Home ახალი ამბები საქართველო „დვადცატ შესტ ბე დალი“, მაგრამ  ბევრმა არ იცის, რა მოგვცეს, რატომ მოგვცეს...

„დვადცატ შესტ ბე დალი“, მაგრამ  ბევრმა არ იცის, რა მოგვცეს, რატომ მოგვცეს და, რაც მთავარია, რისთვის გვჭირდება

604

მხატვრული ფილმი „მიმინო“ ხომ გახსოვთ? ფრუნზიკ მკრტჩიანის გმირი გახარებული რომ შედის სასტუმროს ნომერში და ბედნიერი სახით ამბობს: „დალი… დვადცატ შესტ  ბე დალი…“ და მერე იწყებენ სიმღერას  რუბიკა და ვალიკო. დაახლოებით ასეთი განცდა მქონდა, როდესაც  ევროკომისიის ხელმძღვანელმა  ურსულა ფონ ლაიენმა რეკომენდაცია გასცა, აქაოდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეცითო. ყველას უხარია, რომ რეკომენდაცია მოგვცეს, ანუ „დვადცატ შესტ ბე დალი“, მაგრამ რეალურად ბევრმა არ იცის, რა მოგვცეს, რატომ მოგვცეს და, რაც მთავარია, რისთვის გვჭირდება.

პირველ რიგში, იმისთვის გვჭირდება, რომ დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. როგორც გვეუბნებიან, ამის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი იგეგმება და მეტიც, მომღერლების შერჩევაც კი არის  დაწყებული და მთელი საქართველო ევროკავშირის დროშებით უნდა მორთონ. ანუ, დაახლოებით ისეთი ვითარება  იქნება, როგორიც  2005 წელს იყო ჩრდილოეთ მაკედონიაში,  2010 წელს – მონტენეგროში, 2012 წელს – სერბეთში,  2014-ში – ალბანეთში, უფრო ადრე კი, 1999  წელს – თურქეთში. სწორედ ამ წლებში მისცეს ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში დღემდე არ გაწევრებულან. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ ალბანეთი და თურქეთი ამ დროს ნატოს წევრებიც არიან და, წესით, ევროკავშირს არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს მათი მიღებით, მაგრამ, როგორც ევროპელი მამები (გენდერული ბალანსი დავიცვათ – დედებიც) აცხადებენ, აღნიშნული ქვეყნები გაცემულ  რეკომენდაციებს სათანადოდ  ვერ ასრულებენ. ახლა ის ვთქვათ, ჩვენ თუ გვაქვს ამ რეკომენდაციების შესრულების შანსი და რამდენ ხანში  მოვახერხებთ ამ ყველაფრის გაკეთებას.

რამდენიმე თვის წინათ  შარლ მიშელმა ხმამაღლა და გამოთქმით თქვა,  – ვფიქრობ, ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად 2030 წელს იქნება და სწორედ მაშინ მივიღებთ საქართველოსო. იგივე გაიმეორა რამდენიმე დღის წინათ  ჩვენმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  და,  ჩანს, სწორება 2030 წელზე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ… შარლ მიშელი  ამ განცხადებისთვის ლამის ჩაქოლეს, აქაოდა, 2030 წელი ძალიან ადრეაო (ნაწილმა თქვა: ძალიან გვიანია, ეგებ მანამდე მივიღოთო) და საქართველოს გაწევრების სავარაუდო და ყველაზე რეალურ თარიღად 2050 წელი დასახელდა, ანუ სტატუსის მიღებიდან 27-ე წლის თავზე, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრები გავხდებით… ოღონდ,  სავარაუდოდ…

საინტერესო, იცით, რა არის? აი, რეკომენდაციებს რომ გვაძლევენ, რატომ ჰგონიათ, რომ მათ შესრულებას მეოთხედ საუკუნეზე მეტი დასჭირდება? იქნებ ამ რეკომენდაციებს ორ წელიწადში ვასრულებთ. მერე რა ხდება, მერე? რა და ზუსტად ის, რაც ნატოში ინტეგრაციის სურვილის შემთხვევაში  მოხდა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გვიმტკიცებდა: მაპ-ს მოგვცემენ და 2 წელიწადში ნატოს წევრები ვიქნებითო. მაპ-ი არ მოგვცეს, რეკომენდაციები დაგვიმატეს და ვართ დღემდე იმის მოლოდინში, რომ რამეს გადმოგვიგდებენ, მაგრამ… ნატოს გაფართოებაც არ იგეგმება უახლოეს მომავალში, ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხარჯზე და რაც მთავარია, არაერთი გავლენიანი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების შანსი ახლა არ აქვს და არც მომავალში ექნება. ისე, ცნობისათვის, ალბანეთს მაპ-ი რომ მისცეს, მერე 12  წელი რეფორმები ატარებინეს, ალბანეთის ტერიტორიაზე ნატოს ბაზები ააშენეს, იქაური ჯარისკაცები მისიებში გაწყვიტეს და ამის შემდეგ  მიიღეს ნატოს წევრად. ანუ, ჩვენ ჯერ  მაპ-მდე გვიკლია მეოთხედი საუკუნე და მერე ერთი ამდენი კიდევ წევრობამდე, ოღონდ ეს ქაღალდზე, რეალურად კი, ვითარება გაცილებით  მძიმე და უიმედოა.

ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დავუბრინდეთ. გაცემული რეკომენდაცია ნახევარ საათში დაგვამადლა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როტმა.  „საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა რამ გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა. ის ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დისტანცირდა, ამიტომ რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი ევროკავშირის მომხრე სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მან. ანუ, როტმა დატოვა  შესაძლებლობა იმისა, რომ ოპოზიციამ ხმამაღლა იყვიროს: ეს სტატუსი მთავრობისთვის არ მიუციათ, ჩვენ მოგვცეს, რიგით ადამიანებს, არასამთავრობოებსა და ოპოზიციას, თორემ ხელისუფლება რუსულიაო.

