Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: საქართველოს ხელისუფლება სირაქლემის პოზაში დიდხანს ვერ გაჩერდება, ხვალ და ზეგ...

მამუკა კარტოზია: საქართველოს ხელისუფლება სირაქლემის პოზაში დიდხანს ვერ გაჩერდება, ხვალ და ზეგ მაინც მოუწევთ რუსეთში ჩასვლა და დალაპარაკება, რადგან საზღვრები ისეთი საკითხია, გვერდს ვერ ავუვლით

“რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრასა და დალაპარაკებას წინ უდგას პოლიტიკური კონიუქტურა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრება”

275

ამა წლის 2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართა და რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა და .. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი ესწრებოდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი ხაზს უსვამს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების აუცილებლობას.

სასაზღვრო ზონაში ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით ხაზი გაესვა სოხუმისა და ცხინვალის მიმართ თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფი შემუშავების აუცილებლობას. ასევე, ქართულაფხაზური და საქართველოსამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით”, _ აღნიშნულია განცხადებაში.

 ამ მნიშვნელოვან თემაზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

_ საზღვრები, მისი დადგენა და დაცვა ძალიან სერიოზული თემაა. ეს პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფოს ჩამოყალიბების მთავარი ატრიბუტია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და საზღვრები დადგენილი არ გვქონდა, შიდა საზღვრები იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ წინაშე დადგა ურთულესი ამოცანა _ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. დამოუკიდებელ საქართველოს არ ჰქონდა თეორიული ბაზა, არ გვქონდა საარქივო მასალები და ამიტომ დამოუკიდებელი  ქვეყნის მთავარი ატრიბუტი _ საზღვრები, ვერ დავადგინეთ. დამოუკიდებელ ქვეყანას სჭირდება ჯარი, საზღვარი და კონსტიტუცია, რაც ჩვენ არ გვქონდა, არქივის დიდი ნაწილი კი რუსეთში გაიტანეს.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას საზღვრების დადგენას საქართველოს ხელისუფლებას არ ეკითხებოდნენ. მოსკოვი თვითონ წყვეტდა საკითხს, მაგრამ ჩვენ კმაყოფილი ვიყავით, რადგან არაფერი ირღვეოდა.

საზღვრების დადგენა იოლი საქმე არ არის. გარდა მეთოდოლოგიისა, საჭიროა ამ საქმის მცოდნე ადამიანები, რომლებიც ჩვენ არ გვყავდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთიანი სასაზღვრო ზონა იყო და მას იმჟამინდელი უშიშროების კომიტეტის ჯარი იცავდა, ცალკე სამსახური არ არსებობდა.

საქართველოს სახმელეთო საზღვარი აქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, რუსეთთან. დღეს ჩვენ დელიმიტაციის პრობლემა გვაქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან. თურქეთთან ყველაზე ნაკლებად გვაქვს პრობლემა, რადგან საბჭოთა დროინდელი საზღვარია და თანაც ამ საზღვრის დაცვა ჩარჩო-ხელშეკრულებით არის გამყარებული.

_ სერიოზული პრობლემა გვაქვს აფზახეთისა და ოსეთის საზღვრებზე. ეს პრობლემა ვერ მოგვარდება რუსეთის ჩარევის გარეშე და ამიტომ რუსეთის მხარე საქართველოს დელიმიტაციადემარკაციის საკითხზე სასაუბროდ უხმობს. ეს საზღვრები ქართველებისთვის მტკივნეული თემაა

_ საზღვრები აფხაზეთსა და ოსეთთან მგრძნობიარე თემაა და ამას გლობალურად უნდა შევხედოთ. სპონტანურად ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ. აქ მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, შემდეგ _ აფხაზებსა და ოსებთან. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს დაბალანსებული ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს არანაირი გეგმა, როგორი ურთიერთობა გვსურს მეზობელ ქვეყანასთან. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რა გვინდა და საით მივდივართ, რისი გაკეთება შეგვიძლია ან არ შეგვიძლია,  საჭიროა, რუსეთს დაველაპარაკოთ.

საქართველოსა და რუსეთის  ურთიერთობა  შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. ჟენევის ფორმატით, რომელიც არაფრის მომცემია. ეს შეხვედრები შედეგზე ორიენტირებული არ არის.

საზღვრების დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ უამრავი უბედური შემთხვევის, საზღვართან უკვე მერამდენე ადამიანი მოკლეს, დაიჭირეს, ასე ვერ გაგრძელდება. აუცილებელია, დროებით საზღვრებზე მაინც შევჯერდეთ, მსხვერპლი რომ არ იყოს. რუსეთს ყველაფერზე არ დავეთანხმოთ, მაგრამ საკითხი რაღაც დონეზე უნდა მოვაგვაროთ, ყველანი ვთანხმდებით, რომ საზღვრების დადგენა ვერ მოხერხდება რუსეთის  ჩარევის გარეშე.

