Home რუბრიკები საზოგადოება მამათმავლურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ადამიანები მოტყუებით გადაიღეს

მამათმავლურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ადამიანები მოტყუებით გადაიღეს

მამა გიორგი (რაზმაძე): გავივლით გარკვეულ კონსულტაციებს იურისტებთან და გადავწყვეტთ, რა ფორმით შეიძლება სამართლებრივი რეაგირება

2243

მამათმავლური პორნოგრაფიის შემცველი ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” კვლავ მითქმა-მოთქმის საგანია. ხელისუფლების მიერ აგრესიული “ლიბერალური” ელიტისთვის გამოცხადებული სრული მხარდაჭერის მიუხედავად, საზოგადოებაში მღელვარება არ ცხრება. პირიქით _ თბილისსა და ბათუმში გამართული დიდმასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ (რაც ამ ფილმის ჩვენებას მოჰყვა), დაპირისპირებამ, შესაძლოა, სამართლებრივ ჭრილშიც გადაინაცვლოს. 

კერძოდ, საქმე ეხება “ფილმში” ერთ-ერთი მუსიკალური ანსამბლის მოტყუებით გადაღებას, რომლის წევრებიც შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში და, როგორც ანსამბლის წევრები ამბობენ, უთხრეს, რომ ფილმი ტრადიციულ ქართულ სიმღერებზე იყო. მოკლედ, მოტყუებულმა მომღერლებმა სიმართლე (სად, რა და რისთვის ამღერეს) მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ინტერნეტში ფილმის ამორალური ფრაგმენტები გავრცელდა. მამათმავლურ პროპაგანდაზე გათვლილ “კინოსურათში” თუნდაც უნებლიეთ და მოტყუებით მონაწილეობა მათთვის უკიდურესად შემაშფოთებელია, თუმცა რა შედეგს გამოიღებს ამ საქმეზე სასამართლო დავა, ძნელი სათქმელია…

ანსამბლის ერთ-ერთი წევრი (საუბარია ანსამბლ “ჰანგებზე”) ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის მგალობელია. ეკლესიურად მცხოვრები მომღერლისთვის მამათმავლურ “ფილმში” მოხვედრა განსაკუთრებით მძიმე და გამაღიზიანებელი იყო…

რა მიზანს ემსახურება ამ ფილმის ასე დემონსტრაციულად ჩვენება, ქვეყნის სხვადასხვა კინოთეატრში, რა პრეცენდენტი იქმნება ამით საზოგადოებაში და რა სამართლებრივი რეაგირებაა მართლმსაჯულებისგან საჭირო “რეჟისორის” მიერ “ფილმში” ადამიანების მოტყუებით გადაღებისთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) გვესაუბრება.

_ მამაო, როგორც ვიცი, მამათმავლურ “ფილმში” “და ჩვენ ვიცეკვეთ” თქვენი ეკლესიის მგალობლები მოტყუებით გადაიღეს. მოდი, მოვუყვეთ საზოგადოებას, რა მოხდა და რას აპირებთ მომავალში ამ ფაქტის გამო?

_ 11 ნოემბერს ერთ-ერთ პრესკლუბში უკვე ჩავატარეთ კონფერენცია და მედიის შეკითხვებს ვუპასუხეთ. გვსურს, გავახმაუროთ ეს ფაქტი და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ. ახლა რა მოხდა კონკრეტულად: არის ასეთი ბევრისთვის ცნობილი ანსამბლი “ჰანგები,” რომელიც ტრადიციულ ქართულ სიმღერებს ასრულებს და მის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ხალხურ სიმღერებს უკავია. ანსამბლის რამდენიმე წევრი ჩვენი ეკლესიის მგალობელი და, შესაბამისად, მრევლია. მოკლედ, ამა წლის ზაფხულში ბიჭებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე ქმნიდნენ ფილმს, რომელშიც მათი გადაღება სურდათ. შემოთავაზება, ბუნებრივია, მისაღები აღმოჩნდა და დათანხმდნენ. ანსამბლმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ამის შემდეგ გავიდა რაღაც პერიოდი, ბიჭებს, პრაქტიკულად, დაავიწყდათ ეს გადაღებები და ერთ მშვენიერ დღეს შეიტყვეს თავზარდამცემი ამბავი _ ფილმი, რომელშიც ისინი გადაიღეს, არა ტრადიციებზე, არამედ ტრადიციების დამცინავ მამათმავლურ ურთიერთობებზე იყო, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები მოტყუებით გადაიღეს მამათმავლური პორნოგრაფიის შემცველ ამორალურ “კინოში,” რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფაა ეს ამ ადამიანებისთვის და რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როცა შეიტყვეს, რომ ამ უზნეო ფილმში მათ მიერ შესრულებული სიმღერებია. აქ საუბარია, უზარმაზარ მორალურ ზიანზე.

