და არც საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მხრივ, თუმცა, იგი ყოველთვის „კარგ გუნდს“ გვიტოვებდა. ყველაზე „კარგი“ და განუმეორებელი მაინც პირველ ეტაპზე იყო – უსუფაშვილ–ალასანია–მარგველაშვილის სახით. ჭორის დონეზე ვიგებდით, თუ რატომ ხსნიდნენ ერთს და რისთვის აწინაურებდნენ მეორეს – დღემდე არავინ იცის ღარიბაშვილის პირველი პრემიერობიდან მოულოდნელი განთავისუფლების ნამდვილი მიზეზი (არადა, როგორც თავად ამბობდა, ყველა საკითხს ივანიშვილთან ათანხმებდა!) და არც ის, თუ რა დამსახურებისთვის დაინიშნა ხიდაშელის ქალი თავდაცვის მინისტრად. როგორ გგონიათ, ნულანდი იქნება თუ მისი ხელქვეითი ელჩი, მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში აკომპლექტებს უკრაინის, საქართველოს თუ სხვა ქვეყნების მთავრობებს და ამის შემდეგ მთავრობის წევრთა გადაადგილებებში, მათ მოხსნა–დანიშვნებში აღარ მონაწილეობს? როგორ გგონიათ, ეს მარტო მთავრობას შეეხება და სხვა სფეროებს – არა? სახალხო დამცველის აპარატზე, სასამართლო სისტემაზე, ძალოვან სტრუქტურებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, პარლამენტის კომიტეტებზე და, პრინციპში, ყველგან და ყველაფერზე, – მათი გავლენა არ ვრცელდება, მათთან შეთანხმების გარეშე ვინმე ინიშნება?

ამიტომ, როცა შენს ჭკუაზე ნაბიჯს ვერ დგამ, გინდა ორჯერ დაბრუნდი და გინდა – სამჯერ, გინდა კულუარებში იყავი და გინდა, საერთოდ ნუ წახვალ ნურსად და დარჩი ნებისმიერ თანამდებობაზე, ამით არაფერი არ შეიცვლება!

აქედან გამომდინარე, ადვილია დასკვნის გამოტანა (ნეტავ ვცდებოდე, ოდნავად მაინც!) ივანიშვილის არც პირველი მოსვლა და არც მეორე და მესამე, მისი ნებით არ ყოფილა; არც –ერთ წელიწადში „ძალიან კარგი გუნდის“ ხელში ხალხის ჩატოვების იდეა იქნებოდა მისი, რადგანაც ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რომ ერთ წელიწადში შეიძლება პატარა ჩავარდნილი ბიზნესიც კი ვერ დააყენო ფეხზე და, მით უფრო, – უკიდურესად გაჭირვებული, სახელმწიფო ტერორისგან და უსამართლობისგან დაბეჩავებული, დანაწევრებულ–გაყიდული უპატრონო ქვეყანა – შენი საქართველო!

თუკი ეს მაინც საკუთარი ნებით გააკეთა ივანიშვილმა 2013–ში, მაშინ ახლა, როცა ხალხი გონს მოვიდა, მტრის და მოყვარის ასე თუ ისე გარჩევა ისწავლა და ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწიფო – ჩინეთი, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, ჭეშმარიტად სტრატეგიულ მეკავშირედ გამოგვეცხადა და დახმარების იმედი გაგვიჩნდა როგორც ეკონომიკაში, ისე ტერიტორიული გამთლიანების საკითხში, როცა ეს გზა პრემიერმა ღარიბაშვილმა და მისმა გუნდმა წარმატებით გაკვალა, როცა, თვითონ ივანიშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვება გარანტირებულია, რა აუცილებელი იყო ასეთი ყველასთვის მოულოდნელი მობრუნება, თანაც, ვითომდაც მხოლოდ მრჩეველის როლში?! გამორიცხულია, რომ ამჯერადაც რაღაც ჩვენთვის უცნობი მისია (ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანის ანალოგიური ან უფრო უარესიც!) ჰქონდეს მას დაკისრებული? რა თქმა უნდა, არა, სრულებითაც არა! პირიქით, დიდი ალბათობით, სწორედ განსაკუთრებული მისია უნდა იყოს ეს!