_ საქართველოს ხელისუფლება, როდესაც საზღვართან ინციდენტი ხდება, დასავლელ .. პარტნიორებს ელაპარაკება

_ 33 წლის წინათ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. ამ ხნის განმავლობაში დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ არც ერთმა საერთაშორისო გაერთიანებამ და ორგანიზაციამ არაფერი გაგვიკეთეს, ტერიტორიების დაბრუნებაში არავინ დაგვეხმარა, სამართლებრივი სტატუს-კვო ვერ აღვიდგინეთ.

საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, ისე ვართ დამოკიდებულები რუსეთსა და თურქეთზე, რომ ჩვენ ვერავინ დაგვეხმარება. ევროპა არასოდეს ჩაერევა ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაში. საქართველო რუსეთს უნდა დაელაპარაკოს, მხოლოდ რუსებს შეუძლიათ ჩვენი პრობლემის მოგვარება. ამასთანავე, აფხაზებსა და ოსებსაც უნდა ველაპარაკოთ, მათი აზრი მოვისმინოთ. რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ გამოუშვა მესიჯი, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთან სალაპარაკოდ მისულიყო, მაგრამ ჩვენები არ მიდიან, არადა, რა უდგას დალაპარაკებას წინ?

_ მართლაც რა უდგას წინ დალაპარაკებას?

_ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და დალაპარაკებას წინ უდგას პოლიტიკური კონიუქტურა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრება. საქართველო ყველაფერზე წავიდა, ევროპისთვის თავი რომ მოეწონებინა და ე.წ. კანდიდატის სტატუსი მიეღო, თეირანში “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, ოღონდ რისთვის სჭირდებათ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, არ ვიცი. ევროკავშირში ჩვენ არ მიგვიღებენ, ყოველ შემთხვევაში, 2030 წლამდე.

გლობალურ პროცესებში საქართველომ თავისი ადგილი უნდა მონახოს, საქართველოს საზღვრების საკითხი ამ ყველაფერზეა მიბმული და ამიტომაც გვჭირდება ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკა, სირაქლემის პოზაში დგომა არ გამოგვადგება. აუცილებელია საზღვრის პრობლემის მოგვარება, ღიად თუ არა, კულუარული პოლიტიკა მაინც უნდა აწარმოონ, ჩუმად მაინც დაიწყონ დიალოგი რუსეთთან; ჩავიდნენ, დაელაპარაკონ, გავიგოთ, რას გვთავაზობენ.

შთამომავლობა არ გვაპატიებს უმოქმედობას, ტერიტორიების დაკარგვას. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. ჩვენ, ქართველებს, საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის, საფლავი გვაქვს დასაბრუნებელი, წმინდა ადგილები გვაქვს დასაბრუნებელი. ადრე თუ გვიან ქართველები, აფხაზები და ოსები ერთად ვიქნებით, ეს იმპულსები მოდის. აფხაზები და ოსები თბილისში ჩამოდიან სამკურნალოდ, სასწავლებლად, რაც დიდი სტიმულია მათთან სახალხო დიპლომატიის დასაწყებად, ეს იმედია…

საქართველოს ხელისუფლება სირაქლემის პოზაში დიდხანს ვერ გაჩერდება, ხვალ და ზეგ მაინც მოუწევთ რუსეთში ჩასვლა და დალაპარაკება, რადგან საზღვრები ისეთი საკითხია, გვერდს ვერ ავუვლით. საზღვრების დადგენის საქმე არ უნდა გადადონ გვერდზე. ჩაერთოს პარლამენტი, მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება და გადაწყვიტონ საკითხი. გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ უაზრო მსხვერპლი აღარ იყოს საქართველოს საზღვრებთან. ხელისუფლებაში ყოფნა ფუფუნება არ არის, ეს პასუხისმგებლობაა და აიღონ თავზე ეს პასუხისმგებლობა.

გლობალურ პოლიტიკაში ყველაფერი სწრაფად იცვლება; შეიძლება ისე შეტრიალდეს ვითარება, რომ ტერიტორიები ძალიან მარტივად დავიბრუნოთ, აზერბაიჯანის შემთხვევა ჩვენთვის კარგი მაგალითია და ამაზე იფიქრონ… იფიქრონ და ჩავიდნენ რუსეთთან დასალაპარაკებლად!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here