Home რუბრიკები პოლიტიკა ლალი მოროშკინა: ეს ხელისუფლება ისტორიაში სისულელეების მკეთებელი ხელისუფლების სახელით შევა

ლალი მოროშკინა: ეს ხელისუფლება ისტორიაში სისულელეების მკეთებელი ხელისუფლების სახელით შევა

4733

20 ივნისის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ანგაჟირებული ახალგაზრდებისა და პოლიტიკოსების საპროტესტო აქციები არ წყდება. მართალია, ხალხის სიმრავლით არ გამოირჩევა მიმდინარე აქციები, მაგრამ პროტესტი მაინც არ შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნების ნაწილი შესრულდა, აქციის ორგანიზატორები მაინც უკმაყოფილო არიან და დაჟინებით მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. რუსთაველზე მიმდინარე აქციებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა.  მან რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა და შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, აღნიშნული საკითხები გაესაჯაროებინა. 

_ ქალბატონო ლალი, მინისტრ გახარიას მიმართვაში პირველი, რაც დაწერეთ, იყო ფრაზა: ბატონო გიორგი, ვიცით, რომ ძალიან “გაწვებათ” სახდეპი; ვიცით, რომ თქვენს სიძლიერეს თქვენსავე წინააღმდეგ მიმართავენ…

_ ეს პოსტი პუტინ-ტრამპის შეხვედრამდე დავწერე, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თემა აქტუალური იყო. მას შემდეგ, რაც ტრამპი და პუტინი შეხვდნენ ერთმენთს და საქართველოზე კულუარულად ილაპარაკეს, სწორედ იმ დღეს გაავრცელეს ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ სათავისოდ გადაქაჩული თემა უკან წაიღო. ოსაკაში შეხვედრის შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვალა.

_ ოფიციალურ განცხადებაში არ იყო ნახსენები, რომ ზესახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოზე ილაპარაკეს…

_ როდესაც არ არის საჯაროდ გაცხადებული თემა, სწორედ მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ილაპარაკეს, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვიეს ევროპული ქვეყნების ელჩებმა და საქართველოშიც მაშინვე ვნახეთ, რომ ქუჩის აქციებს ბევრი ლიდერი გამოაკლდა.

აქციებზე იდგნენ ახალგაზრდები და პარტიული ლიდერები. ახალგაზრდები ერთობიან, მაგრამ ლიდერებმა იციან, რომ, როგორც კი ევროპის წინააღმდეგ წავლენ, მათი კარიერა მაშინვე დასრულდება.

_ “გაასაჯაროეთ ყველა “ენჯეო”-ს ანგარიშები, რომლებმაც მიიღეს ამ დღეებში დაფინანსება ქვეყნის გადატრიალების მოსაწყობად”, _ ამბობთ მიმართვაში…

_ “ენჯეოები” ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც მიტინგს უდგანან სათავეში, და სოციალურ ქსელებშიც ყოველდღიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია. მიტინგებზე მდგომი ბევრი ადამიანი დადის რუსეთში სხვადასხვა ტრენინგზე…

_ “დაიდოს “ოცნების” “ნაცმოსთან” გარიგებული მოღალატეების სია”, _ აცხადებთ თქვენ…

_ არსებობენ ასეთი კონკრეტული ადამიანები. მაგალითად, სარფის საბაჟოზე 20 ივნისის ღამეს სიხარულით აღნიშნავდნენ სისხლიანი რეჟიმის უკან დაბრუნებას. ეს ინფორმაცია ზუსტია. არასოდეს ვამბობ იმას, რაც გადამოწმებული არ მაქვს. თქვენ მოითხოვთ სახელებისა და გვარების დასახელებას, მაგრამ ამის თქმა ჯერ ნაადრევია, გამოძიება დაიწყება და ყველაფერს ვიტყვი, მათ თანამდებობებსაც ჩამოვთვლი, რა სიტყვებით გამოდიოდნენ ისიც კი ვიცი… ვიცი, ყველაფერი, რასაც გახარიას წინააღმდეგ აწყობდნენ სარფის საბაჟოზე.

ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის” ის წევრები, რომლებმაც ჩააჩოჩეს “ოცნების” წევრები და დაწინაურდნენ. ასეთი ადამიანები არიან პოლიციაშიც, სამხედრო უწყებაშიც და ყველგან. ისინი აპირებდნენ საბოტაჟის მოწყობას და ეს საბოტაჟი გიორგი გახარიამ ქვეყანას თავიდან ააცილა.

