მთავარი პოლიტიკა მამა გიორგი (რაზმაძე): რა განცხადებებითაც არ უნდა სცადოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დაბრმავება, ყველა...

მამა გიორგი (რაზმაძე): რა განცხადებებითაც არ უნდა სცადოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დაბრმავება, ყველა ხედავს, რომ მონასტრებს ვკარგავთ და განმკითხავი არავინაა

“ხელისუფლება ორიენტირებულია თავისი უსუსურობის შენიღბვაზე”

598
გააზიარეთ

10 ოქტომბერს ბაქოდან ახალდაბრუნებულმა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად დავითგარეჯის საკითხიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ 11 ოქტობრიდან კომპლექსში შემავალი ეკლესია-მონასტრები სამღვდელოებისთვის გაიხსნებოდა: “მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფთ, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველზე ჩვენ ღია საუბარი გვქონდა მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია, გითხრათ, რომ ხვალიდან ქართველი სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება…” 

მოგვიანებით ამ განცხადებას, როგორც სამღვდელოებაში, ისე გარკვეულ პოლიტიკურ წრეებშიც, მწვავე რეაქცია მოჰყვა (რაც, ბუნებრივია, მრევლისა და სამღვდელოების განცალკევებით იყო გამოწვეული), თუმცა ატეხილი ხმაურისა და აჟიოტაჟის ფონზე, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა, გაირკვა, რომ პრემიერის განცხადება სრულიად უსაფუძვლო იყო _ რეალობა უცვლელი დარჩა და ეკლესია-მონასტრები სამღვდელოებისთვისაც დახურული აღმოჩნდა…

რა მიზანს ემსახურებოდა მთავრობის მეთაურის განცხადება და რა მდგომარეობაა სინამდვილეში დღეს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, პრემიერის განცხადებას, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ სამღვდელოებისთვის გაიხსნებოდა, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური მზაკვრობა და აფიორა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს… თქვენი აზრით, რა პროცესები მიდის რეალურად?

_ არ მინდა, ზედმეტად კრიტიკული ვიყო ვინმეს მიმართ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მეზობელ სახელმწიფოს, უკვე რამდენიმე თვეა, თვითნებურად აქვს დაკავებული ჩვენი ტერიტორია, ახორციელებს რაღაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, არ გვიშვებს ეკლესია-მონასტრებში, ხელისუფლებას კი მიღწევა ჰგონია ის, რომ მხოლოდ სასულიერო პირებისთვის შეიძლება გაიხსნას გზა, უკვე ბევრ რამეს ცხადყოფს. ვფიქრობ, ეს, უწინარესად, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესში უკვე არის წამგებიან პოზიციაში, როცა, როგორც თანასწორი მხარე, ისე კი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს და თავის წინადადებებს კი არ აყენებს, არამედ სრულიად ორიენტირებულია მეორე მხარის ინიციატივებზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრემიერს ბაქოში თითის ქნევით უნდა ესაუბრა ალიევთან, მაგრამ ერთია რიტორიკა და მეორე _ ისტორიული ფაქტი, რომელიც წლების განმავლობაში ქმნიდა რეალობას. ჩვენ ვიცით და ამას ვერც აზერბაიჯანული მხარე ვერ უარყოფს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საზღვარი გაივლო 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 12:200000 მასშტაბის რუკით. ამ რუკის მიხედვით კომპლექსის ორი მონასტერი _ უდაბნო და ჩიჩხიტური _ საქართველოს ტერიტორიაზეა. ეს არის ორმხრივი შეთანხმება, რომელიც არ შეცვლილა და, ბუნებრივია, დღეს, როცა ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ისე ირღვევა, თითქოს არც არსებულა, მთავარი შეკითხვა ჩნდება სწორედ ამ რეალობის შეცვლის საფუძველზე. ისე, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: თუ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს და სწორად წარმართავს პროცესებს, თუ მისი მხრიდან სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად ხდება მოლაპარაკებების წარმართვა და არ ეშინია საზოგადოების აღშფოთების რაღაცის გამო, მაშინ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს. ასე რომ არ არის და ხშირად ამ საკითხის გადაფარვის ხელოვნურ მცდელობებსაც ვხედავთ, ამიტომ ჩნდება ცუდი განცდები. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს განცდები რეალობას მოკლებულია, რადგან, რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება და უარესდება მდგომარეობა. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ის, რომ შენს ტერიტორიაზე შენს კულტურულ მემკვიდრეობასთან მისასვლელ გზას უცხო სახელმწიფო მხოლოდ სამღვდელოებისთვის ხსნის და მრევლისთვის არა, ცინიკური დამოკიდებულების გამოხატულება უფრო მგონია იმ ქვეყნისგან, ვიდრე ჩვენი რაღაც პოლიტიკური თუ დიპლომატიური მიღწევა.

