Home რუბრიკები პოლიტიკა ლენინი ოქტომბერში და სააკაშვილი ნოემბერში

ლენინი ოქტომბერში და სააკაშვილი ნოემბერში

3452

7 ნოემბერს ორიმრგვალი თარიღიდაუკავშირდა: ასი წლის წინათ რუსეთში ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიოზე; ათი წლის წინათ კი თბილისში მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მიტინგი დაარბია და იმ მომენტიდან დაიწყო მისი რეჟიმის დაღმასვლა

ცხადია, ამ ორი მოვლენის მასშტაბის შედარება შეუძლებელია, მაგრამ, ალბათ, ორივე უნდა გავიხსენოთ, თუნდაც იმიტომ, რომ, ჯორჯ სანტაიანას თქმის არ იყოს, ის, ვინც საკუთარ შეცდომებზე არ სწავლობს, განწირულია, ისინი გაიმეოროს.

როდესაც საქართველოში 100 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ, ათვლის წერტილს, როგორც წესი, პირველ რესპუბლიკას, 1918 ან 1921 წელს უკავშირებენ. ის, რაც ხდებოდა 1917 წლის თებერვლიდან 1918 წლის მაისამდე, თითქოს ბურუსითაა მოცული. არა მხოლოდ სტუდენტების დიდ ნაწილს, არამედ ზოგიერთ ისტორიკოსსაც კი უჭირს ლოგიკური კავშირების მოძებნა იმ ქაოსურ მოვლენებს შორის, რომლებიც მაშინ საქართველოში განვითარდა. თუ რომელიმე მათგანი ერთმანეთისგან არჩევს ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტს, კომისარიატს და სეიმს, ესეც ,დიდ მიღწევად ითვლება. ეს პერიოდი ერთგვარი სატრანზიტო ზონაა, გამოკვეთილი გმირებისა და ცალსახა შეფასებების გარეშე, ის არ ექვემდებარება მითოლოგიზაციას და, შესაბამისად, ჩრდილში რჩება.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პეტროგრადში მომხდარი ცვლილებების მნიშვნელობა თბილისში კარგად ვერც 100 წლის წინათ გაიგეს. რეალურად მათი გააზრება 1921 წლიდან დაიწყო, ავანსცენაზე კი ქართველი ბოლშევიკები გამოვიდნენ და მასზე შვიდი ათწლეულის განმავლობაში დარჩნენ.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში როგორც აწმყოს, ისე წარსულის შეფასება ეფუძნებოდა სამყაროს ყოვლისმომცველ დაყოფას ნათელ და ბნელ მხარეებად, სიკეთედ და ბოროტებადეს ერთგვარი ნეომანიქეიზმი იყო. ამ მიდგომის ფარგლებში ყველა ქართველი კომუნისტი გამოცხადდა ბოროტების მსახურად, კოლაბორაციონისტად, რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ მათი მოღვაწეობის ფასი ნულია. ამ მიდგომამ გააღიზიანა უფროსი თაობის წარმომადგენლები, რადგან მთელი მათი ცხოვრებაბნელ ეპოქაშიმოაქცია. მათ დაიწყეს იმის მტკიცება, რომრაღაც კარგი მაინც იყო”, ეს კი ზოგიერთ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდის იდეალიზაციაში გადადიოდა. ამ პოლემიკის დროს იკარგებოდა საინტერესო ნიაუნსები, ყველა სხვა ფერი, შავისა და თეთრის გარდა.

1921 წელს ქართველ ბოლშევიკებს ჰქონდათ ერთადერთი შესაძლებელი ტაქტიკა იმისთვის, რომ საზოგადოება დაემშვიდებინათ – ისინი ცდილობდნენ, ეჩვენებინათ, რომ ეროვნული ინტერესების დამცველები არიან. 1921 წლის 22 აპრილს საბჭოთა სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში _ პავლე სიტინი (საკმაოდ უკმაყოფილო) წერდა: “საზოგადოებამ, რომელიც მისტიროდა მენშევიკებს, ვინაიდან, უპირველესად, ეროვნული იდეის დაღუპვას გლოვობდა, რევკომის ზოგიერთ წარმომადგენელში ეროვნული საქმის უფრო აქტიური გამტარებელი დაინახა”. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმაში, რომ 1922-ში, სსრკ-ის ჩამოყალიბების პერიოდში, გაიმარჯვა რესპუბლიკების კავშირის შექმნის იდეამ და არა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიების ჩამოყალიბების პროექტმა. შემდგომ მათი უმრავლესობა “ნაციონალ-უკლონისტებად” გამოაცხადეს, თუმცა ეს სხვა, ვრცელი ისტორიაა.