_ “დაიდოს ყველა “ბარიგის” ვინაობა, რომელიც აქციას წამლით ამარაგებს!” _ ეს სერიოზული ბრალდებაა…

_ დიახ, სერიოზული ბრალდებაა. ყველასთვის ცნობილია, რომ მიტინგზე მდგომი ბევრი ახალგაზრდა საავადმყოფოში მოხვდა ნარკოტიკის ჭარბი დოზით მიღების გამო. ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან “ბარიგებთან” ბრძოლა ადვილი არ არის, მათ ჰყავთ “კრიშები”. ეს არის ის უმძიმესი პრობლემა, რომელსაც შეეჯახა გახარია. ამჟამად უპრეცენდენტო რაოდენობის წამლით მოვაჭრეებია დაჭერილი. საქართველო არის ნარკოტრანზიტის ქვეყანა, ამიტომ ნარკომაფიასთან ბრძოლა რთულია. სართიჭალაში გადამყიდველის დაჭერით ბრძოლა არ მთავრდება, ეს დიდი ჯაჭვია, უამრავი ადამიანია ამ საქმეში ჩართული და მათ ხელს არ აძლევთ გახარიას მინისტრობა.

გახარიას მინისტრობა არ უნდათ ნარკომოვაჭრეებს და მათ ზურგს უკან მდგომ პოლიტიკოსებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ უიმედო მდგომარეობაში, რადგან საქართველოში არსებული უმძიმესი ვითარება კარგად გააანალიზა ევროპა-ამერიკამ და გახარიამ მათგან სერიოზული მხარდაჭერა მიიღო. გერმანია გავლენიანი ქვეყანაა და მისი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს.

_ ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლაზე საუბრობთ, მაგრამ ამ ხელისუფლებას ნარკოტიკების ლეგალიზებაში სდებენ ბრალს…

_ ამ ხელისუფლებამ, ბუსუსებიან პრეზერვატივებზე მიღებული კანონით დაწყებული, იმდენი სისულელე გააკეთა, რომ ისტორიაში სისულელეების მკეთებელი ხელისუფლების სახელით შევა.

სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, ვინც სისხლიღვრისკენ მოუწოდებდა ხალხს. მომიტინგეებს სულელურად აჰყვა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამბობდა: თავისუფლების ხე სისხლით უნდა ირწყვებოდესო…

_ “დაასახელეთ ყველა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე და რუსებთან უშუალო თანამშრომლობაში მყოფი პიროვნება, რომელიც “რუსეთი ოკუპანტიას” გაიძახის! _ ამბობთ მიმართვაში…

_ დავით ქაცარავს ახსენებენ. მასზე ლაპარაკს არ ვაპირებ ახლა, თუმცა მას რუსულ ფილმებში ხშირად იღებენ, დათო აქ არაფერ შუაშია. საქართველოში არიან ორმაგი სტანდარტის “ვეშაპები”, დიდოსტატები. ლიდერებს, რომლებიც სათავეში უდგანან აქციებს, ზოგს ღიად და ზოგსაც ფარულად, ურთიერთობა აქვს რუსებთან: გრიგოლ ვაშაძე, მამუკა გამყრელიძე, გიგი წერეთელი, რომელიც მეგობრობს კიდეც გავრილოვთან; ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელიც მოსკოვში ხშირად არის, იქ ცეკვავს, მისი მეუღლე კი აქ “რუსეთი ოკუპანტია”-ს გაიძახის. არადამაჯერებელია ასეთი ადამიანებისგან რაიმეს გაპროტესტება. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ამიტომ მისგან “რუსეთი ოკუპანტიას” ვერ მოვისმენ. აქციებზე მდგომი რამდენიმე ახალგაზრდა თურმე ცოტა ხნის წინათ რუსეთის ქალაქებში გამართულ ფორუმებში მონაწილეობდა…

ჩამოდიან ტრენინგ და ფორუმგამოვლილები მოსკოვიდან და აქ “რუსეთი ოკუპანტიას” გაიძახიან, მათგან ამის მოსმენა არასერიოზულია.

_ “დაასახელეთ თქვენს რიგებში ნაცებიდან პორტირებული ყველა ზონდერის გვარი, რომლებმაც რუსთაველზე ესროლეს ბავშვებს”, _ წერთ მიმართვაში. თქვენ მუშაობდით ძალოვან სტრუქტურაში საკმაოდ დიდ თანამდებობაზე და მაშინ ამბობდით, რომ ბევრი ზონდერი კვლავ ძალოვან უწყებაში იყო. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა?

_ იმხანად მე დავტოვე საკმაოდ დიდი თანამდებობა და სტრასბურგიდან დავიწყე ბრძოლა. მას შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტროში ვითარება შეიცვალა, ეს უწყება 2014 წელს გაიწმინდა.

_ სასჯელაღსრულების სამინისტრო თუ გაიწმინდა, რატომ ვერ ხერხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწმენდა, გახარიას ამის საშუალებას არ აძლევენ თუ სურვილი არ აქვს?