_ გაირკვა, რომ პრემიერის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა და არც სამღვდელოებისთვის არ გახსნილა მონასტრები…

_ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში იაფფასიანი ტყუილების თქმამ და შემდეგ ამ ტყუილებით მანიპულირებამ აპრობირებული პრაქტიკის სახე მიიღო. მაგალითად, ამას წინათ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ლავროვთან შეხვედრისას ერთ-ერთი საკითხი ოკუპაცია იყო, მერე კი გაირკვა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავთ. ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია თავისი უსუსურობის შენიღბვაზე. თუმცა ნებისმიერი მსგავსი მცდელობა არათუ დადებითშედეგიანი არ არის “ოცნებისთვის”, პირიქით _ უფრო ამძაფრებს მისდამი მოსახლეობის უნდობლობას. სხვათა შორის, იმ ცრუ განცხადებამ, რომ თითქოს 11 ოქტომბრიდან მონასტრები სამღვდელოებისთვის გაიხსნებოდა და ხელისუფლება ამით, მოგეხსენებათ, ძალიან კმაყოფილი იყო, ერთი ისტორიული ფაქტი გამახსენა, რომელსაც მოკლედ მოგიყვებით: 1453 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა და თურქებმა დაიკავეს, დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა. დაიხურა ეკლესიები, მონასტრები და ერთადერთი, ვისაც აია სოფიას ტაძარში შესვლის უფლება ჰქონდა, სასულიერო პირები იყვნენ. სამღვდელოებას შეეძლო, შესულიყო, სანთელი დაენთო, ელოცა და მღვდელმსახურება აღესრულებინა, მრევლს _ არა, მაგრამ ერთხელ, აღდგომას, მოსახლეობამ გაბედა და მივიდა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე. მოხდა ასეთი რამ: ერთმა ეპისკოპოსმა, სახელად იოანემ, რომელმაც, იმის ნაცვლად, რომ მიელოცა აღდგომა, გამოვიდა და ტაძარში მისულ ხალხს შესთავაზა: მოდი, ფორმალურად მუსლიმანობა ვაღიაროთ, აღარ შევიკრიბოთ წირვაზე და ჩვენი წინაპრების საფლავებზე ჩუმად ავანთოთ სანთლებიო. ამას კრიპტოქრისტიანობა ჰქვია და კრიპტოქრისტიანებად იწოდებოდნენ ბერძნები, რომლებიც ფარულად, კატაკომბებში აღასრულებდნენ ქრისტიანულ რიტუალებს. ეპისკოპოსის ამ მიმართვაზე ხალხი აღშფოთდა და უკან გაბრუნდა, ყველა იმედგაცრუებული და გულგატეხილი იყო. შემდეგ ეს ადამიანი უსაქციელობაში ამხილეს და გააძევეს ქალაქიდან… იცით, როგორ დაასრულა სიცოცხლე? საკუთარმა ძმამაც არ მიიღო. ბოლოს მუსლიმანებმა შეიპყრეს, სიკვდილით დასაჯეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. მერე კი დაასაფლავეს, მაგრამ საფლავის ქვაზე მიაწერეს სიტყვები: “არც თქვენი, არც ჩვენი”. ე.ი. არც თურქების და არც ბერძნებისო… დღემდე არსებობს ეს ქვა მუზეუმში. ყველა იმ ხელისუფალს, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ატარებს სახელმწიფოსთვის საზიანო პოლიტიკას, თმობს ერის კულტურულ მემკვიდრეობას, სიწმინდეს და ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს, მოსახლეობას გაუჩინოს განცდა, რომ ეკლესია-მონასტრების გახსნა მხოლოდ სასულიერო პირებისთვის თურმე წინგადადგმული ნაბიჯია, სიცოცხლეშივე შეიძლება მივუძღვნათ ეპიტაფია: არც აზერბაიჯანის და არც საქართველოსი… რა განცხადებებითაც არ უნდა სცადოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დაბრმავება, ყველა ხედავს, რომ მონასტრებს ვკარგავთ და განმკითხავი არავინაა…

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გარიგებულია გავლენიან აზერბაიჯანულ კომპანიებთან… ეს რეალურად მიგაჩნიათ?

