Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მონურ მორჩილებაზე...

მამუკა კარტოზია: “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მონურ მორჩილებაზე მიუთითებს

“ჩვენს სამეზობლოში მნიშვნელოვანი კოალიცია იქმნება, იმპერიული ტრადიციის მქონე ქვეყნები იკრიბებიან და პატარა საქართველოს უხმობენ სალაპარაკოდ, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ. საინტერესოა, მოლაპარაკებას ან, უბრალოდ, მოლაპარაკებებზე დასწრებას წინ რა უდგას”

544

ამა წლის 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა “3+3” ფორმატში შემავალი ქვეყნების _ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანისა და რუსეთის _ შეხვედრა, რომელსაც საქართველო არ ესწრებოდა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო ღონისძიებას არც იმხანად დასწრებია. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მონაწილეობდა“, _ განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

თეირანში გამართული “3+3”-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აღნიშნეს, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის.

რატომ არ ესწრებოდა საქართველო “3+3” ფორმატის შეხვედრას და არის თუ არა აღნიშნულ ფორმატში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა მნიშვნელოვანი, გვესაუბრება ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია:

_ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ არ აქვს განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს დაუშვებელია, რადგან ისეთ სამეზობლოში ვართ, რომ ყოველ წუთს შეიძლება დაგვემუქროს საფრთხე. ასეთ ვითარებაში კი საჭიროა პრაგმატული ქმედებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებზე იქნება მორგებული.

სამართლებრივი ნონსენსია კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით. ეს ჩანაწერი სასწრაფოდ ამოსაღებია, რადგან დავუშვათ, ნატომ და ევროკავშირმა არსებობა შეწყვიტეს, მერე სად მივდივართ?! არასერიოზულია ეს ჩანაწერი.

საქართველოსნაირმა პატარა ქვეყანამ “3+3” ფორმატი აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მსოფლიოში გარდამტეხი პროცესები მიმდინარეობს, ეპოქალური. ეს პროცესები გლობალურია და საქართველომ თავისი ადგილი უნდა დაიკავოს, ადგილი, რომელიც გადაგვარჩენს, ამჯამად ჩვენთვის მთავარი გადარჩენაა.

ჩვენს სამეზობლოში მნიშვნელოვანი კოალიცია იქმნება, იმპერიული ტრადიციის მქონე ქვეყნები იკრიბებიან და პატარა საქართველოს უხმობენ სალაპარაკოდ, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ. საინტერესოა, მოლაპარაკებას ან, უბრალოდ, მოლაპარაკებებზე დასწრებას წინ რა უდგას! დავუშვათ არ გვინდა მონაწილეობა, მაგრამ თვალყური რომ ვადევნოთ პროცესებს, დავაკვირდეთ ყველაფერს, რა პრობლემაა?! “3+3” ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მონურ მორჩილებაზე მიუთითებს. მათ ვიღაცამ უთხრა, თეირანში არ წასულიყვნენ და ისინიც არ წავიდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილების მიმღები არ არის, მის ნაცვლად ამერიკა წყვეტს ყველაფერს.

ძალიან კარგი, სასიამოვნო და მისაღები მესიჯები გამოუშვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მისამართით. მან თქვა, რომ ქართველები ჭკვიანურად იქცევიან, ახსნა ჩვენი მდგომარეობა და დასძინა, რომ საქართველო აუცილებლად ჩაერთვება “3+3” ფორმატში, როდესაც ამის დრო დადგება… მიუხედავად ჩვენი ქვეყნის დეგრადაციისა, საქართველო მაინც რჩება კულტურულ ცენტრად, რაც საბჭოთა პერიოდში დაგროვილი დიდი პოტენციალის დამსახურებაა. მართებული არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთ გზად დასავლეთისკენ სწრაფვა მიიჩნევა.

_ ევროკავშირისკენ სწრაფვა გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ რატომ უშლის ხელს ეს ჩანაწერი “3+3” ფორმატში მონაწილეობას?