კვლავ ვიმეორებ: ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს სამართლის აღდგენა იმ კანონების მიღებით, რომელიც ჰაერივით გვაკლია. დასაწყისისთვის მხოლოდ ორი კანონიც საკმარისი იქნება ერთი მხრივ, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გულწრფელობის შესამოწმებლად (ანუ, თუ ნამდვილად აქვთ გუნებაში დანაპირების შერულება და, რომ ეს არ არის ძველებურად, მხოლოდ წინასაარჩევნოდ თქმული) და, მეორე მხრივ, – მათი წყალობით ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარდება კანონის მიღებისთანავე! არ ვაჭარბებ, – მიღებისთანავე! ეს, როგორ? – გაიკვირვებს ნებისმიერი. როგორ და, – ძალიან მარტივად:

წარმოვიდგინოთ, რომ სწრაფად, ყოველგვარი ვენეციის და ფლორენციის გარეშე მივიღეთ (იმისათვის, რათა არ შემოგვედაოს არავინ, უნდა გადმოვიღოთ სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, – შეერთებულ შტატებში მიღებულ–აპრობირებული, „ვენეციაგამოვლილი“ ტექსტები, შეიძლება, შევარბილოთ კიდეც) ცილისწამების და დეზინფორმაციის საწინააღმდეგო და უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი (ე.წ. „ფარა“). ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, – რამდენ ტელევიზიას და ადამიანს ჩაუვარდება ენა მუცელში (ახლა ხომ, რასაც უნდათ იმას დაგაბრალებენ, თუნდაც, – მკვლელების შეფარება–დამალვას და ვერსად ვერ უჩივლებ, კანონი არ გვაქვს!) და, კიდევ რამდენი 30 ვერცხლზე გაყიდული მანქურთი გამოვლინდება უმალ (ზედმეტად მიმაჩნია ხელისუფლებისთვის იმის ახსნა, რომ ამ კანონების მიღებამდე აუცილებელი იქნება წინასწარი განმარტებითი სამუშაოს ჩატარება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, რომლებსაც შედარებით ადვილად წამლავენ დასავლური პროპაგანდით. და, მთავარი – ნაცვლიშვილ–სამნიძეების მხრიდან მოშლილი პატეფონივით წამოსულმა ძახილმა „არა, რუსულ კანონს, არა, რუსულ კანონს“ და გრიგორიადისების „მოლოტოვის კოქტეილმა“ არ უნდა დაგვაფრთხოს, ყველაფერს მობილიზებულები და ყოველმხრივ მომზადებულები უნდა დავხვდეთ)!

ბევრი კანონი გვაქვს აუცილებლად მისაღები: აღსადგენია სამშობლოს ღალატის მუხლი, ეკლესიის, პირადად პატრიარქის და მორწმუნეთა გრძნობების დამცავი, გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის ამკრძალავი, ქართული ოჯახების დასახმარებელი – დემოგრაფიის გასაუმჯობესებელი, ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის ამკრძალავი, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მრეწველობის ხელშემწყობი, ტელევიზიების და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მაკონტროლებელი (რათა ახალგაზრდობას ტვინს არ უწამლავდნენ ლევან ბერძენიშვილისნაირი პედაგოგები), საჯარო სივრცეში უცენზურო ლექსიკის ამკრძალავი და კიდევ ბევრი სხვა. განა სამარცხვინოზე მეტი არ არის, ევროკავშირის დროშას კანონით იცავდე, ხოლო სამშობლოს ღალატის მუხლი კი ამოღებული გქონდეს კოდექსიდან? აგრეთვე თაროებიდან ჩამოსაღებია უამრავი რეზონანსული მკვლელობის, დანაშაულებრივი სამხედრო ოპერაციების და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოუძიებელი საქმეები, წმენდაა ჩასატარებელი სასამართლო სისტემაში და ყველა ძალოვან სტრუქტურაში და, რაც მთავარია, ნაცმოძრაობაა საჯაროდ გასასამართლებელი!

პირველი რიგის და სრულიად აუცილებელი ამოცანაა ზემოხსენებული ორი კანონის უახლოეს ხანში მიღება. ამის გარეშე აშკარა იქნება, რომ „ქართული ოცნება“ ძველებურად, ისევ წინასაარჩევნო დაპირებებით გვკვებავს და, ივანიშვილიც სულ სხვა დავალებით არის „შემოგზავნილი“ ამჯერადაც! რასაკვირველია, ისევ იძულებით და ისევ შანტაჟის გზით!

იაკობ ლეჟავა
26 იანვარი, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here