საინტერესოა, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში არის სტატია “1922 წლის ქართული საქმე”, რომელიც აღწერს კონფლიქტს, ერთი მხრივ, სტალინსა და ორჯონიკიძეს, მეორე მხრივ, ფილიპე მახარაძესა და ბუდუ მდივანს შორის. ის წარმოდგენილია სხვა ენებზეც, მაგალითად, ინდონეზიურზე, მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში არც ამაზე, არც ნაციონალ-უკლონიზმზე არაფერი წერია (თითქოს საქმე ინდონეზიის ისტორიას ეხებოდეს). ამ მივიწყებულმა პროცესებმა საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. სხვა ყველაფერთან ერთად, მათ ხელი შეუწყვეს ქართული საბჭოთა ელიტის წიაღში კრიპტო-ნაციონალიზმის აღმოცენებას, რომელსაც ასევე შეიძლება “ქვეტექსტის ნაციონალიზმი” ვუწუდოთ. ის ოფიციალურ დოქტრინას არსებითად ეწინააღმდეგებოდა. ზოგისთვის ეს როლის თამაში იყო, მაგრამ ზოგი, განსაკუთრებით 60-იანელთა თაობის წარმომადგენლები, სავსებით გულწრფელი გახლდათ. ამ შეხედულებების გავრცელებას ხელს უწყობდა ორი ფაქტორი: ჯერ ერთი, ყველა როდი იყო მზად, უკომპრომისოდ ებრძოლა დამოუკიდებლობისთვის და, მაგალითად, 1924 წლის აჯანყებაში ან იატაკქვეშა მოძრობაში ჩართულიყო. ამასთანავე, იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალიზმის ეპოქა მსოფლიოში დასრულებულად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა, “ქვეტექსტის ნაციონალიზმს” საქართველოში მეტი სიმპათიის მოზიდვა შეეძლო, ვიდრე სოციალისტურ იდეებსა და დისკუსიებს მათზე; მნიშვნელოვანი როლი ამაში მენშევიკებით იმედგაცრუებამაც შეასრულა.

ყოველივე თქმული ადვოკატირების მცდელობას როდი წარმოადგენს, უბრალოდ, ქართული ნაციონალიზმისა და, მთლიანობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის გააზრება ვერ მოხერხდება, თუ საბჭოთა პერიოდს ყურადღებით არ გავაანალიზებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავიგებთ, როგორი იყო თანამედროვე ქართველი ელიტის გენეზისი, რომელმაც ათწლეულები დაიკავა.

სააკაშვილი ხელისუფლებაში სწორედ მასთან ბრძოლის, მისი რადიკალური განახლების ლოზუნგით მოვიდა. თავი დავანებოთ იმას, რომ “ნაცმოძრაობაში” ინტეგრირებული იყო კომუნისტური ელიტის შთამომავლობის ნაწილი და წამით დავუშვათ (მიუხედავად იმისა, რომ ეს რთულია), რომ სააკაშვილი სავსებით გულწრფელი იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ელიტის შეცვლისთვის და მასთან დაკავშირებული ეპოქის დასრულებისთვის ძალადობა არასაკმარისია _ ამისთვის მოწინააღმდეგეზე უფრო გონიერი უნდა იყო და მასზე კულტურულ უპირატესობას ფლობდე. უწიგნური ორანგუტანგები ხელკეტებით ძველ ელიტას აპრიორი ვერ ჩაანაცვლებდნენ, ხოლო მისი ფიზიკური ამოხოცვის შესაძლებლობა სააკაშვილს არ ჰქონდა.

2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა სცადა, ამ ინტელექტუალური და კულტურული დეფიციტის კომპენსირება ჭარბი ძალადობის ხარჯზე მოეხდინა, მაგრამ ეს მცდელობა იმთავითვე მარცხისთვის იყო განწირული. მას არ გააჩნდა საკმარისი გამბედაობა და “ბოლომდე მიწოლის” უნარი, რომელიც სჭირდებოდა იმისთვის, რათა “წარმატებულ დიქტატორად” ჩამოყალიბებულიყო, ხოლო დემოკრატიული ლიდერი თუნდაც იმიტომ ვერ გახდებოდა, რომ საკუთარი ამბიციებისა და ვნებების მოთოკვის უნარი, მოთმინება აკლდა. ამის გამო, ადამიანი, რომელსაც სურდა, ძველი ელიტის მესაფლავე გამხდარიყო, მის რეანიმატორად იქცა.