„ორი წელი ვუძახეთ ხელისუფლებას რუსი, რუსი… ორი წელი ვლანძღეთ და ვთათხეთ ისინი, პრემიერმა კი ევროპელებს შუაგულ ევროპაში აგინა, ცალ ფეხზე კი არ დაუდგა და ისე კი არ სთხოვა სტატუსი, აახია, გამოგლიჯა და ახლა, რაც უნდა ვაკეთოთ, ჩვენთვის ყველაფერი გართულდა. ხელისუფლებამ დაალაგა რუსეთთანაც, არ ყოფილა ომი, არის მშვიდობა და ეს არის ფაქტი“, – ეს განცხადება პარტია  „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ეკუთვნის  და, მართალია, არაერთი ოპოზიციონერი გაანაწყენა, მაგრამ მწარე სიმართლე თქვა. დიახ, პრემიერმა ევროპელებს გასაგებად უთხრა: არაფერი შეგეშალოთო.მერე კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ თქვეს: არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონო…  კარგად რომ დავფიქრდეთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ევროპამ ეს რეკომენდაცია შემოგვაჩეჩა და სტატუსსაც შეგვაჩეჩებს. ჰო, სწორედ რომ შემოგვაჩეჩა, აქაოდა, ჩვენ მხარეს წამოდით, რუსეთის მხარეს ნუ მიდიხართო. რეალურად კი, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ აქვს მნიშვნელობა რუსეთია, ამერიკა თუ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, ყველა გვესაუბროს ტოლ-სწორად და არ დაგვჭირდეს რაიმეს მისაღებად ცალ ფეხზე დგომა.

ის, რომ სტატუსის მიღების შესახებ რეკომენდაცია შემთხვევით არ მოგვცეს და რაღაც დათქმებიც არის, პრეზიდენტს წამოსცდა, რომელმაც  განაცხადა:   „მნიშვნელოვანია, ევროპამ ასე, უბრალოდ, არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს, როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა სწორედ არჩევნებზეც…“

ის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნას (სხვათა  შორის, ამაზე საუბარი წინა არჩევნებზეც იყო, როცა მმართველ გუნდს ხმების  კონკრეტული პროცენტი უთხრეს, ამდენს თუ არ აიღებთ, მოგება არ ჩაგეთვლებათო, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო მსოფლიოში) ევროპასა თუ ამერიკაში ბევრი მომხრე ჰყავს, ახალი ამბავი არაა. დასავლელი პარტნიორები კარგად ხვდებიან, რომ ურეიტინგო ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და ერთადერთი გამოსავალი სწორედ კოალიციური მთავრობის შექმნა და შემდეგ ამ შექმნილის შიგნიდან დაშლაა, როგორც ეს, მაგალითად, მოლდოვის ან თუნდაც ისრაელის შემთხვევაში მოხდა, როცა კოალიციურმა მთავრობებმა არ გაამართლეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

იმედია, ხელისუფლება ამ საფრთხეებს კარგად აღიქვამს და რეკომენდაციისა თუ სტატუსის სანაცვლოდ  არ დათანხმდება (და არ დათანხმდა) კოალიციური მთავრობის შექმნას, რადგან გამორიცხულია, მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელი ოპოზიციას ერგოს და მას საბოტაჟის მოწყობის მცდელობა არ ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ინფორმაციით, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, ოპოზიცია ძალოვანი მინისტრების ან ეკონომიკური გუნდის პორტფელებს მოითხოვს, რაც საბოტაჟისთვის საუკეთესო პლატფორმაა.

მანამდე კი მიმდინარე თვე ისევ ხელისუფლების კრიტიკაში გაივლის, ოპოზიცია ისევ შეეცდება, რეკომენდაციის გაცემის მიუხედავად, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს (ამის შანსი, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც არის) და კვლავ აქციებსა და არეულობებზე დაიწყოს ფიქრი. საქართველოში მაიდნის მოწყობა სურს, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციურ პარტიას და მერე რა, რომ სწორედ მაიდანმა მიიყვანა უკრაინა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა არის; და მერე რა, რომ უკრაინა, როგორც ქვეყანა, პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგან იქ დანგრეულ-განადგურებულის ამუშავებას, გენოფონდის გამოსწორებასა და ძველ რელსებზე დადგომას, საუკეთესო შემთხვევაში, ნახევარი საუკუნე დასჭირდება. ამას უკრაინის ხელისუფლებაც ხვდება, მაგრამ მას სხვა გამოსავალი, უბრალოდ, აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღარ იქნებიან და იქნება, მაგალითად, არესტოვიჩი, რომელმაც გასულ კვირას თქვა: იძულებული ვიყავი, ისე წარმომეჩინა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და თითქოს რუსეთს დავამარცხებდით, რადგან სხვა რამის თქმის არც უფლებას გვაძლევდნენ და არც ამის შესაძლებლობა იყო, რადგან ხალხი ვერ გაიგებდა და ჯოხებით გაგვყრიდაო.

ლევან გაბაშვილი

P.S. ფილმით დავიწყეთ და ფილმით დავასრულოთ. რეკომენდაციის მოცემამ, „მიმინოს“ გარდა, „სიყვარული ყველას უნდა“-ც გაგვახსენა, ერთ-ერთ გმირს ჰალსტუხი რომ დაუვარდება, დახრა დაეზარება და იტყვის: „ეგდოს რა, რა ჩემს ფეხებად მინდა“-ო.  ჰოდა, ეს რეკომენდაციაც ეგდოს რა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here