_ ძნელია ფაქტების გარეშე მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ეჭვის საფუძველს, რომლებიც, შესაძლოა, საზიანო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ისევ ხელისუფლება ქმნის. ამიტომ ვთქვი, რომ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს, თორემ, როცა ისიც არ ვიცით, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს და ვინ არის ჩართული კომისიაში, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ბუნებრივია, ეჭვი და ჭორი ბევრი იქნება.

_ მინდა, საბერძნეთის ეკლესიის სკანდალურ გადაწყვეტილებაზეც გკითხოთ. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საბერძნეთმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რასაც გარკვეული გამოხმაურება ჩვენთანაც მოჰყვა. ზოგიერთი სასულიერო პირი წერდა: დროა, საქართველომაც გადადგას მსგავსი ნაბიჯიო…

_ ის, რომ თანამედროვე ეპოქაში ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებები საფრთხეშია, სიახლე არავისთვისაა. მსოფლიო გლობალისტური ძალების მისწრაფება, რომ ადამიანი ფუნდამენტურად შეცვალონ, სხვა არაფერია, ამ ღირებულებების დისკრედიტების მცდელობის გარდა. ამის ნაწილია ის, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელ სამყაროში სულ უფრო ხშირად ხდება განხეთქილების პროვოცირება. სხვათა შორის, საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ანტიეკლესიური ძალები. ერთ ფაქტს მოვიყვან: ამასწინათ ერთ-ერთმა ლიბერალურმა ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი, რომ თითქოს ქეთევან წამებულის ტაძრის მოძღვარმა ახალგაზრდა ბიზნესმენი გალახა და ტაძრიდან გააგდო. სინამდვილეში კი აი რა მოხდა: არის ასეთი ადამიანი ლევან ჯიქური, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ახლახან გათავისუფლდა. ეს პიროვნება ადრეც ყოფილა ნასამართლევი. მოკლედ, ცოტა ხნის წინათ ამ ადამიანმა ჩვენთან მოიტანა ბზის ნერგები, რომლებიც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ შევიძინეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ არც ერთი ნერგი არ ვარგოდა _ თითქმის არც ერთმა ნერგმა არ გაიხარა და გახმა. ამ ადამიანს დავუკავშირდით და პასუხი მოვთხოვეთ, რაზეც მისი რეაქცია იყო უმწვავესი _ იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა გაფუჭებული ნერგებისთვის, მოვარდა და ტაძრის ეზოში ცხვირწინ იარაღი გვიტრიალა. ეს კიდევ არაფერი, გავარდა ამის შემდეგ და სასამართლოში დაიწყო ჩივილი, _ მცემესო. მე პოლიციას გადავეცი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, სატელეფონო საუბარიც, რომლიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანი აგრესიულია. მიუხედავად ამისა, ეს საქმე თაროზე შემოდეს და, როცა ვიკითხეთ, რატომ არ დაიწყო გამოძიება, გვიპასუხეს: ეს ადამიანი სულით ავადმყოფად აღიარეს და გამოძიება შეწყვეტილიაო. ბუნებრივია, გვიჩნდება შეკითხვა: რა მიზანს ემსახურებოდა ეს ბინძური პროვოკაცია, თუ არა ჩემი და მთლიანად ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაციას? რაც შეეხება ისევ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას: თუ ეს სიმართლეა და ელადის ეკლესიამ მართლა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ეს კატასტროფაა. ამას, დიდი ხანია, ელოდნენ ე.წ. მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, როგორც ჩანს, მართლმადიდებელ სამყაროში ძალიან რთული და სახიფათო პროცესები იწყება და ის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა, ნათელია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here