ალბათ, არის რაღაც სიმბოლური და სარკასტული იმაში, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ქუჩაში, მიტინგზე, მცირერიცხოვანი მიმდევრების გარემოცვაში შეხვდა, მაშინ, როდესაც უკრაინული სასამართლო მისი ერთ-ერთი თანაგუნდელის, მეგის ქარდავას, საქართველოში ექსტრადიციის საკითხს განიხილავდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქარდავას არასოდეს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან გაიგო, რამაც საქართველოში საყოველთაო ჰომერული სიცილი (სინამდვილეში ხარხარი) გამოიწვია. სხვათა შორის, სააკაშვილმა ქარდავა (ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის და ღირსების) ორდენით ორგზის დააჯილდოვა. ისინი ერთ კადრში ჩანან განმუხურის 2007 წლის ინციდენტის ამსახველ ვიდეოზეც. გასულ კვირას კი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმის ალბათობა, რომ ფიგურანტები ერთმანეთს ციხის ბიბლიოთეკაში შეხვდებიან.

სააკაშვილმა დაირწმუნა საკუთარი თავი, რომ შეუძლია ამოხსნას ნებისმიერი ამოცანა, რომელსაც პოლიტიკა და ისტორია სთავაზობს. მას თითქოს ეშინოდა იმის აღიარების, რომ რაღაც არ ესმის და ნებისმიერ სიტუაციაში ნახევრადგანათლებული (ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე გაუნათლებელი) ადამიანის ვულგარულ დეტერმინიზმს, შემდგომ კი ხელკეტს თუ ცოცხს იყენებდა. სწორედ მისი მმართველობის წლებში ფართოდ გავრცელდა გამოთქმა “კომუნისტები ამათთან შედარებით ანგელოზები იყვენენ”, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები ნამდვილად არ იყვნენ ანგელოზები.

დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს ისეთივე დამოკიდებულება აქვსნაცმოძრაობისმმართველობის პერიოდის მიმართ, როგორსაც სააკაშვილი კომუნისტური ეპოქის მიმართ ამკვიდრებდა _ ბნელი 9 წელი, რომელიც მატიანეში ადგილს არ იმსახურებს. არადა, ისიც შესწავლასა და მიკროსკოპით დაკვირვებას საჭიროებს. “ნაციონალ-უკლონისტების” არ იყოს, “ნაცმოძრაობის” რიგებში “ლიბერალ-უკლონისტები” შედიოდნენ, რომელთაც, უპირველესად, ლიბერალური ღირებულებების გავრცელება აინტერესებდათ, მაშინ, როდესაც სააკაშვილის ორიენტაცია ელიტების ჩანაცვლებასა და პარტიის მდგომარეობის განმტკიცებაზე საზოგადოების კონსერვატიულ უმრავლესობასთან დაპირისპირების თავიდან არიდებას მოითხოვდა. ამან წარმოქნა კონფლიქტი, რომელმაც ხელი შეუშალანაცმოძრაობისგარდაქმნას მტკიცე ერთობად და მისი დაშლის წინაპირობები შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პირობითილიბერალუკლონისტებისჯგუფი გაცილებით სუსტი იყო, ხოლო შემდგომმა ბრძოლამ წილებისთვის, გავლენის სფეროებისთვის და .. მისი წევრები საფუძვლიანად გარყვნა, ამ კონფლიქტმა ქართულ პოლიტიკაზე განმსაზღვრელი გავლენა მოახდინა.

ისტორიის სახელმძღვანელოში ზედმეტი არც ერთი გვერდი არ არის; თითოეული ეპოქა (სამოცდააათწლიანი იქნება ის, თუ ცხრაწლიანი) კრიტიკულ გააზრებას საჭიროებს, თეთრისა და შავის გარდა, სხვა ფერების და მათი კომბინაციების გარჩევის უნარის განვითარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანტაიანას ფორმულის თანახმად, ისევ ძველი შეცდომების გამეორება მოგვიწევს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here