პარიზის კვარტლის, გუტ–დ’ორ–ის მცხოვრებლებმა და მოვაჭრეებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია ლოზუნგით: “შეაჩერეთ დაუცველობა”, რათა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ მაროკოული წარმოშობის არასრულწლოვნების პრობლემას, _ წერს Le Parisien–ი.
როგორც გამოცემა იუწყება, ათეულობით უცხოელი მოზარდი სარგებლობს არასრუწლოვნობით და ყოველდღე ძარცვავს ადგილობრივ მცხოვრებლებს. მოზარდები, აგრეთვე, აწყობენ სისხლიან გარჩევებს რაიონში, რომელიც ამის გამო ცხოვრებისთვის სახიფათო შეიქნა.
პარიზის ღარიბ რაიონ გუტ-დორის მაღაზიების ვიტრინებს, უკვე რამდენიმე დღეა, “ამშვენებს” წარწერა: “შეაჩერეთ დაუცველობა!” _ წერს Le Parisien-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებას მხარს უჭერენ რაიონის კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები, რომელთა საკუთრებას, უკვე 4 წელზე მეტია, თავს ესხმის ათეულობით უსახლკარო არასრულწლოვანი მაროკოელი. გაზეთი წერს, რომ მოზარდი ნარკომანები, რომლებიც უარს ამბობენ ნებისმიერი სახის მეურვეობაზე, დაკავებულნი არიან ძარცვით, ერთმანეთში სისხლიანი ანგარიშსწორებით. ბოლოს ასეთი რამ მოხდა 21 აგვისტოს სენის სანაპიროზე მდებარე იტალიური რესტორნის ტერასაზე, სადაც ერთ-ერთ მოზარდს, რომელსაც 20-მდე თანატოლი დაუპირისპირდა, ისე სცემეს, რომ ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა.
“პოლიცია გამუდმებით ერევა მათ საქმიანობაში, _ ამბობს სტივენსონის ქუჩაზე მდებარე რესტორნის ოფიციანტი, რომელსაც ვიტრინაზე ჩამოკიდებული აქვს აბრა “შეაჩერე დაუცველობა!”, მაგრამ ყმაწვილებმა იციან: ისინი არასრუწლოვანები არიან და ციხეში ვერ ჩასვამენ. როგორც დაწესებულების დარაჯი ამბობს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ობიექტი ორჯერ გაძარცვეს: მოზარდები ამტვრევენ რკინის გისოსებს და მიაქვთ ყველაფერი, რასაც მოიხელთებენ. დაწესებულებების გარდა ადგილობრივი მცხოვრებნიც ხშირად ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი, ამიტომ ისინი ტოვებენ კვარტალს და სხვაგან გადადიან საცხოვრებლად. ვითარება ისე მწვავეა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მაროკოს მეფე მოჰამედ VI-ს ესაუბრა.
Russian.rt.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