_ “3+3” ფორმატი, შესაძლოა, ნატოს უშლიდეს ხელს, მაგრამ ევროკავშირს ხელს არაფერში უშლის და  რომც უშლიდეს, საქართველო ვალდებულია, სამეზობლოში მიმდინარე ასეთ სიახლეს შეუერთდეს, რადგან ყველა საფრთხე, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოს დაემუქროს, სამეზობლოდან წამოვა. აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან საფრთხე არ წამოვა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვალდებულნი ვართ, შევუერთდეთ იმ ქვეყნების ფორმატს, რომლისგანაც სიკეთესაც ველოდებით და საფრთხესაც. საქართველოს ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი… ჩვენ კი ე.წ. პარტნიორების ბრძანებებს ვასრულებთ, რომლებიც მათ ინტერესებზეა მორგებული და არა ჩვენსაზე.

საქართველოს უშლიან “3+3” ფორმატში მონაწილეობას, მაგრამ ამ ფორმატს ესწრება თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია; უფრო მეტიც, ეს ფორმატი თურქეთის ინიციატივით შეიქმნა. მინდა, ხელისუფლებას ვკითხო _ რით ახსნიან “3+3” ფორმატში თურქეთის ყოფნას და საქართველოს არყოფნას?

საქართველოს ისტორიაში დაპირისპირებას ყოველთვის იწვევდა პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის არადამაჯერებელი ხედვა. დღეს მიზანმიმართულად ვრცელდება აზრი, რომ ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი საუკუნოვანი არჩევანია, რომ ჩვენი მამაპაპა ევროპისკენ ისწრაფვოდა, ეს აზრი დომინირებს, სხვა აზრი იდევნება. იქნებ სხვა აზრიც გავითვალისწინოთ, რადგან წლების განმავლობაში ამ იდეამ და აზრმა კარგი არაფერი მოგვიტანა.

საქართველოს ორი რეგიონი აქვს დაკარგული. ევროპისკენ სწრაფვამ პრობლემა ვერ მოგვიგვარა, თუ აზრს და იდეას არ შევცვლით, კვლავ ასე გაგრძელდება. თუკი არ უნდათ დაკარგული რეგიონები დავიბრუნოთ, გვითხრან პირდაპირ და ჩვენც გვეცოდინება…

“3+3” ფორმატმა შეიძლება ვერ გაამართლოს, რადგან მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, წუთები წყვეტს ბევრ რამეს, მაგრამ ამ ფორმატის შეხვედრებზე დასწრება, მოსმენა, უბრალოდ, მონაწილეობა, რა პრობლემაა საქართველოსთვის, არ მესმის.

_ არსებობს მოსაზრება, რომ “3+3” ფორმატში საქართველოს მონაწილეობას ხელს უშლის თურქეთი, რადგან მას აზერბაიჯანთან ერთად ზანგეზურის დერეფნის გახსნა სურს. ამის წინააღმდეგია ირანი, რომელსაც, სავარაუდოდ, საქართველოც დაუჭერს მხარს

_ საქართველო, სამწუხაროდ, არ არის ისეთი ქვეყანა, რომლის მხარდაჭერაც ამინდს ქმნის. ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის. ამ ფორმატში და ამ რეგიონში მნიშვნელოვან როლს თურქეთი და რუსეთი თამაშობენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შეხვედრებზე ჩვენი დასწრება აუცილებელია, ინფორმაციას მაინც შევიტყობთ. რაღაც როლი ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს, ადგილი ჩვენც ხომ უნდა დავიმკვიდროთ?!

_ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით ამ დღეებში. იქნებ ხელისუფლება ამ სტატუსის მიღებაარმიღებას ელოდება და შემდეგ აპირებს “3+3” ფორმატში ჩართვას?

_ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ არ მიიღოს,  ევროპას, ცოტა არ იყოს, ამის ეშინია, რადგან ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მთლიანად რუსეთისკენ გადაიხაროს. ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმებაო. ევროკავშირის სტატუსი დაპირისპირების თემაა და ეს შეაშინებს ევროპას. საქართველო შეიძლება დაკარგონ… არ მოსწონთ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან, არ მოსწონთ, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, ასე რომ, კანდიდატის სტატუსი შეიძლება მოგვცენ…

_ თეირანში “3+3” ფრომატის წევრების შეხვედრის დღეს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოვიდა და ევროკავშირისკენ სწრაფვაზე გულმხურვალედ ილაპარაკათქვენ ამბობთ, რომ “3+3” ფორმატი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ესმით?

_ ესმით, როგორ არ ესმით. თალაკვაძემაც კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ ხელისუფლება ვერ ბედავს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ერთი, რაც გააკეთეს, უნდა ვთქვა: მეორე ფრონტი აგვარიდეს, ეს პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებაა.

ვერ ჩამოვყალიბდით, როგორც ერი. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ კავკასიის სამხრეთით ევროპა არ გრძელდება, აზია იწყება. საქართველო ევრაზიის კონტინენტის ის მცირე აზიური ნაწილია, რომელიც მდებარეობს იმპერიული ტრადიციის ქვეყნების მეზობლად. ლიბერალიზმი არ აუქმებს იმპერიას!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გარე ძალები, რომლებიც საქართველოს აუკუსის ბლოკის(ანგლო-საქსური სამყარო) გეოსტრატეგიული ინტერესების გამტარად და, შესაბამისად, რეგიონში ნეოლიბერალური იდეოლოგიის პლაცდარმად განიხილავენ, ყველა ბერკეტს გამოიყენებენ აქ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. მათთან შეკრული ძალები ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით(+მათგან ანასხლეტი პარტიები და მდიდარი ენჯეოების კლანი თავიანთი ელექტორატითურთ) შეასრულებენ ყველაზე ბინძურ დავალებებს, წავლენ ნებისმიერ პროვოკაციაზე. იმედია, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს გათავისებული აქვთ არსებული ვითარების სიმწვავე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში. ლავირების რესურსი იწურება. სამხრეთ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის, ზოგადად, ევრაზიის დიდი მოთამაშეების– ძალის ცენტრების გამაწონასწორებელი და შემაკავებელი ფუნქციის ჩართვის გარეშე ქვეყანას არ აქვს რეალური რესურსი, გაუმკლავდეს ”გლობალური ომის პარტიის”(როგორც ოცნება ახდენს ამ ძალის სახელდებას) მიერ დაგეგმილ რევოლუციურ სცენარს. უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, თუ რას წარმოადგენს ”ცივილიზირებული სამყაროს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები”. მსოფლიოს ეკონომიკის სიძმიმის ცენტრი, გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს–ეს მოცემულობაა. ამას რომის პაპიც კი ხვდება და აღიარებს. პაპის ვიზიტი მონღოლეთში და ”Pax Mongolika”-ს იდეა სხვა არაფერია, თუ არა ერთიანი ევრაზიული გეოსტრატეგიული სივრცის ფორმირების იდეა და ამ სივრცეში ევროპის ინტეგრირება. ჩვენ წინ გველის დიდი ჯახი აშშ-სა და ჩინეთს შორის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამ კონტექსტში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება და კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ჩრდ-სამხრეთის დიდ ეკონომიკურ კონსტრუქციებში ჩაჯდომა, რაც ეწინააღმდეგება ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის განმახორციელებელი ცენტრების სტრატეგიულ ინტერესებს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამ მიმართულებით აუცილებელია: 1).მეგა ეკონომიკურ კონსტრუქციებს არ შემოჰყვეს დემოგრაფიული ნაკადები(ამ მხრივ კანონმდებლობაა დასახვეწი); 2). სტრატეგიული ობიექტები( რაც შემოგვრჩა) დარჩეს სახელმწიფოს ხელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here