_ გახარია ახლახან დაინიშნა მინისტრის თანამდებობაზე და, ბუნებრივია, მოკლე დროში ძნელია ამ პრობლემის აღმოფხვრა. გარდა ამისა, მას მხარდაჭერაც სჭირდება. თუკი რომელიმე ზონდერის სახელი და გვარი გაგვიგია იმ სისხლიანი რეჟიმის დროს, ყველანი ისევ მაღალ თანამდებობეზე სხედან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალიან ცოტამ დატოვა სამსახური, უმეტესობა დაწინაურდა კიდეც.

_ მიმართვაში წერთ: “მიიტანეთ პარლამენტში აქციის მონაწილეებისგან ამოღებული დანები, კასტეტები, “მოლოტოვის კოქტეილები”, ხელნაკეთი იარაღები, მონადირის თოფები…”

_ დიახ, ესეც უტყუარი ინფორმაციაა, ნაციონალები გულმოდგინედ ემზადებოდნენ არეულობისთვის. ჩემთვის ცნობილია მოლაპარაკების შესახებაც, სადაც ითქვა, რომ, თუ საპროტესტო მუხტი არ დაეცემოდა, იმ შემთხვევაში, სააშკარაოზე გამოიტანდნენ ყველა იმ იარაღს, რომლებიც ამოიღეს. ამ შემთხვევაში გახარიას ტაქტიკა გასაგებია, მან იცის მოლაპარაკებისა და დიპლომატიის ფასი, ის არ არის მხოლოდ “პაგონიანი ტიპი”, მის მიერ გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა დიდ არეულობას გადაგვარჩინა.

ყველაფერი, რაც სოციალურ ქსელში დავწერე, სიმართლეა, ყველა ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, გახარიამ ყველა დეტალის გამომზეურება არ იჩქარა და სწორადაც მოიქცა. საჭირო დროს და საჭირო ადგილას ის ყველაფერს იტყვის და გაასაჯაროებს.

საქართველო გადარჩა. რუსი დეპუტატი ჩამოვიდოდა თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვნახეთ, რომ აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პლაკატებიც მზად ჰქონდათ, დროშებიც, თვალზე ასაფარებელი ნიღბებიც… დიდი ხნის ნამუშევარი და მომზადებული იყო ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალეს _ ხალხი ვერ გამოიყვანეს ქუჩაში, რადგან იქ, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” გამოჩნდება, ხალხი აღარ მიდის, ყველა ხვდება, რომ დადგმული სპექტაკლია. აქციის ორგანიზატორებს არა მხოლოდ დათხრილი თვალები სჭირდებოდათ, მათ ორი გვამიც უნდოდათ, გაფატრული ორსული ქალიც სჭირდებოდათ და სისხლის ტბაც. ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ისინი მზად არიან ყველაფრისთვის. ჩვენ ვერ აღმოვჩნდით ბრძენი ხალხი _ კი, გამოვედით რთული სიტუაციიდან, მაგრამ ჯობდა, ეს არ მომხდარიყო.

კომპრომატი დევს ყველაზე, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის ამ არეულობაში და აუცილებელია თითოეული მათგანის დასჯა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნება” სრულიად გაკოტრებული იქნება. 40 კილომეტრში რუსული ტანკი დგას, არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მას არ შეუჩიჩხინებს, საშიშია რუსეთთან ასეთი აგრესიით ლაპარაკი, რადგან შეიძლება ეკონომიკა სრულიად გაგვინადგურდეს, რუსეთმა დაგვანახვა, რა ძალა აქვს და რისი გაკეთება შეუძლია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. ყველამ იცის, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაბას ჰყავს ე. წ. “თავისუფალ ზონაში” გაერთიანებული რევოლუციებისა და არეულობების მოწყობაზე გაწვრთნილი ახალგაზრდები, რომლებსაც ჯამაგირს უხდის. დიდი ალბათობით, სწორედ ისინი უდგანან სათავეში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს. საკვირველია, რატომ ვერ შეძლო შსს–მ ვერცერთი მათგანის დაკავება და ფარდის ახდა ყველაფრისათვის?

  2. Erti didi diplipitoa saqartvelo, ver gaigeb vin ras aketebs da rato aketebs, absoliturad aranormalurebi xart yvelani: vitom xelisufleba, vitom opozicia, vitom arasamtavroboebis kantora, vitom presa, vitm televizia, vitom jurnalistebi, vitom e.w onlain media, magram tu gavitvaliswinebt imas rm vigac gafinansebt mere ukve ,,iasni” xdeba ratoa qaosi, vxvdebi ro erti patroni gyavt, erti damfinansebeli romelic dzirgamomtxrel saqmianobas gaketebinebt groshebis sanacvlod.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here