რაც შეეხება შეკითხვას, რას ვაპირებთ, პირველ რიგში, გავივლით გარკვეულ კონსულტაციებს იურისტებთან, ჩამოვყალიბდებით და გადავწყვეტთ, რა ფორმით შეიძლება, ამაზე მოვახდინოთ თუნდაც სამართლებრივი რეაგირება. ფაქტია: ადამიანები მოატყუეს და მათი შესრულებული სიმღერები გამოიყენეს “ფილმში,” რომელშიც მონაწილეობას ისინი არასოდეს მოისურვებდნენ. არის თუ თუ არა ეს დანაშაული, კანონმა განსაჯოს, ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი გულისწუხილი და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. სხვათა შორის, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ეს ფილმი გადაიღეს საფრანგეთისა და შვედეთის საელჩოების ფინანსური ხელშეწყობით. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა _ რატომ იჩენს ამ ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა აქ ასეთ გულუხვობას, როცა სხვა საკითხებზე ელემენტარული განცხადების გაკეთება უჭირთ და შეშფოთების იქით ვერ მიდიან? რა, ვინმეს სჯერა, რომ ღამე არ სძინავთ საქართველოში ადამიანის უფლებებზე ფიქრით?!

_ თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ რა მიზანს ემსახურება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება, ქალის _ ქალზე, კაცის _ კაცზე? რა მიზანს ემსახურება ის პროპაგანდა, რომ თურმე ბუნებაში ორი სქესი და გენდერი კი არა, 50-ზე და 60-ზე მეტია?! ცხადია, ეს ყველაფერი გათვლილია მარტივ რამეზე _ ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს წაუშალონ ყველანაირი მორალური ზღვარი, ზნეობრივი ჩარჩოები და პრინციპები. ეს არის ზუსტად ის, რაც ადამიანს ჩვეულებრივი ცხოველისგან განასხვავებს. აი, ამას ჰქვია, თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური გაგებით, აბსოლუტური თავისუფლება… რაც შეეხება გზებსა და საშუალებებს, რომლებითაც აგრესიული უმცირესობა ახორციელებს ამ ყველაფერს, პირველ რიგში, მათ იციან, რომ საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს სტრესში და დაშინებული. იმიტომ, რომ ფართო მასებში გაჩნდეს უიმედობის განცდა. სხვათა შორის, იმ დროს, როცა თბილისსა და ბათუმში კინოთეატრებთან აქციები იმართებოდა, მთელი “ლიბერალური” მედია ძირითადად ერთი რამით აპელირებდა _ კინოპრემიერა შედგა _ იქ მყოფ სასულიერო პირებს, პოლიტიკურ ლიდერებს თუ, უბრალოდ, აქციაზე მისულ ადამიანებს პროვოკაციულად ჩასჩიჩინებდნენ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, კინოჩვენება მიმდინარეობს. ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ ადამიანებს ხელი ჩაექნიათ და ეფიქრათ, მაინც ვერაფერს ვცვლითო. ისე, ერთი რამ მაინტერესებს _ სად იყვნენ ის ჩვენი ე.წ. სიმართლისთვის მებრძოლი სასულიერო პირები, რომლებიც ამ დღეებში გაშმაგებული ლანძღავდნენ და აკრიტიკებდნენ უწმინდესს. სად იყო იგივე პეტრე ცაავა, რომელსაც თურმე ასე აშფოთებს და აღელვებს საპატრიარქოში “დაბუდებული მამათმავლური ცოდვა”?! საქმე, იცით რა არის? ეს პროცესები, ეს მადისკრედიტებელი კამპანია საპატრიარქოსი და ეს პროვოკაციული პრემიერაც ვითომ ფილმის, კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული ერთი კამპანიის ჯაჭვის რგოლებია. ვინ იცავდა ამ დღეებში ფილმად წოდებულ მამათმავლურ პორნოგრაფიას და ვინ აკეთებდა მწვავე კრიტიკულ განცხადებებს უკმაყოფილო საზოგადოების მისამართით? ვინ დასცინოდა ქუჩაში გამოსულ სამღვდელოებას და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა? _ ზუსტად ის აგრესიული “ლიბერალური” უმცირესობა, რომელიც ამ მოვლენებამდე, სულ რაღაც, 4-5 დღით ადრე აწ განყენებულ პეტრე ცაავას ბანს აძლევდა პატრიარქის ლანძღვაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის და დასკვნები სწორედ ამ ფაქტებიდან უნდა გამოვიტანოთ…

_ ეს ყველაფერი გარკვეულწილად უკრაინის ეკლესიის “ავტოკეფალიის” საკითხსაც ხომ არ უკავშირდება?

_ ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რაც ბოლო პერიოდში მართლმადიდებელ სამყაროში ხდება. უკრაინის ეკლესიის “ავტოკეფალია” უკვე აღიარა საბერძნეთმა და ახლახან აღიარა ალექსანდრიამაც. თუმცა აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფაქტი, არამედ პროცესები, რომლებიც უძღვოდა ამ აღიარებას.

_ რომელ პროცესებს გულისხმობთ?

_ მაგალითად, საბერძნეთი ავიღოთ. თავდაპირველად, როცა მსოფლიო საპატრიარქოში დაიწყეს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბარი, საბერძნეთი ხმას არ იღებდა. მათი პოზიცია იყო ნეიტრალური და არანაირი განცხადება, არანაირი მხარდაჭერა რომელიმე მხარის, თუნდაც რაღაც მინიშნებების დონეზე, არ ყოფილა. შემდეგ, ჩავიდა საბერძნეთში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომელიც, მოგეხსენებათ, ძალიან გავლენიანი ფიგურაა, გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა და უცებ შეიცვალა საბერძნეთის ეკლესიის პოზიცია. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ რა შეიცვალა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ? მერე კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი, მათ შორის საბერძნეთის მთავრობაზეც. მოგეხსენებათ, საბერძნეთს დღეს კოლოსალური საგარეო ვალი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ამ ვითარებაში მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად აღმოვჩნდებით იმ წნეხის ქვეშ, რომელიც სხვა მართლმადიდებელმა ქვეყნებმა უკვე განიცადეს.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის კონკრეტული ნიშნები უკვე არის?

_ ნიშნები იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რაც ამ დღეებში ვნახეთ? აგერ წმინდა სინოდის სხდომაზე საშინელება მოხდა. სხვათა შორის ამ დღეებში გიგი უგულავა და კიდევ რამდენიმე ე.წ. თეოლოგი იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქთან. მერე ფოტოებით გავრცელდა ინტერნეტში. ისე, სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდება, თუ ხვალ-ზეგ პეტრე ცაავაც ჩავა კონსტანტინოპოლში და რჩევა-დარიგებებს მიიღებს ბართოლომეოსისგან…

_ დავუბრუნდეთ ფილმის ხმაურიან პრემიერას, თქვენი აზრით, ხელისუფლების პოზიცია ამ მოვლენებზე ადეკვატური იყო, სწორად და სამართლიანად იქცეოდნენ იგივე სამართალდამცველები?

_ არანაირი სამართალდამცველები საქართველოს არ ჰყავს, საქართველოს ჰყავს ასობით და ათასობით ფორმიანი სამართალდამრღვევი, რომელთა ძალითაც დასავლეთის მიერ ხელდასხმული პოლიტიკური ელიტა აგრესიული ლიბერალური უმცირესობის სურვილებს მოსახლეობის უმრავლესობის ნების დათრგუნვის გზით ასრულებს. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ 2020 წლის ოქტომბერი შორს არ არის. კარს არის მომდგარი არჩევნები, ხმები რომ დასჭირდებათ, აგრესიული ლიბერალური უმცირესობა ვერ უშველით და ხალხთან მოუწევთ ხვეწნა-მუდარით მისვლა, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტყუილების შემდეგ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ილაპარაკა “ქართულმა ოცნებამ” და განსაკუთრებით იმ საკანონმდებლო მავნებლობების შემდეგ, რომლებიც დასავლეთის დირექტივებით განახორციელეს, ნორმალურმა, საღად მოაზროვნე ადამიანმა მათ ხმა არ უნდა აღირსოს. დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის სრულიად შეცვლა და ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური ველიდან ორი პარტიის _ “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” _ გასტუმრებით. სხვანაირად, კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის ვიტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე და მოგვიწევს ამ ორ ძალასთან უშედეგო ძიძგილი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here